Saturday, September 2, 2023

არჩილ ქიქოძე - "ხვლიკი საფლავის ქვაზე"

 


          არსებობს წიგნები, რომელთაც, გინდა მალე მორჩე, ამავდროულად კი გინდა რაც შეიძლება დიდხანს გაგეწელოს კითხვის სიამოვნება. ორად გჭამს ეს ორი გრძნობა , მაგრამ წიგნს მაინც ვერ წყდები. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არჩილ ქიქოძის "ხვლიკი საფლავის ქვაზე" ესეთი წიგნი არ არის.

         არ გეგონოთ რომ ავტორს ან წიგნს ვიწუნებ, პირიქით, ალბათ ყველას გვქონია მომენტი, რაღაცაზე ფიქრი რომ გაგვიტაცებს, ძველ მოგონებებს ამოგვიტივტივებს, იქიდან სხვა მოგონებაზე გადაგვიყვანს და გამოფხიზლებისას ვერც კი ვხვდებით, საიდან სად მოვიდა ჩვენი ფიქრები. ეს წიგნი არის სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ძალიან უყვართ ფიქრებში შორს გაფრენა. წიგნის სტილიც, მგონია, რომ ამ ლოგიკითაა აგებული და ძალიან მომწონს.


          მთავარი გმირი თავისი მეგობრის - გიგოს გარდაცვალებიდან იწყებს საუბარს, თუმცა სრულიად გაუგებარია, სად და როდის იმყოფება გიგოს ისტორიების მოგონებისას.ჩემს თვალწინ შლის თავისი სოფლის ისტორიებს, ოჯახურ ამბებს, გიგოსთან ერთად მოგზაურობასა და ასევე მოპარული გიგოს სხეულის ამბავს. მომწონს ეს ისტორიები როგორ გადადის ერთმანეთში და როგორ გვამოგზაურებს ხან ბერლინში, ხანაც კი კავკასიის მთების სოფლებში. ძალიან საინტერესოა ავტორის აღწერილი ფხოვის ტრადიციები.

        პერსონაჟებიდან , ალბათ ყველაზე მეტად გამოვყოფდი ჩვენი გმირის დედას - მანანას. საოცრად მომწონს ამ ქალის ხასიათი, მისი აღზრდის წესები, მისი ღირებულებები. ასე მგონია, მანანასთვის ყველას უნდა მოესმინა და ცხოვრებისეული გაკვეთილი მიეღო, იმის მიუხედავად , რომ "ეს იყო ქალი, რომელსაც მუდამ ყველა აწყვეტინებდა სიტყვას." 

        ვფიქრობ , რომ რაღაც მხრივ, ნოსტალგიასაც გაუჩენს ეს წიგნი ბევრს, განსაკუთრებით, სოფლის ამბების გახსენებისას . სოფლის სიმშვიდესა და ატმოსფეროს ისე მკაფიოდ ვგრძნობთ ტექსტში, შეუძლებელია თავი მშვიდ, მიყრუებულ სოფელში არ წარმოვიდგინოთ...  

       მთლიანობაში ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, დამრჩა განცდა , რომ მთავარმა გმირმა ძალიან სახლურად მიგვიღო  თავის პირად სივრცეში, თავის აზრებში და საშუალება მოგვცა მასთან ერთად გვემოგზაურა დროსა და სივრცეში. 



No comments:

Post a Comment