Thursday, August 10, 2023

ჰერმან ჰესე - ზიდჰარტა" Hermann Hesse - "Siddhartha"

 


           "ზიდჰარტა"  ჰერმან ჰესეს ცნობილი ნაწარმოებია. იგი დაწერილია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპაში დასავლური ღირებულებების კრიზისი იდგა. ამ ნაწარმოებში ასახულია ინდური და ჩინური სულიერი სამყაროს სიყვარული და სიღრმისეული ცოდნა. ჰერმან ჰესეს მიზანი იყო ის, რომ მოეძებნა და მიეკვლია იმისთვის, რაც ყველა რელიგიას ერთმანეთთან აერთიანებს და აკავშირებს.

           ზიდჰარტა იყო ბრაჰმანის მშვენიერი ვაჟი, იზრდებოდა მზიან ჭალაში ნავებთან, სალის ჩრდილიან ტყეში, ლეღვის ხის ჩეროში.იგი ყველას უყვარდა და ყველასთვის სასურველი იყო, მაგრამ თავად ის არ ატარებდა გულით სიხარულს. ის გრძნობდა , რომ მამისა და დედის სიყვარული ყოველთვის და სამუდამოდ ვერ გააბედნიერებდა. თანდათან იმასაც ხვდებოდა, რომ მისმა მამამ და სხვა მასწავლებლებმა, ბრძენმა ბრაჰმანებმა მას უმეტესი და უდიდესი  სიბრძნეები უკვე გაუზიარეს, მაგრამ მისი სული ჯერ არ იყო დაწყნარებული...


          ზიდჰარტა გადაწყვეტს , რომ მიატოვოს თავისი ოჯახი, წავიდეს ასკეტებთან და გახდეს სამანა, რომ შეიცნოს სიცოცხლის ჭეშმარიტება. ამ დიდ მოგზაურობაში მასთან ერთად მიდის მისი მეგობარი - გოვინდა. ეს გზა ზიდჰარტამ დიდ მარხვაში გაატარა, თავისი სამოსი ღატაკს აჩუქა, თავად კი არდაგით შეიმოსა. მას მხოლოდ ერთადერთი სურვილი ჰქონდა - დაცლილიყო ოცნებისგან, სიხარულისგან და მწუხარებისგან.

          ასევე, ამ წიგნში ძალიან ღრმადაა გაშლილი ბუდას ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე -7 საუკუნეში იწყება განდეგილობა, რაც მანამდე არ არსებობდა და ზოგადად მონასტრულ ცხოვრებას ამბობენ, რომ ბუდამ ჩაუყარა საფუძველი. რაც შეეხება ბუდას, მხოლოდ მე -19 საუკუნეში აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ინგლისელებმა. ნეპალთან ახლოს და ამით დამტკიცდა , რომ იგი ნამდვილად არსებობდა და არ იყო მითიური პიროვნება.

         


          ამ ნაწარმოებში პირისპირ აღმოჩნდებით ყველა იმ კითხვასთან , რომელიც ადამიანს დასაბამიდან აწუხებს : რა არის სიცოცხლე , რისთვის მოვევლინეთ ამ სამყაროს , რა არის სიცოცხლის აზრი და სხვა მრავალი... ალბათ არ არსებობს ადამიანი , რომელიც არ დაფიქრებულა წუთისოფლის არსებობის მნიშვნელობაზე. ზიდჰარტა გადის უდიდეს გზას და ამ გზაზე საოცარ სიბრძნეს ეზიარება, რომელსაც საბოლოოდ მიჰყავს იმ აღმოჩენამდე , რომ ჭეშმარიტება სიყვარულშია, სამყაროს სიყვარულში.

     


No comments:

Post a Comment