Tuesday, February 4, 2025

ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი"

 


        დიდი ხანია წიგნის სიუჟეტს არ ავუტირებივარ ... ზოგადად ეს ჩემთვის არც ისე ხშირად ხდება, მაგრამ თუ ვინმე მოახერხებდა ამას, ნამდვილად ჯემალ ქარჩხაძე და მისი კალამი. ჯემალ ქარჩხაძე შეუდარებელი!!! სამყაროს არცერთი ვარსკვლავი არ მენანება ამ წიგნისთვის... 

        მთელი ნაწარმოები აბელის ამბავია. ოღონდ ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ეს ბიჭი მიდის , შენ მიჰყვები, მაგრამ სანამ ფინალამდე მივა, ბევრგან უხვევს, იხლართავს გზას ისტორიებით, შენც სულმოუთქმელად მიჰყვები , სიარულში თანდათან იცვლება, გადასხვაფერდება, იზრდება, სხვა პერსონაჟები ნელ-ნელა ჩნდებიან, მიყჰყვებიან და ბოლოს როცა მათი რაოდენობა პიკს აღწევს, მალევე ყველა ერთად ქრება და აბელი ისევ განაგრძობს გზას...

"ჩვენ ხშირად სისულელე და ოპტიმიზმი ერთმანეთში გვერევა და ბოლო საფეხურიდან პირდაპირ კიბის თავში გვინდა მოვექცეთ. შუაში კი ათასი საფეხურია. დღეს შეიძლება რომელიმე საფეხურს გადავახტეთ კიდეც და გაგვიხარდეს, მაგრამ ხვალ უკან დაბრუნება მოგვიხდება." 

 


        ეს წიგნი საკუთარი თავის პოვნაზე , ინდივიდად ჩამოყალიბების ამბავია.  ფიზიკის ფაკულტეტიდან სამსახიობოზე გადადის აბელი და შემდეგ რაიონის თეატრში იწყებს მუშაობას. მანამდე სკოლაში მირიანის ისტორიაა, ამბავი, რომელიც წიგნის ბოლომდე გახსოვს... ისეთი შეგრძნება გაქვს , რომ არცერთი ეპიზოდური გმირიც კი არ შემოდის შემთხვევით. ყველას თავისი ფუნქცია აქვს, თითოეული ადამიანი თითქოს თავის ფუნჯს უსვამ აბელს , მის პიროვნებას... 

"ჩემი თეორიის მიხედვით , ადამიანს არავითარი დანიშნულება არ აქვს. უბრალოდ , სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს ბადებს. ეს სურვილი კი სასაცილოა, რადგან ხვალ მე და თქვენ სცენაზე გავალთ და სეირის საყურებლად მოგროვილი ბრბოს წინაშე, სერიოზული სახით მოვყვებით კუნტრუშს."

    გედეონ რევია , რომელიც წიგნში ჩემი საყვარელი პერსონაჟია არის გონება . სამსონი , რომელიც გამუდმებით ეწინააღმდეგება მას არის - სული. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად კამათობენ, ერთმანეთის გარეშე ვერ ახერხებენ არსებობას და მერე როცა რაღაცეები ირევა , როცა ადამიანები აბელის ცხოვრებიდან გადიან, ვეღარავინ ანაცვლებს მათ. გარკვეული ასაკის შემდეგ ერთი ადამიანის მეორეთი ჩანაცვლება ძნელდება. ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ერთგვარ წესრიგს ქმნის შენს ცხოვრებაში, ამიტომაც რომელიმეს გამოკლება, ცვლის გარემოს და გცვლის შენც... 


       როცა აბელი ისევ ბრუნდება თბილისში, ყველაფერი შეცვლილი ხვდება... ლადო მენაბდეს , რომელიც მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო, სხვა ფერის ფუნჯებით მოუხატავს თავისი პიროვნება და სრულიად უცხო რჩება... ყველა ბრუნდება იქ , საიდანაც დაიწყო , ალბათ , იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს , აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე... 

        ქარჩხაძის შემოქმედება ერთხელ წასაკითხად საკმარისი არასდროს არ არის . სულ გენატრება, სულ კითხვებით გავსებს, გაფიქრებს, გინდა მიუბრუნდე, კითხულობ და ყოველი წაკითხვისას, ყოველ ჯერზე, კიდევ უფრო მეტად ხდები ადამიანი. 


სამახსოვრო ფრაზები :

  • ჩვენ გამუდმებით მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ.
  • სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა, ყველაფერი იოლია.
  • სამყაროს არსებობა მარადიული უკან დაბრუნებაა.
  • თავმოყვარეობა მაშინაც გვიკრძალავს ტირილს, როცა მარტო ვართ, რადგან საკუთარი თავიც სახიფათო მოწმეა.
  • ოცნება შეგიძლია თავიდან დაიწყო და რაღაც ახალი , თუნდაც სულ მცირე და უმნიშვნელო ნიუანსებით გაამდიდრო,რეალურ ეპიზოდს კი თავიდან ვერ დაიწყებ, რეალური ეპიზოდი მხოლოდ ერთხელ გათამაშდება.
  • კაცს ზოგჯერ სულის საზრდო და სულის გამაღიზიანებელი ერთმანეთში ერევა.
  • ჭეშმარიტი მსახიობი დეზერტირია,რომელიც საკუთარ თავს თვალს ვერ უსწორებს და ამიტომ ნიღბების ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად.
  • სიცოცხლის არსებობის ერთადერთი უტყუარი საბუთი არის სიკვდილი. სცენაზე კი სიკვდილი არ არსებობს.
  • ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თუ რწმენა და ნამდვილი სურვილი აქვს.
  • ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში.
  • თეატრი ლანდების სამეფოა. ლანდი კი სხეულის ანარეკლია, სულს ანარეკლი არ აქვს.
  • მსახიობობა თურმე ღმერთის უარყოფა ყოფილა. ღმერთმა ადამიანი შექმნა ასეთი და ასეთი , მან კი ადგა და გრიმი გაიკეთა.
  • ხასიათი შეიძლება კაცმა ყელსაბამივით მოიხსნა და მის მაგივრად სხვა ყელსაბამი ჩამოიკიდო.
  • კაცი ან ქუჩაში უნდა ცხოვრობდე ან საზოგადოებაში . იქაც და აქაც არ შეიძლება.
  • ხალხი ორ კატეგორიად იყოფა : ერთი ხვალინდელ დღეს ამზადებს, მეორე კი ხვალინდელი დღისთვის ემზადება.
  • წარსულისკენ რაც შეიძლება იშვიათად უნდა გაიხედო. წარსულის ცქერამ გაბრუება იცის.
  • ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ.

No comments:

Post a Comment