Saturday, February 22, 2020

დენიელ კიზი - "ბილი მილიგანის მრავალი გონება" Daniel Keyes - " The minds of Billy Milligan"


        რამდენიმე წუთია ვცდილობ გონება მოვიკრიბო და განხილვა დავწერო.
ასე იმიტომ კი არ ვარ, რომ ცუდი წიგნია ან დიდად არ მომეწონა, პირიქით – იმდენად მაგარი წიგნია და იმდენად დამაფიქრებელი და იმდენ ურთიერთსაპირისპირო ემოციას იწვევს, რომ ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ… არც კი ვიცი საიდან დავიწყო წერა…უმეტესობას ასე თუ ისე მაინც გვსმენია ბილი მილგანის შესახებ. ზოგს მის სასამართლო ისტორიაზე სმენია, ზოგს ჩანაწერები უნახავს,ზოგმა იცის მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მაინც აბსოლუტურ უმეტესობას მისი განსაცვიფრებელი ცხოვრების შესახებ არაფერი სმენია.

         წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის თავშიც 24 ადამიანი ცხოვრობს. ხან ერთი მართავს მის სხეულს და გონებას, ხან – მეორე, მესამე, მეთექვსმეტე და სხვ. ეს ყველა ცალკეული პიროვნება განსხვავდება ერთმანეთისგან, ასაკით (ზოგი პიროვნება 3-4 წლისაა, ზოგ 26-ის), აღნაგობით, ხმის ტემბრით, იერით, ქცევის მანერებით, წარმოშობით (ბრიტანელი, იუგოსლავიელი, ბრუკლინელი და სხვ.) და სქესითაც კი (რამდენიმე მათგანი ქალია).

         პიროვნებები მილიგანის გონებაში დაყოფილია საჭირო და არასასურველ ანდროიდებად: 10 კარგი ადამიანია, დანარჩენი 13 არასასურველი – კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, ჩხუბისთავი, ყალთაბანდები, ამპარტავნები და სხვ. და არის კიდევ ერთი – “მასწავლებელი” – ძირითადი ბილი, რომელიმაც ეს ყველა სხვა ანდროიდი შექმნა და ერთადერთია, რომელმაც იცის ბილის ცხოვრების ყველა ეტაპი, რომელი პიროვნება რას აკეთებდა.

        წიგნი იმდენად გამაოგნებელია, რომ ხშირად მიწევდა ჩემი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ეს ყველაფერი რეალობაა, ნამდვილი ამბავია, დოკუმენტური მასალაა და არა ფენტეზის ჟანრის მორიგი წიგნი. არადა ნამდვილი ფენტეზია. იმდენად საინტერესო და ჩახლართული მოვლენები ხდება, რომ გაოგნებული რჩები.

       მოვლენები 1970-იანი წლების ბოლოსკენ ვითარდება. და მაინც შოკში ჩაგაგებთ ამერიკის ფსიქიატრიულ თუ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ადამიანების გულგრილობა და განსაკუთრებით სიბოროტე. პოლიტიკოსები, რომლებიც მილიგანის საქმეზე ქულებს იწერენ და მანიპულირებენ ამომრჩევლის გრძნობებით, აქეზებენ ხალხს სისასტიკისკენ, იყენებენ სიძულვილის ენას, ბინძურად იყენებენ პრესას თავს საარგებლოდ და იყენებენ სასჯელაღსრულების სისტემასა და სასამართლოს ერთი “მრავლობითი პიროვნების” სინდრომით დაავადებული ადამიანის გასატეხად.

        ეს წიგნი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეშინია ხალხს მასისგან განსხვავებული ინდივიდების. ურჩევნიათ ჩაქოლონ, გააქრონ, მოსპონ, ოღონდ მათგან განსხვავებულის ატანა არ მოუწიოთ.

 სამახსოვრო ფრაზები :
  • პრობლემები მე არ მაქვს,მე თვითონ პრობლემის ნაწილი ვარ.
  • ვიცით,რომ სამყარო ტკივილის გარეშე – გრძნობებისგან დაცლილი სამყაროა… მაგრამ სამყარო გრძნობების გარეშე ტკივილისგან თავისუფალ სამყაროს ნიშნავს.
  •  ღმერთი მათ გამოიგონეს,ვისაც შეუცნობელის ეშინია… ხალხი იესოსნაირ პიროვნებებს მხოლოდ იმიტომ სცემს თაყვანს,რომ სიკვდილის ეშინია.
  •  დრო გადის და სულში სიცოცხლის ზიზღი მიგროვდება. ვწუხვარ,რომ თქვენი დამსხვრეული ოჯახის დამამსხვრეველი ჭანჭიკი ვარ. იმ ოჯახისა,რომლის წევრიც,ფაქტობრივად,არ ვყოფილვარ.

Saturday, February 15, 2020

ქეთრინ სთოქეთი - "მოსამსახურე" Katheryn Stockett - "The Help"


      ქეთრინ სთოქეთის წიგნში "მოსამსახურე" ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი თემაა განხილული. ეს წიგნი აერთიანებს ორ რასას და ეუბნება მკითხველს,რომ კანის ფერით არ უნდა გავნსაზღვროთ ყველაფერი, რადგან ბევრ ფერადკანიანს შეიძლება თეთრკანიანზე დიდი გონება და ადამიანურობა გააჩნდეს. ამ წიგნში არის აღწერილი ძალიან ცუდი რეალობა იმის შესახებ ,თუ როგორ ექცევიან თეთრები, შავკანიან მოსამსახურეებს...

      ამერიკა, მისისიპის შტატი, გასული საუკუნის 60-იან წლები…ცხოვრება, როგორც ასეთი მიუღებელი…თეთრები და შავები… ქალები და კაცები… ბატონები და მოსამსახურეები…სამი ქალის მხრიდან დანახული ერთი გულსატკენი ამბავი…ერთ მხარეს ეიბილინი… მინი… მის სქითერი… მეორე მხარეს მის ჰილი, მის ლიფოლთი და სხვები...

      ეიბილინი – შავკანიანი ძიძა, 17 თეთრი და ერთადერთი საკუთარი მკვდარი შვილის დედა, ხელით დაწერილი, სასწაულმოქმედი ლოცვების ავტორი და ამქვეყნად  ჭეშმარიტების შემცველი ზღაპრების მთხრობელი… მინი მეამბოხე და დაუდგომელი სულის პატრონი, გაბედული კულინარი და ათასი სისულელის ჩამდენი შავკანიანი ქალბატონი… მის სქითერი – უშიშარი, მებრძოლი და სამართლიანი, ყველაზე სამართლიანი თეთრკანიანი გოგო მაშინდელ მისისიპში…მის სელია – ყველაზე ჩერჩეტი ქალი მთელ ამ ამბებში, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი…



       ამ წიგნში არის მოთხრობილი მოსამსახურეებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ამოიღონ ხმა,რაც ძალიან საშიშია ისეთ ქალაქში ,სადაც შესაძლოა სიტყვის შებრუნებისთვის სიკვდილამდე გცემონ ან ენა ამოგაძრონ. მოსამსახურეებს კი ხელს თეთრკანიანი ჟურნალისტი უწყობს, რომელმაც გადაწყვიტა დაესრულებინა ყველაფერი და ბევრი რისკის მიუხედავად,საქმე ბოლომდე მიჰყავს. წიგნში ბევრი მაგალითია რაც პროტესტის გრძნობას გაგიჩენთ და გულს აგიჩუყებთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ დრამის მოყვარულებმა.

      წაიკითხეთ და გაიხსენეთ ადამიანები, რომლების არ ივიწყებენ იმას რომ “წინა კაცი უკანა კაცის ხიდია”… რომ “მადლობის გადახდა, როდესაც გულწრფელი ხარ , როდესაც არ ივიწყებ სიკეთეს, ეს დიდი მადლია”, რომ, ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ასატანი ეს მსჯელობის ის საგანია სადაც განიხილავენ იმას თუ რას ნიშნავს იყო შავკანიანი და ემსახურებოდე თეთრ ქალბატონს… რომ “ქალებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ორ ქალს ბევრი არაფერი აშორებს. ორივე ჩვეულებრივი ადამიანია და რომ მათ  გაცილებით მეტი სიახლოვე აკავშირებს ვიდრე წარმოგვიდგენია”, მიუხედავად კანის ფერისა…


Sunday, February 9, 2020

ერიკ - ემანუელ შმიტი - "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი"


       რა მნიშვნელობა აქვს წიგნის სიდიდეს, სიფართოვეს ან სისქეს როცა მთავარი მასში სათქმელია, არასოდეს არ მიყვარდა წიგნის არჩევა მისი სიდიდის მიხედვით. ერიკ ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” იმდენად პატარაა, თუ წიგნის მაღაზიაში მოხვდებით მის შესაძენად, შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ უცებ იმდენად ციცქნაა ...მაგრამ ამავდროულად საკმაოდ აზრიანი, ისევე როგორც წიგნის მთავარი გმირი - ოსკარი.

       არასოდეს მინახავს ლეიკემიით დაავადებული ბავშვები უშუალოდ, მაგრამ ათასჯერ მინახავს მათი სახეებით სავსე კადრები… სულ იმას ვფიქრობ ,რომ ნეტავ რას განიცდიან არ რას ფიქრობენ თავიანთი ბავშვური გონებით…

       ოსკარი ძალიან მსუბუქად გვიყვება თავისი  სიცოცხლის რამოდენიმე დღეზე, იმ დღეებზე რომელიც ვარდისფერებში ჩაცმულმა ქალბატონმა  გაულამაზა, აჩუქა მას წლოვანების  ათვლის ახალი მეთოდი და  სიყვარული….  ოსკარი გვიყვება მშობლებზე, რომლებიც მისი ბავშვური რწმენით ლაჩრები არიან, იმიტომ რომ სიმართლეს თვალს ვერ უსწორებენ და ვერ ეუბნებიან საკუთარ ვაჟს ერთ მწარე რეალობად ქცეულ სიტყვას : “შენ მოკვდები!” … არადა რა ადვილია ოსკარს რომ ჰკითხოთ ამის თქმა მაშინ როცა ის თავად ცხოვრობს სიკვდილთან ერთად….  და თან თავად ღმერთს წერს წერილებს… ოსკარს  რომ ჰკითხოთ  “მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლებაო” გეტყვით…

      საავადმყოფოს კედლები, უძლური მედიცინა,  ექიმი დიუსელდორფი,  ცისფერი პეგი, რომელიც იბრძვის ვარდისფერი სიცოცხლისკენ და ბევრი სხვა გმირი, საოცარი სიტუაციები და ძალიან, ძალიან დამაფიქრებელი ისტორიები და შეხედულებები შეგხვდებათ ამ წიგნში… ცრემლიც მოგაწვებათ და დარდიც…

        მე მიყვარს შმიტი, მიყვარს მისი წერის მსუბუქი სტილი და აზრის სიღრმე… ოღონდ საქმე რაშია იცით, მე მიყვარს შმიტი ქართულად… იმიტომ რომ ქართულად ვეზიარე მის ნაწარმოებებს… მართლაც უნდა ავღნიშნო მთარგმნელის დიდი შრომა,  თანამედროვედ და მარტივად “გადმოქართულება”, ისე რომ არცერთხელ არ შეჩერდე კითხვის დროს და არ იგრძნო სიყალბე, საკმაოდ რთულია...დარწმუნებული ვარ ბევრს წაგიკითხავთ ან წასაკითხთა სიაში გაქვთ. ასეა თუ ისეა უნდა წაიკითხოთ.

Sunday, February 2, 2020

Winnie The Pooh


       მკაფიოდ მახსოვს როგორ ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ვინი პუჰი და როგორ ვცდილობდი ყველა ნივთი ამ პერსონაჟის მქონოდა. ვოცნებობდი გაცოცხლებულ სათამაშოზე, რომელიც მუდამ ჩემთან ერთად იქნებოდა და მთელი ტყის შემოვლას შევძლებდით, ერთად შევაგროვებდით გირჩებს და წვიმიან დღეს ფერადად შევუღებავდით წვერებს...

      რატომღაც ბავშვობიდან ზრდასრულობაში ისე სწრაფად და მკვეთრად მომიწია გადასვლა, მართლა გარდამტეხი იყო ის ერთი წერტილი, სადაც უცებ მომსხნეს ვარდისფერი სათვალეები და საგულდაგულოდ შემანახინეს. მასვე მიჰყვა ვინი პუჰის ნივთებიც და თავად მოლაპარაკე დათვიც.... მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიაზრე, რომ ჩემ შინაგან ბავშვს ისევ ენატრებოდა ზღაპრული სამყარო, რომელიც ჩემი და ვინის შექმნილი იყო. ისევ თავიდან ვუყურე ანიმაციას და იმაზე მეტი სითბო ჩამეღვარა გულში, ვიდრე ოდესმე. აღმოვაჩინე, რომ ა.მილნი საოცრად ოსტატურად ახერხებს ბავშვის გონებას მოარგოს სამყაროს ის წესები, სქემები და მოვლენები, რომელიც პატარა არსებამ რამენაირად უნდა გაიშინაგანოს.


        უმარტივესი სიმსუბუქით გაწვდის მეგობრობის, იმედის, პოზიტიური აზროვნების, პატიების, ძიების, აღმოჩენის, თანადგომის და სიყვარულის იდეებს, რომელიც შენდა გაუაზრებლად გელექება გონებაში. მალევე მივხვდი, ბავშვებისთვის ასეთი რეალური და სასარგებლო ზღაპრის შექმნა, ყველაზე რთული ლიტერატურული მისია იყო სხვა, ყველა დანარჩენი ჟანრის დავალებებს შორის და კიდევ უფრო რთულია, უფროსების გონებამდე მიიტანო ბავშვებისთვის განკუთვნილი სათქმელი. ავტორმა ეს შეძლო და ჩემ თავში ვიპოვე ადგილები, რომლებიც მხოლოდ იმაზე მესაუბრებოდნენ, რამდენად მჭირდებოდა კიდევ ერთხელ ბავშვობაში დაბრუნება და მოვლენათა ხელახალი გადაფასება.

        უბრალოდ მივიღე ფაქტი, რომ ცხოვრებაში არის რაღაცეები, რომელთა შენახვა მხოლოდ გულში შემეძლებოდა და ახლა მეტად მჯერა , რომ ლიმიტებს მხოლოდ ჩვენით ვუწესებთ საკუთარ თავებს და შეუძლებელი არაფერია.

 

When one knows your childhood dreams and makes them come true, you can do nothing but admire and love him unconditionally... 💫💫