Thursday, February 19, 2026

პიტერ კერი - "კელის საძმოს უტყუარი ამბავი" Peter Carey - "True History Of The Kelly Gang"

 


         ნედ კელი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეამბოხე და მოძალადე-ყაჩაღი იყო მე-19 საუკუნეში. თუმცა, წიგნში , იგი წარმოჩენილია როგორც ტრაგიკული პიროვნება. ავტორი გვთავაზობს არა ოფიციალურ ამბავს , არამედ პერსონაჟის შინაგან ხმას, მის აღსარებას, რომელიც თითქოს შვილისთვისაა დაწერილი. სწორედ ეს ფორმა აძლიერებს ტექსტის ემოციას და გვაიძულებს მოვლენებს სხვა თვალით შევხედოთ. 

       ნედ კელი ერთი მხრივ - კრიმინალია, რომელიც არღვევს კანონს და ძალადობას მიმართვას. მეორე მხრივ კი, იგი არის სიღარიბეში გაზრდილი ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს ოჯახისა და ღირსების დაცვას.  მისი ბავშვობა სავსეა უსამართლობითა და დევნით.  სახელმწიფო სისტემის მხრიდან მუდმივი ზეწოლა და პოლიციის მტრული დამოკიდებულება  მას ნელ-ნელა აყალიბებს მეამბოხედ. ასე ავტორი გვიჩვენებს , რომ გარემო და სოციალური პირობები  დიდ გავლენას ახდენს ადამიანის არჩევანზე. 

        რომანში მნიშვნელოვანია  სიმართლის მრავალი მხარე. სათაურშივე გამოყენებული სიტყვა "უტყუარი" ირონიულად ჟღერს, რადგან მკითხველი აცნობიერებს , რომ ეს მხოლოდ ნედის ვერსიაა.  ავტორი გვაფიქრებს : ნუთუ არსებობს ობიექტური სიმართლე?! ისტორია ხშირად იწერება გამარჯვებულთა მიერ, ხოლო დამარცხებულთა ხმა იკარგება... კერის ტექსტი კი სწორედ ამ დაკარგული ხმის დაბრუნების მცდელობაა. 


       ნედ კელის ტრაგედია იმაში მდგომარეობს , რომ იგი ერთდროულად არის მსხვერპლიც და დამნაშავეც. მისი მიზანი შეიძლება სამართლიანი იყოს  - ოჯახის დაცვა და ღირსების შენარჩუნება , მაგრამ მის მიერ არჩეული გზა ძალადობითაა სავსე.  ეს შინაგანი წინააღმდეგობა ქმნის ტრაგიკულ გმირს , რომელიც საკუთარ პრინციპებს ეწირება...

       დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას , რომ წიგნი არ გვაძლევს მარტივ პასუხს კითხვაზე - იყო თუ არა ნედ კელი გმირი. რომანი გვაფიქრებს ადამიანის ბუნებაზე , სოციალური უსამართლობის შედეგებზე და იმაზე , თუ როგორ ყალიბდება ლეგენდა ისტორიისგან. 



No comments:

Post a Comment