Friday, April 24, 2026

ანი ერნო - "სირცხვილი" Annie Ernaux - "Shame"

 


       წიგნში ავტორი საკუთარი ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებას იხსენებს და ცდილობს გაანალიზოს სირცხვილის გრძნობა, როგორც სოციალური და შინაგანი ფენომენი.  ეს წიგნი მოგვითხრობს ერთ კონკრეტულ დღეს, როდესაც ავტორის მამა ძალადობრივად მოექცა დედას. ამ მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა პატარა ანის ფსიქიკაში და სწორედ აქედან იწყება სირცხვილის განცდის ჩამოყალიბება.  მწერალი აღწერს, როგორ იქცა ეს მოვლენა მისი ცხოვრების ერთგვარ საზომად - ყველაფერი იმ გარკვეულ მომენტამდე და ამ მომენტის შემდეგ. 

       სირცხვილი აქ მხოლოდ პირადი გრძნობა არ არის. იგი დაკავშირებულია საზოგადოებასთან, კლასობრივ განსხვავებებთან და იმ გარემოსთან, სადაც ადამიანი იზრდება. ავტორი განსაკუთრებით უსვამ ხაზს იმას, რომ სირცხვილი ხშირად მოდის არა მხოლოდ საკუთარი ქმედებებიდან, არამედ იმ გარემოდანაც, სადაც ადამიანი ცხოვრობს - ოჯახი, სოციალური სტატუსი,განათლება...  


       წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეხსიერებასაც. ერნო ცდილობს ზუსტად აღადგინოს წარსული, თითქოს კვლევას ატარებს საკუთარ ცხოვრებაზე. იგი არ ამშვენებს მოვლენებს და არ ცდილობს მათ შერბილებას - პირიქით, ძალიან პირდაპირ და ობიექტურად გადმოსცემს ყველაფერს. ეს ტექსტს კიდევ უფრო ძლიერს და დამაჯერებელს ხდის. 

        "სირცხვილი" გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ბავშვობის გამოცდილება ადამიანის იდენტობაზე. ის შეიძლება იყოს როგორც დამანგრეველი, ასევე შემეცნებითი ძალა - ის გვაიძულებს ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და უკეთ  გავიგოთ, ვინ ვართ სინამდვილეში. 



Sunday, April 19, 2026

ბეკა ფიცპატრიკი - "არ ილაპარაკო" Becca Fitzpatrick - "Hush Hush"

 


       რომანი "არ ილაპარაკო" წარმოადგენს თანამედროვე თინეიჯერული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სერიას, სადაც რეალური სამყაროსა და ზებუნებრივის შერწყმა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.  ნაწარმოების ცენტრშია - ნორა გრეი, ჩვეულებრივი გოგონა, რომლის ცხოვრება სრულიად იცვლება მაშინ, როცა მის ცხოვრებაში ჩნდება იდუმალებით მოცული ბიჭი - პაჩი. 

      ნორას პერსონაჟი თავდაპირველად მკითხველისთვის ახლობელია - ის არის სკოლის მოსწავლე, რომელსაც მშვიდი და სტაბილური ცხოვრება აქვს. თუმცა პაჩის გამოჩენასთან ერთად, ეს სიმშვიდე ირღვევა. პაჩი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი - ის უამრავი საიდუმლოთი სავსე პერსონაჟია, რომელიც ნორას ცხოვრებაში გაურკვევლობას, შიშსა და მიზიდულობას ერთდროულად იწვევს.

     ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი თემა არის ნდობა. ნორას მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება - ენდოს პაჩს თუ არა. ეს შინაგანი ბრძოლა ქმნის დაძაბულობას, რომელიც წიგნს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. ავტორი გვიჩვენებს, რომ სიყვარული ხშირად დაკავშირებულია რისკთან და გაურკვევლობასთან. 


      ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წიგნში სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას.  წიგნში მოქმედებენ "დაცემული ანგელოზები" და "უკვდავები", რაც ტექსტს მისტიკურ და ფანტასტიკურ ელფერს აძლევს. 

     პაჩის პერსონაჟი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის ერთდროულად საშიში და მიმზიდველია, რაც ნორასთვის და მკითხველისთვისაც კი  ძლიერ ემოციურ კონფლიქტს ქმნის. მისი ბუნდოვანი ხასიათი გვახსენებს, რომ ადამიანები ხშირად უფრო რთულები არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 



Friday, April 10, 2026

უმბერტო ეკო - "პრაღის სასაფლაო" Umberto Eco - " The Prague Cemetery"

 


       უმბერტო ეკოს რომანი "პრაღის სასაფლაო" წარმოადგენს ბნელ და ირონიულ ხედვას მე-19 საუკუნის ევროპაზე, სადაც სიმართლე და სიცრუე ერთმანეთშია არეული. მთავარი პერსონაჟი - სიმონინი, არის ცინიკური და მორალურად დაცემული ადამიანი, რომელიც საკუთარი სარგებლისთვის ქმნის ყალბ დოკუმენტებსა და შეთქმულების თეორიებს. მისი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ის მონაწილეობს ისეთი ტექსტების შექმნაში, როგორიცაა "სიონის ბრძენთა ოქმები" , რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტისემიტური ფალსიფიკაციაა. 

       მწერალი ამ რომანში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, თუ როგორ შეიძლება სიტყვამ და ტექსტმა შექმნას "რეალობა". სიმონინი არ არის მხოლოდ თაღლითი - ის არის ადამიანი, რომელიც ქმნის ისტორიას, მაგრამ არა სიმართლის საფუძველზე, არამედ სიცრუის საშუალებით. ამით ავტორი გვიჩვენებს, რამდენად მარტივად შეიძლება საზოგადოება მოექცეს მანიპულაციის გავლენის ქვეშ, როცა მას ეძლევა კარგად შეფუთული, მაგრამ ყალბი ინფორმაცია. 

  


      რომანში ასევე მკაფიოდ ჩანს მწერლის ირონია და კრიტიკული დამოკიდებულება რელიგიის, პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ. სხვადასხვა ისტორიული ფიგურების ჩართვით, მწერალი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შეთქმულებები და სიძულვილის ენა ყოველთვის არსებობდა და ხშირად მიზანმიმართულად იქმნებოდა. 

      "პრაღის სასაფლაო" არ არის მხოლოდ ისტორიული რომანი, ეს არის გაფრთხილება თანამედროვე სამყაროსთვის. ეკო გვახსენებს, რომ დეზინფორმაცია, პროპაგანდა და სიძულვილის ენა დღესაც ისეთივე ძლიერია, როგორც წარსულში. ამიტომ, კრიტიკული აზროვნება და ფაქტების გადამოწმება აუცილებელია, რათა არ გავხდეთ სიცრუის მსხვერპლი. 

     დასკვნის სახით , ეს რომანი გვასწავლის, რომ ისტორია ყოველთვის არ არის ობიექტური სიმართლე - ხშირად ის არის იმ ადამიანების მიერ დაწერილი , ვისაც ძალაუფლება აქვს. სწორედ ეს გვაიძულებს დავფიქრდეთ, რამდენად სანდოა ის, რასაც ვკითხულობთ და ვიჯერებთ. 


სამახსოვრო ფრაზები : 

  • ყველაზე რეგვენი მღვდლებიდან ,ხელისუფლება გამორჩეულად რეგვენებს შეარჩევს და ეპისკოპოსებად დანიშნავს ხოლმე.
  • ცივილიზაცია სრულყოფას ვერ ეღირსება, ვიდრე უკანასკნელი ეკლესიის  უკანასკნელი ლოდი ქვეშ არ მოიყოლებს უკანასკნელ მღვდელს და დედამიწა ამ მანკიერი ხროვისგან არ გათავისუფლდება. 
  • ადამიანები არასდროს სჩადიან ბოროტებას ისე სრულყოფილად, ისეთი ენთუზიაზმით, როგორც მაშინ, როცა რელიგიის სახელით მოქმედებენ. 
  • ხელოვანი ადამიანი შორიდანაც კი აუტანელია : გაუთავებლად აქეთ-იქით იყურება, ცმუკავს, აინტერესებს იცნეს თუ არა გარშემომყოფებმა.
  • რა იცი, სად რა გამოგადგება. მთავარია, იცოდე ის, რის ცოდნასაც შენგან არ ელიან.
  • მეტისმეტი თავისუფლება სიკეთე როდია. არც ისაა კარგი, ყველაფერი გქონდეს , რაც გჭირდება. 
  • საკუთარი თავის ამარა დარჩენილი ადამიანი მეტისმეტად გაბოროტებულია საიმისოდ , რომ თავისუფლება შეძლოს. 
  • ხალხს მხოლოდ იმის სჯერა , რაც უკვე იცის.  ამაშია შეთქმულების უნივერსალური  ფორმის მშვენიერება.
  • ტანჯული ხალხი , მარტო იქნება თუ სხვასთან ერთად , მაინც ტანჯულია.
  • ყველა მასონი ებრაელი არ არის , მაგრამ ყველა ებრაელი მასონია. 
  • სამყაროს იდეებით ვერ შეცვლი.
  • შურისძიებას აზრი არ აქვს, თუ მსხვერპლმა არ იცის  ვინ კლავს და რატომ . 
  • დგება წამი, როცა შიგნით რაღაც ტყდება , აღარც ენერგია გრჩება და აღარც სურვილი .

Sunday, April 5, 2026

დინო ბუცატი - "თათრების უდაბნო"

 


        რომანი "თათრების უდაბნო" წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ალეგორიულ სურათს, სადაც მთავარი გმირი  - ჯოვანი დროგო, თითქოს მთელი კაცობრიობის სიმბოლოდ იქცევა. ახალგაზრდა ოფიცერი , რომელიც დიდი იმედებით იწყებს კარიერას, აღმოჩნდება ბასტიანის ციხესიმაგრეში - იზოლირებულ , თითქმის დავიწყებულ ადგილას, სადაც არაფერი ხდება. სწორედ ამ "არაფერში" იკარგება მთელი მისი ცხოვრება.

       რომანის მთავარი თემა არის - ლოდინი იმ მოვლენის, რომელიც შეიძლება არასოდეს დადგეს.  დროგო და სხვა სამხედროები მუდმივად ელიან მტრის გამოჩენას, რომელიც მათ დიდებასა და მნიშვნელობას მოუტანს.  მაგრამ ეს მოლოდინი ნელ-ნელა იქცევა მახედ : გმირი კარგავს დროს, ახალგაზრდობას და შესაძლებლობებს, რადგან მუდმივად იმედოვნებს მომავალს, რომელიც არ მოდის.

       მწერალი განსაკუთრებული ოსტატობით გვაჩვენებს დროის დაუნდობელ სვლას. წლები შეუმჩნევლად გადის, ხოლო დროგო ვერ ამჩნევს, როგორ კარგავს ცხოვრებას. ის არ ტოვებს ციხეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი არაერთხელ აქვს.  საბოლოოდ, როცა ნანატრი ბრძოლა მართლაც ახლოვდება, იგი უკვე ძალიან გვიან არის,  რადგან დროგო ავად ხდება და სცილდება იმ მომენტს, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.


       რომანი ასევე ეხება არსებობის უსაზღვრო სევდას და უაზრობის განცდას. ბასტიანის ციხესიმაგრე შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის ცხოვრება - ადგილი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ველოდებით "მნიშვნელოვან მომენტს" , მაგრამ ხშირად  ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს მომენტი შეიძლება  საერთოდ არ დადგეს. ამით მწერალი გვეუბნება, რომ ხშირად ადამიანი თავად ანგრევს საკუთარ ცხოვრებას ყოყმანით და ილუზიებით.

      ჩემი აზრით, ეს წიგნი გვასწავლის , რომ ცხოვრება არ უნდა გადავდოთ "მომავლისთვის". დროგოს ტრაგედია სწორედ ისაა, რომ იგი მუდმივად ელოდა დიდ მოვლენას და ვერ შეამჩნია, რომ მისი ცხოვრება უკვე იკარგებოდა. დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია და თუ მას არ გამოვიყენებთ , ის უბრალოდ გაქრება.



Wednesday, April 1, 2026

მარჯან ქამალი - "საკანცელარიო მაღაზია თეირანში"

 


      წიგნში ასახულია სიყვარულის,ისტორიის და ადამიანის არჩევანის მნიშვნელობა. მოქმედება ვითარდება ირანში, განსაკუთრებით კი 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე, რაც პერსონაჟების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს.

      რომანის მთავარი გმირი - როია, მეოცნებე და იდეალისტი გოგონაა, რომელიც საკუთარ ადგილს ეძებს სამყაროში. მისი ცხოვრება იცვლება მაშინ, როდესაც იგი ბატონი ფახრის საკანცელარიო მაღაზიაში აღმოჩნდება - ადგილი, რომელიც არა მხოლოდ წიგნებით, არამედ იდეებითა და თავისუფალი აზროვნებითაა სავსე. სწორედ აქ ხვდება როია ბაჰმანს - მის პირველ და დიდ სიყვარულს.  ეს სიყვარული თითქოს იდეალურია, თუმცა ავტორი გვიჩვენებს, რომ გრძნობები ყოველთვის საკმარისი არ არის ბედნიერებისთვის. ისტორიული მოვლენები, ოჯახის ზეწოლა და სოციალური გარემო გმირების გზას ცვლის.  1953  წლის სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ირანისთვის, წიგნში არა მხოლოდ  ისტორიულ ფონად , არამედ პერსონაჟების ბედის განმსაზღვრელ ძალად გვევლინება. 


     რომანის ერთ -ერთი მთავარი თემა არის ბედისწერა და არჩევანი. როიასა და ბაჰმანის ურთიერთობა გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთმა გადაწყვეტილებამ მთელი ცხოვრება შეცვალოს. ასევე , ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ ხშირად ადამიანები ვერ მართავენ  საკუთარ ბედს -  მასზე გავლენას ახდენს საზოგადოება, პოლიტიკა და სხვა ადამიანები. 

     განსაკუთრებით საინტერესოა საკანცელარიო მაღაზიის სიმბოლური მნიშვნელობა. ეს ადგილი ცოდნის, თავისუფლებისა და სიყვარულის სივრცეა - თითქოს პატარა  თავშესაფარია ქაოსურ სამყაროში.  სწორედ აქ იწყება მთავარი გმირების ისტორია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს , რომ წიგნები და განათლება ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს.

      საბოლოოდ , წიგნი საკმაოდ სევდიანია, მაგრამ ამავე დროს იმედიანი ... ის გვახსენებს, რომ სიყვარული შეიძლება ვერ დასრულდეს ისე , როგორც გვინდა, თუმცა მისი კვალი ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის რჩება.