Saturday, February 22, 2020

დენიელ კიზი - "ბილი მილიგანის მრავალი გონება" Daniel Keyes - " The minds of Billy Milligan"


        რამდენიმე წუთია ვცდილობ გონება მოვიკრიბო და განხილვა დავწერო.
ასე იმიტომ კი არ ვარ, რომ ცუდი წიგნია ან დიდად არ მომეწონა, პირიქით – იმდენად მაგარი წიგნია და იმდენად დამაფიქრებელი და იმდენ ურთიერთსაპირისპირო ემოციას იწვევს, რომ ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ… არც კი ვიცი საიდან დავიწყო წერა…უმეტესობას ასე თუ ისე მაინც გვსმენია ბილი მილგანის შესახებ. ზოგს მის სასამართლო ისტორიაზე სმენია, ზოგს ჩანაწერები უნახავს,ზოგმა იცის მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მაინც აბსოლუტურ უმეტესობას მისი განსაცვიფრებელი ცხოვრების შესახებ არაფერი სმენია.

         წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის თავშიც 24 ადამიანი ცხოვრობს. ხან ერთი მართავს მის სხეულს და გონებას, ხან – მეორე, მესამე, მეთექვსმეტე და სხვ. ეს ყველა ცალკეული პიროვნება განსხვავდება ერთმანეთისგან, ასაკით (ზოგი პიროვნება 3-4 წლისაა, ზოგ 26-ის), აღნაგობით, ხმის ტემბრით, იერით, ქცევის მანერებით, წარმოშობით (ბრიტანელი, იუგოსლავიელი, ბრუკლინელი და სხვ.) და სქესითაც კი (რამდენიმე მათგანი ქალია).

         პიროვნებები მილიგანის გონებაში დაყოფილია საჭირო და არასასურველ ანდროიდებად: 10 კარგი ადამიანია, დანარჩენი 13 არასასურველი – კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, ჩხუბისთავი, ყალთაბანდები, ამპარტავნები და სხვ. და არის კიდევ ერთი – “მასწავლებელი” – ძირითადი ბილი, რომელიმაც ეს ყველა სხვა ანდროიდი შექმნა და ერთადერთია, რომელმაც იცის ბილის ცხოვრების ყველა ეტაპი, რომელი პიროვნება რას აკეთებდა.

        წიგნი იმდენად გამაოგნებელია, რომ ხშირად მიწევდა ჩემი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ეს ყველაფერი რეალობაა, ნამდვილი ამბავია, დოკუმენტური მასალაა და არა ფენტეზის ჟანრის მორიგი წიგნი. არადა ნამდვილი ფენტეზია. იმდენად საინტერესო და ჩახლართული მოვლენები ხდება, რომ გაოგნებული რჩები.

       მოვლენები 1970-იანი წლების ბოლოსკენ ვითარდება. და მაინც შოკში ჩაგაგებთ ამერიკის ფსიქიატრიულ თუ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ადამიანების გულგრილობა და განსაკუთრებით სიბოროტე. პოლიტიკოსები, რომლებიც მილიგანის საქმეზე ქულებს იწერენ და მანიპულირებენ ამომრჩევლის გრძნობებით, აქეზებენ ხალხს სისასტიკისკენ, იყენებენ სიძულვილის ენას, ბინძურად იყენებენ პრესას თავს საარგებლოდ და იყენებენ სასჯელაღსრულების სისტემასა და სასამართლოს ერთი “მრავლობითი პიროვნების” სინდრომით დაავადებული ადამიანის გასატეხად.

        ეს წიგნი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეშინია ხალხს მასისგან განსხვავებული ინდივიდების. ურჩევნიათ ჩაქოლონ, გააქრონ, მოსპონ, ოღონდ მათგან განსხვავებულის ატანა არ მოუწიოთ.

 სამახსოვრო ფრაზები :
  • პრობლემები მე არ მაქვს,მე თვითონ პრობლემის ნაწილი ვარ.
  • ვიცით,რომ სამყარო ტკივილის გარეშე – გრძნობებისგან დაცლილი სამყაროა… მაგრამ სამყარო გრძნობების გარეშე ტკივილისგან თავისუფალ სამყაროს ნიშნავს.
  •  ღმერთი მათ გამოიგონეს,ვისაც შეუცნობელის ეშინია… ხალხი იესოსნაირ პიროვნებებს მხოლოდ იმიტომ სცემს თაყვანს,რომ სიკვდილის ეშინია.
  •  დრო გადის და სულში სიცოცხლის ზიზღი მიგროვდება. ვწუხვარ,რომ თქვენი დამსხვრეული ოჯახის დამამსხვრეველი ჭანჭიკი ვარ. იმ ოჯახისა,რომლის წევრიც,ფაქტობრივად,არ ვყოფილვარ.

No comments:

Post a Comment