Saturday, September 16, 2023

თემურ ბაბლუანი - "მზე , მთვარე და პურის ყანა"

 



             ერთ-ერთი უმძიმესი წიგნია, რაც წამიკითხავს. დავიწვი მთავარი გმირის საცოდაობით და უბედურებით...ეს არის ერთი ბიჭის ძალიან სევდიანი, რთული , ფათერაკებით სავსე ცხოვრების ისტორია.

            მოქმედება ხდება 60-70 იანი წლების საქართველოში, რომელიც ასე მტკივნეულ ჭრილობად დაგვრჩა ყველას. განადგურებული საქართველო, სადაც შენს სიმართლეს ვერ ამტკიცებ, სადაც კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, სადაც უკიდურესი სიღარიბე სუფევს,  სადაც თავს დაცულად ვერ გრძნობ, რადგან პროკურატურისთვის მხოლოდ ისაა მთავარი, საქმე გახსნილად გამოაცხადოს და "რეალური დამნაშავე" გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს... კიდევ უფრო რთულია, ნახევარი სიცოცხლე სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში და იმ ციხეშც შეიძლება ვიღაცამ სიცოცხლეს გამოგასალმოს, თვალში რომ არ მოუხვდე ... 

          ამ ყველაფერთან ერთად აღწერილია ჩვეულებრივი თბილისური ეზო, სხვადასხვა ეპოქაში თავისი ებრაელობით, სომხობით , ქართველობით. სიუჟეტი ვითარდება და ისტორია არ სრულდება. გამუდმებით ადრენალინის ქვეშ ხარ. წიგნის დასრულების შემდეგაც კი ვერ გამოდიხარ კარგა ხანს მდგომარეობიდან , თითქოს ეს ყველაფერი შენს თავს ხდება. მომსწრე ხდები ყალბი მეგობრობის, საშინელი რეჟიმის, სიყვარულიც კი , რომელიც ასეთი სპეტაკი და სათუთი იყო - ერთიანად ინგრევა... 

         ეს რომ უცხოელის დაწერილი ყოფილიყოს, შეიძლება ასე მძაფრად არ აღმექვა. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ასეთი ქვეყანა ჯერ კიდევ გვახსოვს და ეს ყველაფერი ჩვენთვის ნაცნობია, შეუძლებელია ემოციების გარეშე წაიკითხო .


        სამახსოვრო ფრაზები : 

  • ყველაზე დიდი ვაჟკაცი ცხრაგრამიანი ტყვიაა.
  • არის წუთები, როდესაც სიჩუმეს ვერაფერი შეედრება.
  • ნაღვლიანი სიტყვაა- როდესმე. რასაც ამ სიტყვას მოაყოლებენ, ის თითქმის არასოდეს არ ხდება.
  • სულელების დავა მთავრდება ჩხუბით, თორემ ჭკვიანი ხალხი ყოველთვის გამონახავს საერთო ენას.
  • დარწმუნებული მარტო იდიოტი შეიძლება იყოს.
  • ყველაფერი, რაც ნამდვილია მსხვერპლს ითხოვს.
  • სიცოცხლეში, სულ ცოტა ერთხელ მაინც, სიკეთის გაკეთების სურვილი ნებისმიერ ადამიანს უჩნდება, ვინც უნდა იყოს და როგორიც უნდა იყოს.
  • როცა მსგავსი ბედის ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ეჩვენებათ, რომ უკეთ ესმით ერთმანეთის და მათ შრის ადვილად მყარდება თბილი ურთიერთობა.
  • ქალი , რომელსაც დიდი გრძნობის დაფასება არ შეუძლია, არამგონია , ოდესმე ბედნიერი რომ იყოს.
  • არაფერი ისე არ ანგრევს კაცის ფსიქიკას , როგორც გაურკვევლობა.როცა არ იცი რაშია საქმე , მაგრამ კარგს ნამდვილად არ ელოდები.
  • არაფერი ისე არ ადუნებს და აჩლუნგებს კაცს , როგორც კმაყოფილების განცდა.

Saturday, September 9, 2023

კნუტ ჰამსუნი - "შიმშილი" Knut Hamsun - "Hunger"

 


           კნუტ ჰამსუნის "შიმშილს" რომ ვკითხულობდი, საკუთარი თავი შემეცოდა, არაფრის  გაძლება რომ არ შემიძლია... მთელი ეს წიგნი არის კაცზე , რომელიც შიმშილობს, ცხადია არა თავისი ნებით. ის გაზეთისთვის სტატიების წერით შოულობს გასამრჯელოს, რათა მცირედი საკვები მაინც მიიღოს, რამაც საგრძნობლად იკლო იმის გამო , რომ შიმშილისგან გონება გაეყინა და სიტყვებსაც ვეღარ უყრის თავს. უკიდურესი წუთები კი მაშინ უდგება, როდესაც ოთხი დღის უჭმელი ნაფოტს იპოვის და იმას ლოკავს... წარმოგიდგენიათ მაინც ეს რა გრძნობაა?!   ამის მიუხედავად , ამ კაცს ერთი წუთით  არ დაუკარგავს ღირსება და ადამიანობა, რაც იმაში გამოიხატა , რომ ასეთმა მშიერმა , ნაშოვნი ხურდები მათხოვარს ჩაუყარა და ამის მერე საკუთარ თავს უთხრა : "შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისთვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო." 


         თითქოს როგორი მარტივი წასაკითხი ტექსტია, ყველა სიტყვა გესმის, მომენტებშ იღლები კიდეც მთავარი გმირის ამდენი საცოდაობით , თუმცა ბევრი საფიქრალი  დამიგროვა. მხოლოდ ერთი რამე შეიძლება ითქვას , რომ "სიშტერეში" გადასული სიკეთე დამღუპველია. სამყარო კი ისეა მოწყობილი , რომ წარმოუდგენელია ადამიანმა სუფთად იარო, ფეხი არ აგიცდეს, ვინმე არ გამოიყენო, თვალები არ დაუბრიალო და ასე შემდეგ.. 

        ბევრია ასეთი ადამიანი ჩვენს ირგვლივ,ძალიან დიდი ნიჭი რომ აქვს ,  მაგრამ თითქოს ჯერ მისი დრო არ დამდგარა... ამასობაში კი ილევა , როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.  მგონია, რომ ეს წიგნი ცხოვრების მასწავლებელია - ის "მშიერიც" მართალია.  


 

Tuesday, September 5, 2023

ნანა ექვთიმიშვილი - "მსხლების მინდორი"

 


          როცა ინტერნატში ახალი ბავშვი შეჰყავთ, იქ მყოფთათვის იწყება ახალი თავგადასავლები, თუმცა ეს თავგადასავლები ამ ახალი , მიტოვებული ბავშვისთვის კოშმარული რეალობა ხდება.

         ავტორი სხვადასხვა პერსონაჟის დახმარებით ძალიან კარგად აღწერს განსხვავებული , სულიერი ტრავმის მქონე ბავშვებს, თუ როგორ ინიღბებიან ისინი ბოროტი საზოგადოებისგან და ცდილობენ იპოვონ საკუთარი გზა, თუმცა წარსულის სიმახინჯე ნაწიბურივით, არასდროს არ შორდებათ მეხსიერებიდან.

        რომანის გმირი 18 წლის ლელაა, რომლის ირგვლივაც ვითარდება მოვლენები. კერძოდ, ეს არის ხისტად და შეულამაზებლად აღწერილი ისტორია. მწერალი ექსპრესიული თხრობის სტილს იყენებს და წინა პლანზე წამოწევს ძალადობის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ასპექტებს. იგი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გვაჩვენებს ხალხის არაჯანსაღ დამოკიდებულებას ე.წ. "დებილი ბავშვების" მიმართ.ეს ყველაფერი კი იმდენად მძიმე საკითხავია, რომ შესაძლოა კითხვის დროს შეჩერდე და შენს თავს ამოსუნთქვის საშუალება მისცე.


        სიმბოლური და დამაფიქრებელია ასევე, მსხლების მინდორის არსებობა წიგნში. ეს არის ცოდვის მინდორი, სადაც ხდება ყოველგვარი ძალადობა და ამორალური ქმედება. და იქნებ სწორედ ამიტომ არის სრულიად გაწყალებული, უგემური ამ მინდორში ამოსული მსხლის ნაყოფი?!  იქნებ , ბუნებაც კი ვერ უძლებს იმ სანახაობას, რასაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ ჩადიან?! 

        ერთ დღეში წასაკითხი , საინტერესო ისტორია, რომელიც ძალიან დაგვაფიქრებს ამჟამინდელ ყველაზე გავრცელებულ ფაქტზე, ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. 



Saturday, September 2, 2023

არჩილ ქიქოძე - "ხვლიკი საფლავის ქვაზე"

 


          არსებობს წიგნები, რომელთაც, გინდა მალე მორჩე, ამავდროულად კი გინდა რაც შეიძლება დიდხანს გაგეწელოს კითხვის სიამოვნება. ორად გჭამს ეს ორი გრძნობა , მაგრამ წიგნს მაინც ვერ წყდები. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არჩილ ქიქოძის "ხვლიკი საფლავის ქვაზე" ესეთი წიგნი არ არის.

         არ გეგონოთ რომ ავტორს ან წიგნს ვიწუნებ, პირიქით, ალბათ ყველას გვქონია მომენტი, რაღაცაზე ფიქრი რომ გაგვიტაცებს, ძველ მოგონებებს ამოგვიტივტივებს, იქიდან სხვა მოგონებაზე გადაგვიყვანს და გამოფხიზლებისას ვერც კი ვხვდებით, საიდან სად მოვიდა ჩვენი ფიქრები. ეს წიგნი არის სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ძალიან უყვართ ფიქრებში შორს გაფრენა. წიგნის სტილიც, მგონია, რომ ამ ლოგიკითაა აგებული და ძალიან მომწონს.


          მთავარი გმირი თავისი მეგობრის - გიგოს გარდაცვალებიდან იწყებს საუბარს, თუმცა სრულიად გაუგებარია, სად და როდის იმყოფება გიგოს ისტორიების მოგონებისას.ჩემს თვალწინ შლის თავისი სოფლის ისტორიებს, ოჯახურ ამბებს, გიგოსთან ერთად მოგზაურობასა და ასევე მოპარული გიგოს სხეულის ამბავს. მომწონს ეს ისტორიები როგორ გადადის ერთმანეთში და როგორ გვამოგზაურებს ხან ბერლინში, ხანაც კი კავკასიის მთების სოფლებში. ძალიან საინტერესოა ავტორის აღწერილი ფხოვის ტრადიციები.

        პერსონაჟებიდან , ალბათ ყველაზე მეტად გამოვყოფდი ჩვენი გმირის დედას - მანანას. საოცრად მომწონს ამ ქალის ხასიათი, მისი აღზრდის წესები, მისი ღირებულებები. ასე მგონია, მანანასთვის ყველას უნდა მოესმინა და ცხოვრებისეული გაკვეთილი მიეღო, იმის მიუხედავად , რომ "ეს იყო ქალი, რომელსაც მუდამ ყველა აწყვეტინებდა სიტყვას." 

        ვფიქრობ , რომ რაღაც მხრივ, ნოსტალგიასაც გაუჩენს ეს წიგნი ბევრს, განსაკუთრებით, სოფლის ამბების გახსენებისას . სოფლის სიმშვიდესა და ატმოსფეროს ისე მკაფიოდ ვგრძნობთ ტექსტში, შეუძლებელია თავი მშვიდ, მიყრუებულ სოფელში არ წარმოვიდგინოთ...  

       მთლიანობაში ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, დამრჩა განცდა , რომ მთავარმა გმირმა ძალიან სახლურად მიგვიღო  თავის პირად სივრცეში, თავის აზრებში და საშუალება მოგვცა მასთან ერთად გვემოგზაურა დროსა და სივრცეში.