Wednesday, March 20, 2024

რეზო ჭეიშვილი - "მუსიკა ქარში"

 


          პირველ რიგში, ვიტყვი იმას , რომ წიგნმა თავისი თემატიკით , რეალურზე რეალური პერსონაჟებით, ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოები გამახსენა, თუმცა ის ნაწარმოებები თუ მკითხველში სიცილ-ტირილს იწვევს, აქ ყოველ ნაბიჯზე ვსევდიანდებოდი და გული რაღაც ნაცნობი და ამავე დროს უცნობი დარდით მიძიმდებოდა... 

         გიფიქრიათ რამდენ ადამიანთან გქონიათ კვეთა თქვენი ცხოვრების განმავლობაში? რამდენი ისტორია დაწერილა თქვენს ირგვლივ და რამდენში ყოფილხართ პირდაპირ თუ ირიბად ჩართული?  ან იმაზე თუ გიფიქრიათ ახლა რას შვებიან ეს ადამიანები? როგორ განვითარდნენ, საითკენ გადააგდო ცხოვრებამ? ან ცოცხლები თუ არიან საერთოდ?  მათზე ფიქრი ერთია , მოგონებების შეგროვება და წიგნში თავმოყრა კი მეორე და ყველაზე რთული და მძიმე სამუშაო.

       წიგნში ომისდროინდელი და ომისშემდგომი ქუთაისი და მისი მაცხოვრებლების ყოველდღიური ყოფაა აღწერილი, მთხრობელი კი პატარა ბიჭია, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს  და ყველაფერს აკვირდება, ბავშვობის მოგონებები ხომ წარუშლელია, კარგიც და ცუდიც. ცხოვრებაზე ფილოსოფიურად ჩაფიქრებული ბიჭი გვაცნობს ცხოვრების სიმძიმისგან გატანჯულ ხალხს, ისეთებს , გაჭირვება სახეს რომ აკარგვინებს და ისეთებსაც , ომი და უსამართლობა ვერაფერს რომ ვერ აკლებს, იაზრებს , ზოგჯერ ვერ იგებს ამ წუთისოფლის სისასტიკესა და უსამართლობას , უკვე გაზრდილი მთხრობელი კი სხვა თვალით აფასებს გაფერმკთალებულ წარსულს...


       "ცხოვრების წიგნი" შევარქვი  ჩემთვის ამ ნაწარმოებს და იშვიათად , რომ ერთი ადამიანის მოგონება ამდენ ცხოვრებას იტევდეს, ამდენ ისტორიას და სევდის მიუხედავად - ულამაზეს კადრებს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩრდილივით დაგყვება...  


   სამახსოვრო ფრაზები:  

  • მოგონებანი ფერმკთალდება და ნაზდება დასასრულისკენ. დასასრულის შეგრძნება დასაწყისთან გაახლოებს უჩვეულოდ.დასაწყისი და დასარული კი თანაბარი აჩქარებით მიისწრაფიან ერთმანეთისკენ სიცოცხლის ერთ მონაკვეთში.
  • ბოროტ ხალხს რა დალევს ამ ქვეყანაზე.
  • ომის სულ უმნიშვნელო ცვალებადობასაც შესანიშნავად გრძნობს მოსახლეობა , რაც არ უნდა ღრმა ზურგში ცხოვრობდეს იგი.
  • ადამიანები შინაგანი და გარეგანი, ინდივიდუალური თვისებებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თორემ, პრინციპში, ერთი თარგისა და ყალიბისა არიან.
  • ადამიანი ვერც მარტო სხვისთვის იცხოვრებს, ვერც მარტო თავისთვის, ძალიანაც რომ მოინდომოს.
  • ადამიანი მისი მოქმედება და საქმეა , სხვა არაფერი.
  • დავიწყების ბინდი გადაფარავს ბოლოს ყველაფერს, მაგრამ სულში ჩატოვებული წყენა კი არ იფერფლება - ილექება და ძნელად იშლება.

No comments:

Post a Comment