Sunday, August 20, 2023

მარიამ გურგენიშვილი - "მარგალიტები"

 


          ახალგაზრდა ქართველი მწერლების ნაწარმოებებს ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ და ყურადღებით ვარჩევ, თემის მიხედვით,თუმცა, სიმართლე გითხრათ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე ვინ იყო ავტორი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

         წიგნი არაჩვეულებრივი ენით არის დაწერილი, სრულიად ასახავს ქართულ რეალობას, ჩვენს სისუსტეებს, ქალების ცხოვრებას საქართველოში. იმ კომპლექსებს, რაც საუკუნეებია მოგვდევსდა ხალხში ისე გაჯდა , რომ ტრადიციაც კი შეერქვა რამდენიმეს. 

       15 წლის მარგო სვანეთისუბნელი ჩვეულებრივი გოგოა, რომელსაც მწერლობაზე და ანანასეის გასინჯვაზე მეტად არაფერი უნდა ამ ქვეყანაზე. თავისი გარშემომყოფებისგან განსხვავებით, საკმაოდ თავისუფალი აზროვნება და მსოფლმხედველობა აქვს. იცის, რომ დამოუკიდებელი ქალი უნდა იყოს, რელიგიის მიმართაც საკმაოდ სწორ დასკვნებს იღებს და ამის გამო მარგალიტა ბებოსაც ხშირად უშლის ნერვებს. მარგო თავის ოჯახზე , უბანსა და საახლობლოზე ყვება ისტორიებს, რომლებიც იმდენად გულწრფელია, ხან გაგაცინებთ, ხანაც აგატირებთ.


           ავტორს კარგად აქვს 90 - იანების ეპოქა აღწერილი. იმ დროინდელ ყველა პრობლემას ეხება, საბჭოური აზროვნება, ყველგან კაცის დომინაცია, გოგოების მოტაცება, კანონიერი ქურდობა,გავლენის არმქონე ოჯახის დაუცველობა და მრავალი სხვა გვხვდება ამ საოცარ ამბავში.შეუძლებელია, შენც არ განიცდიდე ამ პერსონაჟებთან ერთად,რადგან  ვხედავ რომ მათთვის ბავშვობა და დიდობა ერთმანეთში იმდენადაა შერწყმული, ბოლომდე ვერც ერთს ვერ ირგებენ და ვერც მეორეს...

          თუ თქვენმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამაც ამ ბნელ პერიოდში ჩაიარა, წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თვალის დახუჭვაც კი საკმარისია, დროში და სივრცეში რომ იმოგზაუროთ და 30 წლის წინანდელ კუკიის უბანში გაატაროთ ტკბილ-მწარე სევდით შეზავებული რამდენიმე საათი.



No comments:

Post a Comment