Tuesday, September 10, 2019

ჯონ ფაულზი - "კოლექციონერი" John Fowles - "The Collector"


       რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს სიყვარულისთვის? საერთოდ, რა არის სიყვარული? როდის უნდა გავიგოთ ის ნამდვილია თუ არა? საინტერესოა, რა შეიძლება გააკეთოს უიმედოდ შეყვარებულმა ადამიანმა?
       წიგნის პირველი ნაწილი სიყვარულზეა, უცნაურზე და ახირებულზე.მაგრამ მაინც, ყველაფერი სიყვარულის სახელით ხდება. მეორე ნაწილი სიძულვილზეა.ისეთ სიძულვილზე, რომ პირველ ნაწილზე აზრს იცვლი და ფიქრობ რომ რეალურად ისიც სიძულვილი იყო. თუმცა მესამე , ბოროტმა ნაწილმა პირველიც გადაფარა და მეორეც...

      რაც შეეხება სიუჟეტს : რომანის მთავარი გმირი ფრედერიკ კლერკი ერთი შეხედვით გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც უიმედოდ უყვარს  გოგონა, სახელად მირანდა. ტოტალიზატორში ფულის მოგების შემდეგ ფრედერიკი ერთ ძველებურ სახლს იყიდის, რომელიც ცივილიზაციისგან მოშორებით დგას. ის თავიდანვე შემზარავ გეგმას დაისახავს - გადაწყვეტს ,რომ მირანდა მოიტაცოს და მოტაცების გეგმას დეტალურად გათვლის. რომანშიც მირანდას ტყვეობაა აღწერილი - ჯერ ფრედერიკის თვალით და შემდეგ მირანდასი, რომელიც ტყვეობაში ყოფნის დროს დღიურებში აკეთებდა ჩანაწერებს. რომანის ორივე გმირი  სამყაროს სხვადასხვა თვალით უყურებს და ერთმანეთის საერთოდ არ ესმით. მირანდა მხატვარია, ფრედერიკი კი პეპლების შეგროვებითაა გატაცებული.  ფრედერიკს არ ესმის მხატვრობის, მირანდა კი ვერ ხვდება თუ რატომ აგროვებს ფრედერიკი პეპლებს.

  
       ერთი შეხედვით, ფრედერიკი უწყინარი ადამიანი ჩანს - ყველაფერს უსრულებს მირანდას და მოთმინებით ელოდება , როდის შეიყვარებს მირანდა მას. მირანდა კი მხოლოდ სიბრალულს გრძნობს მის მიმართ. მირანდას სარდაფში გამოკეტვა ფაქტიურად სიკვდილია. ის ზოგადად აქტიური ადამიანია, აქვს მიზნები, პრინციპები და  ღირებულებები.

        საერთო ჯამში წიგნი იმ გზებზეა, რომელიც ბუნებრივად არ გადაიკვეთება და თუ ხელოვნურად მოხდება ეს , რომელიმე გაქრება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ ექნებათ ბუნებრივი ურთიერთობა განსხვავებული ღირებულებების გამო, რაც არ უნდა მოინდომო მასთან დაახლოვება, ეს ურთიერთობა ორგანული ვერ გახდება.


No comments:

Post a Comment