Friday, August 25, 2023

კნუტ ჰამსუნი - "პანი" Knut Hamsun - "Pan"

 


              ლიტერატურაში ნაწარმოებების სხვადასხვა აღქმა არსებობს. ზოგი ავტორი ზედმეტად გადაჭრით და ხაზგასმით წარმოაჩენს ყველაფერს, რისი თქმაც უნდა. ზოგი კი ყველაფერს მკითხველს მიანდობს. კნუტ ჰამსუნი მეორე კატეგორიას ეკუთვნის. იგი სათითაო სიტყვას მოზაიკასავით აწყობს, რომ ერთი მთლიანი მშვენიერება შექმნას .  ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ემოციები ისეა აღწერილი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ახდენენ მკითხველზე საჭირო გავლენას.

           სინამდვილეში , "პანი" დიდი ტრაგედიაა. ტრაგედიაა ადამიანის, რომელსაც წასვლა უნდა . წასვლა სამყაროდან, რომელშიც ქალები და კაცები თავს ცივილიზაციას უწოდებენ და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ იგრძნონ დრო და ბუნება საკუთარ თავზე. ტრაგედიაც სწორედ იმაშია, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ცივილიზაცია ყოველთვის მოძებნის გზას შენზე იმოქმედოს. შენ ყოველთვის იმის ნაწილად დარჩები, რასაც გაურბიხარ... ქალები, რომლებიც მთავარი პერსონაჟის - გლენის ცხოვრებაში ჩნდებიან,ყოველთვის ისჯებიან და გლენსაც აზიანებენ. გლენი ისეთი არ არის როგორიც სხვები და თავიდან ეს შეიძლება მომხიბვლელიც კი იყოს , მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ირევა ხოლმე.

       


           ნაწარმოების ბოლოს ისეთი განცდა მქონდა , თითქოს ტალახით დამძიმებული ტანსაცმელი გავიხადე და რაღაცისგან სრულიად დავიცალე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ დასასრული პოზიტიური იყო.  როცა რაღაც საბოლოოდ მთავრდება, ხომ ვიცით , რომ ეს მხოლოდ ახლის დასაწყისია. მე არ ვიცი , ამ ტექსტის იქით როგორ განვითარდება ტომას გლენის ცხოვრება . მისტიციზმი არაფერშუაშია, უბრალოდ ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო გლენის ამბავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ისეთი არასდროს აღარ იქნებოდა , როგორც მაშინ, იმ ტყეში იყო... 



Sunday, August 20, 2023

მარიამ გურგენიშვილი - "მარგალიტები"

 


          ახალგაზრდა ქართველი მწერლების ნაწარმოებებს ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ და ყურადღებით ვარჩევ, თემის მიხედვით,თუმცა, სიმართლე გითხრათ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე ვინ იყო ავტორი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

         წიგნი არაჩვეულებრივი ენით არის დაწერილი, სრულიად ასახავს ქართულ რეალობას, ჩვენს სისუსტეებს, ქალების ცხოვრებას საქართველოში. იმ კომპლექსებს, რაც საუკუნეებია მოგვდევსდა ხალხში ისე გაჯდა , რომ ტრადიციაც კი შეერქვა რამდენიმეს. 

       15 წლის მარგო სვანეთისუბნელი ჩვეულებრივი გოგოა, რომელსაც მწერლობაზე და ანანასეის გასინჯვაზე მეტად არაფერი უნდა ამ ქვეყანაზე. თავისი გარშემომყოფებისგან განსხვავებით, საკმაოდ თავისუფალი აზროვნება და მსოფლმხედველობა აქვს. იცის, რომ დამოუკიდებელი ქალი უნდა იყოს, რელიგიის მიმართაც საკმაოდ სწორ დასკვნებს იღებს და ამის გამო მარგალიტა ბებოსაც ხშირად უშლის ნერვებს. მარგო თავის ოჯახზე , უბანსა და საახლობლოზე ყვება ისტორიებს, რომლებიც იმდენად გულწრფელია, ხან გაგაცინებთ, ხანაც აგატირებთ.


           ავტორს კარგად აქვს 90 - იანების ეპოქა აღწერილი. იმ დროინდელ ყველა პრობლემას ეხება, საბჭოური აზროვნება, ყველგან კაცის დომინაცია, გოგოების მოტაცება, კანონიერი ქურდობა,გავლენის არმქონე ოჯახის დაუცველობა და მრავალი სხვა გვხვდება ამ საოცარ ამბავში.შეუძლებელია, შენც არ განიცდიდე ამ პერსონაჟებთან ერთად,რადგან  ვხედავ რომ მათთვის ბავშვობა და დიდობა ერთმანეთში იმდენადაა შერწყმული, ბოლომდე ვერც ერთს ვერ ირგებენ და ვერც მეორეს...

          თუ თქვენმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამაც ამ ბნელ პერიოდში ჩაიარა, წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თვალის დახუჭვაც კი საკმარისია, დროში და სივრცეში რომ იმოგზაუროთ და 30 წლის წინანდელ კუკიის უბანში გაატაროთ ტკბილ-მწარე სევდით შეზავებული რამდენიმე საათი.



Thursday, August 17, 2023

ჰარუკი მურაკამი - "ნაწყვდიადევს" Haruki Murakami - "After dark"

 


       წიგნი ღამის ტოკიოში იდუმალ შეხვედრებზე დაწერილი რომანია. ამ რომანის ყველა ამბავი ერთ ღამეში ხდება. ეს არის ისტორია ღამის ქალაქზე. ისტორა, რომელსაც არა აქვს დასასრული და დასაწყისი. თუმცა , არ დაგრჩებათ რამის დანაკლისის შეგრძნება.

       გიფიქრიათ იმაზე ან გქონიათ შეგრძნება ,რომ ტელევიზორში ხართ? ან ვინმე საგულდაგულოდ გაკვირდებათ? რომანში ზუსტად "სხვისი" თვალით დანახულ ამ ერთი ღამის ამბავს დაინახავთ.

       რაც შეეხება წიგნის შინაარსს: ერთ ჩვეულებრივ ვარსკვლავიან ღამეს ახალგაზრდა, ცხრამეტი წლის გოგონა, სახელად მერი, მარტო ატარებს ღამეს ქალაქში, როდესაც მისთვის სრულიად უცნობ ბიჭს გადაეყრება. მალევე გაირკვევა რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ. მეტიც, მერის დის ძველი მეგობარია ტაკაჰაში. ისინი ამ ღამეს , ნაწილობრივ ერთად გაატარებენ.თითქოს უბრალო ღამეში ზედმეტად  ბევრი ამბავი ხდება. არის მისტიკა, ინტრიგა და ცოტა რომანტიკაც. 


        მერი ასაიას დას უკვე ორი თვეა ღრმა ძილით სძინავს. ის არც კომაშია და არც მკვდარი. იგი ცოცხალი და ჯანმრთელია.უბრალოდ ძალიან ღრმად, შეიძლება უსასრულოდაც კი სძინავს. ან შეიძლება ეს მხოლოდ მოჩვენებითი ძილია და სინამდვილეში ის დროდადრო საწოლიდანაც კი დგება... 

       საინტერესოა , თქვენ რას იზამდით თუ ერთხელაც ძალიან , ძალიან ღრმა ძილს მიეცემოდით? ორი თვე  ან უფრო მეტიც, უბრალოდ მშვიდად , წყნარად გეძინებოდათ და სიზმრების გარდა ამქვეყნიურს ვერაფერს ნახავდით?! 


         ცოტა ამ წიგნის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა აზრი წაკითხვის შემდეგ შემეცვალა. ძალიან სწრაფად იკითხება და საკმაოდ საინტერესოა.საოცარი მუხტი აქვს , საკმაოდ განსხვავებული.დარწმუნებული ვარ ინტრიგაში მყოფებს დაგტოვებთ. 






Monday, August 14, 2023

ნილ გეიმანი - "კორალაინი" Neil Gaiman - "Coraline"

 


          ზოგადად, ნილ გეიმანი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია. ძალიან მიყვარს მისი წიგნების კითხვა, ზუსტად იმის გამო, რომ ცხოვრებას ძალიან სხვანაირად უყურებს და ამ ყველაფერს შემდეგ ფურცელზე გადმოტანით გვიზიარებს.  მართლაც , რომ ზღაპრები იმაზე დიდი რეალობაა, ვიდრე ჩვენ გვგონია, რადგან ისინი გვარწმუნებენ, რომ ბოროტების დამარცხება შესაძლებელია და ყველა სიტუაციიდან არსებობს რაღაც გზა, რომლითაც თავს დააღწევ ამ ყველაფერს.

         ახლა რაც შეეხება თავად წიგნს : კორალაინი ერთი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომლის მშობლებიც მუდამ დაკავებულები იყვნენ და წესიერი სადილის მოსამზადებლადაც კი ვერ იცლიდნენ. ახალ სახლში გადასვლის შემდეგაც დიდად არაფერი შეცვლილა - მხოლოდ უცნაური მეზობლები - თაგვების მწვრთნელი მოხუცი და  ოდესღაც ცნობილი მსახიობი ქალები - შეემატნენ კოროლაინის ყოველდღიურ , ნაცრისფერ ცხოვრებას. ნამდვილი ცვლილებები კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო. 


         კოროლაინმა , როგორც "დიდმა მკვლევარმა" კარი აღმოაჩინა , რომლის იქით თითქოს იგივე სამყარო დახვდა. ერთადერთი , იქაური დედა კარგი კულინარი და გამრთობი აღმოჩნდა,მერე რა თუ თვალების ნაცვლად ღილები ჰქონდა. მამა და მეზობლებიც სულ სხვანაირები გახდნენ. კორალაინიც თავს ბედნიერად გრძნობდა, სანამ "სხვა" დედამ , ისეთი თვისებები არ გამოავლინა , რომელიც ბოროტ კუდიანებსაც კი შეშურდებოდათ. კორალაინსაც მეტი რა დარჩენოდა - ვითომ დედის მიერ მოტაცებული ბავშვების სულები და მოულოდნელად დაკარგული მშობლები უნდა გამოეხსნა. დახმარებას კი, მხოლოდ შავი კატისა და მოხუცი მსახიობების მიერ ნაჩუქარი ნივთისგან ელოდა. 


         არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ წიგნს აქვს საოცარი ილუსტრაციები, რაც მის წაკითხვას უფრო განსაკუთრებულს და საინტერესოს ხდის. ვისაც ფენტეზი და თავგადასავლები გხიბლავთ , მოგეწონებათ.




Thursday, August 10, 2023

ჰერმან ჰესე - ზიდჰარტა" Hermann Hesse - "Siddhartha"

 


           "ზიდჰარტა"  ჰერმან ჰესეს ცნობილი ნაწარმოებია. იგი დაწერილია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპაში დასავლური ღირებულებების კრიზისი იდგა. ამ ნაწარმოებში ასახულია ინდური და ჩინური სულიერი სამყაროს სიყვარული და სიღრმისეული ცოდნა. ჰერმან ჰესეს მიზანი იყო ის, რომ მოეძებნა და მიეკვლია იმისთვის, რაც ყველა რელიგიას ერთმანეთთან აერთიანებს და აკავშირებს.

           ზიდჰარტა იყო ბრაჰმანის მშვენიერი ვაჟი, იზრდებოდა მზიან ჭალაში ნავებთან, სალის ჩრდილიან ტყეში, ლეღვის ხის ჩეროში.იგი ყველას უყვარდა და ყველასთვის სასურველი იყო, მაგრამ თავად ის არ ატარებდა გულით სიხარულს. ის გრძნობდა , რომ მამისა და დედის სიყვარული ყოველთვის და სამუდამოდ ვერ გააბედნიერებდა. თანდათან იმასაც ხვდებოდა, რომ მისმა მამამ და სხვა მასწავლებლებმა, ბრძენმა ბრაჰმანებმა მას უმეტესი და უდიდესი  სიბრძნეები უკვე გაუზიარეს, მაგრამ მისი სული ჯერ არ იყო დაწყნარებული...


          ზიდჰარტა გადაწყვეტს , რომ მიატოვოს თავისი ოჯახი, წავიდეს ასკეტებთან და გახდეს სამანა, რომ შეიცნოს სიცოცხლის ჭეშმარიტება. ამ დიდ მოგზაურობაში მასთან ერთად მიდის მისი მეგობარი - გოვინდა. ეს გზა ზიდჰარტამ დიდ მარხვაში გაატარა, თავისი სამოსი ღატაკს აჩუქა, თავად კი არდაგით შეიმოსა. მას მხოლოდ ერთადერთი სურვილი ჰქონდა - დაცლილიყო ოცნებისგან, სიხარულისგან და მწუხარებისგან.

          ასევე, ამ წიგნში ძალიან ღრმადაა გაშლილი ბუდას ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე -7 საუკუნეში იწყება განდეგილობა, რაც მანამდე არ არსებობდა და ზოგადად მონასტრულ ცხოვრებას ამბობენ, რომ ბუდამ ჩაუყარა საფუძველი. რაც შეეხება ბუდას, მხოლოდ მე -19 საუკუნეში აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ინგლისელებმა. ნეპალთან ახლოს და ამით დამტკიცდა , რომ იგი ნამდვილად არსებობდა და არ იყო მითიური პიროვნება.

         


          ამ ნაწარმოებში პირისპირ აღმოჩნდებით ყველა იმ კითხვასთან , რომელიც ადამიანს დასაბამიდან აწუხებს : რა არის სიცოცხლე , რისთვის მოვევლინეთ ამ სამყაროს , რა არის სიცოცხლის აზრი და სხვა მრავალი... ალბათ არ არსებობს ადამიანი , რომელიც არ დაფიქრებულა წუთისოფლის არსებობის მნიშვნელობაზე. ზიდჰარტა გადის უდიდეს გზას და ამ გზაზე საოცარ სიბრძნეს ეზიარება, რომელსაც საბოლოოდ მიჰყავს იმ აღმოჩენამდე , რომ ჭეშმარიტება სიყვარულშია, სამყაროს სიყვარულში.

     


Wednesday, August 2, 2023

დანიელ გლატაუერი - "ჩრდილოეთის ქარს უხდება"

 


            "ჩრდილოეთის ქარს უხდება"  ავსტრიელი მწერლის დანიელ გლატაუერის რომანია, რომელმაც გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა. ეს არის წიგნი ორი ადამიანის ისტორიაზე , რომლის მსგავსიც ჯერ არ გექნებათ წაკითხული. დარწმუნებული ვარ, როცა მკითხავენ თუ რომელია ჩემი საყვარელი წიგნი , ერთ-ერთს სწორედ ამ წიგნს დავასახელებ. წიგნი სრულიად განსხვავებულ ფორმატშია დაწერილი - მეილების სახით. 

            წიგნი მოგვითხრობს ორ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანზე . მათი მიმოწერა ერთი ასოს არასწორად დაწერის გამო იწყება და გადაიზრდება ვირტუალურ სასიყვარულო ურთიერთობაში თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ... ეს ურთიერთობა საკმაოდ ამაღელვებელი, უცნაური და განსხვავებულია.

          რომანის გმირები ემი და ლეო არიან.მათ ერთმანეთის ფოტოც არ აქვთ ნანახი, მაგრამ მიმოწერის დროს იმდენად უგებენ ერთმანეთს, რომ იმასაც კი ხვდებიან თუ როგორი ხმა ექნება მეორეს.


            ლეო მარტოხელა კაცია, ემი კი "ბედნიერად გათხოვილია" და მეუღლის ორ ბავშვსაც ზრდის..შეხვდებიან თუ არა ლეო და ემი რეალურ სამყაროში ერთმანეთს ან როგორი გაგრძელება ექნება მათ სიყვარულს, წიგნში აღმოაჩენთ. დასასრული კი ნამდვილად სახტად დაგტოვებთ. ბოლო გვერდი რომ გადავშალე და ცარიელი დამხვდა, რამდენიმე ემოციამ ერთდროულად შემომიტია - სიბრაზემ, იმედგაცრუებამ და ალბათ სამართლიანობამაც...  

         წიგნი საკმაოდ სასიამოვნოდ და მარტივად იკითხება. შეტყობინების გაგზავნისას ფრთხილად იყავით, არაფერი შეგეშალოთ, თორემ ერთ ასოსაც კი შეუძლია თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. ძალიან მაგარი წიგნების სერიას ეს წიგნი ნამდვილად ამართლებს.