Sunday, September 29, 2019

კაზუო იშიგურო - "არასოდეს გამიშვა" Kazuo Ishiguro - "Never let me go"


        კაზუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა" მიეკუთვნება ფენტეზის ჟანრს. თუმცა, ეს ისეთი ფენტეზია, რომელიც ხვალ შესაძლოა რეალობად იქცეს.
         განსაკუთრებულ სკოლაში, რომელსაც ჰეილშემი ეწოდება, ზრდიან კლონებს , რომლებმაც თავიანთი ცხოვრების მიზანიც კი არ იციან.ისინი ოცნებობენ ჰოლივუდში წასვლაზე, კოსმონავტობაზე, მოდელობაზე, თუმცა არც ერთი მათგანის ოცნება არ სრულდება, რადგან მათი ცხოვრების ბოლო წინასწარ არის გათვლილი. მათ შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ ორგანოებს ამოაჭრიან, რათა სხვა, "ნორმალურ" ადამიანებს გადაუნერგონ. ასე გრძელდება რამდენიმე ოპერაციამდე, სანამ მათი ორგანიზმი უძლებს.
ამ კლონად დაბადებულ ბავშვებს ადამიანებად არც აღიქვამენ და უსულოებად მოიხსენიებენ, მაგრამ წიგნის წაკითხვის დროს დარწმუნდებით , რომ ეს ასე არაა...

       ამ ყველაფერს ჰეილშემის ერთ-ერთი მოსწავლე - ქეით ეიჩი ჰყვება. უფრო სწორედ, ყველა ზემოთ ხსენებული ფონად გასდევს , სინამდვილეში  ქეითის , რუთის და ტომის ისტორიაა.

     წიგნის წაკითხვის შემდეგ , მივხვდი , რომ ყოველთვის დგება ის კრიტიკული მომენტი, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანი წასვლას დააპირებს, შენ კიდევ მისი შემოქცეული ზურგის მიუხედავად, ვერ ბედავ დაედევნო და ჩახუტებით უკან დააბრუნო... მერე გადის წლები და ხვდები , თუ როგორი დიდი შეცდომა დაუშვი მაშინ...რადგან ახლა ყველაფერი შეიცვალა... კი, ეცდები რაღაცის შეცვლას, მაგრამ ძველ იერსახეს მაინც ვერ დაუბრუნებ იმ ურთიერთობას, რომელიც ერთი ყოყმანის გამო დაკარგე. ნაცნობია, არა?

       ნერვიული ტომი, ეგოისტი რუთი და მიამიტი ქეითი რასაც გადაიტანენ თავად წაიკითხავთ,მე აღარ დაგასპოილერებთ ...
  

Wednesday, September 25, 2019

ჯონ გრინი - "ბედის ვარსკვლავის ბრალია" John Green - "The fault in our stars"

  
  
        არასდროს არ ვიფიქრებდი, რომ წიგნი შემიყვარდებოდა. ზოგადად კითხვას არ ვგულისხმობ. ჯერ, მარტო ყდა როცა დავინახე, გავოცდი: მინიმალისტური, არაჩვეულებრივი ყდა იყო შავ-თეთრი ღრუბლებით. ამ წიგნში დავინახე ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და ვაფასებ - ადამიანობა...დავინახე , რომ ჩვენი წარმოდგენები სამყაროს შესახებ მცდარია. ჩვენ არ ვართ მისი ნაწილი...ის ტრიალებს ჩვენს ირგვლივ...ჩვენს გარეშე ის არაფერი იქნებოდა. "ზოგჯერ სამყაროს უნდა, რომ შევამჩნიოთ", მაშინ , როცა ჩვენ ვტკბებით ცხოვრებით,ვართ ძლიერები და არაფრის გვეშინია.
      
      ასე მოექცა სამყარო წიგნის გმირებს - თავი შეახსენა. კიბოთი დაავადდა საწყალი ჰეიზელ გრეისი და "თანაგრძნობის წრის" სხვა წევრები.ზოგს მხედველობა წაართვა, ზოგს ფეხი. სამყარომ გამოუშვა თავისი ყველაზე სასტიკი "მთავარსარდალი" კიბოს სახით - ჰეიზელის და ავგუსტუსის დასამარცხებლად. ნაწილობრივ დაამარცხა კიდეც, მაგრამ,სამყარო ვერასდროს განსაზღვრავს,რას ვაკეთებთ ჩვენს მიერ განსაზღვრულ დროში... ალბათ მხოლოდ ეს არ შეუძლია გააკეთოს, ეს მისი სისუსტეა...

      განსაკუთრებულად ვარ მადლობელი ჯონ გრინის, რომელმაც ასეთი წიგნი დაწერა და ცალკე მადლობელი ყდის ავტორისთვის.

      უკვე ვიცი , რომ თავად სამყაროსაც კი არ უნდა დაუხარო თავი, რადგან "სამყარო სურვილების ამხდენი ქარხანა არაა"...



Friday, September 20, 2019

გაბრიელ გარსია მარკესი - "მარტოობის ასი წელიწადი" Gabriel Garcia Marquez - "One hundred years of solitude"


       კოლუმბიელი მწერლის - გაბრიელ გარსია მარკესის ეს წიგნი ნამდვილად გამორჩეულია. ნაწარმოები მკითხველს აოცებს ცხოვრებისეული სიმართლით.ეს არის რომანი, სადაც ერთმანეთის გვერდით დგას სინამდვილე და გამონაგონი, დრამა, ტრაგედია და კომედია. პირადად მე , ეს წიგნი ორჯერ წავიკითხე და განსხვავებული რაღაცეები დავინახე მეორედ წაკითხვისას. ყველაზე მეტად მწერლის ბუნებრივი თხრობის სტილი მომწონს, როდესაც ყველაზე უჩვეულოსაც ისე ყვება, თითქოს გასაკვირი არაფერი იყოს.

       სიუჟეტი კი ასეთია : ჯადოსნური და პატარა სოფელი მაკონდო , ძალიან ბევრი, საინტერესო ისტორიით არის სავსე. აქ ცხოვრობს ბუენდიების გვარის ყველა წარმომადგენელი, ძალიან ბევრი აურელიანო და კიდევ უფრო მეტი ხოსე არკადიო, რაც ბევრისთვის დამაბნეველია...მაგრამ სწორედ ესაა წიგნის მთავარი გასაღები. აქ ყოველი პერსონაჟი განასახიერებს ერთსა და იმავე პიროვნებას.ისინი გენეალოგიურ ბადეში ქაოსურად მოძრაობენ , ყველას იგივე შეცდომა და პრობლემა აქვს.ისინი გაურკვევლობაში არიან და ისეთ ამოუხსნელ და მიუწვდომელ რამეს ეძებენ , რაც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ამპარტავნებით და ეგოიზმით, რის გამოც ისინი მარტოობით ისჯებიან მთელი ცხოვრების მანძილზე და უმნიშვნელო სულებად რჩებიან გარდაცვალების მერე. მათი სულები შთამომავლებში სახლდებიან ჩადენილი ცოდვებით და სახელებით, რომლებიც თან დაჰვებათ მარადიულად...


       მთავარი პერსონაჟი ოჯახის დედა - ურსულა იგუარანია, რომელიც თავისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით არ არის ეგოისტი. ის დედის ინსტიქტებით მოქმედებს და ამით არეგულირებს მის ირგვლივ გამეფებულ ქაოსს. მისი ოჯახი ერთი შეხედვით, თითქოს მყარი და შეკრულია, მაგრამ ყველა მარტოსულად გრძნობს თავს და ეძებს სულიერ მეგობარს, რომელსაც ვერ პოულობს...

      და რომ იქ აღწერილი ამბავი მეტად აღასოდეს განმეორდებოდა, რამეთუ იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისთვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად.

Monday, September 16, 2019

თომას ჰარისი - "კრავთა დუმილი" Thomas Harris - "The silence of the lambs"


        ალბათ ბევრს გინახავთ ფილმი "კრავთა დუმილი" ენტონი ჰოპკინსის და ჯოდი ფოსტერის მონაწილეობით. ყველა დროის საუკეთესო ფილმია ნამდვილად, თუმცა წიგნი ნამდვილად გამორჩეულია.

       წიგნი მოგვითხრობს სერიული მკვლელობების საქმის ძიების შესახებ. ფედერალური საგამოძიებო ბიურო თავის ერთ-ერთ კურსანტს - კლარისა სტარლინგს უჩვეულო დავალებას აძლევს. კლარისამ უნდა მოახერხოს კანიბალი ექიმის - ჰანიბალ ლექტერის ნდობის მოპოვება. ლექტერმა უნდა გაუწიოს გამომძიებლებს სერიული მკვლელის ვინაობის დადგენაში. წიგნის ერთ-ერთი მშვენებაც სწორედ მათ შორის გამართული ინტელექტუალური დიალოგებია.

       სერიული მკვლელი რომელმაც რამდენიმე ქალი მოკლა , ნამდვილად არ არის ყველაზე საშიში პერსონაჟი ამ წიგნში.მიუხედავად იმისა, რომ ჰანიბალ ლექტერი საპყრობილეშია,მისი ყოველი სიტყვა, ყოველი მოძრაობა , ქცევა  და გამოხედვა ბევრად უფრო მეტ შიშს მოგგვრით და დაგბურძგლავთ.ჰანიბალი ცივსისხლიანი მკვლელია, კანიბალი , რომელიც თავის მსხვერპლებს ჭამდა.თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ ის არის გენიოსი , ირონიული , გამჭრიახი და ელეგანტურიც კი. ის დაპატიმრებული დოქტორია, რომელიც არავის ელაპარაკება კლარისა სტარლინგის გარდა.კლარისა მისთვის განსაკუთრებულია.

        ამ წიგნს აქვს ყველაფერი , რომ დეტექტივის, ჰორორისა და თრილერის მოყვარული მკითხველის რჩეული წიგნების თაროზე იდოს.  რჩევა ჩემგან - სიბნელეში არ წაიკითხოთ!!! მაინც, ყოველი შემთხვევისთვის...


Tuesday, September 10, 2019

ჯონ ფაულზი - "კოლექციონერი" John Fowles - "The Collector"


       რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს სიყვარულისთვის? საერთოდ, რა არის სიყვარული? როდის უნდა გავიგოთ ის ნამდვილია თუ არა? საინტერესოა, რა შეიძლება გააკეთოს უიმედოდ შეყვარებულმა ადამიანმა?
       წიგნის პირველი ნაწილი სიყვარულზეა, უცნაურზე და ახირებულზე.მაგრამ მაინც, ყველაფერი სიყვარულის სახელით ხდება. მეორე ნაწილი სიძულვილზეა.ისეთ სიძულვილზე, რომ პირველ ნაწილზე აზრს იცვლი და ფიქრობ რომ რეალურად ისიც სიძულვილი იყო. თუმცა მესამე , ბოროტმა ნაწილმა პირველიც გადაფარა და მეორეც...

      რაც შეეხება სიუჟეტს : რომანის მთავარი გმირი ფრედერიკ კლერკი ერთი შეხედვით გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც უიმედოდ უყვარს  გოგონა, სახელად მირანდა. ტოტალიზატორში ფულის მოგების შემდეგ ფრედერიკი ერთ ძველებურ სახლს იყიდის, რომელიც ცივილიზაციისგან მოშორებით დგას. ის თავიდანვე შემზარავ გეგმას დაისახავს - გადაწყვეტს ,რომ მირანდა მოიტაცოს და მოტაცების გეგმას დეტალურად გათვლის. რომანშიც მირანდას ტყვეობაა აღწერილი - ჯერ ფრედერიკის თვალით და შემდეგ მირანდასი, რომელიც ტყვეობაში ყოფნის დროს დღიურებში აკეთებდა ჩანაწერებს. რომანის ორივე გმირი  სამყაროს სხვადასხვა თვალით უყურებს და ერთმანეთის საერთოდ არ ესმით. მირანდა მხატვარია, ფრედერიკი კი პეპლების შეგროვებითაა გატაცებული.  ფრედერიკს არ ესმის მხატვრობის, მირანდა კი ვერ ხვდება თუ რატომ აგროვებს ფრედერიკი პეპლებს.

  
       ერთი შეხედვით, ფრედერიკი უწყინარი ადამიანი ჩანს - ყველაფერს უსრულებს მირანდას და მოთმინებით ელოდება , როდის შეიყვარებს მირანდა მას. მირანდა კი მხოლოდ სიბრალულს გრძნობს მის მიმართ. მირანდას სარდაფში გამოკეტვა ფაქტიურად სიკვდილია. ის ზოგადად აქტიური ადამიანია, აქვს მიზნები, პრინციპები და  ღირებულებები.

        საერთო ჯამში წიგნი იმ გზებზეა, რომელიც ბუნებრივად არ გადაიკვეთება და თუ ხელოვნურად მოხდება ეს , რომელიმე გაქრება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ ექნებათ ბუნებრივი ურთიერთობა განსხვავებული ღირებულებების გამო, რაც არ უნდა მოინდომო მასთან დაახლოვება, ეს ურთიერთობა ორგანული ვერ გახდება.


Sunday, September 8, 2019

სტივენ კინგი - "უიმედოთა ქალაქი" Stephen King - "Desperation"

  
         სტივენ კინგი - ეს ისეთი მწერალია , რომელიც თავს შეგაყვარებს თავისი წიგნებით. კითხულობ , კითხულობ და მერე ნერვები გეშლება თუ რატომ მიეცი ვიღაც ამერიკელს შენს გრძნობებზე თამაშის უფლება. სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა როცა "უიმედოთა ქალაქს" ვკითხულობდი.  მომწონდა ყველაფერი - ადგილმდებარეობა, პერსონაჟები, მისტიკა , რელიგია.

        სიუჯეტი კი ასეთია : მოქმედება ხდება ქალაქში, რომელსაც ბოროტი ძალა მართავს, საგზაო მოძრაობას მანიაკი აკონტროლებს, მაჩვენებელზე მოკლული კატაა გაკრული და სიკვდილი ყოველი კუთხის კუთხეში იმალება. საკმარისია ამ ქალაქში აღმოჩნდეთ, რომ შიში შეგიპყრობთ.


        როდესაც ბოლო აბზაცი წავიკითხე და წიგნი დავხურე, დავფიქრდი ყველაფერზე რაც წავიკითხე და მივხვდი, რომ პაულო კოელიოს "ალქიმიკოსი" , რომელიც თავის შეცნობაზეა, ახლოსაც ვერ მოვა პატარა დევიდის ფიქრებთან, თუ როგორ ეხმარებოდა ღმერთი , რომელიც მასში ცხოვრობდა. ყველაზე ემოციური ეპიზოდი , რომელიც ოდესმე წამიკითხავს, სწორედ ამ წიგნშია. როდესაც 10 წლის ბავშვი , ღმერთს თავისი მეგობრის გადარჩენას ეხვეწება. ამერიკული ცხოვრება, ადრე სხვანაირი მეგონა - უმეგობროდ, უმეზობლოდ, უსიყვარულოდ...მაგრამ ამ წიგნმა სრულიად ამოაყირავა "ჩემი ამერიკა".

        ასე რომ, ვისაც გინდათ შეცვალოთ თქვენი წარმოდგენები ცხოვრებაზე, რელიგიაზე, სიყვარულზე  და ზოგადად ადამიანობაზე, წაიკითხეთ ეს წიგნი.


Thursday, September 5, 2019

სტივენ კინგი - "მიზერი" Stephen King - "Misery"


        სტივენ კინგის მორიგი შედევრი - "მიზერი".  ეს ისეთი წიგნია , თვალებგაფართოებული რომ კითხულობ. კითხვის დროს კი ფიქრობ, თუ საიდან მოსდის ამ კაცს ასეთი საშინელი იდეები ...სტივენ კინგი , ალბათ ერთადერთი მწერალია , რომლის ნაწარმოების კითხვისას ფანტაზიას ზღუდავ. სხვა წიგნების შემთხვევაში, როცა ცდილობ წარმოიდგინო ყველაფერი და შენს სამყაროს ქმნი, აქ პირიქით ხდება...

       რაც შეეხება სიუჟეტს : ავარიაში მოყოლილი პოლ შელდონი ცნობილი მწერალია. მის ყველაზე გახმაურებულ წიგნს "მიზერი" ჰქვია. მას სტივენ კინგთანაც კი აქვს კავშირი - მისი კოლეგაა. ავარიაში მოყოლის დროს პოლს, მისი ფანი - ენი გადაარჩენს. მას ყველა მისი წიგნი წაკითხული აქვს "მიზერის" გარდა . ენი საშინლად ბრაზდება , როცა იგებს რომ "მიზერი" მოკვდა...ამიტომ ფეხებდამტვრეულ მწერალს, მძევლად აიყვანს  და ახალი წიგნის დაწერას აიძულებს, სადაც "მიზერის" გააცოცხლებს და ისევ გააგრძელებს წიგნის ამ სერიას.


       "მიზერი" ტანჯვას ნიშნავს. მთელი წიგნი მართლაც ტანჯვა-წამებაა. პოლთან ერთად განიცდი ყველაფერს  და ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობ , რომ ეს კაცი არ დაჩლუნგდეს გონებრივად. ამ წიგნში  კარგად ხედავ, რომ ფიზიკური დაცემა სულიერთან შედარებით არაფერია.
       ზოგადად, საშინელებათა ჟანრი დიდად არ მიყვარს , მხოლოდ კინგი თუ წამაკითხებს ასეთ წიგნს. ყველაზე მაგრად წერს ამ ჟანრში და იმიტომ.


Wednesday, September 4, 2019

რენსომ რიგზი - "მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის" Ransom Riggs - "Miss Peregrine`s Home For Peculiar Children"

     
       როდესაც პირველად დავხედე წიგნის გარეკანს, დაუფიქრებლად გარდაცვლილი ადამიანები გამახსენდა ... შეშინებულმა დავიწყე კითხვა , მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისში... წიგნის ყდა "პერეგრინს" სხვა წიგნების გროვაში ნამდვილად გამოარჩევს.ბნელი, უცნაური სურათი თავის მისტიკას მაშინაც კი არ კარგავს, თუ მკითხველი ვერ ამჩნევს , რომ გოგონა ჰაერში ტივტივებს. ეს არის უჩვეულო ფოტოების ისტორია .ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი და გადასაყრელად განწირული ფოტოები , ავტორის შთაგონების წყაროდ გამოდგა. ფოტოები ძალიან ძველია და ერთი თვალის შევლებითაც რაღაც უჩვეულოს აღმოაჩენთ. თუმცა , ყველა ფოტო ნამდვილია და მხოლოდ რამდენიმე მათგანია დამუშავებული.

  
        სიუჟეტის განვითარება იწყება უცნაური ისტორიებით, რომლებსაც ზღაპრის სახე აქვთ. მაგრამ , რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ ფოტოებზე გამოსახული ბავშვები მართლა არსებობდნენ.

      ნაწარმოებში , დროში გადაადგილების შემოტანა დიდი რისკია , მაგრამ  მწერალმა ეფექტურად წარმოაჩინა თავისი თავი და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა უნიკალური და ჩამთრევი სიუჟეტით .  მეტს აღარ მოგიყვებით , ეს ისეთი წიგნია , სპოილერი ყველაფერს გააფუჭებს...


Monday, September 2, 2019

ჯონ სტეინბეკი - "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა" John Steinbeck - "The winter of our dicontent"


        
          წიგნი "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა" , ძალიან კარგად აღწერს, თუ რა ხდებოდა 30-იანი წლების დეპრესიის შემდეგ ამერიკაში.  რომანის მთავარი გმირია ითან ჰოული, რომელიც ერთ დროს მდიდარი მამის შვილი იყო და ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად ,ისიც გაკოტრდა და იტალიელი მედუქნის დამხმარედ იქცა. იგი ცდილობს დაკარგული წოდება და დიდება დაიბრუნოს, მაგრამ საკითხავია რა გზით ცდილობს მის დაბრუნებას...


        კარგად მახსოვს, გაოგნებულმა და რაღაცნაირად "შეურაცხყოფილმა"  დავასრულე ეს წიგნი. წიგნის ბოლომდე მეც ისევე მჯეროდა ითანის პატიოსნების, როგორც სხვა დანარჩენებს, მაგრამ გაოცებული დავრჩი. პირველ და მესამე პირში წერის მონაცვლეობა გითრევს და სადღაც შიგნით შეყავხარ, მის ფიქრებსაც კი კითხულობ , ის კი ფიქრებშიც გატყუებს და შენც რჩები გასულელებული და სულ ბოლოს ხვდები , რომ ეს ყველაფერი ფულის გამო ხდება...

      ფულის გამო ბევრ რამეზე რომ მიდიან ადამიანები , ვიცი, მაგრამ ის რაც ითანმა გააკეთა , მეტისმეტი მეჩვენა...თუმცა დანარჩენს ინტრიგის სახით დავტოვებ ...


 სამახსოვრო ფრაზები :
  • მთავარი იმ მიზნის ცოდნაა, რისთვისაც  ამა თუ იმ საქმეს აკეთებ და ამ მიზნის მიღწევისთანავე სწრაფად შეჩერება.
  • სიტყვები თავისთავად არაფერს ნიშნავს,მაგრამ გრძნობებს გამოხატავს. საინტერესოა ფიქრი განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებას თუ გრძნობები?!
  • მეგობარი თუ გინდა შეინარჩუნო, თავის დღეში არ გამოსცადო.
  • რაც უფრო პატიოსანი ხარ, მით უფრო არ გენდობიან  და ყველაზე კარგი საშუალება შენი ზრახვების დასაფარავად სიმართლის თქმაა.
  • ფული სნეულებას არ ჰკურნავს, იგი მხოლოდ სიმპტომებს ცვლის.