Wednesday, October 16, 2019

მარკუს ზუსაკი - "წიგნის ქურდი" Markus Zusak - "The Book Thief"


           ცხოვრებისგან ყველაფერია მოსალოდნელი : ცრემლი, სევდა , ღიმილი, სიყვარული, ბოროტება, სიკეთე , ბედნიერება და ბოლოს სიკვდილი...
თუ ამ წიგნის კითხვას დააპირებთ, გირჩევთ ეს კარგად დაიმახსოვროთ და მტკიცედ დადგეთ, რადგან თქვენ სიკვდილის მიერ მონათხრობ ისტორიას მოისმენთ.

          მთავარი გმირი ლეზელია, 9 წლის გერმანელი გოგონა.დედამისი იძულებული ხდება, ბავშვი ერთ-ერთ ღარიბულ გერმანულ ოჯახს მიაბაროს. ლიზელი ომის პერიოდში იზრდება და ნაადრევ ასაკში უწევს ცხოვრების რეალური სახით დანახვა.


          არ შეიძლება, აქვე არ ვახსენო ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი - რუდი, რომელიც ძალიან მხიარული და საყვარელია და ასეთ მძიმე ნაწარმოებს , რაღაცნაირად ახალისებს...

         თუმცა , რუდიზე არანაკლებ საინტერესო პერსონაჟი , თავად სიკვდილია.ის ჩვეულებრივია... არაფრით არ განსხვავდება სხვებისგან... მას ფერები უყვარს , ადამიანებმა კი მოსვენება დაუკარგეს... "ვერასდოს გავიგებ, ვერასდროს ჩავწვდები , რაზე წამსვლელია ადამიანი?!" - ამბობს ის.  მარკუს ზუსაკმა ამ წიგნით შეძლო, რომ ეს სასტიკი, ულმობელი სიკვდილი , სხვანაირად წარმოეჩინა მკითხველის თვალში...თურმე მასაც შუძლია იყოს ხალისიანი, მასაც აქვს გრძნობები...წიგნის ქურდის ისტორია , მარტო მკითხველისთვის კი არა, სიკვდილისთვისაც ემოციური აღმოჩნდა. სიბნელეში მფეთქავი გულით , ისიც გრძნობდა და განიცდიდა...

         ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული ფაშისტური გერმანიის პერიოდზე,  მაგრამ იქიდან ყველა ებრაელების მიერ იყო მოთხრობილი.აქ კი , მარკუს ზუსაკმა გერმანელების მხრიდან დაგვანახა ცხოვრება. ძალიან ემოციურად გვაჩვენა ,ომის პერიოდშიც, როგორ აყენებდნენ ადამიანები სიკეთეს სიცოცხლეზე მაღლა და იმ ბნელ დღეებშიც კი, როგორ არსებობდა ნათელი ადგილები. ერთმა ებრაელმა მოახერხა და შემაყვარა სამყარო, ვარსკვლავები და ცა...ბიჭი, რომელმაც ცა მოიპარა... ვინ იყო ის?!

         ლიზელი - ძლიერი , მამაცი , უბედურების და შიმშილის შემსწრე ბავშვი იყო. მას დიდი , ლურჯი , ოკეანესავით  თვალები ჰქონდა. თქვენ ჩაიხედავთ მის თვალებში და დაინახავთ იმ სასტიკ სამყაროს, რომელიც ჩვენამდე არსებობდა.

        თვალები მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანისთვის. ილაპარაკეთ არა ის, რასაც გეუბნებიან , არამედ ის რასაც ხედავთ...  მაგალითად , თქვენს თვალებს, ლაპარაკი რომ შეეძლოთ, რას იტყოდნენ ისინი? ...

No comments:

Post a Comment