Friday, August 25, 2023

კნუტ ჰამსუნი - "პანი" Knut Hamsun - "Pan"

 


              ლიტერატურაში ნაწარმოებების სხვადასხვა აღქმა არსებობს. ზოგი ავტორი ზედმეტად გადაჭრით და ხაზგასმით წარმოაჩენს ყველაფერს, რისი თქმაც უნდა. ზოგი კი ყველაფერს მკითხველს მიანდობს. კნუტ ჰამსუნი მეორე კატეგორიას ეკუთვნის. იგი სათითაო სიტყვას მოზაიკასავით აწყობს, რომ ერთი მთლიანი მშვენიერება შექმნას .  ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ემოციები ისეა აღწერილი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ახდენენ მკითხველზე საჭირო გავლენას.

           სინამდვილეში , "პანი" დიდი ტრაგედიაა. ტრაგედიაა ადამიანის, რომელსაც წასვლა უნდა . წასვლა სამყაროდან, რომელშიც ქალები და კაცები თავს ცივილიზაციას უწოდებენ და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ იგრძნონ დრო და ბუნება საკუთარ თავზე. ტრაგედიაც სწორედ იმაშია, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ცივილიზაცია ყოველთვის მოძებნის გზას შენზე იმოქმედოს. შენ ყოველთვის იმის ნაწილად დარჩები, რასაც გაურბიხარ... ქალები, რომლებიც მთავარი პერსონაჟის - გლენის ცხოვრებაში ჩნდებიან,ყოველთვის ისჯებიან და გლენსაც აზიანებენ. გლენი ისეთი არ არის როგორიც სხვები და თავიდან ეს შეიძლება მომხიბვლელიც კი იყოს , მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ირევა ხოლმე.

       


           ნაწარმოების ბოლოს ისეთი განცდა მქონდა , თითქოს ტალახით დამძიმებული ტანსაცმელი გავიხადე და რაღაცისგან სრულიად დავიცალე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ დასასრული პოზიტიური იყო.  როცა რაღაც საბოლოოდ მთავრდება, ხომ ვიცით , რომ ეს მხოლოდ ახლის დასაწყისია. მე არ ვიცი , ამ ტექსტის იქით როგორ განვითარდება ტომას გლენის ცხოვრება . მისტიციზმი არაფერშუაშია, უბრალოდ ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო გლენის ამბავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ისეთი არასდროს აღარ იქნებოდა , როგორც მაშინ, იმ ტყეში იყო... 



No comments:

Post a Comment