Tuesday, September 5, 2023

ნანა ექვთიმიშვილი - "მსხლების მინდორი"

 


          როცა ინტერნატში ახალი ბავშვი შეჰყავთ, იქ მყოფთათვის იწყება ახალი თავგადასავლები, თუმცა ეს თავგადასავლები ამ ახალი , მიტოვებული ბავშვისთვის კოშმარული რეალობა ხდება.

         ავტორი სხვადასხვა პერსონაჟის დახმარებით ძალიან კარგად აღწერს განსხვავებული , სულიერი ტრავმის მქონე ბავშვებს, თუ როგორ ინიღბებიან ისინი ბოროტი საზოგადოებისგან და ცდილობენ იპოვონ საკუთარი გზა, თუმცა წარსულის სიმახინჯე ნაწიბურივით, არასდროს არ შორდებათ მეხსიერებიდან.

        რომანის გმირი 18 წლის ლელაა, რომლის ირგვლივაც ვითარდება მოვლენები. კერძოდ, ეს არის ხისტად და შეულამაზებლად აღწერილი ისტორია. მწერალი ექსპრესიული თხრობის სტილს იყენებს და წინა პლანზე წამოწევს ძალადობის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ასპექტებს. იგი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გვაჩვენებს ხალხის არაჯანსაღ დამოკიდებულებას ე.წ. "დებილი ბავშვების" მიმართ.ეს ყველაფერი კი იმდენად მძიმე საკითხავია, რომ შესაძლოა კითხვის დროს შეჩერდე და შენს თავს ამოსუნთქვის საშუალება მისცე.


        სიმბოლური და დამაფიქრებელია ასევე, მსხლების მინდორის არსებობა წიგნში. ეს არის ცოდვის მინდორი, სადაც ხდება ყოველგვარი ძალადობა და ამორალური ქმედება. და იქნებ სწორედ ამიტომ არის სრულიად გაწყალებული, უგემური ამ მინდორში ამოსული მსხლის ნაყოფი?!  იქნებ , ბუნებაც კი ვერ უძლებს იმ სანახაობას, რასაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ ჩადიან?! 

        ერთ დღეში წასაკითხი , საინტერესო ისტორია, რომელიც ძალიან დაგვაფიქრებს ამჟამინდელ ყველაზე გავრცელებულ ფაქტზე, ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. 



No comments:

Post a Comment