Tuesday, February 13, 2024

ა.ს.ა. ჰარისონი - "მდუმარე ცოლი" A.S.A Harrison - "The silent wife"

 


          "მდუმარე ცოლი" სიუზან ჰარისონის პირველი და სამწუხაროდ უკანასკნელი ფსიქოლოგიური თრილერია.  თუ თრილერები მოგწონთ მძაფრი სიუჟეტით,სისხლით, გამოძიებით, ინტრიგებითა და დევნით, მაშინ ეს წიგნი თქვენთვის არაა. აქ პირველივე გვერდებზე გვეუბნება ავტორი, ვინ უნდა მოკვდეს და ვინ აპირებს მკვლელობას. მიზეზსაც მეტნაკლებად ეუბნებიან მკითხველს. ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს : აბა, რატომ უნდა წავიკითხო ეს წიგნი თუ თავიდანვე ყველაფერი ცნობილია? იმიტომ, რომ  ეს ფსიქოლოგიური თრილერია. აქ მთავარი მოქმედება ადამიანების ქვეცნობიერში, გონებაში და თავში იხარშება. მნიშვნელოვანი სწორედ ის გზაა, რომელსაც ჯოდი (ცოლი) გადის მკვლელად ჩამოყალიბებამდე. ან იქნებ , ჯოდის ქვეცნობიერში ყოველთვის ცხოვრობდა მკვლელი, მაგრამ ჯოდი ამას საგულდაგულოდ მალავდა?! 

          ჯოდი არის ცოლი, რომელსაც პრობლემები არ უყვარს. პრობლემებს არ აღიარებს. სიძნელეებს იგნორირებით პასუხობს. მისი მიდგომა - არა მტვერის მოწმენდა , არამედ ხალიჩის ქვეშ ამ მტვერის დამალვაა. მისი მთავარი იარაღი - დუმილი და სიმშვიდეა, რომლითაც ის ყველა გამოწვევას უმკლავდება. ქმარი ღალატობს? - მერე რა , გაერთობა და მაინც ჩემთან მოვა ღამით! უამრავი ქალი ჰყავდა მის გარდა? მერე რა, ბოლოს ხომ ყოველთვის ჯოდისთან არის! ჯოდი კი საღამოს გემრიელ სადილსა და ოჯახურ სითბოს ახვედრებს.  ჯოდის სჭირდება ვინმე, ვისზეც იზრუნებს - ეს ტოდია. ქმარს აქვს კომფორტი, რომელზეც არცერთი მამრი არ იტყოდა უარს.


          ტოდი ორმოც წელს გადაცილებული კაცია, რომელსაც კვლავ სურს იყოს დამპყრობელი, ისევ იგრძნოს თავი ახალგაზრდად და ამ კომპლექსს სხვადასხვა ქალთან ურთიერთობით თრგუნავს. მას ყოველთვის ეგონა, რომ მისი წყნარი ცოლი ვერ ხვდებოდა მის თავშეკავებულობას. თავისი ხასიათის თავისებურებებს კი მუდმივად ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრამვებით ხსნიდა.  საკმაოდ საშიშია ფსიქოანალიტიკოს ცოლთან ერთ სახლში ცხოვრება და ტყუილების თქმა...

         პრობლემები მაშინ იწყება , როცა ტოდი ყველანაირ ზღვარს და წიტელ ხაზებს გადაკვეთს. ის საუკეთესო მეგობრის 22 წლის სტუდენტ ქალიშვილთან გააბამს რომანს და ეს გოგონა მისგან შვილს ელოდება... ამას დაემატება ისიც, რომ ჯოდი და ტოდი არაოფიციალურ ქორწინებაშ იმყოფებიან და რეალურად ცოლ-ქმარი არ არიან. ჯოდის კომფორტის ზონა ინგრევა. ის კარგავს ზრუნვის ობიექტს, მყუდრო სახლს, სადაც ცხოვრების ბოლო ათწლეულები გაატარა, მალე დაატოვებინებენ. მან რამე უნდა მოიმოქმედოს... სწორედ ამ დროს , ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ჯოდის ქვეცნობიერიდან ამოდის მისი მიჩქმალური, გამომწყვდეული, ბავშვობაში ტრავმირებული და დავიწყებას მიცემული მეორე "მე"... 

       მე, რომელსაც აქტიური თრილერები უფრო ბევრად მიზიდავს, ძალიან მომეწონა ეს წიგნი. ვერ ვიტყვი , რომ სწრაფად იკითხება,მაგრამ ეფექტი დიდი მოახდინა ნამდვილად. დარწმუნებული ვარ , ჩვენს საზოგადოებაშიც უხვად მოიძებნებიან ქალბატონები, რომლებიც ჯოდის მსგავსად ბევრ წყენასა და ჩაგვრას იტანენ ქმრებისგან. და ნურავის გუჩნდება შეგრძნება , რომ ჯოდი თავის ქმარზე ნაკლებად უარყოფითი პერსონაჟია. სწორედ ისაა მიზეზი იმისა, რომ ქმარს აქვს საშუალება და ლამის უსიტყვო ნებართვა აკეთოს ის, რაც უნდა. ჯოდიმ საკუთარ თავზე და თავმოყვარეობაზე მაღლა პირადი კომფორტი და კეთილდღეობა დააყენა. 



No comments:

Post a Comment