Tuesday, October 22, 2019

ჰარუკი მურაკამი - "კაფკა პლაჟზე" Haruki Murakami - "Kafka on the shore"


         ამ წიგნში ყველაზე საინტერესო ისაა ,რომ ავტორი რამდენადაც გვიამბობს ამბის შესახებ და ყველაფერს დაწვრილებით გვიყვება,იმდენად სრულ თავისუფლებას გვიტოვებს, რომ ბევრ კითხვას თავადვე გავცეთ პასუხი.

         15 წლის მოზარდი - კაფკა თამურა, ტოკიოდან გაურბის საკუთარ მოქანდაკე მამას. მამას, რომელიც როგორც მოგვიანებით ირკვევა, კატებს ხოცავს, რათა მათი სულების დახმარებით ფლეიტები შექმნას. ალბათ როგორი უცნაურია, არა?! სახლიდან გამოქცეული კაფკა თამურა , იაპონიის პატარა კუნძულ შიკოკუზე ამოყოფს თავს,სადაც კერძო ბიბლიოთეკაში იწყებს მუშაობას ბიბლიოთეკარ - ოშიმასთან და ამ ბიბლიოთეკის მფლობელ - ქალბატონ საეკისთან ერთად. კაფკა თამურა ტოკიოდან იმ იმედით გარბის, რომ მამის წინასწარმეტყველებას თავი დააღწიოს.  მამის წინასწარმეტყველება და წყევლა კი ასეთია : 15 წლის კაფკა საკუთარ მამას მოკლავს და ა.შ.

           ამ დროს კი სიუჟეტში ჩნდება ჩემი საყვარელი პერსონაჟი - ნაკატა, რომელმაც არც წერა იცის და არც კითხვა და არც სხვა რამე, რადგან ერთი საბედისწერო შემთხვევის შედეგად ის შეიცვალა. თუმცა , ყველაზე უკეთ რაც კი გამოსდის - ეს კატებთან საერთო ენის გამონახვაა. მას კატების ენის ესმის, მათ ესაუბრება, უყვება საკუთარ ამბებს,კატების ყოველდღიურობის შესახებ ისმენს და სხვადასხვა ოჯახს დაკარგული კნუტების ძებნაში ეხმარება.

          მოვლენები კი , ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ეს ის წიგნია, რომელსაც ვერ ამოშლით მეხსიერებიდან , რომლის წაკითხვასაც არასდროს არ ინანებთ და გარკვეული დროის შემდეგ ,შესაძლოა ისევ უკან მიუბრუნდეთ.

       სამახსოვრო ფრაზები :
  • შეცდომები ცხოვრების ნაწილია და  ზოგ რამეს ვერასდროს შევიტყობთ.
  • საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანების გიჟური ცხოვრება  უფრო რეალურად მეჩვენება,ვიდრე სადგურზე სწრაფად მიმავალი უსახო ადამიანების.
  • ადამიანების ცხოვრება უსასრულო გამომშვიდობების სცენაა.
  •  ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ. შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში...

No comments:

Post a Comment