Wednesday, October 30, 2019

ელიფ შაფაქი - "სიყვარულის ორმოცი წესი" Elif Shafak - "Forty Rules of Love"


         წიგნში მოქმედება ერთდროულად 2-ე საუკუნეში, 21-ე და 13-ე მიმდინარეობს.ეს არ არის არც ფენტეზი და არც მორიგი რომანი სტანდარტული, ტრაგიკული ისტორიით. ეს არის რომანი ურთიერთგაგებაზე, მეგობრობაზე, ღმერთისა და საკუთარი თავის შეცნობაზე, აღმოსავლურ მისტიციზმზე და დასავლურ ყოველდღიურობაზე, და, რაც მთავარია, ეს არის რომანი სიყვარულზე.

         რომანის მთავარი მოქმედი პირი ელა რუბენშტეინი ამერიკელი დიასახლისია, რომელიც ნაცრისფერ ყოველდღიურობაში ცხოვრობს და ქმარსა და სამ შვილს უვლის, თუმცა, მისი ცხოვრება სრულიად თავდაყირა მას შემდეგ დგება, რაც უცნობი მწერლის, აზიზ ზაჰირას რომანის კითხვას დაიწყებს. ელასთვის სრულიად უცნობი, უცხო წარმომავლობისა და სუფიზმის მიმდევარი აზიზი ელას, თავისი რომანის წყალობით, მეცამეტე საუკუნეში ამოგზაურებს, სადაც აღმოსავლეთის უდიდესი პოეტის,ჯალალ-ედ-დინ რუმისა და უბრალო დავრიშის, შამს თებრიზის თავგადასავალს შეიტყობს. გაეცნობა შამსის სიყვარულის 40 წესს და მიხვდება, რომ სიყვარულისთვის დრო და მანძილი დაბრკოლებაა არაა. რომანის დასრულებისთანავე კი გააცნობიერებს, რომ მისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდება: ელას აზიზი უყვარდება...

             
        
         გამოსამშვიდობებელ სიტყვად, შამს თებრიზის, უბრალო დავრიშისა და სიყვარულის, ღმერთისა და საკუთარი თავის უბადლო მცოდნის მეორმოცე წესს გიტოვებთ: უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს…ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისკენ მივყავართ...

     

    

 

Tuesday, October 22, 2019

ჰარუკი მურაკამი - "კაფკა პლაჟზე" Haruki Murakami - "Kafka on the shore"


         ამ წიგნში ყველაზე საინტერესო ისაა ,რომ ავტორი რამდენადაც გვიამბობს ამბის შესახებ და ყველაფერს დაწვრილებით გვიყვება,იმდენად სრულ თავისუფლებას გვიტოვებს, რომ ბევრ კითხვას თავადვე გავცეთ პასუხი.

         15 წლის მოზარდი - კაფკა თამურა, ტოკიოდან გაურბის საკუთარ მოქანდაკე მამას. მამას, რომელიც როგორც მოგვიანებით ირკვევა, კატებს ხოცავს, რათა მათი სულების დახმარებით ფლეიტები შექმნას. ალბათ როგორი უცნაურია, არა?! სახლიდან გამოქცეული კაფკა თამურა , იაპონიის პატარა კუნძულ შიკოკუზე ამოყოფს თავს,სადაც კერძო ბიბლიოთეკაში იწყებს მუშაობას ბიბლიოთეკარ - ოშიმასთან და ამ ბიბლიოთეკის მფლობელ - ქალბატონ საეკისთან ერთად. კაფკა თამურა ტოკიოდან იმ იმედით გარბის, რომ მამის წინასწარმეტყველებას თავი დააღწიოს.  მამის წინასწარმეტყველება და წყევლა კი ასეთია : 15 წლის კაფკა საკუთარ მამას მოკლავს და ა.შ.

           ამ დროს კი სიუჟეტში ჩნდება ჩემი საყვარელი პერსონაჟი - ნაკატა, რომელმაც არც წერა იცის და არც კითხვა და არც სხვა რამე, რადგან ერთი საბედისწერო შემთხვევის შედეგად ის შეიცვალა. თუმცა , ყველაზე უკეთ რაც კი გამოსდის - ეს კატებთან საერთო ენის გამონახვაა. მას კატების ენის ესმის, მათ ესაუბრება, უყვება საკუთარ ამბებს,კატების ყოველდღიურობის შესახებ ისმენს და სხვადასხვა ოჯახს დაკარგული კნუტების ძებნაში ეხმარება.

          მოვლენები კი , ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ეს ის წიგნია, რომელსაც ვერ ამოშლით მეხსიერებიდან , რომლის წაკითხვასაც არასდროს არ ინანებთ და გარკვეული დროის შემდეგ ,შესაძლოა ისევ უკან მიუბრუნდეთ.

       სამახსოვრო ფრაზები :
  • შეცდომები ცხოვრების ნაწილია და  ზოგ რამეს ვერასდროს შევიტყობთ.
  • საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანების გიჟური ცხოვრება  უფრო რეალურად მეჩვენება,ვიდრე სადგურზე სწრაფად მიმავალი უსახო ადამიანების.
  • ადამიანების ცხოვრება უსასრულო გამომშვიდობების სცენაა.
  •  ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ. შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში...

Saturday, October 19, 2019

ლორენ ოლივერი - "დელირიუმი" Lauren Oliver - "Delirium"


          ჩვენ ყველანი მივისწრაფით ბედნიერებისკენ და თუნდაც მთელი ცხოვრება დაგვჭირდეს, სიყვარულს ვეძებთ. ჩვენ მუდამ ისეთი ადამიანის ძიებაში ვართ, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით გვეყოლება და თავისუფლად შევძლებთ თქმას , რომ ის გვიყვარს.

          წიგნის სიუჟეტი ვითარდება პორტლენდში , მენის შტატში და ალტერნატიულ აწმყოში.სახელმწიფო საზოგადოებას ასწავლის , რომ სიყვარული დაავადებაა, სახელწოდებით - "ამორ დელირია ნერვოზა". დელირიისგან განკურნების პროცედურას უკვე მიაგნეს და მისი ჩატარება 18 წლიდან ყველასთვის სავალდებულოა. წიგნის მთავარი პერსონაჟი - ლინა , დიდი ხანია განკურნების დღეს ელოდება და წარმოდგენაც არ უნდა , თუ რა განცდაა ვინმე გიყვარდეს. განკურნების თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე , ლინა ხვდება ბიჭს - ალექსს , რომელიც ბევრ საკითხში თვალებს აუხელს და სამყაროს სულ სხვანაირად დაანახებს. ლინა დაავადდება დელირიით და ხვდება რომ ამით ბედნიერია. ალექსი თავს განკურნებულად ასაღებს იმ მიზნით , რომ პორტლენდში იცხოვროს და იბრძოლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

         საოცარია ლინას პერსონაჟი - ის ისეთი ძლიერი, თავდაჯერებული და გამბედავია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენ მოგეწონებოდათ ისეთი სამყარო, სადაც არავის უყვარხართ, სადაც საყვარელი ადამიანები არ გიდგანან გვერდით, სადაც ყველა შენს გვერდით ვალდებულების გამოა...
         სპოილერებს ბოლომდე რომ არ გავუყვე, სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება.ორი მებრძოლი სული ყველაფერს აკეთებს სიყვარულის გადასარჩენად და გამოუვათ თუ არა, ამას კითხვის დროს გაიგებთ .


Wednesday, October 16, 2019

მარკუს ზუსაკი - "წიგნის ქურდი" Markus Zusak - "The Book Thief"


           ცხოვრებისგან ყველაფერია მოსალოდნელი : ცრემლი, სევდა , ღიმილი, სიყვარული, ბოროტება, სიკეთე , ბედნიერება და ბოლოს სიკვდილი...
თუ ამ წიგნის კითხვას დააპირებთ, გირჩევთ ეს კარგად დაიმახსოვროთ და მტკიცედ დადგეთ, რადგან თქვენ სიკვდილის მიერ მონათხრობ ისტორიას მოისმენთ.

          მთავარი გმირი ლეზელია, 9 წლის გერმანელი გოგონა.დედამისი იძულებული ხდება, ბავშვი ერთ-ერთ ღარიბულ გერმანულ ოჯახს მიაბაროს. ლიზელი ომის პერიოდში იზრდება და ნაადრევ ასაკში უწევს ცხოვრების რეალური სახით დანახვა.


          არ შეიძლება, აქვე არ ვახსენო ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი - რუდი, რომელიც ძალიან მხიარული და საყვარელია და ასეთ მძიმე ნაწარმოებს , რაღაცნაირად ახალისებს...

         თუმცა , რუდიზე არანაკლებ საინტერესო პერსონაჟი , თავად სიკვდილია.ის ჩვეულებრივია... არაფრით არ განსხვავდება სხვებისგან... მას ფერები უყვარს , ადამიანებმა კი მოსვენება დაუკარგეს... "ვერასდოს გავიგებ, ვერასდროს ჩავწვდები , რაზე წამსვლელია ადამიანი?!" - ამბობს ის.  მარკუს ზუსაკმა ამ წიგნით შეძლო, რომ ეს სასტიკი, ულმობელი სიკვდილი , სხვანაირად წარმოეჩინა მკითხველის თვალში...თურმე მასაც შუძლია იყოს ხალისიანი, მასაც აქვს გრძნობები...წიგნის ქურდის ისტორია , მარტო მკითხველისთვის კი არა, სიკვდილისთვისაც ემოციური აღმოჩნდა. სიბნელეში მფეთქავი გულით , ისიც გრძნობდა და განიცდიდა...

         ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული ფაშისტური გერმანიის პერიოდზე,  მაგრამ იქიდან ყველა ებრაელების მიერ იყო მოთხრობილი.აქ კი , მარკუს ზუსაკმა გერმანელების მხრიდან დაგვანახა ცხოვრება. ძალიან ემოციურად გვაჩვენა ,ომის პერიოდშიც, როგორ აყენებდნენ ადამიანები სიკეთეს სიცოცხლეზე მაღლა და იმ ბნელ დღეებშიც კი, როგორ არსებობდა ნათელი ადგილები. ერთმა ებრაელმა მოახერხა და შემაყვარა სამყარო, ვარსკვლავები და ცა...ბიჭი, რომელმაც ცა მოიპარა... ვინ იყო ის?!

         ლიზელი - ძლიერი , მამაცი , უბედურების და შიმშილის შემსწრე ბავშვი იყო. მას დიდი , ლურჯი , ოკეანესავით  თვალები ჰქონდა. თქვენ ჩაიხედავთ მის თვალებში და დაინახავთ იმ სასტიკ სამყაროს, რომელიც ჩვენამდე არსებობდა.

        თვალები მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანისთვის. ილაპარაკეთ არა ის, რასაც გეუბნებიან , არამედ ის რასაც ხედავთ...  მაგალითად , თქვენს თვალებს, ლაპარაკი რომ შეეძლოთ, რას იტყოდნენ ისინი? ...

Sunday, October 13, 2019

ჰაინრიხ ბიოლი - "კლოუნის თვალთახედვა" Heinrich Boll - "The Clown"


         წიგნი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველად წავიკითხე. ზოგადად, კლოუნების მიმართ  არ მაქვს კარგი დამოკიდებულება, თუმცა ჰაინრიხ ბიოლის "კლოუნი" ნამდვილად გამონაკლისი აღმოჩნდა.

         მე გამიტაცა კლოუნმა - ჰანს შნირმა. გამიტაცა მისმა ცხოვრებამ, რომელიც ყველაფრით სავსე იყო. ჰანს შნირს ერთხელ ჰკითხავენ - "რა კაცი ხარ შენ სინამდვილეში?". ის კი უპასუხებს - "კლოუნი ვარ და წამებს ვაგროვებ."  მართლაც ასეთი იყო ის - პროფესიონალი კლოუნი, ყველაზე არაპროფესიონალური რწმენით.
         წიგნში გადმოცემულია იმდროინდელი გერმანიის ყოფა, პროტესტანტებისა და კათოლიკეების დაპირისპირება, ებრაელებისადმი დამოკიდებულება. ეს ყველაფერი მკითხველისთვის კლოუნის სარკაზმული მოსაზრებებითაა გადმოცემული. ჰანს შნირი, შესაძლოა, ბევრს უხეშ კაცად მოეჩვენოს, ცინიკოსადაც კი, თუმცა პირადად მე მაოცებდა მისი არგამხელილი სიკეთე , ფარული ადამიანობა და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულის დაუჯერებელი უნარი. ის უსაზღვროდ იყო შეყვარებული მარიზე, რომელთანაც 6 წელი გაატარა და  რომელსაც ნამდვილ მეუღლედ მიიჩნევდა. თუმცა, მარი ვერ ეგუება კლოუნის კლოუნურ ბუნებას და  სხვას მიჰყვება ცოლად.  მარისა და ჰანს შორის ურთიერთობას ისიც ამწვავებდა , რომ მარი კათოლიკე იყო, ჰანსი კი - არაფერი. მას ერთადერთი რელიგია ჰქონდა და ეს რელიგია თავად მარი იყო...

        

        დარწმუნებული ვარ , თქვენ შეგიყვარდებათ კლოუნი... შეგიყვარდებათ მისი მცირედი დეტალებით გაზომილი და ამავდროულად უზომო სიყვარული  მარისადმი. ამიტომ გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ეს წიგნი.

    სამახსოვრო ფრაზები :
  • უცნაურია, მაგრამ მე მიყვარს იმ ჯიშის სულდგმულები, მე რომ ვეკუთვნი - მიყვარს ადამიანები.
  • ამქვეყნად ცოტაა ისეთი ადამიანი , ვისი თანდასწრებითაც ტირილის არ მოგერიდება.
  • მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან.
  • ეშმაკსაც კი არ უჭრის თვალი ისე, როგორც მეზობელს.
  • დიდი ხანია, რაც ადამიანებთან ფულსა და ხელოვნებაზე ლაპარაკს მოვეშვი.იქ სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს...ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ან იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე იმსახურებს.   

Tuesday, October 8, 2019

გურამ დოჩანაშვილი - "სამოსელი პირველი"


         გურამ დოჩანაშვილი ის მწერალია, ვისი ნაწარმოებების კითხვის დროსაც ყველას გული სითბოთი ევსება.ზოგადად, ნებისმიერი წიგნი , რომელსაც წაიკითხავ, თუ ის ნამდვილი ლიტერატურაა, რაღაც განცდას გიტოვებს და ამით გამახსოვრდება.მისი ნაწარმოების გახსენებაზე სწორედ ის სითბო და სიკეთე გახსენდება, რომელსაც კითხვის დროს განიცდი.

        "სამოსელი პირველის" სიუჟეტი გადმოღებულია ბიბლიიდან, "უძღები შვილის" ისტორია გახდა მწერლის შთაგონების წყარო.გურამ დოჩანაშვილის თქმით, შემოქმედის დანიშნულებაა ბიბლია უბიბლიოდ მიიტანოს ადამიანამდე.

         წიგნის მთავარი გმირი - სოფელში მცხოვრები , პატარა ბიჭი - დომენიკოა. მის სოფელში მოსაწყენი , ერთფეროვანი ცხოვრებაა.მას ყავს ძმა სახელად - გვეგვე, რომელიც დომენიკოსგან განსხვავებით , ზედაპირული , პრიმიტიული ადამიანია. ჩვენი მთავარი პერსონაჟი კი, როგორც მწერალი აღწერს, ცნობისმოყვარეობით, ოცნებებითა და სიყვარულითაა სავსე. დომენიკოსთან ერთად , იგრძნობა , რომ ის სოფლის მყუდროებისთვის არაა დაბადებული. მან უნდა იცხოვროს ნამდვილი ცხოვრებით, შეიყვაროს ქალი და შემდეგ დაკარგოს ის, უყუროს ადამიანის სიკვდილს, რომ გაიგოს სიცოცხლის ფასი.

        სოფელში ერთი უსახელო მამაა,რომელიც სოფლის გამგებელიცაა, ბატონიც  და ნამდვილი მამაც.მართალია , დომენიკო სოფლიდან მიდის ლამაზ ქალაქში,მაგრამ მამა სულ მასთანაა. დომენიკომ მხოლოდ ანა-მარიაში იპოვა ის რაღაც, რასაც ალბათ, ღმერთის ნაგლეჯი ჰქვია.ანა-მარია , ლამაზ ქალაქში ცხოვრობს ფიზიკურად, მაგრამ სულიერად მაინც სხვაგან არის, მუსიკასა და ცას შორის გადმოკიდებული.

       დომენიკო კამორაში მიდის, სადაც ყველაფერი სადაც ყველაფერი ძალადობასა და ბოროტებაზეა დამყარებული. კამორაში ის სათამაშოა არარაობებისთვის.დომენიკო ხედავს, რომ გულგრილობასა და ბოროტებას საზღვრები არ აქვს. თუმცა რკინისნიღბოსანი კაეტანო, ყოველ საათში ამცნობს კამორელებს, რომ : "დილის 10 საათია და ყველაფერი გენიალურადაა". არადა ველაფერი პირიქითაა: ქალები ბრილიანტებს ჭამენ, ადამიანებს სხეულის ნაწილებს აჭრიან, მეგობრები ერთმანეთს აბეზღებენ, ადამიანები ადღეგრძელებენ "დიდ მარშალს", რომელიც წამების ბრძანებებს გასცემს და ფიქრობს თუ როგორ გაანადგუროს მესამე ქალაქი - კანუდოსი, რომელიც ხუთმა მეამბოხე ადამიანმა შექმნა. ის საოცნებო ქალაქია. გურამ დოჩანაშვილის აზრით : "ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე". აქ ყველა თანასწორია, ყველა ერთმანეთისთვისაა და თავისუფალია. დომენიკოს მეორე სამშობლო სწორედ აქაა. თუმცა მწერალმა გადაწყვიტა, რომ დომენიკო, რომელიც ყველას ძალიან შეგვიყვარდა, საკუთარ სოფელს დაუბრუნოს. ასეა, ალბათ ყველა მაინც იქ ბრუნდება ბოლოს, საიდანაც იწყებს...  ბოროტებითა და სიკეთით, სიცოცხლით და სიკვდილით, ზნეობითა და უზნეობით სავსე  დედამიწა , რომელსაც სიყვარული ატრიალებს .



   
   სამახსოვრო ფრაზები :
  • ყოველთვის შეიძლება სიმართლის მყარად დადგენა, სიმართლე - საზღვარივითაა.
  • წრფელი ღიმილი ყველაფერზე მეტად გადამდებია, მთქნარებაზეც კი...
  •  ყველაზე დიდი სილამაზე - ამაღლებული უბრალოებაა.
  • ვერც ერთი მტერი ვერასდროს დაგიშავებს იმდენს, რამდენსაც საკუთარი თავი.
  • შვილი - სიყვარულია, სიყვარული კი - ტვირთი.
  •  ქვეყნად არაფერი ქრება.
  • სიბინძურეში ამაღლების საშუალება უფრო არსებობს.
  • ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული  და წებო კი არა , ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს.
  • დედამიწას სიყვარული ატრიალებს.

Friday, October 4, 2019

ერიხ მარია რემარკი - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" Erich Maria Remarque - "All quiet on the Western Front"


        ერიხ მარია რემარკი - ეს არის მწერალი, რომელმაც ომს მოუგო. მწერალი, რომელიც დაგანახებთ ომის რეალურ სახეს. მწერალი, რომელიც გაიძულებთ უარყოთ მილიტარისტური პრინციპები. მწერალი, რომელიც "საზარბაზნე ხორცად" გადაქცევის სურვილს დაგაკარგვინებთ და უბრალოდ, ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცის მონაყოლი ცხოვრებით მიგახვედრებთ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ამბობს - "ომში გამარჯვებული არ არსებობს".

      როცა, საკუთარ ქვეყანაში ომი ნანახი გაქვს და შენს გარშემო ყველა თაობამ იცის , რა გრძნობებს იწვევს ფრაზა - "ომი დაიწყო" , ძალიან ძნელია სხვისი ომი, თან წინა საუკუნეში მომხდარი, იმავე ემოციას იწვევდეს. ფრონტის შემზარავ ამბებს რომ კითხულობ, ფიქრობ : მერე რა, ჩვენთანაც ასე ხდებოდა.  მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ იაზრებ, რომ ომი - ომია და საერთოდ არაფერი არ შეცვლილა საუკუნეების განმავლობაში...ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ და ისევ არ იციან - რატომ ... მთავარი ტრაგედიაც სწორედ ეს არის...
 

       წიგნი მეორე მსოფლიო ომზეა.გერმანელებიც ჩვეულებრივი ბიჭები არიან.ისე , როგორც სხვა ომში აქაც ხოცავენ და თავადაც იხოცებიან...არც ერთმა იცის რატომ... შესვენებაზე იმაზე მსჯელობენ, რომ მთავრობები რომ არა , ისინი არავის არ მოკლავდნენ და მაგალითად ფრანგ მეწაღეს რატომ უნდა გასჩენოდა გერმანელების დახოცვის სურვილი...
       მთავარი პერსონაჟი არის - პაული , რომელიც პირველ პირში ჰყვება ამბავს.ომიდან სახლში დაბრუნებული , უკვე ცხადად აცნობიერებს , რომ ადამიანებთან კონტაქტი საერთოდ აღარ უნდა და არც იცის რაზე ელაპარაკოს...  ემოციადაკარგული ადამიანები საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. მათ სანატრელ სიტყვად ექცათ - "ზავი". თუმცა ისიც არ იციან , ომი რომ დასრულდება რა უნდა აკეთონ. ადამიანების მოკვლის გარდა არავინ არაფერი არ იცის.

        პირველ მსოფლიო ომს მეორე მოჰყვა.მერე ქვეყნებმა ცალკ-ცალკე ათეულობით ბრძოლა გამართეს, მაგრამ არც არაფერი შეცვლილა. იქ, "ზემოთ" ისევ აწერენ ხელს რაღაც ბრძანებებს  და ადამიანებს ერთმანეთის ხოცვას აიძულებენ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა - დასავლეთის ფრონტი უცვლელია......