Sunday, February 9, 2020

ერიკ - ემანუელ შმიტი - "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი"


       რა მნიშვნელობა აქვს წიგნის სიდიდეს, სიფართოვეს ან სისქეს როცა მთავარი მასში სათქმელია, არასოდეს არ მიყვარდა წიგნის არჩევა მისი სიდიდის მიხედვით. ერიკ ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” იმდენად პატარაა, თუ წიგნის მაღაზიაში მოხვდებით მის შესაძენად, შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ უცებ იმდენად ციცქნაა ...მაგრამ ამავდროულად საკმაოდ აზრიანი, ისევე როგორც წიგნის მთავარი გმირი - ოსკარი.

       არასოდეს მინახავს ლეიკემიით დაავადებული ბავშვები უშუალოდ, მაგრამ ათასჯერ მინახავს მათი სახეებით სავსე კადრები… სულ იმას ვფიქრობ ,რომ ნეტავ რას განიცდიან არ რას ფიქრობენ თავიანთი ბავშვური გონებით…

       ოსკარი ძალიან მსუბუქად გვიყვება თავისი  სიცოცხლის რამოდენიმე დღეზე, იმ დღეებზე რომელიც ვარდისფერებში ჩაცმულმა ქალბატონმა  გაულამაზა, აჩუქა მას წლოვანების  ათვლის ახალი მეთოდი და  სიყვარული….  ოსკარი გვიყვება მშობლებზე, რომლებიც მისი ბავშვური რწმენით ლაჩრები არიან, იმიტომ რომ სიმართლეს თვალს ვერ უსწორებენ და ვერ ეუბნებიან საკუთარ ვაჟს ერთ მწარე რეალობად ქცეულ სიტყვას : “შენ მოკვდები!” … არადა რა ადვილია ოსკარს რომ ჰკითხოთ ამის თქმა მაშინ როცა ის თავად ცხოვრობს სიკვდილთან ერთად….  და თან თავად ღმერთს წერს წერილებს… ოსკარს  რომ ჰკითხოთ  “მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლებაო” გეტყვით…

      საავადმყოფოს კედლები, უძლური მედიცინა,  ექიმი დიუსელდორფი,  ცისფერი პეგი, რომელიც იბრძვის ვარდისფერი სიცოცხლისკენ და ბევრი სხვა გმირი, საოცარი სიტუაციები და ძალიან, ძალიან დამაფიქრებელი ისტორიები და შეხედულებები შეგხვდებათ ამ წიგნში… ცრემლიც მოგაწვებათ და დარდიც…

        მე მიყვარს შმიტი, მიყვარს მისი წერის მსუბუქი სტილი და აზრის სიღრმე… ოღონდ საქმე რაშია იცით, მე მიყვარს შმიტი ქართულად… იმიტომ რომ ქართულად ვეზიარე მის ნაწარმოებებს… მართლაც უნდა ავღნიშნო მთარგმნელის დიდი შრომა,  თანამედროვედ და მარტივად “გადმოქართულება”, ისე რომ არცერთხელ არ შეჩერდე კითხვის დროს და არ იგრძნო სიყალბე, საკმაოდ რთულია...დარწმუნებული ვარ ბევრს წაგიკითხავთ ან წასაკითხთა სიაში გაქვთ. ასეა თუ ისეა უნდა წაიკითხოთ.

No comments:

Post a Comment