Saturday, July 29, 2023

გრეგუარ დელაკური - "ჩემი სურვილების ნუსხა"

 


           დღეს ერთ საოცარ წიგნზე ვისაუბრებ, რომელიც , დარწმუნებული ვარ, ყველას მოგხიბლავთ. ალბათ ყველას ერთხელ მაინც მოუსმენია ფრაზა "ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი" და მარტივად რომ გითხრათ, წიგნი სწორედ ამაზეა. კაცობრიობა მუდმივად ბჭობს იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა ბედნიერების ფულით ყიდვა, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია... ზუსტად ამ დილემის წინაშე დადგა ჩვენი მთავარი გმირი - ჟოსლინი, რომელმაც ლატარეაში 18 მილიონი ევრო მოიგო. არა, არ მოგესმათ - 18 მილიონი , უფრო ზუსტად კი - 18 547 301 ევრო და 28 სანტიმი. 

         ჟოსლინი უბრალო ადამიანია, უბრალო ცხოვრებით, დაქორწინებულია ჟოსლენზე  და ჰყავს ორი შვილი. მას გაუმართლა და როდესაც მისი უფროსი მოულოდნელად გარდაიცვალა, ჟოსლენი საგალანტერიო მაღაზიის მფლობელი გახდა. ჰყავს ასევე მეგობრები, ტყუპები, აქვს ბლოგი თავისი საქმიანობის შესახებ და ყოველ დღეს უსახურად ატარებს.ცდილობს კარგი ცოლი, დედა და მეგობარი იყოს.


       


             ჟოსლინს ჰგონია, რომ მოულოდნელად დამდგარი მილიონერობა მის "ბედნიერ" ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, თუმცა მისი ცხოვრება და სიყვარული სულაც არ არის ისეთი , როგორიც მას წარმოუდგენია, რასაც სწორედ ფული ახდის საბოლოოდ ფარდას.

           "ჩემი სურვილების ნუსხა" შესანიშნავი პატარა ნოველაა იმის შესახებ, თუ რას ვაფასებთ ცხოვრებაში  და რა გვჭირდება სინამდვილეში, ან როგორ ვეძებთ ბედნიერებას, რომელსაც ფულით თურმე ვერასდროს ვერ ვიყიდით. აღსანიშნავია, რომ ავტორი საოცრად ასახავს ქალ პერსონაჟებს, ცხოვრობს მათი ცხოვრებით და მათივე პირით გვესაუბრება, რაც როგორც წიგნის ბოლოს აღნიშნავს, დედამისის დამსახურებაა.

          მოკლედ , დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ წიგნს, საკმაოდ მცირე მოცულობისაა და ადვილად იკითხება. თქვენ რას მოიმოქმედებდით 18 მილიონი ევრო რომ მოგეგოთ ქალაქში, სადაც ყველა ყველას იცნობს?! მოუყვებოდით ამას მეგობრებს და ნაცნობებს თუ დუმილს ამჯობინებდით?! სანამ ლატარეის ბილეთს იყიდდეთ, ჯობს, წიკითხოთ ეს რომანი , რადგან ასეთ წიგნებს იშვიათად შეხვდებით.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • მუდამ თავს ვიტყუებთ, ვინაიდან სიყვარული სიმართლეს ვერ გაუმკლავდებოდა.
  • ცხოვრების შეცვლა მხოლოდ წიგნებში ხერხდება.შეიძლება ერთი სიტყვით ყველაფერი წაშალო.
  • როცა ვინმე კვდება , მასთან ყოველთვის  ძალიან გვიან მივდივართ. თითქოს შემთხვევით.
  • სიხარბე ყველაფერს წვავს თავის გზაზე.
  • ტყუილი რაც უფრო დიდია, მით ნაკლებად ვამჩნევთ.
  • ნდობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
  • იყო მდიდარი, ნიშნავს დაინახო ყველაფერი უშნო, რადგან მდიდარს ჰყოფნის თავხედობა და ფიქრობს, რომ შეუძლიარაღაცეები შეცვალოს, რომ საკმარისია, ამისთვის ფული გადაიხადოს.
  • ადამიანი მიტევებაზე ფიქრს მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც წყნარდება.
  • ტკივილი ყოველთვის საოცრად გვცვლის.

Thursday, July 27, 2023

პატრიკ ზიუსკინდი - "სუნამო" Ptrick Suskind - "Perfume"

 


           "მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ცხოვრობდა კაცი,რომელიც გენიალური და საზიზღარი ადამიანებით სავსე ეპოქაში , ერთ-ერთი ყველაზე გენიალური და საზიზღარი იყო. აქ სწორედ მისი ამბავი უნდა მოგითხროთ.მას ჟან-ბატისტ გრენუი ერქვა." 

       აი, ასე იწყება წიგნის შესავალი. გრენუი, ზაფხულის ცხელ დღეს, ქალაქში არსებულ წარმოუდგენელ სიმყრალეში დაიბადა. ის ობოლი, თავმოკვეთილი დედის შვილი, სხვებისთვისთვისაც კი მიუღებელი იყო. ის ეშმაკით შეპყრობილად ითვლებოდა , რადგან სუნი არ ჰქონდა. ბავშვებს ხომ სხვადასხვა, სასიამოვნო სუნი აქვთ...ყნოსვით აღქმული სამყაროს წარმოდგენა ორიგინალური და საინტერესოა. გრენუი უცნაური არსებაა - მას არ აქვს საკუთარი აურა, მას არ უყვარს ფიქრი, მხოლოდ ყნოსვითი შეგრძნებები აქვს და ამ შეგრძნებებთან ერთად იბადება მისი აზრები.

         ქვეყნად არ არსებობდა სურნელი, რომელსაც არ ცნობდა, ასე ფიქრობდა ის , სანამ არ აღმოაჩინა ახალგაზრდა გოგოს სურნელი , რომლის დაუფლებაც განიზრახა.მან ჩაიდინა მისი ასაკისთვის შეუფერებელი და ამორალური საქციელი და დაისაკუთრა ის.


        მწერალი გვეუბნება, რომ მან შემოგვთავაზა პერსონაჟი, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ის დაიბადა ისეთ ადგილას , სადაც საზიზღარი სუნის მეტი არაფერი არ იყო და მოკლა იმავე ადგილას თავისივე შექმნილი იარაღით. გრენუი ქმნის სწორედ იმას , რაც მას არ გააჩნია. იმდგაცრუებაა ის რომ  ცხოვრება და 25 გოგო შესწირა სუნამოს შექმნას, რომელიც მას არ აღაფრთოვანებს. 

   "ერთადერთი , ვინც ამ სუნამოს ნამდვილი სილამაზე შეიგრძნო, მე ვარ, რადგან მე შევქმენი. მაგრამ, თან ერთადერთი ვარ , ვისაც ვერ მოაჯადოებს. ეს სუნამო მარტო ჩემთვისაა უაზრობა." 

    მწერალმა გვაჩვენა სახიფათო იარაღის შემადგენლობა - უმანკოება , სილამაზე, დაპყრობის სურვილი და სიყვარული. ეს წიგნი პატარა თავგადასავალია, პატარა მასწავლებელი სუნამოების დასწავლაში. სასაიმოვნოსთან ერთად არასასიამოვნოა, მაგრამ გრენუის თვალებით დაინახავთ სამყაროს და შეიგრძნობთ როგორია იყოთ სულ მიტოვებული და თითქმის არავისთვის საინტერესო.



Saturday, July 22, 2023

დელია ოუენსი - "იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან" Delia Owens - "Where the crawdads sing"

 


          წიგნი მოგვითხრობს კაია კლარკის, ახალგაზრდა , მიტოვებული გოგოს შესახებ, რომელიც ადგილობრივებში "ჭაობის გოგოს" სახელითაა ცნობილი. 1950 - იან წლებში, მიტოვებული მშობლებისგან და და-ძმებისგან, კაია სწავლობს ჭაობის რთულ ეკოსისტემაში ცხოვრებას. კაია სწავლობს, თუ როგორ შეუძლია დამოუკიდებლად გადარჩეს მხოლოდ ჭაობის ველური ბუნებით და მისი ერთგული თოლიებით. სკოლაში მხოლოდ ერთხელ დასწრების შემდეგ , კაია ცდილობს ყველაფერი მიწისგან ისწავლოს.

         ადგილობრივი მოსახლეობის ეჭვები და ცრურწმენები გაერთიანებულია კაიას წინააღმდეგ , საზოგადოება ფიქრობს და დარწმუნებულია იმაში , რომ კაიას ნდობა არ შეიძლება. კაია, რაც უფრო მეტად იზოლირებულია საზოგადოებისგან, მით უფრო სწრაფად ვრცელდება მასზე ჭორები. როდესაც ,ქალაქის ერთ-ერთ ფავორიტ მოქალაქეს , ახალგაზრდა ჩეის ენდრიუსს იპოვიან გარდაცვლილს , ყველა ერთბაშად კაიასკენ იშვერს ხელს.

         იბადება უამრავი კითხვა : ნუთუ კაიამ მოკლა ჩეისი?! რა მოტივი ჰქონდა ?! თუ ის უბრალოდ გაუგებარი , უდანაშაულო გოგოა, რომელიც ცდილობს როგორმე გადარჩეს?!


            ამბავი ძალიან სწრაფად არ ვითარდება. მწერალი გარკვეულ დროს უთმობს წარსულიდან აწმყოში დაბრუნებას , რომ მკითხველს საშუალება მისცეს ნათლად ჩახედოს კაიას სამყაროს. რომანი ძირითადად კაიას თვალთახედვით არის დაწერილი, მაგრამ ზოგჯერ სხვა პერსონაჟების პერსპექტივაც ნათლად არის გადმოცემული. ეს საშუალებას გვაძლებს , რომ შეგვექმნას წარმოდგენა იმის შესახებ , თუ როგორ უყურებს საზოგადოება ჭაობს და მის ლეგენდარულ ბინადარს. 

         საკმაოდ ახლოს მივიტანე გულთან კაიას უდანაშაულობა და გული დამწყდა , რომ მას გამუდმებით ტოვებდნენ ისინი , ვისად უნდა ყვარებოდა. იყო დაუჯერებელი მომენტებიც, მაგალითად :შეძლებდა თუ არა წერა-კითხვის უცოდინარი "ჭაობის გოგო" თვითგანათლებას?! წიგნის დასასრული ,  ვფიქრობ იდეალური იყო. მეტს ვერაფერს ვიტყვი , ნამდვილად მოვიხიბლე. 




Thursday, July 20, 2023

ალბერ კამიუ - "შავი ჭირი" Albert Camus - "The Plague"

 


            "შავი ჭირი" დაიწერა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ. რომანი აგებულებით ძალიან მარტივია და პირველ პირშია გადმოცემული, მაგრამ არ ვიცით ვინ არის მთხრობელი და იმ ადამიანებს, რომლებიც პირველად წაიკითხავთ ამ რომანს, სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. 

           თავდაპირველად, მთხრობელი გვაცნობს ალჟირის ქალაქ ორანს, ბედნიერ ქალაქს, სადაც სიკვდილი - ეს სირცხვილია.  რომანის მთავარი პერსონაჟი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში მოხვდება და ებრძვის ისეთ "დაუმარცხებელ ეპიდემიას", როგორიც შავი ჭირია და დიდ სიმამაცეს იჩენს , არის ექიმი ბერნარდ რიე. 

           თავდაპირველად, შავი ჭირი ბედნიერ ქალაქში დღისით და არა ღამით სასიკვდილოდ განწირულ ვირთხებს გამოაგზავნის, რომლებითაც აივსება მთელი ქალაქი. ყოველდღე მატულობს მოკლული  მღრღნელების რიცხვი.ვირთხები გამოდიან, ხალხის თვალწინ უსულდგმულოდ ეცემიან და კვდებიან. ქალაქი ვერ აუდის ამდენ დახოცილ ვირთხას. სწორედ ესაა მინიშნება , რომ შავი ჭირი მოდის. ამის შემდეგ კი პირველი მსხვერპლიც გამოჩნდა, ადამიანი რომლის ბოლო სიტყვაც იყო - "ვირთხები". მას შემდეგ რაც ქალაქი მიხვდა , რომ მათ თავს დაატყდათ შავი ჭირი, ქალაქი ორანი სამყაროსგან იზოლირებული ხდება : იკეტება ქალაქის კარიბჭე, იკრძალება ზღვაში ცურვა, იხსნება ბანაკები , სადაც გადაჰყავთ დაავადებულები.


         რომანის დასასრულისკენ ყველა ზეიმობს შავი ჭირის დასრულებას, რომ მათ დაამარცხეს ის და მანაც თითქოს მალევე დაიხია უკან, ისევე მალე დათმო პოზიციები, როგორც დაატყდა ქალაქს. ყველა ზეიმობს გარდა ერთი ადამიანისა, რომელმაც ყველაზე მეტი გადაიტანა. არავინ იცის ალბათ დაზუსტებით , ეს პესიმიზმი  რით არის გამოწვეული, ალბათ იმითაც ,რომ მან მეგობრები და ცოლიც დაკარგა ამ ეპიდემიის დროს.ეს ადამიანი ექიმი ბერნარდ რიეა. რომანის დასასრულს იგი ძალიან უიმედო და პესიმისტური განწყობით დაწერილ ფრაზას გვიტოვებს. სწორედ მან იცის, რომ შავი ჭირი საბოლოოდ არ არის დამარცხებული და რომ დადგება დღე , როდესაც ის კვლავ დაბრუნდება.

         ეს ნაწარმოები ნათლად გვიჩვენებს , რომ დედამიწაზე ბოროტება იყო და მუდამ იქნება, მისი გაქრობა, როგორც უკურნებელი სენის - შეუძლებელია... შეიძლება ის შეასუსტო, მაგრამ ვერ გააქრობ...ის იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს სამყარო, სანამ იარსებებს სიცოცხლე,სიყვარული, სიკეთე და ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ , რომ ებრძოლონ მას. 

       კამიუს ერთ-ერთი მთავარი კითხვაც ხომ ისაა თუ : "რას სწავლობს ადამიანი განსაცდელის ჟამს? და რომ ადამიანებში აღტაცების მომგვრელი უფრო მეტია, ვიდრე დასაძრახი" , თუნდაც ეს აღტაცება სიხარულის მომგვრელი არ იყოს.


  სამახსოვრო ფრაზები : 

  • სიბრალული გღლით , როცა ის არაფრის მაქნისია. 
  • ხდება ხოლმე, დიდხანს იტანჯები და არც კი იცი.
  • თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება.
  • სისულელე მუდამ გამძლეა.
  • არ არსებობს სულის სიმშვიდე იმედის გარეშე.
  • ქვეყნად არაფერი ღირს იმად, რომ ზურგი აქციო, რაც გიყვარს.

Wednesday, July 12, 2023

ტეილორ ჯენკინს რეიდი - "ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი" Taylor Jenkins Reid - "The seven husbands of Evelyn Hugo"

 


           ეველინ ჰიუგოს ისტორია არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხვედით ჩანს. დიახ, ის წარმატებული მსახიობია, რომელმაც საკუთარ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მთავარი კითხვაა - რის ფასად ?!   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმ ჰოლივუდში, რომელიც მორთულია ნათელი ფერებით, მაგრამ მალავს ბნელ საქმეებს ... სწორედ ამ ბნელი საქმეების გამხელას გადაწყვეტს ეველინ ჰიუგო.

          მას შვიდი ქმარი ჰყავდა და წიგნში გარკვეული ნაწილი თითოეულ მათგანს ეძღვნება. იყო ამ ქორწინებებში სირთულეები, გაუგებრობები, მწუხარება და ეჭვიანობა. ეველინი ადრეული ასაკიდან ცდილობდა აღმოჩენილიყო მოვლენების ცენტრში, მას სურდა საზოგადოების სიყვარული და დიდება.  მის ცხოვრებაში კარიერა პირველ ადგილზე იყო და ამის შესახებ მან არაერთხელ ისაუბრა პარტნიორებთან, თუმცა უმეტესობა ეს არასწორად მიაჩნდა და ცდილობდნენ გადაერწმუნებინათ ეველინი , რაც საბოლოოდ განქორწინებით სრულდებოდა. 


           აღსანიშნავია, რომ ყველას აქვს თავისი სუსტი წერტილები და აღმოჩნდა ,რომ არც ეველინი იყო გამონაკლისი. სწორედ ერთი ადამიანის გამო აღმოაჩენს ეველინი, რომ შეიძლება ყველაფერი ასე მარტივი არ არის და დიდება არ უნდა დააყენო პირველ რიგში.

          წიგნმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, მომეწონა , იმიტომ რომ ჩავიძირე ძველი ჰოლივუდის იმ ატმოსფეროში, საიდანაც იმედის ყველა ნათელი ნაპერწკალი დღეს ისეთი არაა, როგორც ადრე ...ეველინი ჩაიძირა ამ გაუმაძღარ და გლამურულ სამყაროში, თუმცა , მან ძალიან კარგად იცოდა რა დაუჯდებოდა ეს ყველაფერი. წიგნში  ავტორი გვაჩვენებს, რომ ის არ არის ძალიან კარგი ადამიანი  და თავად ის ფაქტი , რომ ის კარიერას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა აყენებს , ამას მოწმობს.


          წიგნის სიუჟეტი საკმაოდ მარტივად იკითხება, თითოეული გმირი გამოვლინდება მკითხველის წინაშე და ეს სრულიად საკმარისია , რომ წიგნი შევაფასოთ სწორედ. ვინც წაიკითხავთ ამ წიგნს, დარწმუნებული ვარ, თქვენც შეიგრძნობთ ჰოლივუდის მაგიას, რომელიც წიგნის ფურცლებიდან გადმოდის. სასიყვარულო ინტერესების გარდა , ასევე შევხვდებით ნათელ, წმინდა მეგობრობას , რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.

        ეს არის ძალიან ცოცხალი, ამაღელვებელი და უბრალოდ ლამაზი ისტორია, რომელიც შეიძლება ხელში ჩაგივარდეთ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ეს ნამდვილად გჭირდებათ. 



Saturday, July 1, 2023

ჯემალ ქარჩხაძე - "მდგმური"

 


            ხშირად ვფიქრობ, რომ წიგნში ადამიანს ის უყვარს , რაც თვითონაა. უფრო გასაგებად  რომ ვთქვა, თითოეულ ჩვენგანს ის წიგნი მოსწონს, რომელშიც მისი "მეს" თუნდაც მცირედი ნაწილია, მისი ანარეკლია... აქამდე წაკითხულ წიგნებშიც , ალბათ ჩემს თავს ვპოულობდი და ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონდა, რომელიც შემაცნობინებდა ჩემს შინაგან სამყაროს და მაპოვნინებდა იმას, რასაც აქამდე ჩემში და ჩემს გარეთ ვეძებდი.

           ძალიან რთულია პირდაპირ და შესავლის გარეშე ისაუბრო ჯემალ ქარჩხაძეზე, მითუმეტეს ობიექტურად, რადგან მასთან ყველას სუბიექტური დამოკიდებულება აქვს, მათ შორის მეც. წავიკითხე მისი წიგნები და შემიყვარდა განსხვავებული, მოაზროვნე და მასისგან გამორჩეული მწერალი. "მდგმურს" რომ მივადექი , აქ სრულიად ამოტრიალდა , გადატრიალდა და შემობრუნდა ის, რასაც ადამიანები მსოფლმხედველობას უწოდებენ.


            "მდგმური" ეს ის რომანია, რომლის სათაურიც ზუსტად შეეფერება მის შინაარს. ერთი ჩვეულებრივი , ინჟინერი კაცის ისტორიაა, რომელიც ხან ვის შეეკედლება საცხოვრებლად და ხან - ვის. მაგრამ არ გეგონოთ , რომ მთელი წიგნი ინჟინერის ისტორიაზეა აგებული, მე ვფიქრობ, ამ კაცზე მეტად მწერალი ჩვენ, მკითხველს გვესაუბრება. ამ წიგნის წაკითხვით, ჩვენ საკუთარ ისტორიას ვქმნით.

            რომანის მთავარი გმირი , რომლის სახელსაც ვერასდროს გავიგებთ, ეგვიპტეზეა შეყვარებული. ნეფერტიტის გამოსახულებით გადარეულს , ცხოვრებაშ ყველაზე ძვირფასად აღმოსავლური სული და სამყარო მიაჩნია. წიგნში დიდი ადგილი ეთმობა  ხორცისა და სულის დაპირისპირებასაც. ორი ქალიდან ერთი სავსე და მიმზიდველი...მეორე - სპეტაკი სულის მქონე და კეთილშობილი... მდგმური  -  გაორებული, შუაზე გახლეჩილი... მკითხველისთვის კი , იმდენად ნაცნობია ყველაფერი, ხანდახან ფიქრობ, იქნებ მე ვარ ის , ვინც მდგმურის მაგივრად უნდა დაეცეს მორალურად , რომ შემდეგ ამაღლდეს. ვინ იცის, იქნებ მართლაც ჩვენ ვართ ის, ვინც ნადგურდება სულიერად, რომ შემდეგ ახლიდან დაიბადოს...


             ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაწარმოების მთავარი გმირი არ გიყვარდება, არ გიზიდავს მისი გამორჩეული თვისებები. აქ ყველაფერი პირიქითაა -  მდგმური გაღიზიანებს, ნერვებს გიშლის, გინდა  უყვირო, შეანჯღრიო, გამოაფხიზლო, მერე ძალა შემატო, რომ უარი არ თქვას ოცნებაზე, არ აჰყვეს წუთიერ ვნებას, მიწიერ ცდუნებას...  ბრაზდები ამ კაცზე, თუ როგორ დათმო ყველაფერი წამისთვის, როგორ უღალატა საკუთარ თავს, როგორ დაკარგა საკუთარი "მე" . მერე საკუთარ თავს ეკითხები - რატომ ბრაზობ?! იმიტომ ხომ არა , რომ შენი თავი დაინახე ... ამაზე კიდევ უფრო ბრაზდები.იქნებ ეს არის ამ რომანის მიზანი - ადამიანის გამოფხიზლება.


      სამახსოვრო ფრაზები :   

  • ილუზიურ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტება არის ოცნება.
  • მექანიკურად წამოვისვრით გაცვეთილ ფრაზებს და თუ დავისჯებით, არ გვგონია.
  • ღიმილი მაინც ღიმილია, ადამიანებს შორის რაღაც დამოკიდებულებას ამყარებს.
  • ყველა გენიალური აღმოჩენა - მარტივია.
  • წინასწარ მომზადებული საქციელი არასდროსაა ბუნებრივი.
  • კაცმა არაფერი არ უნდა შეიძინო,მაშინ არც არაფერს დაკარგავ.
  • რამხელა ბედნიერება იქნება , კაცს რომ შეგეძლოს ყოველთვის ბუნებრივი იყო.
  • ვისაც არჩევანის წინაშე აყენებ , არჩევის ძალაც უნდა მისცე.
  • არავინ იცის, რა არის დრო. ვინც ამ გაუგებარ მოვლენაზე ისე ლაპარაკობს, როგორც თავის კარის მეზობელზე , ის არც თავის კარის მეზობელს იცნობს. დრო გონებისათვის მიუწვდომელია.არც ამოცნობა შიეძლება მისი და არც გაზომვა.
  • შეუძლებელია , კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს . იმიტომ რომ, სიყვარული , ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი - საკუთარი უპირატესობის შეგნება.
  • სინამდვილეში , ყველა ბოღმით ვართ სავსე, ამიტომ ვერ დავფრინავთ...
  • სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და სხვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა, ადამიანური ხუთი გრძნობა საკარისი არაა იმისთვის , რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ...