Tuesday, March 26, 2024

დენ ბრაუნი - "და ვინჩის კოდი" Dan Brown - "Da Vinci Code"

 


        ეს არის ერთ-ერთი სკანდალური წიგნი, რომლის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ბოლომდე დღესაც არ არის ჩამცხრალი. რომანი ბესტსელერად იქცა და საკმაოდ დიდი შემოსავალიც მოუტანა ავტორს.  თუმცა ზოგმა კრიტიკოსმა  წიგნი "ქრისტიანულ ტრილერად" აღიქვა. 

        ყურადღების ცენტრში ექცევა სწავლულის, ბრიტანეთის სამეფო კარის ყოფილი ისტორიკოსის, ლი თიბინგის საუბრები იესო ქრისტეზე. ლი თიბინგი ამ ისტორიას უყვება  ორ სხვადასხვა პერსონაჟს - ლენგდონსა და სოფის, რომელნიც დაინტერესებულნი არიან გრაალის თასის პოვნით და სწორედ მათი თავგადასავლის ფონზე იშლება ნაწარმოების სიუჟეტი. ლი თიბინგის მონათხრობით, უძველესი აპოკრიფები, როგორც ქრისტეს ცხოვრების ამა თუ იმ დეტალის მაუწყებელი ტექსტები, ეკლესიამ უსამართლოდ ამოიღო გამოყენებიდან და გაანადგურა, მაგრამ მაინც შემორჩა მათი გარკვეული ნაწილი. 

         იესო ქრისტეს ცხოვრების ნამდვილი ამბავი საუკუნეების განმავლობაში ცნობილი იყო მხოლოდ რჩეული ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ინფორმაციას არავითარ შემთხვევაში არ უმხელდნენ ფართო საზოგადოებას.  ერთ-ერთ ასეთ საიდუმლო წიგნში დასახელებულია აღორძინების ეპოქის ცნობილი იტალიელი მხატვარი ლეონარდო და ვინჩი, რომლის ფრესკაც - "საიდუმლო სერობა", ლი თიბინგის თქმით, სიმბოლურად გვიმჟღავნებს რეალობას. 


           მკითხველი თითქოს ელოდება, რომ მის წინაშე მაცხოვრის ჭეშმარიტი სახე გაიელვებს, მაგრამ  კითხვის პროცესში დარწმუნდება , რომ საქმე  სრულიად სხვა ქრისტესთან აქვს, რომელიც არანაირ კავშირში არაა სახარებისეულ ქრისტესთან. 

         ლი თიბინგი იმპერატორ კონსტანტინე დიდს "ადანაშაულებს" ქრისტეს სახის ინტერპრეტირებაში. მისი თქმით, ამ ძლევამოსილმა მონარქმა წარმართობა და ქრისტიანობა უხეშად დაუკავშირა ერთმანეთს და ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე , ქრისტეს ღვთაებრიობა გამოაცხადა, ანუ, მთხრობელის აზრით, მანამდე ქრისტეს ღვთაებრიობას არავინ არ აღიარებდა. ლი თიბინგის თანახმად , კონსტანტინე დიდის დავალებით შეიქმნა ბიბლიის  ახალი კანონიკური შემადგენლობა, რომელშიც  გამოტოვეს ის სახარებები, რომლებშიც ადამიანურ თვისებებზე იყო ლაპარაკი, სხვები კი დაწვეს. ვინც აკრძალულ სახარებებს აირჩევდა , ერეტიკოსად ცხადდებოდა. 

         ლი თიბინგი ცდილობს, ლეონარდოს ფრესკა გაშიფროს, რომლის ერთ-ერთ კოდურ გასაღებს ხედავს იმ ფაქტში, რომ მასზე ყველას, ქრისტეს ჩათვლით, უდგას ღვინით სავსე ჭიქა: "იქ ცამეტი ჭიქა იყო. უფრო მეტიც, პატარა უფეხო შუშის ჭიქები იყო. ნახატზე არ იყო ბარძიმი. არავითარი წმინდა ბარძიმი არ იყო."  თუ რატომ არ იდგა ბარძიმი სერობის მაგიდაზე, ამას ლი თიბინგი შემდეგნაირად განმარტავს : სინამდვილეში ბარძიმი იყო ადამიანი და არა საგანი და ეს ადამიანი გახლდათ მარიამ მაგდალინელი. ლი თიბინგი ამბობს , რომ ლეონარდომ იცოდა უძველესი საიდუმლო - იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელის ქორწინების ამბავი. მისი განმარტებით ებრაელები გმობდნენ უქორწინებლობას. ყოველი ებრაელი ჭაბუკის მოვალეობა იყო დაქორწინება. იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელის ქორწინების ფაქტს იგი იმოწმებს  გნოსტიკური "ფილიპეს სახარებიდან". 


        რომანში არის აზრი , რომ არსებობს სენსაციური დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება მაგდალინელის დღიურები. როგორც ავტორი ამბობს, ესაა მაგდალინელის პირადი მონათხრობი მისი ქრისტესთან ურთიერთობის , იესოს ჯვარცმისა და საფრანგეთში ყოფნის შესახებ. 

         ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა თანამედროვე მსოფლიოში რწმენის საყოველთაო კრიზისის არსებობა და ადამიანის სულიერი სამყაროს გაღარიბება. ბრაუნის რომანი არაა ლიტერატურული თვალსაზრისით რაიმე ღირებულების შემცველი. იგი ინტერესით წასაკითხი ბესტსელერია...

No comments:

Post a Comment