Friday, January 24, 2025

კლერ კიგანი - "ასეთი წვრილმანები" Claire Keegan - "Small things like these"

 


       კითხვას რომ დაიწყებთ, მაშინვე მიხვდებით , რომ თხრობის სტილი მონოტომურია და შინაარსიც თითქოს ჩვეულებრივი... არაფრით გამორჩეული, მაგრამ რა ნაწილშიც გიჩქარდებათ გული და ელოდებით რაღაცას , ოღონდ თავადაც არ იცით რას, აი ამას ეწოდება ნამდვილი შედევრი. 

      ჩემს გარშემო ყველამ იცის , რომ ეკლესიას , მითუმეტეს დღეს არსებულს, თავისი ფარისევლური არსით , დიდად არ ვწყალობ... საუკუნეების მანძილზე, ეს იყო ხალხი , რომლებსაც ყველაზე დიდი ზიანი მოჰქონდა როგორც საკუთარი ქვეყნისთვის, ასევე საკუთარი ხალხისთვის. ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ. საუკუნეების და წლების მანძილზე დიდად არც არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ახლა უკეთ ინიღბებიან და გლობალური კავშირის ასევე სოციალური ქსელების არსებობის ეპოქაში რთულია ეკლესიაში გამოკეტო ქალები, გოგოები, ბავშვები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და გყავდეს მსგავს ტერორში...


       ყველაზე საოცარი კი ის არის , რომ ამ ეპოქაში მსგავსი ამორალურობის ჩადენა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი, სადღაც დღემდე ეყოლებათ გამოკეტილი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანები, რომლებსაც აჯერებენ, რომ ეს არაადამიანური მოპყრობა ღმერთისგან დაიმსახურეს... 

     "მაგდალენის სამრეცხაოებში" უკეთესი ცხოვრების შანსი ოცდაათი ათასამდე გოგონას წაართვეს. საუკეთესო შემთხვევაში გაუშვილეს შვილები და მთავარი - ამ დაწესებულებას ირლანდიის მთავრობასთან შეთანხმებით კათოლიკური ეკლესია აფინანსებდა და მართავდა. 

     ვფიქრობ , რომ ეს ავტორი და წიგნი ბევრად დიდ აღიარებას იმსახურებენ , ვიდრე ბუკერის პრემიის ნომინანტთა მოკლე სიაში შესვლაა. 90 გვერდში მოყვე ჰაეროვნად ისტორია, რომელიც ალბათ გასული წლების ფონზე ასეთი მძიმე, შემზარავი და ტრაგიკულია, ეს ნამდვილად ნიჭია. 



Sunday, January 19, 2025

ჯოზე სარამაგუ - "სიბრმავე" Jose Saramago - "Blindness"

 


       ჟანრობრივად ეს არის ფილოსოფიური რომანი, რომელიც არის გაჯერებული ალეგორიული ქვეკონტექსტებით. მწერალმა შექმნა აბსტრაქტული სამყარო, უსახელო ადამიანებით, სადაც "თეთრი სიბრმავე", ეპიდემია ვრცელდება და ერთმანეთის მიყოლებით ბრმავდება მთელი საზოგადოება. ისინი არ არიან ჩვეულებრივი უსინათლოები, ვინაიდან , სრული სიბნელის ნაცვლად ხედავენ რძისფერ სითეთრეს.  ერთადერთი ადამიანი , რომელიც ინარჩუნებს თვალხილულობას, ექიმის ცოლია. იგი ხედავს თითოეული ადამიანის სიმდაბლეს , სიბინძურეს, სისასტიკეს, სიბილწეს და მიუხედავად ამისა, მაინც რჩება ადამიანად.  მოქალაქეებისგან დასაცავად მათ იზოლაციაში გადაიყვანენ, სრულიად უფუნქციო კლინიკაში, რაც უფრო ამძაფრებს ისედაც დაძაბულ ატმოსფეროს და სწორედ აქ იწყება მათი ფერიცვალება და ხდებით მომსწრე ადამიანთა გარეგანი თუ შინაგანი რღვევის, ადამიანთა დაცემის და განვითარების რეგრესის.


      მთელი ნაწარმოებია ალეგორიაა იმის შესახებ თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას ადამიანებზე. ეს არის წიგნი , რომელიც ადამიანის ცნობიერებას ცვლის. მიუხედავად უმძიმესი ეპიზოდებისა , რთულია კითხვის პროცესს მოწყდე. ყველაზე მძაფრი კი თანაგანცდის მომენტია. საბოლოო ჯამში კი რწმუნდები, რომ სარამაგუ ის მწერალია , რომელსაც ადამიანები კი არ სძულს, პირიქით, უყვარს და ვფიქრობ , სწორედ ამ ადამიანურ სიყვარულს მიუძღვნა ეს წიგნი. 



Monday, January 13, 2025

ჯემალ ქარჩხაძე - "ზებულონი"

 


        უდიდესი რეკომენდაცია მინდა გავუწიო ამ არაჩვეულებრივ წიგნს.  ჯემალ ქარჩხაძე რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორია, ამაში მისი ყოველი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები. წიგნი რომ დავასრულე , არ ვიცოდი სად წამეღო ემოციები... ეს არის ისტორიული რომანი, ერთი დიდი ისტორია საქართველოსა და სპარსეთს შორის დამყარებული "მშვიდობის" შესახებ, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის ისტორია  ზებულონის პირადი ტრაგედიის შესახებ.

      წიგნი სამ ნაწილად იყოფა : შურისძიება, სიყვარული, სიკვდილი და თითოეული მათგანი ავტორს საოცარი ოსტატობით აქვს გადმოცემული... მართლაც , ზებულონის ცხოვრებაში შურისძიების,სიყვარულისა და სიკვდილის გარდა არაფერი არ ყოფილა...


      რომანში ხშირია, როგორც მაგიური, ასევე ფენტეზის ელემენტები. მოქმედება გამოგონილ პერიოდში მიმდინარეობს და ამ მოვლენით ჟანრობრივად ალტერნატიულ ისტორიას უახლოვდება. წიგნში განვითარებული მოქმედებების ზუსტი პერიოდი უცნობია, თუმცა პერსონაჟებს აქვთ წიგნები, რაც სტამბის არსებობას ამტკიცებს. საქართველო კი ირანის მორჩილების ქვეშ არის. პერსონაჟების უმეტესობა გამოგონილია, მათ შორის ზებულონიც...

     წინ სულისშემძვრელი თავგადასავალი , ღრმა ანალიზითა და სიმართლით გადმოცემული დაუვიწყარი ხასიათები, წარუშლელი პერსონაჟები, დაძაბული თხრობა და წერის საოცარი მანერა გელოდებათ.  ზებულონი ძალიან დიდხანს დარჩება მკითხველის გონებაში... 



Friday, January 10, 2025

ფრანც კაფკა - "ამერიკა" Franz Kafka - " Amerika"

 


      "ამერიკა" ფრანც კაფკას პირველი რომანია. მას შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე არაკაფკასეული ნაწარმოები. მიუხედავად ამისა, რომანში გვხვდება კადრები და მონაკვეთები, რომლებიც კაფკასეულ სიზმრისეულ სამყაროს ეკუთვნის. თუმცა, რომანში მისტიკური არაფერი ხდება. სიუჟეტი არის სწორხაზოვანი და მთავარი გმირის - კარლ როსმანის გარშემო ვითარდება. მკითხველი ფეხდაფეხ მიჰყვება ძალიან ახალგაზრდა კაცს ამერიკის უცნობ მიწაზე და მასთან ერთად იზიარებს "ამერიკული ოცნების" შთაბეჭდილებებს. კარლისთვის "ამერიკული ოცნება" დელუზიად იქცევა.

      კაფკა გვიხატავს ამ უცხო და ახალ მიწას თავისი გამორჩეულობით. იგი სავსეა შესაძლებლობებით, სიმდიდრით - თითქოს ერთი დიდი ძრავაა, რომელიც საოცარი ტემპითა და სიმძლავრით მუშაობს. ამავდროულად კი , იგი სავსეა სიღარიბითა და უსამართლობით. 


       ნაწარმოები ძალიან სხარტი და მოქნილი ენითაა დაწერილი. გაჯერებულია კომიკური სიტუაციებით და მისი კითხვისას ნამდვილად არ მოიწყენთ. ამავდროულად სხვადასხვა მონაკვეთები, მიუხედავად იმისა , რომ მათში არაფერია მისტიკური - უცნაურ სიზმარს ემსგავსებიან მკითხველის გონებაში. 

     უკანასკნელი თავი , რომელიც კაფკამ დაწერა სრულდება კარლის გამგზავრებით, კიდევ ერთი , ახალი და ძალიან უცნაური სამსახურის მისაღებად. კარლი ჩამოვიდა ამერიკაში და ჩაიკარგა ამ დიდი მანქანის ორომტრიალში. ალბათ , ამიტომაც აქვს ამ რომანს სხვა სახელწოდება : "კაცი, რომელიც გაქრა". 



Monday, January 6, 2025

ჯ.მ. კუტზეე - "სირცხვილი" J.M. Coetzee - "Disgrace"

 


       ეს არის რომანი , რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. წიგნი 1999 წელს გამოიცა და ბუკერის პრემია - ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. 

      ამბავი ხანშიშესული ლექტორისა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში კითხულობს ლექციებს. პროფესორი დევიდ ლური წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა ორივე მეუღლეს დაშორდა. პირველი ცოლისგან შეძენილი ერთადერთი ქალიშვილი - ლუსი, სოფელში ფერმერულ ცხოვრებას მისდევს.  ლურის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, როდესაც ურთიერთობას იწყებს სტუდენტ გოგონასთან. ეს სასიყვარულო კავშირი ლურისთვის ერთგვარი გატაცებაა, ოღონდ მის მიღმა სულ სხვა რამ იმალება. შესაძლოა ეს არ იყო სიყვარული და არც მიეცემოდა სერიოზული ფორმა ასაკობრივი სხვაობის თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ის გრძნობდა განსაკუთრებულ, ბევრისთვის აუხსნელ ფილოსოფიურ მუხტს...


      ამ ურთიერთობის გამჟღავნება დევიდის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის... პირადად მე მომწონს დევიდი, მისი მსოფლმხედველობა. ლუსის კი, ჩემი აზრით, ყველაფერი მარაზმში გადადის. დაუშვებელია ასეთი რამ გაუკეთო საკუთარ თავს , ა შეიძლება არ იბრძოლო...

      მომეწონა კუტზეე, მისი მოკლე, ლაკონური წერის სტილი, გასაგები აზრები, არანაირი გაწელილი სიუჟეტები, მარტივი შეწყვეტა და ახალ აზრზე გადასვლა . 



Sunday, January 5, 2025

ტრეისი შევალიე - "გოგონა მარგალიტის საყურით" Tracy Chevalier - "Girl with a pearl earring"

 


       "გოგონა მარგალიტის საყურით" ტრეისი შევალიეს ცნობილი რომანია, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის ნიდერლანდების ყოფაში აბრუნებს მკითხველს. წიგნში მიმოხილულია ერთ-ერთი ვერსია თუ როგორ შექმნა ჰოლანდიელმა მხატვარმა - იან ვერმეერმა, თავისი ყველაზე ცნობილი ნახატი. ნაწარმოებისთხრობის სტილი საინტერესოა, იმ მხრივაც , რომ თავად ნახატზე გამოსახული გოგონა - გრიტი გვიყვება, როგორია ვერმეერების ოჯახში მოახლის ყოველდღიურობა. 

      გრიტი ღარიბი ოჯახიდანაა, ეს და სხვა გარემოებები აიძულებს რომ თუნდაც მცირე თანხის სანაცვლოდ ემსახუროს ვერმეერების მრავალშვილიან ოჯახს. ოჯახის უფროსი, რომელსაც გრიტი ხშირად იხსენიებს, როგორც უმეტესად სახელოსნოში მყოფ ბატონად, გრიტის დახატვას გადაწყვეტს და ასე იქმნება უკვე ნახსენები შედევრი.


      რაღაც მომენტში ავტორზე ცოტა გავბრაზდი , რადგან პორტრეტზე გამოსახული გოგონასთვის უფრო მეტი მემეტება, ვიდრე ის დამცირება, რაც ბოლო გვერდებზე ხდება... რაც შეეხება ვერმეერს, სრულიად უემოციოდ, უგულოდ და თითქოს ზერელე პიროვნებადაა წარმოჩენილი... თუმცა , ეს მხოლოდ ავტორის ინტერპრეტაციაა .

     ცოტა რამ ნახატზე: ეს არის ჰოლანდიელი მხატვრის - იან ვერმეერის მიერ ზეთის საღებავით შესრულებული ნახატი. ტილოს მოიხსენიებენ, როგორც "ნიდერლანდელი მონა ლიზა", როგორც ვარაუდობენ სურათი მხატვრის მიერ დახატული უნდა იყოს 1665 წელს.  უცნობია იგი მხატვარმა შეკვეთით დახატა თუ არა, ვინ იყო მისი შემკვეთი... ერთი ვერსიის თანახმად , ტილოზე გამოსახული გოგონა თავად მხატვრის ქალიშვილი - მარიაა.

     თუ გინდათ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში თქვენს თვალწინ გაცოცხლდეს , ეს წიგნი უდაოდ უნდა წაიკითხოთ.



Saturday, January 4, 2025

აირის მერდოკი - "შავი პრინცი" Iris Murdoch - "The Black Prince"

 


       ეს რომანი არის პირველ პირში დაწერილი. რომანის მთავარი გმირია - ორმოცდათვრამეტი წლის წარუმატებელი ხელოვანი ბრედლი პირსონი, რომელიც მთელი რომანის მანძილზე საკუთარი თავის ძიებაშია. იგი ვერ ახერხებს კარგი წიგნის დაწერას.  წინ გამუდმებით რაღაც ეღობება, რაღაც აბრკოლებს... ასეთი პრობლემები თან სდევს ბრედლის მთელი რომანის მანძილზე. მას პრობლემები აქვს თითქმის ყველა მის გარშემომყოფ ადამიანთან, იქნებიან ესენი მისი მეგობრები , ნათესავები თუ ოჯახის წევრები. ბრედლის დაკარგული აქვს რეალობის აღქმის უნარი, მას არ გააჩნია ფანტაზია. ის ვერ ახერხებს ორი მნიშვნელოვანი ცნების განმარტებასა და ერთმანეთისგან მათ გამიჯვნას: ესაა კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. მისთვის თითქოს ყველაფერი ერთნაირია. მას არ სჯერა სიყვარულის , მისი არსებობის...


      სიყვარული ამ რომანში , ისევე როგორც მერდოკის სხვა წიგნებშიც  , აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა "შავი პრინცში" ამ თემის განხილვას, ამას უფრო დიდი დრო ეთმობა ავტორის მხრიდან.  ბრედლი პირსონს უყვარდება მასზე ბევრად პატარა, ოცი წლის ჯულიან ბაფინი, მისი მეტოქისა და მეგობრის , არნოლდ ბაფინის ქალიშვილი.  მათი სიყვარული ყველასთვის მიუღებელია... მიუღებელია თვითონ ბრედლისთვისაც, თუმცა ამას არ აღიარებს. გამომცემელი რომანის წინასიტყვაობაში წერს , რომ "ყველა ხელოვანი უიღბლო შეყვარებულია და უიმედოდ შეყვარებულებს სურთ თავიანთი ამბის დაწერა". 

     საფინალო ნაწილში კი მწერალი გვთავაზობს 4 განსხვავებული პერსონაჟის მიერ დანახულ მთავარი გმირის ისტორიას, რითიც იმის თქმას ცდილობს, რომ ნებისმიერი ამბავი სამყაროში არ არის აბსოლუტური, რომ ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს და ყველა თავისებურად, განსხვავებულად აღიქვამს ერთსა და იმავე ისტორიას. ბრედლი პირსონი კი საბოლოოდ ნამდვილად ახერხებს შავ პრინცად გარდაქმნას და ის ნამდვილად ქმნის გენიალურ რომანს ამ წიგნის სახით. 



სამახსოვრო ფრაზები: 
     

  • ყველაფერი რაც ღირებულია - იდუმალია.
  • ხელოვნება მთლიანად აბსურდზეა  დამყარებული,მაგრამ სიმარტივისკენ მიისწრაფვის.
  • საიდუმლო ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი გვეჩვენება , ვიდრე სინამდვილეშია.
  • ღირებული აზრები დუმილის დროს იბადება.
  • ცნობისმოყვარეობა გულმოწყალების სახეობაა.
  • ხელოვანთა უმრავლესობა ნაკლებად აინტერესებს თავისი თანამედროვეები. ისინი, ვინც თანამედროვეებს ეთაყვანება , გუშინდელ დღეს მიეკუთვნებიან.
  • რა მახინჯია სინამდვილი,როცა არაფრითაა შენიღბული.
  • რაც უფრო ვუღრმავდებით წარსულს, მით უფრო ბნელად წარმოგვიდგება ის.
  • ზოგჯერ ურჩხული უნდა გახდე , რათა თავი გადაირჩინო.
  • უღრუბლო ბედნიერება თავისთავად შიშის მომგვრელია.
  • შეუძლებელია,მკვდრები გვიყვარდეს.ჩვენ გვიყვარს აჩრდილი, რომელიც ფარულად გვანუგეშებს.
  • ლოდინის დრო თვითშთანთქმადია.ყოველი წუთი, ყოველი წამი უძირო უფსკრულია.ამიტომ ყოველი წამი შეიძლება იმ ერთადერთ წამად იქცეს, როცა მოხდება ის რაზეც ოცნებობ.