Thursday, February 19, 2026

პიტერ კერი - "კელის საძმოს უტყუარი ამბავი" Peter Carey - "True History Of The Kelly Gang"

 


         ნედ კელი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეამბოხე და მოძალადე-ყაჩაღი იყო მე-19 საუკუნეში. თუმცა, წიგნში , იგი წარმოჩენილია როგორც ტრაგიკული პიროვნება. ავტორი გვთავაზობს არა ოფიციალურ ამბავს , არამედ პერსონაჟის შინაგან ხმას, მის აღსარებას, რომელიც თითქოს შვილისთვისაა დაწერილი. სწორედ ეს ფორმა აძლიერებს ტექსტის ემოციას და გვაიძულებს მოვლენებს სხვა თვალით შევხედოთ. 

       ნედ კელი ერთი მხრივ - კრიმინალია, რომელიც არღვევს კანონს და ძალადობას მიმართვას. მეორე მხრივ კი, იგი არის სიღარიბეში გაზრდილი ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს ოჯახისა და ღირსების დაცვას.  მისი ბავშვობა სავსეა უსამართლობითა და დევნით.  სახელმწიფო სისტემის მხრიდან მუდმივი ზეწოლა და პოლიციის მტრული დამოკიდებულება  მას ნელ-ნელა აყალიბებს მეამბოხედ. ასე ავტორი გვიჩვენებს , რომ გარემო და სოციალური პირობები  დიდ გავლენას ახდენს ადამიანის არჩევანზე. 

        რომანში მნიშვნელოვანია  სიმართლის მრავალი მხარე. სათაურშივე გამოყენებული სიტყვა "უტყუარი" ირონიულად ჟღერს, რადგან მკითხველი აცნობიერებს , რომ ეს მხოლოდ ნედის ვერსიაა.  ავტორი გვაფიქრებს : ნუთუ არსებობს ობიექტური სიმართლე?! ისტორია ხშირად იწერება გამარჯვებულთა მიერ, ხოლო დამარცხებულთა ხმა იკარგება... კერის ტექსტი კი სწორედ ამ დაკარგული ხმის დაბრუნების მცდელობაა. 


       ნედ კელის ტრაგედია იმაში მდგომარეობს , რომ იგი ერთდროულად არის მსხვერპლიც და დამნაშავეც. მისი მიზანი შეიძლება სამართლიანი იყოს  - ოჯახის დაცვა და ღირსების შენარჩუნება , მაგრამ მის მიერ არჩეული გზა ძალადობითაა სავსე.  ეს შინაგანი წინააღმდეგობა ქმნის ტრაგიკულ გმირს , რომელიც საკუთარ პრინციპებს ეწირება...

       დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას , რომ წიგნი არ გვაძლევს მარტივ პასუხს კითხვაზე - იყო თუ არა ნედ კელი გმირი. რომანი გვაფიქრებს ადამიანის ბუნებაზე , სოციალური უსამართლობის შედეგებზე და იმაზე , თუ როგორ ყალიბდება ლეგენდა ისტორიისგან. 



Sunday, February 8, 2026

აირის მერდოკი - "ზღვა, ზღვა" Iris Murdoch - "The Sea, The Sea"

 


          "ზღვა, ზღვა"  არის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ნაწარმოები , რომელიც ეხება ადამიანის ეგოიზმს, სიყვარულის ილუზიას და საკუთარი თავის შეცნობის სირთულეს...

          მთავარი გმირი - ჩარლს ერროუბი , ცნობილი თეატრალური რეჟისორია, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს ზღვისპირა სახლში მარტო ცხოვრებას, რათა სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია იპოვოს.  თუმცა, იქ  შემთხვევით ხვდება თავისი ახალგაზრდობის სიყვარულს  - ჰარტლის , რომელიც უკვე გათხოვილია და სრულიად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს. ჩარლზი ცდილობს წარსულის სიყვარული დაიბრუნოს, თუმცა ნელ-ნელა  აშკარა ხდება, რომ ის უფრო საკუთარი სურვილის ტყვეა, ვიდრე ნამდვილი სიყვარულის. 


      ჩარლზს ჰგონია, რომ ჰარტლი ისევ უყვარს , მაგრამ სინამდვილეში მას უყვარს თავისი მოგონება და არა რეალური ადამიანი. ის საკუთარ ქცევას ყოველთვის ამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ ამით სხვებს ზიანს აყენებს. სწორედ ამ საქციელით ჩანს მისი ეგოიზმი... ზღვა , ეს არის სიმბოლო ადამიანის შინაგანი სამყაროსი - ღრმა, გაურკვეველი და ხანდახან საშიში.  

      ავტორი გვიჩვენებს , რომ წარსულში დაბრუნება, როგორც არ უნდა გვინდოდეს, შეუძლებელია, ადამიანები იცვლებიან და ეს გარდაუვალია...  სიყვარული არ უნდა ავურიოთ საკუთრების სურვილში. ადამიანები ხშირად საკუთარ თავს ატყუებენ... წარსულის იდეალიზება ადამიანს რეალობისგან აშორებს... საკუთარი თავის შეცნობა რთული, მაგრამ აუცილებელია.  რაც შეეხება ზღვას -  ზღვა მუდმივად ცვალებადია - როგორც ადამიანის გრძნობები და აზრები. ის ერთდროულად მშვიდიცაა და საშიშიც.