Tuesday, March 26, 2024

დენ ბრაუნი - "და ვინჩის კოდი" Dan Brown - "Da Vinci Code"

 


        ეს არის ერთ-ერთი სკანდალური წიგნი, რომლის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ბოლომდე დღესაც არ არის ჩამცხრალი. რომანი ბესტსელერად იქცა და საკმაოდ დიდი შემოსავალიც მოუტანა ავტორს.  თუმცა ზოგმა კრიტიკოსმა  წიგნი "ქრისტიანულ ტრილერად" აღიქვა. 

        ყურადღების ცენტრში ექცევა სწავლულის, ბრიტანეთის სამეფო კარის ყოფილი ისტორიკოსის, ლი თიბინგის საუბრები იესო ქრისტეზე. ლი თიბინგი ამ ისტორიას უყვება  ორ სხვადასხვა პერსონაჟს - ლენგდონსა და სოფის, რომელნიც დაინტერესებულნი არიან გრაალის თასის პოვნით და სწორედ მათი თავგადასავლის ფონზე იშლება ნაწარმოების სიუჟეტი. ლი თიბინგის მონათხრობით, უძველესი აპოკრიფები, როგორც ქრისტეს ცხოვრების ამა თუ იმ დეტალის მაუწყებელი ტექსტები, ეკლესიამ უსამართლოდ ამოიღო გამოყენებიდან და გაანადგურა, მაგრამ მაინც შემორჩა მათი გარკვეული ნაწილი. 

         იესო ქრისტეს ცხოვრების ნამდვილი ამბავი საუკუნეების განმავლობაში ცნობილი იყო მხოლოდ რჩეული ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ინფორმაციას არავითარ შემთხვევაში არ უმხელდნენ ფართო საზოგადოებას.  ერთ-ერთ ასეთ საიდუმლო წიგნში დასახელებულია აღორძინების ეპოქის ცნობილი იტალიელი მხატვარი ლეონარდო და ვინჩი, რომლის ფრესკაც - "საიდუმლო სერობა", ლი თიბინგის თქმით, სიმბოლურად გვიმჟღავნებს რეალობას. 


           მკითხველი თითქოს ელოდება, რომ მის წინაშე მაცხოვრის ჭეშმარიტი სახე გაიელვებს, მაგრამ  კითხვის პროცესში დარწმუნდება , რომ საქმე  სრულიად სხვა ქრისტესთან აქვს, რომელიც არანაირ კავშირში არაა სახარებისეულ ქრისტესთან. 

         ლი თიბინგი იმპერატორ კონსტანტინე დიდს "ადანაშაულებს" ქრისტეს სახის ინტერპრეტირებაში. მისი თქმით, ამ ძლევამოსილმა მონარქმა წარმართობა და ქრისტიანობა უხეშად დაუკავშირა ერთმანეთს და ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე , ქრისტეს ღვთაებრიობა გამოაცხადა, ანუ, მთხრობელის აზრით, მანამდე ქრისტეს ღვთაებრიობას არავინ არ აღიარებდა. ლი თიბინგის თანახმად , კონსტანტინე დიდის დავალებით შეიქმნა ბიბლიის  ახალი კანონიკური შემადგენლობა, რომელშიც  გამოტოვეს ის სახარებები, რომლებშიც ადამიანურ თვისებებზე იყო ლაპარაკი, სხვები კი დაწვეს. ვინც აკრძალულ სახარებებს აირჩევდა , ერეტიკოსად ცხადდებოდა. 

         ლი თიბინგი ცდილობს, ლეონარდოს ფრესკა გაშიფროს, რომლის ერთ-ერთ კოდურ გასაღებს ხედავს იმ ფაქტში, რომ მასზე ყველას, ქრისტეს ჩათვლით, უდგას ღვინით სავსე ჭიქა: "იქ ცამეტი ჭიქა იყო. უფრო მეტიც, პატარა უფეხო შუშის ჭიქები იყო. ნახატზე არ იყო ბარძიმი. არავითარი წმინდა ბარძიმი არ იყო."  თუ რატომ არ იდგა ბარძიმი სერობის მაგიდაზე, ამას ლი თიბინგი შემდეგნაირად განმარტავს : სინამდვილეში ბარძიმი იყო ადამიანი და არა საგანი და ეს ადამიანი გახლდათ მარიამ მაგდალინელი. ლი თიბინგი ამბობს , რომ ლეონარდომ იცოდა უძველესი საიდუმლო - იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელის ქორწინების ამბავი. მისი განმარტებით ებრაელები გმობდნენ უქორწინებლობას. ყოველი ებრაელი ჭაბუკის მოვალეობა იყო დაქორწინება. იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელის ქორწინების ფაქტს იგი იმოწმებს  გნოსტიკური "ფილიპეს სახარებიდან". 


        რომანში არის აზრი , რომ არსებობს სენსაციური დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება მაგდალინელის დღიურები. როგორც ავტორი ამბობს, ესაა მაგდალინელის პირადი მონათხრობი მისი ქრისტესთან ურთიერთობის , იესოს ჯვარცმისა და საფრანგეთში ყოფნის შესახებ. 

         ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა თანამედროვე მსოფლიოში რწმენის საყოველთაო კრიზისის არსებობა და ადამიანის სულიერი სამყაროს გაღარიბება. ბრაუნის რომანი არაა ლიტერატურული თვალსაზრისით რაიმე ღირებულების შემცველი. იგი ინტერესით წასაკითხი ბესტსელერია...

Wednesday, March 20, 2024

რეზო ჭეიშვილი - "მუსიკა ქარში"

 


          პირველ რიგში, ვიტყვი იმას , რომ წიგნმა თავისი თემატიკით , რეალურზე რეალური პერსონაჟებით, ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოები გამახსენა, თუმცა ის ნაწარმოებები თუ მკითხველში სიცილ-ტირილს იწვევს, აქ ყოველ ნაბიჯზე ვსევდიანდებოდი და გული რაღაც ნაცნობი და ამავე დროს უცნობი დარდით მიძიმდებოდა... 

         გიფიქრიათ რამდენ ადამიანთან გქონიათ კვეთა თქვენი ცხოვრების განმავლობაში? რამდენი ისტორია დაწერილა თქვენს ირგვლივ და რამდენში ყოფილხართ პირდაპირ თუ ირიბად ჩართული?  ან იმაზე თუ გიფიქრიათ ახლა რას შვებიან ეს ადამიანები? როგორ განვითარდნენ, საითკენ გადააგდო ცხოვრებამ? ან ცოცხლები თუ არიან საერთოდ?  მათზე ფიქრი ერთია , მოგონებების შეგროვება და წიგნში თავმოყრა კი მეორე და ყველაზე რთული და მძიმე სამუშაო.

       წიგნში ომისდროინდელი და ომისშემდგომი ქუთაისი და მისი მაცხოვრებლების ყოველდღიური ყოფაა აღწერილი, მთხრობელი კი პატარა ბიჭია, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს  და ყველაფერს აკვირდება, ბავშვობის მოგონებები ხომ წარუშლელია, კარგიც და ცუდიც. ცხოვრებაზე ფილოსოფიურად ჩაფიქრებული ბიჭი გვაცნობს ცხოვრების სიმძიმისგან გატანჯულ ხალხს, ისეთებს , გაჭირვება სახეს რომ აკარგვინებს და ისეთებსაც , ომი და უსამართლობა ვერაფერს რომ ვერ აკლებს, იაზრებს , ზოგჯერ ვერ იგებს ამ წუთისოფლის სისასტიკესა და უსამართლობას , უკვე გაზრდილი მთხრობელი კი სხვა თვალით აფასებს გაფერმკთალებულ წარსულს...


       "ცხოვრების წიგნი" შევარქვი  ჩემთვის ამ ნაწარმოებს და იშვიათად , რომ ერთი ადამიანის მოგონება ამდენ ცხოვრებას იტევდეს, ამდენ ისტორიას და სევდის მიუხედავად - ულამაზეს კადრებს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩრდილივით დაგყვება...  


   სამახსოვრო ფრაზები:  

  • მოგონებანი ფერმკთალდება და ნაზდება დასასრულისკენ. დასასრულის შეგრძნება დასაწყისთან გაახლოებს უჩვეულოდ.დასაწყისი და დასარული კი თანაბარი აჩქარებით მიისწრაფიან ერთმანეთისკენ სიცოცხლის ერთ მონაკვეთში.
  • ბოროტ ხალხს რა დალევს ამ ქვეყანაზე.
  • ომის სულ უმნიშვნელო ცვალებადობასაც შესანიშნავად გრძნობს მოსახლეობა , რაც არ უნდა ღრმა ზურგში ცხოვრობდეს იგი.
  • ადამიანები შინაგანი და გარეგანი, ინდივიდუალური თვისებებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თორემ, პრინციპში, ერთი თარგისა და ყალიბისა არიან.
  • ადამიანი ვერც მარტო სხვისთვის იცხოვრებს, ვერც მარტო თავისთვის, ძალიანაც რომ მოინდომოს.
  • ადამიანი მისი მოქმედება და საქმეა , სხვა არაფერი.
  • დავიწყების ბინდი გადაფარავს ბოლოს ყველაფერს, მაგრამ სულში ჩატოვებული წყენა კი არ იფერფლება - ილექება და ძნელად იშლება.

Sunday, March 10, 2024

ნეფერტარი - "ბედუინი"

 


       საოცრად მოთხრობილი და საინტერესო ისტორია. წარმოუდგენლად დიდი შრომა დევს ამ წიგნში და კითხვის პროცესში სიუჟეტურად ვხედავდი მოთხრობილს. წიგნიდან ნამდვილად შესამჩნევია , რომ ავტორი უაღრესად განათლებულია.

       სიუჟეტი კი ასეთია : ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ისე ხდება, რომ ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელი, უიმედოდ დარჩენილი გოგონა სასიკვდილოდაა განწირული, მაგრამ იგი შემთხვევით გადაეყრება მალის იმპერიის მმართველს მანსა მუსას პირდაპირ შთამომავალს - ალ ქაბირს, რომელიც ბედუინია უდაბნოში და მის არაბულ ბედაურს, ჯადარს, რომელსაც ადამიანივით ესმის ყველაფერი.

       ავტორი ძალიან კარგად აღწერს თუ როგორ შეიძლება უდაბნოში წყლის მოგროვება, ასევე ძალიან საინტერესოა ტუარეგების ისტორია. საინტერესო პერსონაჟია ტომის დედოფალი ჰილალე, რომელიც ალ ქაბირზეა შეყვარებული. ტუარეგების ენაზე სიყვარულს "სულის სიმღერა" ჰქვია. 


          განსაკუთრებით საინტერესოა პროლოგიანი ეპილოგი, როდესაც ნინა უკვე საქართველოშია და ხუთი წლის შემდეგ, ალ ქაბირისგან მემკვიდრეობას იღებს. მემკვიდრეობასთან ერთად ასევე იღებს დღიურს, სადაც ჩანახატებია თუ როგორ გაატარა ის პერიოდი ნინამ საჰარაში. ამ დღიურთან ერთად ის იღებს ლაზურიტის მთლიანი ქვისგან გამოთლილ , მუქი ლურჯი ფერის სამაჯურს, რომელსაც მთელ წრეზე არაბული წარწერა აქვს : "ნამდვილ სიყვარულს არასდროს აქვს ბედნიერი დასასრული, რადგან ის არასოდეს მთავრდება."  ალ ქაბირი ამ საჩუქრებით მიანიშნებს , რომ ცოცხალია, ეს მაშინ როდესაც ყველას გარდაცვლილი ჰგონია. ამ მინიშნებით ალ ქაბირი არჩევანის საშუალებას აძლევს ნინას . თუ სიყვარული ისევ გაგრძელდებოდა , ნინა ,იგივე ნილნა აუცილებლად მონახავს მას, თუნდაც ნულოვან მერიდიანზე - "სადაც ყველაფერი მთავრდება, იქ ყოველთვის შეიძლება დაიწყოს ახალი ათვლის წერტილი"... ბოლოს კი ჩანს, რომ რომანი იწერება ესპანეთში... 

         ავტორს უდიდესი პატივისცემა ჩემგან  - ყველანაირი დეტალი არის კარგად გაანალიზებული და ნაფიქრი. ძალიან დამენანა დასრულება , იმდენად საოცარი იყო.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • სიცოცხლე შეუფასებელი ღირებულება და ყველაზე დიდებული საჩუქარია.
  • თუ ახალი გზის პოვნა და იმ გზით სიარული გინდა, ძველი გზიდან უნდა გადაუხვიო და დაივიწყო.
  • ოქროს გულებს , ისევე როგორც თვალებს, ერთმანეთის დანახვა მხოლოდ სარკის, ანუ სიზმრის მეშვეობით შეუძლიათ.
  • ბედნიერების პოვნა ნიშნავს , იპოვო ათვლის წერტილი და მიჰყვე გულს.
  • ნამდვილ სიყვარულს არა აქვს ბედნიერი დასასრული, რადგან ის არასოდეს მთავრდება.



Saturday, March 2, 2024

ეკატერინე ტოგონიძე - "შენ - შინ"

 


         ეკატერინე ტოგონიძე, როგორც ავტორი , სწორედ ამ წიგნით გავიცანი. რომანი ისე ემოციურად იკითხება, ასე გგონია მის გმირებთან ერთად ცხოვრობ, გტკივა, გიყვარს და პატიობ. როგორი სათაურიც აქვს , ისეთი განცდა დატოვა : სახლური, თბილი , ოჯახური. როცა ადამიანი ხდება შენი სახლი და მასთან ერთად შენ შინ ხარ. 

        ლეთარგიული ძილის სინდრომი თანამედროვე ცივილიზაციაში ბავშვებსა და მოზარდებში საკმაოდ გავრცელებულია. ეს არის სინდრომი , რომლის ახსნაც ჯერ ვერცერთმა მეცნიერა ვერ შეძლო. ეს არის სინდრომი, რომელიც შეიძლება თვეები ან საერთოდ წლები გაგრძელდეს. მიზეზი კი, მშობლიური ადგილისგან , იძულებული გადაადგილება, ემიგრაციაში ყოფნაა. 

           ნიას ქმრის ოჯახი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები არიან, მიწისძვრამ მათ სახლზე და ამავდროულად მათ ოჯახზეც დიდი ბზარი დატოვა. ახალი ცხოვრება, ახალი გამოწვევები, მუდამ იმედის მოლოდინში, რომ ერთხელაც ყველაფერი ისევ ისე, ძველებურად იქნება. 

           არსებობს სამი ტიპის ადამიანი : ომგამოვლილი, ომგამოუვლელი და მათ შორის. სწორედ რომ "მათ შორის" დარჩა ნია შვილი - გაბი, განუდგომლად, ძილში ჩაკარგული, რომელიც ქვეცნობიერად არ ცდილობს შეეგუოს ახალ რეალობას, ხოლო მისი მშობლები კი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ თავიდან ააშენონ მყუდრო კერა , სადაც კვლავ ბედნიერად იცხოვრებენ.

         უსაყვარლესი რომანი მონატრებაზე, სულიერ სიძლიერეზე, დედობრივ და სამშობლოს სიყვარულზე. თავად ისტორია , რათქმაუნდა გამოგონილია, თუმცა მყარ და გადამოწმებულ ფაქტებს ეყრდნობა, ასე რომ ბევრი ახალი რამის სწავლაა შესაძლებელი.