ამ წიგნში მთავარი თემებია : მეორე მსოფლიო ომი, ადამიანი, ჰუმანურობა, ურთიერთობები, სიყვარული, ავადმყოფობა, სიღარიბე და ხელოვნება... რომანი ხასიათდება დახვეწილი წერის სტილით. აქ მრავლად შეხვდებით ფილოსოფიურ ნააზრევს, უამრავ საინტერესო ეპიზოდს, აწმყოში წარსულის მისტიკური ისტორიების გაცოცხლებასა და ადამიანთათვის დამახასიათებელ ჰუმანურობას.
წიგნის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვითარდება, ფლორენციის მახლობლად , მიტოვებულ ვილაში, სადაც ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ , სასწაულებრივად გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანი: კანადელი ქურდი და გამნაღმველი იმყოფებიან. ეს წიგნიც მთლიანობაში ამ ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების შესახებაა, რომელთაც ომი აერთიანებთ და მისგან დაღდასმულნი უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ წარსულსა და ტკივილს.
წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ რამხელა ძალა აქვს ომს, როგორ ფიტავს და ანადგურებს ის თითოეულ ადამიანს, აკარგვინებს მათ პირვანდელ სახეს და სრულიად სხვა პიროვნებებად აყალიბებს. ომი, ისევე როგორც სიყვარული, შინაგანად წვავთ მათ, დამწვარი სულის ტკივილი კი გაცილებით მტანჯველი და აუტანელია, ვიდრე დამწვარი კანისა, რომელსაც ადამიანი მთლიანი სხეულით შეიგრძნობს.
"ომიანობის დროს ღალატი მოსატანიც არაა იმ ღალატთან , რაც ადამიანებს მშვიდობიანობის დროს გვახასიათებს"



No comments:
Post a Comment