Sunday, March 10, 2024

ნეფერტარი - "ბედუინი"

 


       საოცრად მოთხრობილი და საინტერესო ისტორია. წარმოუდგენლად დიდი შრომა დევს ამ წიგნში და კითხვის პროცესში სიუჟეტურად ვხედავდი მოთხრობილს. წიგნიდან ნამდვილად შესამჩნევია , რომ ავტორი უაღრესად განათლებულია.

       სიუჟეტი კი ასეთია : ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ისე ხდება, რომ ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელი, უიმედოდ დარჩენილი გოგონა სასიკვდილოდაა განწირული, მაგრამ იგი შემთხვევით გადაეყრება მალის იმპერიის მმართველს მანსა მუსას პირდაპირ შთამომავალს - ალ ქაბირს, რომელიც ბედუინია უდაბნოში და მის არაბულ ბედაურს, ჯადარს, რომელსაც ადამიანივით ესმის ყველაფერი.

       ავტორი ძალიან კარგად აღწერს თუ როგორ შეიძლება უდაბნოში წყლის მოგროვება, ასევე ძალიან საინტერესოა ტუარეგების ისტორია. საინტერესო პერსონაჟია ტომის დედოფალი ჰილალე, რომელიც ალ ქაბირზეა შეყვარებული. ტუარეგების ენაზე სიყვარულს "სულის სიმღერა" ჰქვია. 


          განსაკუთრებით საინტერესოა პროლოგიანი ეპილოგი, როდესაც ნინა უკვე საქართველოშია და ხუთი წლის შემდეგ, ალ ქაბირისგან მემკვიდრეობას იღებს. მემკვიდრეობასთან ერთად ასევე იღებს დღიურს, სადაც ჩანახატებია თუ როგორ გაატარა ის პერიოდი ნინამ საჰარაში. ამ დღიურთან ერთად ის იღებს ლაზურიტის მთლიანი ქვისგან გამოთლილ , მუქი ლურჯი ფერის სამაჯურს, რომელსაც მთელ წრეზე არაბული წარწერა აქვს : "ნამდვილ სიყვარულს არასდროს აქვს ბედნიერი დასასრული, რადგან ის არასოდეს მთავრდება."  ალ ქაბირი ამ საჩუქრებით მიანიშნებს , რომ ცოცხალია, ეს მაშინ როდესაც ყველას გარდაცვლილი ჰგონია. ამ მინიშნებით ალ ქაბირი არჩევანის საშუალებას აძლევს ნინას . თუ სიყვარული ისევ გაგრძელდებოდა , ნინა ,იგივე ნილნა აუცილებლად მონახავს მას, თუნდაც ნულოვან მერიდიანზე - "სადაც ყველაფერი მთავრდება, იქ ყოველთვის შეიძლება დაიწყოს ახალი ათვლის წერტილი"... ბოლოს კი ჩანს, რომ რომანი იწერება ესპანეთში... 

         ავტორს უდიდესი პატივისცემა ჩემგან  - ყველანაირი დეტალი არის კარგად გაანალიზებული და ნაფიქრი. ძალიან დამენანა დასრულება , იმდენად საოცარი იყო.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • სიცოცხლე შეუფასებელი ღირებულება და ყველაზე დიდებული საჩუქარია.
  • თუ ახალი გზის პოვნა და იმ გზით სიარული გინდა, ძველი გზიდან უნდა გადაუხვიო და დაივიწყო.
  • ოქროს გულებს , ისევე როგორც თვალებს, ერთმანეთის დანახვა მხოლოდ სარკის, ანუ სიზმრის მეშვეობით შეუძლიათ.
  • ბედნიერების პოვნა ნიშნავს , იპოვო ათვლის წერტილი და მიჰყვე გულს.
  • ნამდვილ სიყვარულს არა აქვს ბედნიერი დასასრული, რადგან ის არასოდეს მთავრდება.



No comments:

Post a Comment