Sunday, February 2, 2020

Winnie The Pooh


       მკაფიოდ მახსოვს როგორ ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ვინი პუჰი და როგორ ვცდილობდი ყველა ნივთი ამ პერსონაჟის მქონოდა. ვოცნებობდი გაცოცხლებულ სათამაშოზე, რომელიც მუდამ ჩემთან ერთად იქნებოდა და მთელი ტყის შემოვლას შევძლებდით, ერთად შევაგროვებდით გირჩებს და წვიმიან დღეს ფერადად შევუღებავდით წვერებს...

      რატომღაც ბავშვობიდან ზრდასრულობაში ისე სწრაფად და მკვეთრად მომიწია გადასვლა, მართლა გარდამტეხი იყო ის ერთი წერტილი, სადაც უცებ მომსხნეს ვარდისფერი სათვალეები და საგულდაგულოდ შემანახინეს. მასვე მიჰყვა ვინი პუჰის ნივთებიც და თავად მოლაპარაკე დათვიც.... მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიაზრე, რომ ჩემ შინაგან ბავშვს ისევ ენატრებოდა ზღაპრული სამყარო, რომელიც ჩემი და ვინის შექმნილი იყო. ისევ თავიდან ვუყურე ანიმაციას და იმაზე მეტი სითბო ჩამეღვარა გულში, ვიდრე ოდესმე. აღმოვაჩინე, რომ ა.მილნი საოცრად ოსტატურად ახერხებს ბავშვის გონებას მოარგოს სამყაროს ის წესები, სქემები და მოვლენები, რომელიც პატარა არსებამ რამენაირად უნდა გაიშინაგანოს.


        უმარტივესი სიმსუბუქით გაწვდის მეგობრობის, იმედის, პოზიტიური აზროვნების, პატიების, ძიების, აღმოჩენის, თანადგომის და სიყვარულის იდეებს, რომელიც შენდა გაუაზრებლად გელექება გონებაში. მალევე მივხვდი, ბავშვებისთვის ასეთი რეალური და სასარგებლო ზღაპრის შექმნა, ყველაზე რთული ლიტერატურული მისია იყო სხვა, ყველა დანარჩენი ჟანრის დავალებებს შორის და კიდევ უფრო რთულია, უფროსების გონებამდე მიიტანო ბავშვებისთვის განკუთვნილი სათქმელი. ავტორმა ეს შეძლო და ჩემ თავში ვიპოვე ადგილები, რომლებიც მხოლოდ იმაზე მესაუბრებოდნენ, რამდენად მჭირდებოდა კიდევ ერთხელ ბავშვობაში დაბრუნება და მოვლენათა ხელახალი გადაფასება.

        უბრალოდ მივიღე ფაქტი, რომ ცხოვრებაში არის რაღაცეები, რომელთა შენახვა მხოლოდ გულში შემეძლებოდა და ახლა მეტად მჯერა , რომ ლიმიტებს მხოლოდ ჩვენით ვუწესებთ საკუთარ თავებს და შეუძლებელი არაფერია.

 

When one knows your childhood dreams and makes them come true, you can do nothing but admire and love him unconditionally... 💫💫

No comments:

Post a Comment