Sunday, March 29, 2020

ფრანც კაფკა - "პროცესი" Franz Kafka - "The Trial"



       წიგნში მოთხრობილი ამბავი საკმაოდ უჩვეულოა. პროტაგონისტი იოზეფ ქეი ერთ დილას გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი ეჭვმიტანილია და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესია დაგეგმილი. რაშია ეჭვმიტანილი, იოზეფი საბოლოოდ ვერც იგებს, ისევე როგორც ჩვენ, გაოცებული  მკითხველი. იოზეფი საკმაოდ შეძლებული ადამიანია და საზოგადოების მოწინავე ფენის წევრიც. იგი ერთ–ერთი ბანკში მაღალი თანამდებობის პირია. მისი ტვინი მთლიანად ამ სასამართლოსთან დაკავშირებული საქმითაა მოცული და სხვა ვერაფერზე ფიქრობს. ცდილობს, რაიმე გაარკვიოს, მაგრამ ვერაფერს აღწევს. მას სასამართლოში გამეფებული ბიუროკრატია და ასე ვთქვათ,  თავად სამართლის უსამართლობა უშლის ხელს...

        წიგნის კითხვისას თანდათან ირკვევა, რომ იოზეფის მთლიანი გარემოცვა, ყველა მისი ნაცნობი, თანამშრომელი, სინამდვილეში ამ პროცესშია ჩართული. იოზეფი ამ ყველაფერს ხვდება, მაგრამ ის უძლურია, რადგან მარტოა ყველას წინააღმდეგ. იოზეფთან ერთად შენც იტანჯები. წიგნის კითხვისას შენც ბრაზდები, რა საჭიროა ეს აქეთ-იქით სიარული და წამება, რა სისულელეში ხარჯავს დროს და აკლებს სამსახურს, იფუჭებს ნერვებს. მერე ცოტა ხანს ფიქრდები და გახსენდება, შენც რამდენჯერ გივლია ასე წინ და უკან ან რამდენ სისულელეზე მოგისმენია განხილვა სამეგობროში...

             რა ბედი ეწევა მის პროცესს და თავად იოზეფსაც, ამას ბოლო აბზაცში გაიგებთ, რომელიც ალბათ მთელ წიგნადაც ღირს. დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი მას ციტატად, მაგრამ იგი ყველა საიდუმლოს ახდის ფარდას :) ...
    აბსურდულობით ტანჯვა კონკრეტული მიზნის გამო ტანჯვასთან შედარებით უარესია იმით, რომ ვერ ხვდები, რატომ აკეთებ ამას. მიზანი როცა გაქვს, არჩევანიც გაქვს ან გინდა ამ მიზნის მიღწევა ან – არა, სხვა შემთხვევაში გარემოებები გაიძულებენ ისე იტანჯო, ვერც მიხვდე, რისთვის გიღირდა. აბსოლუტური არარაობა ხარ, როდესაც შენს ტანჯვას არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

       აბსურდულობით გატანჯული შენც, იოზეფივით ბოლოს იტყვი – "ძაღლივით დამკლეს!"



Friday, March 27, 2020

ჰარიეტ ბიჩერ სტოუვი - "ბიძია ტომის ქოხი" Harriet Beecher Stowe - "Uncle Tom`s Cabin"


        "ბიძია ტომის ქოხის"  წაკითხვის შემდეგ საკმაოდ სევდიან განწყობაზე დადგებით. წიგნი გვიყვება 60–იანი წლების სოციალურ პრობლემებზე ფერადკანიანებთან მიმართებაში. შესაძლოა, ეს საკითხები ჩვენთვის, როგორც მკითხველისთვის, ახალი არ არის,მაგრამ დასასრულს ცრემლიანი თვალებით ხურავ წიგნს...ყოველ პერსონაჟს თავისებური ფუნქცია აკისრია, თითოეული რაღაცას განიცდის, ფიქრობს, ტკივილით არის სავსე.

       წიგნში აღწერილია შავკანიანი ტომის ცხოვრება, რომელსაც უამრავი რთული გზის გავლა უწევს. ის ხვდება უამრავ ადამიანს, დგება უსამართლობის და გაჭირვების  პირისპირ, ის აღმოაჩენს, რომ ადამიანს აქვს ერთადერთი რამ - ღირსება , რომელსაც ვერავინ ვერ წაართმევს, შინაგანი თავისუფლება, რომელსაც არ დათმობ , მონობაში ყოფნითაც კი...

  
      საკუთარ თავზეც გავიფიქრე , მე რომ შავკანიანი ვყოფილიყავი, როგორი ვიქნებოდი, რას გავაკეთებდი ან როგორ ვიცხოვრებდი...საინტერესოა...

      მწერალი უპირისპირდება მაშინდელ ამერიკაში გამეფებულ აზრს , რომ შავკანიანები  ნამდვილი ადამიანები არ არიან და მათ არა აქვთ ადამიანური გრძნობები. მწერალი ყოველთვის აზოგადებს ტომის გრძნობებს. აი, ერთი მაგალითი:  ,,შავკანიანები, საზოგადოდ,  ოჯახის მოყვარული ხალხია, ტომი კი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მოსიყვარულე გულითა და  ოჯახის ერთგულებით.  ახლაც მძინარე ბავშვების ლოგინთან ახლოს იჯდა და დაჰყურებდა” , მწერალი ცდილობს, წარმოაჩინოს მაშინდელი აზრი ამერიკელი ბატონების შესახებ და ის აღწერს ძალიან დეტალურად თუ როგორ იბრმავებდნენ თავს ისინი, რომლებიც მონებს ყიდულობდნენ.

        ჩემი აზრით , ეს არის უძლიერესი რომანი და ნამდვილად გირჩევთ წაიკითხოთ.
სამახსოვრო ამონარიდები :
  • ბავშვები ხშირად ასწავლიან დიდესბ სიმართლესა და სიყვარულს.
  •  ცუდი თავისუფალი ცხოვრება ჯობია ფუფუნებაში მონობას.
  •  სიკვდილი ერთი დამთქნარებაა.
  •  კარგია სიცოცხლე, როცა საყვარელ ადამიანებს შეჰყურებ, მაგრამ გარშემო ბევრი უსამართლობა ტრიალებს. ბევრი იტანჯება და ამიტომ არ ვნანობ, რომ ვკვდები.

Tuesday, March 24, 2020

სიუზან კოლინზი - "შიმშილის თამაშები"


         თანამედროვე ლიტერატურა პოსტ-აპოკალიფსური, დისტოპიური სამყაროების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ფენტეზი ჟანრი გადავსებულია უამრავი მდარე ხარისხის წიგნით, რომლებიც მსგავს თემატიკაზეა შექმნილი და რთულად შეიძლება გაარჩიო ერთმანეთისაგან. უმრავლესობა განიცდის ამ ჟანრის  ნაწარმოებების სერიოზულ გავლენას. შესაბამისად, ფეტეზი ჟანრის მოყვარულთათვის რთულია ახლად შექმნილი და გამოცემული წიგნებიდან, ნამდვილად კარგი ,ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაწარმოების არჩევა.

         სიუზან კოლინზის “შიმშილის თამაშები” საქართველოში მას შემდეგ გამოიცა, რაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ასე რომ ქართველ მკითხველს ხარისხის გადამოწმება არ დასჭირვებია.

 
         ნაწარმოების დასაწყისიდანვე მწერალი გვთავაზობს საინტერესო სიუჟეტს, რომელიც პანემში ვითარდება. წიგნი სწრაფად, მსუბუქად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ძალიან ჩამთრევია.  ყოველი თავი მთავრდება სხვადასხვა ახალი ინფორმაციით, რომელიც ინტერესის ნამდვილ აფეთქებას იწვევს და კითხვის შეწყვეტას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

         ამბავს პირველ პირში ჰყვება პანემში მცხოვრები, თექვსმეტი წლის ქეთნის ევერდინი. ის არის 12ე რაიონის მცხოვრები, რომელიც იძულებული გახდება ჩაერთოს კაპიტოლიუმის მიერ დაწესებულ შიმშილის თამაშებში. ქეთნისი სრულიად ჩვეულებრივი გოგოა, რაც ერთის მხრივ კარგია, რადგან მკითხველს საშუალებას აძლევს ადვილად წარმოიდგინოს თავი მის ადგილას, მთავარ მოქმედ პერსონაჟად,  ხოლო მეორეს მხრივ კი ცოტა ხანში ეს “ჩვეულებრივობა” მომაბეზრებელი ხდება.
 შიმშილის თამაშები შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: ნაწილი არენაზე შესვლამდე, და შესვლის შემდეგ. პირველი მათგანი მკითხველის მოსამზადებელი ოთახია არენაზე შესვლამდე. ვინაიდან არცერთ მკითხველს წიგნის გადაშლისთანავე ეჭვი არ ეპარება, რომ ქეთნისის შიმშილის თამაშებში მოხვედრა გარდაუვალია, წიგნის ამ ეპიზოდის ძირითადი დატვირთვაა უბრალოდ გოგონას არენამდე მიყვანა და გარკვეული გარემოებების შემზადება.

         თავად თამაშების ეპიზოდი წიგნის უდაოდ ყველაზე ჩამთრევი ნაწილია. კოლინზი რეალისტურად აღწერს ბრძოლის მონაკვეთებს. ამ დროს საინტერესოა, რომ რიგითი მკითხველიც ისეთივე სიამოვნებას იღებს არენაზე გამართული “საზარელი და სასტიკი” მოვლენებისაგან, როგორც რიგითი კაპიტოლიუმის მცხოვრები. მკითხველი ამ დროს იმ შოუთი ტკბება, რომელიც მისავე თვალში გასაკიცხია.
        საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ძალიან სასიამოვნო წასაკითხია და ამ ჟანრის მოყვარულებს ნამდვილად არ დატოვებს იმედგაცრუებულს.


Friday, March 20, 2020

მარტენ პაჟი - "როგორ გავხდი იდიოტი" Martin Page - "How I became stupid"

       გიფიქირიათ ოდესმე, რომ ჩვენი ყველა უბედურებების, პრობლემების, უამრავი ფიქრის წყარო ჭკუაა?! თუ, არც იმდენი ჭკუა გვაქვს რომ მას შევეწუხებინეთ?!
       რატომ არ არსებობს ანონიმურ ჭკვიანთა კლუბი?! წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნებოდა : თქვენ დგებით და ამბობთ: “გამარჯობა, მე მქვია – – – –  და მე ჭკვიანი ვარ” დანარჩენები ტაშს გიკრავენ და მერე ყველა იწყებთ თქვენ-თქვენი გაჭკვიანების სევდიანი ისტორიების მოყოლას… როგორ გაძალებდნენ მშობლები ბავშვობაში მეცადინეობას, როგორ ნარკოტიკივით მოქმედებს თქვენზე წიგნები და როგორ არ შეგიძლიათ გულგრილად ჩაუაროთ ბიბლიოთეკას… : ))))

         მთავარ პერსონაჟს ანტუანი ჰქვია და მას ეჩვენება, რომ ძაღლის სისწრაფით ბერდება. შვიდი წლის ბავშვი, ორმოცდაცხრა წლის  მამაკაცივით გრძნობს თავს, თერთმეტისას – სამოცდაჩვიდმეტი წლის მოხუცის მსგავსად, ყველა ილუზია ემსხვრევა. ოცდახუთი წლისა კი, მშვიდი ცხოვრების მოპოვების იმედით, იდიოტად ჩამოყალიბებას გადაწყვეტს. ანტუანს არ ჰყავს ბევრი მეგობარი, ზიზღნარევ უნდობლობას გრძნობს ბრბოს ერთსულოვნების მიმართ და თავისი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა უცხოს ხდის საკუთარ ქვეყნაში. ამიტომ, მოუნდება, რომ აღარ იყოს სხვებისგან გამორჩეული. ისე შეეძლოს სხვებში საკუთარი თავის დანახვა, როგორც სარკეში.

         ანტუანი იმდენად ჭკვიანია, რომ საკუთარ შესაძლებლობებს, ტვინს და ჭკუას ყველაფერს ავადმყოფობად თვლის და წუხს იმაზე, რომ არავინ თანაუგრძნობს. მეგობრები ჰყავს და მათ ისეთი უყვართ ანტუანი, როგორიც არის. ანტუანს კიდევ თანაგრძნობა სჭირდება იმ “ავადმყოფობის” გამო რაც ჰგონია, რომ სჭირს.

         ანტუანი პირად „ოდისეას“ 19 ივლისს იწყებს.
 გეგმა „ა“ – ალკოჰოლიკად ქცევა.
        ანტუანი გალოთებას გადაწყვეტს. ფიქრობს, რომ ინტელექტისაგან განსხვავებით ეს უფრო ნაცნობი პრობლემაა საზოგადოებისა და მისი მეგობრებისთვის. დახმარების სურვილიც მეტს ექნება. გეგმა „ა“ წარუმატებლად ჩაივლის. ანტუანი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ამოყოფს თავს.
 გეგმა „ბ“ – თვითმკვლელთა საზოგადოება.
        თვითმკვლელთა საზოგადოებაში სტუმრობით ანტუანის თავგადასავლის ჩემი ფავორიტი მონაკვეთი იწყება. ამ კლუბს სულ ოცდაათამდე წევრი ჰყავს.  პრობლემები განსხვავებული აქვთ, მიზანი ერთი – თვითმკვლელობა. ასე სურთ სენტიმენტალური სიმსივნეების, სასიყვარულო ლეიკემიებისა და მათ ყოველდღიურობას მოდებული სოციალური მეტასტაზებისგან განკურნება. ანტუანს ბოლოს შეეშინდება და სიკვდილის სურვილსაც კარგავს.
 გეგმა „ც“– როგორ გავხდი იდიოტი.
– ცხოვრება მაშინ გამიადვილდება, როდესაც იდიოტი გავხდები.
– ეგ იდიოტიზმია.
– ესე იგი, სწორ გზას ვადგავარ.
        წიგნის მთავარი ნაწილიც სწორედ აქ იწყება. ანტუანი გადაწყვეტს, მაგიური წითელი აბები მიიღოს, რომლებიც მას საკუთარი გონებისგან დაიცავენ. დაიწყებს მაკდონალდსში სიარულს და ავტომობილის ბოლო მოდელებზე ოცნებას. ყოველ საღამოს უყურებს დღის ამბებს და სჯერა პოლიტიკის.

        რაღაც პერიოდი ანტუანი ჩაეფლობა საზოგადოების ჭაობში: ფული, წარმატება, პრესტიჟული წრეები ,როდესაც საჭირო აღარაა ფიქრი სურვილებზე, მორალზე, ქმედებებზე, მეგობრებზე, პირად ცხოვრებაზე, აღარც ყველაფრის შეცნობისა და ძიების საჭიროება არსებობს, რადგან შენი წრე ამ ყველაფრის გასაღებს ხელში გაძლევს…

      
       წაიკითხეთ და გაიგებთ, იქცა თუ არა ანტუანი მასაში არაფრით გამორჩეულ, ჩვეულებრივ მასობრივი მოხმარების ნაცრისფერ კრეტინად თუ ისევ ის ინტელექტუალურად განვითარებული იდიოტი დარჩა... მისი ექსპერიმენტი წაკითხვად ნამდვილად ღირს, კითხვის პროცესს კი განსაკუთრებით  გაგიხალისებთ მარტენ პაჟის ცინიკური თხრობის სტილი, რომლის ეფექტურობა აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.

Thursday, March 19, 2020

კნუტ ჰამსუნი - "მისტერიები" Knut Hamsun - "Mysteries"

       კნუტ ჰამსუნი XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია. პირველივე აბზაცის პირველივე წინადადების წაკითხვისთანავე მივხვდი თუ რამდენად საინტერესო და მრავლისმომცველი მოგზაურობა მელოდა წინ... ჰამსუნი, ერთი ისტორიის მოყოლით, გვანახებს მთელი დედამიწის არსებობის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას...
 
“შარშან ზაფხულს ნორვეგიის ერთ პატარა საპორტო ქალაქში ერთობ უჩვეულო მოვლენები დატრიალდა. ყველასგან მოულოდნელად აქ სრულიად უცხო მამაკაცი, ვინმე ნაგელი ჩამოვიდა. ამ უცნაურმა შარლატანმა საოცარი ამბები დაატრიალა და შემდეგ ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა…”
     თქვენ წინ გელოდებათ შეხვედრა ერთ ერთ ყველაზე არაორდინალურ, ამოუხსნელ, საინტერესო პერსონაჟთან, ისტორიასთან, რომელიც ბევრ კითხვას გაგიჩენთ და ასევე ბევრ საფიქრალს, პარალელების გავლევა შეიძლება ყველაგან და ყველაფერში, შეიძლება იმდენი პარარელი დაგიგროვდეთ რომ თქვენივე  ქსელში გაებათ, გაგიჩნდებათ ბევრი აზრი და ვარაუდი რომლებსაც საბოლოოდ ვერც უარყოფთ და ვერც დადასტურებას მიიღებთ.

      გამოჩნდება  იოჰან ნაგელი თავისი ყვითელი პიჯაკით და მორჩა!!! თქვენ უკვე დიდი  გაუგებრობაში ამოყოფთ თავს, თუმცა ეს გაუგებრობა დამერწმუნეთ მოგეწონებათ. იოჰან ნაგელი არაერთგვაროვანი პიროვნებაა. ის ხადნახან ძალაინ დიდ აგრესიას იწვევს საზოგადოებაში, რადგან არ იქცევა ისე , როგორც ყველა, არ ლაპარაკობს ისე , როგორც ყველა, არ ფიქრობს ისე ,როგორც ყველა. მისი ინდივიდუალობა ავადმყოფურია , ამიტომაც , ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ , თუ რას მოიმოქმედებს. მას ამ პატარა ქალაქში შეუყვარდება დაგნი შელანდი, ქალი მაღალი ფენიდან. დაგნისაც უყვარდება ნაგელი, მაგრამ ის სხვაზეა დანიშნული. დაგნის მოსწონს ნაგელის განსხვავებულობა ,მაგრამ მაინც არ უმჟღავნებს საკუთარ გრძნობებს, რადგან მისთვის იოჰანი ვერ იქნება ცხოვრების მამაკაცი, რადგან ის „ამ სამყაროდან“ არ არის. ნაგელის ურთიერთობა დაგნისთანაც უცნაურია. ის ყოველთვის თვითდამცირების გზით ცდილობს თავი მოაწონოს მას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოსდის კიდეც.

      იოჰან ნაგელი - იდეალისტია. ამ ადამიანის ადგილი ამ მატერიალურ, სიყალბით აღსავსე სამყაროში არ არის, რის გამოც ის მუდამ განიცდის შინაგან, სულიერ დონეზე განცდილ ტკივილსა და სევდას.. ის მუდმივად საკუთარი თავის  ძიებაშია,  თითქოს მისი ადგილი ერთ პატარა კუნჭულშიც არ გამოინახება. სიკეთის კეთება მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რადგან სიკეთე ნამდვილი სიყვარულის შემადგენელი ნაწილია.

      ნაგელს სურდა ადამიანები უკეთესები ყოფილიყვნენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა , რაც შეეძლო . მას ჰქონდა მოთხოვნილება დახმარებოდა დამცირებულებს . ეს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ამას არ აქვს არც მიზეზი და არც ქვეტექსტი, ეს არავის დასანახად არ ხდება. ეს წმინდა ალტრუისტული მოვლენაა.


Saturday, March 14, 2020

ჯეკ კერუაკი - "გზაზე" Jack Kerouac - "On the road"


        ჯეკ კერუაკი დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ ავტორად არის მიჩნეული. "გზაზე" არის შესანიშნავი წიგნი , მიუხედავად იმისა, რომ კითხვის დროს გაორებული გრძნობით ვკითხულობდი. აი , წარმოიდგინეთ :  გზაზე მიდიხარ გაწერილი მარშუტით ან ექსპრომტად, ტრანსპორტით ან ფეხით, გარკვეული მიზნით ან უმიზნოდ, სამუშაოდ ან დასასვენებლად, ან უბრალოდ მიდიხარ იმიტომ, რომ წასვლა გინდა, იმიტომ რომ გზა შენთვის უფრო მეტია, ვიდრე დანიშნულებამდე მისასვლელი ასფალტი, იმიტომ რომ ბოლო ადგილი არც იცი რა არის და გზაჯვარედინზე იქით მიდიხარ, საითაც გამვლელი ტრანსპორტი  წაგიყვანს.

       ასე უმისამართოდ მიდიან სალ ფარადაიზი და მისი მეგობარი - დინ მორიარტი.თვითონ დინი , ალბათ განსახიერებაა ამ გაორების , რაც მე მემართებოდა. ერთის მხრივ სრულიად დარტყმული,  დროის შეცნობით,  ცხოვრების შეცნობით და შესრუტვით ანთებული ადამიანი , მეორეს მხრივ კი - მხდალი, ეგოისტი, ზოგჯერ თვალთმაქცი...

      დაუგეგმავად არასდროს არსად არ  წავსულვარ, ყოველთვის წინასწარ მაქვს გაწერილი როდის წავალ, სად წავალ და უკან როდის დავბრუნდები.ამიტომ ერთხელ ცხოვრებაში უნდა ჩაალაგო ჩემოდანი და უმისამართოდ სადმე წახვიდე... ვინც ერთხელ მაინც არ წასულა უმიზნოდ გზაზე, ვერასოდეს ვერ გაიგებს უკანასკნელი  15 დოლარის ფასს, ვერასოდეს ილაპრაკებს აღტაცებული და არასდროს აღტაცებული შეძახილი არ წამოცდება. ალბათ უკეთესია ,დინის მსგავსად სამყარო მივიღოთ ისეთი, როგორიც არის –  გადაუმუშავებელი და უფრო მეტ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ.


       ცხოვრებაში ყველასა და ყველაფერს აქვს თავისი გზა –  “წმინდანის გზა, გიჟის გზა, ცისარტყელის გზა, აკვარიუმის თევზის გზა – ნებისმიერი ,გზა შეიძლება იყოს, ეს გზა ყველასთვისაა და ყველგან და ყველანაირად მიდის”. ამ გზაზე ყველა თავისებურად მიდის, როგორც შეუძლია – ისე. 


 სამახსოვრო ფრაზები:
  • მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ.
  • სადაც არ უნდა ვცხოვრობდე, ჩემი ჩემოდანი ყოველთვის საწოლის ქვემოდანაა გამოჩრილი და ყოველთვის მზად ვარ წასასვლელად, ან იმისთვის, რომ გამომაგდონ.
  •  პრობლემები, როგორც შენ ამბობ, განზოგადებული სიტყვაა იმისა, რაშიც ღმერთი არსებობს. მთავარია, არაფერზე დამოკიდებული არ იყო.
  •  სიმშვიდე მოულოდნელად დაისადგურებს, ვერც გაიგებ, როგორ მოვა.
  •  ციხე ის ადგილია, სადაც შენს თავს სიცოცხლის უფლებას ჰპირდები.
  •  დინი სამყაროს ისეთს იღებდა, როგორიც იყო, გადაუმუშავებელს.