Thursday, April 30, 2020

შტეფან ცვაიგი - "უცნობი ქალის წერილი" Stefan Zweig - "Letter from an unknown woman"


          თუ 2-3 თავისუფალი საათი გაქვთ და არც იცით, რაში დახარჯოთ, შეგიძლიათ „უცნობი ქალის წერილები” წაიკითხოთ. დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ მეტად პატარა ნოველამ, რომელიც სულ რაღაც, თუ ზუსტად მახსოვს, ერთ საათში დავასრულე, მახოსვს ჩემი რეაქცია იმის შესახებ, რომ მსურდა არ დასრულებულიყი ნოველა და მინდოდა კიდევ დიდხანს , ძალიან დიდხანს მეკითხა, რომ უფრო მეტად მოეცვა ჩემი ”გამოფიტული” გონება.
      
        30 გვერდიანი ისტორია, რომელიც მთელ ცხოვრებას მოიცავს. ცხოვრებას – უსაზღვრო სიყვარულით, ტკივილითა და ტანჯვით სავსეს. ეს ტკივილი იმდენად დამთრგუნველია, რომ ემოციურ მკითხველს ვურჩევ, წაკითხვამდე კარგად მოემზადოს.

       „შენ რომელსაც არასოდეს გცნობივარ“.   ეს არის უცნობი ქალის წერილი მწერლისთვის.  ფანატიკოსი! – პირველი შთაბეჭდილებაა, რაც წამომცდა კითხვის დაწყებისთანავე. ფანატიკოსი, რომელიც იმდენად დაბრმავებული იყო უიმედო სიყვარულით, ვერც კი ხვდებოდა, როგორ მიექანებოდა საკუთარი ნებით უფსკრულისკენ... ამბობენ სიყვარულმა ასაკი არ იცისო, ამ ფრაზას აბსოლუტურად ვეთანხმები...ნოველაში წავაწყდი იმ ნაწილს, სადაც ქალი წერს რომ ის, სწორედ ცამეტი წლის იყო, როდესაც მის გულში ამ გრძნობამ უდიდესი ადგილი დაიკავა...

         მას ბავშვობიდან უყვარდა ერთი მამაკაცი, რომელიც ვერც კი ამჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეულ ფაზებში მათ ჰქონდათ კავშირი, მამაკაცი ვერაფრით იხსენებდა, რომ ეს ქალბატონი მისთვის ნაცნობი იყო და ჯერ კიდევ სულ პაწაწინა გოგონა, გამუდმებით მის ირგვლივ ტრიალებდა. ცვაიგი ამ მოვლენას შემდეგი სიტყვებით ხსნის: „გოგონას ან ქალის სახე მამაკაცის თვალში – ეს არის რაღაც უსასრულოდ ცვალებადი, ვინაიდან იგი ხშირად მარტოოდენ სარკეს წარმოადგენს, რომელშიც ხან ვნება, ხან ბავშვური გულუბრყვილობა, ხან კი დაღლილობა გამოჩნდება ხოლმე. ამიტომ მამაკაცმა ადვილად შეიძლება ქალის სახე ვერ შეიცნოს.“
        შეყვარებული ქალის სიყვარულის სიმბოლოს თეთრი ვარდები წარმოადგენდა, რომელსაც ის ყოველ დაბადების დღეს უგზავნიდა თავის ერთადერთ სიყვარულს. 

        მე პირადად ვფიქრობ, რომ ის მწერალი არ იყო ამ ქალის სიყვარულის ღირსი და საერთოდ არ იყო იმის ღირსი, რომ ვინმეს ასე ძლიერ შეჰყვარებოდა იგი ...
       მართლაც შეურყეველი და გაუნელებელი იყო ქალის სიყვარული,იმდენად დიდი იყო ამ გრძნობის სიჭარბე რომ ქალს მსოფლმხედველობაც კი შეუცვაალა და მისთვის პრიორიტეტული განათლების მიღება გახდა.

Sunday, April 26, 2020

კურტ ვონეგუტი - "გალაპაგოსი" Kurt Vonnegut - "Galapagos"


         წიგნში მოქმედება ხდება მილიონი წლის წინ, ოღონდ მილიონი წელი უკვე გასულია… რაღაც ვერ გაიგეთ ხო?! ამიტომ არ ღირს ჩაძიება, თუ რა ხდება წიგნში, რადგან ჩვენი “დიდი ტვინები” წესით სულ სხვა რამისკენ უნდა მივმართოთ. უნდა გაყვეთ დინებას, უნდა გაყვე მწერალს, მომყოლს, მთხრობელს, მისი იუმორი დაიჭიროთ, მისი სარკაზმული და ირონიული შემაგონებელი ფრაზებით ისიამოვნოთ და წიგნს რომ დახურავთ , მიხვდებით,  რომ მოგეწონათ ის, რაც წაიკითხეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაფიქრდეთ რა მოხდა წიგნში და სადამდე მივყავართ ხოლმე ჩვენს ტვინებს...

         „მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები სულის სიღრმეში კარგები არიან“, – ანა ფრანკი (1929-1944)
       
        წიგნს ანა ფრანკის ეს სიტყვები აქვს დართული და როცა ვკითხულობდი მის დღიურს, მაშინაც გამაჟრიალა ამ ფრაზის წაკითხვამ, მითუმეტეს, როცა გაიხსენებ ამ პატარა გოგონამ როგორ დაასრულა სიცოცხლე და ეს ფრაზა რა სიტუაციაში და რა დროს დაწერა…

        კი აქვს ეს ფრაზა დართული, მაგრამ ვონეგუტის წიგნებს თუ გადავხედავთ მიხვდებით რომ მას მთლად არ სჯერა ამ სულის სიღრმეში სიკეთის და ვერც გავამტყუნებთ, ან შეიძლება მეორე რამე ვიფიქროთ, რომ სჯერა კიდეც და  მისი ირონიულად ნავარაუდევი მომავალი არ დაგვიდგეს…

       წიგნს ასევე ძალიან ალამაზებს და უხდება მანდრაქსიდან (გამოგონილი მოწყობილობაა) ამოკრეფილი , სიტუაციას მორგებული ფრაზები, ციტატები და გამონათქვამები, მათ შორის ვონეგუტის ალბათ ფავორიტი, რომელიც  მის სხვა წიგნ "ჟამთაძვრაშიც" უწერია:

 „უამრავი ადამიანი მშვიდ სასოწარკვეთაში ატარებს ცხოვრებას“, – ჰენრი დევიდ თორო (1817-1862) 

      კურტ ვონეგუტი საკმაოდ საინტერესო მწერალია და მისი წიგნების წაკითხვისას , ამაში დარწმუნდებით.

სამახსოვრო ამონარიდები:
  • შიმშილი ადამიანის უზომოდ დიდი ტვინის პროდუქტი იყო აშკარად, ისევე, როგორც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია.
  •  - იცი, რა არის ადამიანის სული? ცხოველებს სული არ აქვთ. ის შენი არსების ნაწილია, რომელსაც შეუძლია ჩასწვდეს იმას, რასაც ტვინი ვერ სწვდება. პირადად მე ეს ყოველთვის ვიცოდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ ვიცოდი.
  •  რატომ იყო, რომ ბევრი ჩვენგანი მილიონი წლის წინ დროდადრო განზრახ იშორებდა თავიდან თითქმის ყველა ფიქრს ალკოჰოლის საშუალებით, საიდუმლოებითაა მოცული. შესაძლოა ამ ხერხით ვცდილობდით, ევოლუციისთვის სასურველი მიმართულებით ტვინის ზომის შემცირებისთვის მიგვეცა ბიძგი.
  •  ადამიანებს უყვართ ტრაბახი იმის შესახებ, რომ გადარჩენის უნარს ფლობენ, თითქოს ეს რაღაც განსაკუთრებული რამ იყოს. მხოლოდ გვამი ვერ დაიტრაბახებს ამ უნარით.
  •  სწორედ ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე სატანური წარსული ეპოქის ადამიანების დიდ ტვინებში. ისინი თავიანთ მფლობელებს შთააგონებდნენ: „ამის გაკეთება სიგიჟე იქნებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქცევით. უბრალოდ, თავს თუ გაირთობ ამაზე ფიქრით“. და შემდეგ, თითქოს ტრანსში იყვნენ, სწორედ იმას სჩადიოდნენ: მონებს აიძულებდნენ კოლიზეუმში ებრძოლათ და ერთმანეთი დაეხოცათ, ან ვიღაცას მოედანზე წვავდნენ იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელი შეხედულებების გამო, ან ქარხნებს აშენებდნენ, რომელთა ერთადერთი მიზანი ადამიანების მასობრივი განადგურების იარაღის გამოშვება იყო, ან მთელ ქალაქებს აფეთქებდნენ და ა.შ. და ა.შ.
 

Thursday, April 16, 2020

მილან კუნდერა - "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" Milan Kundera - "The unbearable lightness of being"


       ეს არის წიგნი, რომელშიც მწერალი უამრავ საკითხს ეხება: “პრაღის გაზაფხულს”; რკინის ფარდის აქეთ დარჩენილ თაობებსა და მათ გზას; ადამიანების პირად ცხოვრებას და ა.შ. ეს წიგნი შეიძლება იმ რომანთა კატეგორიას მივაკუთვნოთ, რომლებსაც ფილოსოფიურ რომანებს უწოდებენ. ბევრისთვის ეს შეიძლება ფსევდო ფილოსოფიაც აღმოჩნდეს, მაგრამ მე ბევრი საინტერესო მოსაზრება წავიკითხე. რომანს ფაქტობრივად სიუჟეტი არ აქვს და მწერალი პერსონაჟები უბრალოდ საკუთარი მოსაზრებების ერთგვარი ილუსტრაციისთვის სჭირდება. კუნდერა ძირითადად რამდენიმე ადამიანის პირად ცხოვრებას აღწერს.

       ტერეზას ტვირთი ტომაშის მიმართ სიყვარულია, ტომაშისთვისაც ტერეზას სიყვარულია ასეთივე მძიმე. შესაბამისად მიწიერი და ნამდვილი.
 “მხოლოდ შემთხვევითობა შეიძლება მოგვევლინოს გზავნილად. ის, რაც აუცილებლობითაა განპირობებული მოსალოდნელია ან ყოველ დღე მეორდება, მუნჯია. მოგვმართავს მხოლოდ შემთხვევითობა და ვცდილობთ, ეს შემთხვევითობა ისე წავიკითხოთ, როგორც ბოშა ქალი კითხულობს ყავის ნალექის ნახატებს ჭიქის ფსკერზე. ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ დამთხვევებს ვერ ამჩნევს, მისი ცხოვრება მშვენიერების განზომილებას კარგავს”
    
       შემთხვევითობები და არა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები - ეს ორი სხვადასხვა რამეა. შემთხვევითობა მოვლენათა ჯაჭვია, რომელსაც ვერასდროს გაითვალისწინებ, შედეგი ყველაზე საინტერესოა....

       ბევრი მკითხველი ალბათ წიგნის პერსონაჟებთან ბევრ საერთოს იპოვის, რადგან ისინი რკინის ფარდის აქეთ მცხოვრები ხალხია, წითელი, კომუნისტური პრაღის მოქალაქეები. ისინიც ხვდებიან რეპრესიებში საკუთარი მოსაზრებების გამო და მათაც აიძულებენ, ხელი მოაწერონ სიტყვებს, რომლებიც მათ არ დაუწერიათ...

 სამახსოვრო ფრაზები :
  • "ბუნებრივია,არ იცოდე,რა გინდა: ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს და არ შეუძლია, ეს ცხოვრება წარსულ ცხოვრებას შეადაროს ან მომავალ ცხოვრებაში გამოასწოროს..." 
  •  "გიყვარდეს ვინმე თანაგრძნობის გამო, ნიშნავს, რომ სინამდვილეში ის არ გიყვარს." 
  •  “ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და თანაც სრულიად მოუმზადებლად. ის მსახიობს ჰგავს, რომელიც ურეპეტიციოდ თამაშობს როლს."
  •  "ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება აღსავსეა შემთხვევითობებით, უფრო ზუსტად ადამიანებისა და მოვლენების გაუთვალისწინებელი შეხვედრებით, რომლებსაც დამთხვევებს უწოდებენ"
 

Sunday, April 12, 2020

ჯონ სტაინბეკი - "თაგვებსა და ადამიანებზე" John Steinbeck - "Of mice and men"

       ეს არის ძალიან პატარა წიგნი რომელიც ძალიან დიდ თემებს ეხება და უამრავ საფიქრალს გიჩენს, განსაკუთრებით ფინალის მერე…უფრო კონკრეტულად კი ეს ნაწარმოები სამ სიტყვას უტრიალებს: ადამიანთა მარტოობა, უიმედობა და იმედები… პირველი უცნაურობა რაც თვალში მომხვდა ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან, გვერდში დგომა და განუყრელობა...

       წიგნი მოგვითხრობს ერთ-ერთ ყველაზე ალოგიკურ დუეტზე ლიტერატურაში: ლენი სმოლსა და ჯორჯ მილტონზე. ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი : ლენი მაღალი, უდიდესი ძალის მქონე, ჭკუანაკლული ტიპია, ჯორჯი კი საშუალო სიმაღლის, ბევრად გონიერი ბიჭი. ისინი დაეხეტებიან იმისთვის, რისთვისაც მთელი ამერიკა დაეხეტებოდა დიდი დეპრესიის პერიოდში: დროებითი სამუშაო და ცოტაოდენი ანაზღაურება. მაგრამ ეს ორი ძალიან განსხვავდება დანარჩენი ამერიკელებისგან: მამაკაცთა უმრავლესობა მხოლოდ ერთი დღისთვის შრომობს, მათი მიზანია, აიღონ ფული, წავიდნენ ქალაქში და მთელი ნაშრომი ბორდელსა და სასმელში დახარჯონ, უკანასკნელ ცენტამდე.. მაგრამ, ჩვენი ბიჭები კი იმიტომ შრომობენ, რომ 600$ შეაგროვონ, პატარა სახლი იყიდონ და კურდღლები და ლეკვები იყოლიონ. ეს არის ლენის ოცნება. ოცნებაც და დაავადებაც, სიამოვნებაც და ტკივილიც.

       ჯორჯი ის ბიჭია, ვინც ყოველთვის ეხმარება და გვერდით უდგას მეგობარს. მიუხედავად იმისა, რომ ლენი მისთვის თავიდან ბოლომდე პრობლემას წარმოადგენს,  ლენი უძვირფასესია მისთვის. ჯორჯს ლენი ჰყავს, ლენის კი – ჯორჯი. ეს არის მათი ფორმულა, თანაც ისეთი ძლიერი, რომ ამის იქით არ არსებობს არაფერი.

        ამ წიგნის ყველზე დიდი ძალა და ემოცია წაკითხვის შემდგომ ფიქრებში მოდის, ხშირად წიგნში რაღაც ფრაზას ამოიკითავ და მოგეწონება, რამე მოხდება და ჩაგაფიქრებს, აქ კი მორჩები კითხვას და მერე მოდის ფიქრები, საქციელის ანალიზი,  და ფიქრები იმაზე თუ როგორ ხდება სხვისი მკვლელობა საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი, სხვისი შეცდომა რომელიც შენ უფრო ძვირად გიჯდება, რადგან შენ და ის გადაჯაჭვული ხართ, პასუხისმგებლობა რომელსაც ვერ გექცევი, და ჯორჯის მიერ გამოტანილი განაჩენი ლენისთვის რომელზეც რაც მეტს ვფიქრობ უფრო ლენის მიერ გამოტანილი განაჩენია ჯორჯისთვის…

      საინტერესოა ამ წიგნის ეკრანიზაციაც. მიმაჩნია, რომ ფილმი უფრო მძიმეა, ვიდრე წიგნი, მაგრამ ძალიან საინტერესო და უცნაური სანახავია. ალბათ იმიტომ, რომ სტაინბეკიც იყო უცნაური, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს.

   

Wednesday, April 8, 2020

ჯონ აპდაიკი - "ბაჭია, გაიქეცი"


        ძველი წიგნების დანახვაზე ერთი ჩვევა მაქვს. ყოველთვის ვითვლი ჩემს  დაბადებამდე რამდენი წლით ადრე გამოიცა ეს წიგნი და მერე კიდევ ერთხელ გამიელვებს ხოლმე აზრი, თუ როგორ საინტერესოდ ცხოვრობდა, იცხოვრებს და იცხოვრებდა სამყარო ჩემს გარეშეც.

        26 წლის ჰარი ენგსტრომი, მეტსახელად ბაჭია სკოლაში სწავლისას ცნობილი კალათბურთელი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი. შემდეგ დაოჯახდა, ბიჭი შეეძინა, მაგრამ ბედნიერი არ არის – ცოლი სვამს და არც ის ახარებს, რომ მალე კიდევ ერთი შვილი ეყოლება. პასუხისმგებლობა, მოსაწყენი სამუშაო, ცოლის მშობლები, რომლებიც ალმაცერად უყურებენ სიძეს, მომავლის უპერსპექტივობა… ბაჭიამ იცის, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ არც ეს შეუძლია და გარბის, რადგან უკან ჩამოიტოვოს ყველა ის პრობლემა, სიცოცხლეს რომ უწამლავს. ბაჭიამ დაკარგა გზა, რომელიც ბედნიერებასთან მიიყვანს, დაკარგა საკუთარი თავი და ისიც გარბის საკუთარი თავის საპოვნელად. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ის ნამდვილი ლაჩარი, უნებისყოფო და ეგოისტი ტიპია, რომლის გამოც იღუპება მისი მეორე შვილი და მე ,როგორც მკითხველი, ამის პატიება ვერ შევძელი მისთვის.

       ყველაზე კარგი ამ წიგნში ისაა, რომ არაფერია რომანტიზებული, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია, მათ შორის ისიც, რომ გაქცეული ჰარი უკან ბრუნდება, ისევ გარბის, ისევ სადღაც ბრუნდება და ასე უსასრულოდ. ყოველთვის ასე ხდება როდესაც შენი თავისგან გარბიხარ, რადგან იმ საშინელი სიზმარივით სირბილის სურვილის მიუხედავად მაინც შეუძლებელია რეალურად გაიქცე.

        რამდენჯერაც რაღაც საშინლად ცუდი მოხდებოდა მის თავს, ისეთი რომლის გამოც სირცხვილით უნდა დამწვარიყო ან მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობით დატანჯულიყო, ვფიქრობდი, რომ მის ადგილზე თავს მოვიკლავდი და მაგ ამბებით დამძიმებული, შეწუხებული უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებდი ცხოვრებას. მაგრამ ჰარი ყველაზე ბოლო ადამიანია მთელ წიგნში, რომელიც საკუთარი შეცდომების გამო თავს მოიკლავს, რადგან ყველაფერი რაც მის თავს ხდება, ყველაზე მეტად მის ცოლს, პატარა შვილს, მშობლებს და მეზობელ მღვდელს აწუხებთ. ჰარი უბრალოდ დინებას მიჰყვება, მომენტებში ჩვეულებრივ გზაზე დაბრუნებას და “გამოსწორებას” ცდილობს, მაგრამ ეს ცდაც თავიდანვე განწირულია, რადგან მის მიღმა ისევ გარშემომყოფების ტანჯვა და ტრაგედია იმალება და არა თვითონ ჰარის სურვილი, რომ რამე შეიცვალოს.

   
     მომეწონა ბაჭიას აზროვნება სასულიერო პირებთან დაკავშირებით: „მღვდლებს ალბათ მხოლოდ ერთი რამე სურთ–ყველა ადამიანის ერთ ზომაზე გაკრეჭა“.

    
ჰარის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს შაბათის მიმართ: „შაბათს ცა მოწმენდილია და გამჭვირვალე. ბავშვობიდანვე ყოველ ამ დღეს მოსალოდნელი მატჩის წინ, ცა მისთვის სუფთა ტაბლას წარმოადგენდა, რომელზეც ანგარიში ჯერ არ დაწერილიყო…".

      
         წიგნის თითქმის ყველა პერსონაჟი იმდენად რეალურია, რომ გგონია ხვალ რიგითი გამვლელის ფრაზაში აპდაიკის რომელიმე აბზაცს იპოვი და გაგეღიმება. ალბათ ყველაზე კარგიც ესაა წიგნებში, იმდენად კარგად გაიცნო პერსონაჟები, რომ მათ ადგილზე თავის წარმოდგენა შეგეძლოს და ხანდახან დაგავიწყდეს კიდეც, მხოლოდ წიგნებში ცხოვრობენ ეს ადამიანები თუ შენ გარშემოც.


Thursday, April 2, 2020

ალბერ კამიუ - "უცხო" Albert Camus - "The Stranger"


         ,,უცხო“ მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარა ფრანგმა ერმა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე,სახელად მერსოზე, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გულგრილი და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი არ ტირის დედის დაკრძალვისას, შეყვარებულის კითხვაზე, მოიყვანს თუ არა მას ცოლად, პასუხობს რომ მისთვის სულ ერთია,  არ სწამს ღმერთის და თვლის, რომ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე ოცნება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე სურვილი – უფრო სწრაფად ცურვა შეეძლოს.
        ერთ–ერთი ინციდენტის დროს იგი კლავს ადამიანს და ჯდება ციხეში, მაგრამ მისთვის ბევრი არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ თავიდან გარკვეული პერიოდი ჯერ კიდევ ისე ფირქობს, როგორც თავსუფალი ადამიანი. საბოლოოდ, სასამართლო მას სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანს, მაგრამ მისთვის სულ ერთია. მისთვის ყველაფერი სულ ერთია. ის არ დარდობს, რომ დედა არ დაიტირა, რომ უფრო მეტ დროს არ ატარებდა მის მეგობრებთან, რომ არ ეუბნებოდა კომპლიმენტებს მის შეყვარებულს. ის არ ნანობს არაფერს. მისთვის სულ ერთია “x–ის მაგივრად y-ს გააკეთებდა თუ z-ს”.

       მიუხედვად იმისა, რომ მძიმე ამბავი შეემთხვა, თანაგრძნობის გრძნობა არ მაქვს მის მიმართ. არაფერი სჭირს შესაცოდი. ის ისეთია, როგორიც არის. ნამდვილი. რაღაცნაირად თავისუფალი. დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში დაბრუნებულს დიდი სივრცე ეჩვენება. ამიტომ მისაღები ოთახის მაგიდა საძინებელში გადააქვს. სრულიად საკმარისია მისთვის ის ფართი. ის ყოფნის მთელ სახლად. მერე საკანშიც ზუსტად იგივე სივრცე აქვს. ერთნაირად თავისუფალია ორივეგან. მისი ასეთი დამოკიდებულების გამო საზოგადოება მას არაადეკვატურად და საშიშ პიროვნებად ჩათვლის. სინამდვილეში კი, ის წესიერი და პატიოსანი ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს ძალიან ცოტას, მაგრამ ამბობს ყოველთვის იმას, რასაც ფიქრობს. მკვლელობის ინციდენტი კი შემთხვევითობა იყო.
      კამიუ ამ ნაწარმოებში წარმოაჩენს ადამიანს, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებს და ბევრ საკითხს სხვა კუთხით უყურებს. ის ამბობს, რომ დედამისი იმიტომ არ დაიტირა, რომ სიცოცხლის ბოლოს იგი ბედნიერი იყო და არა იმიტომ, რომ საკუთარი მშობელი სძულდა. ის არ აქცევს ბევრ ისეთ წვრილმანს ყურადღებას, რომელმაც შეიძლება სხვები გაახაროს, ან გააბრაზოს. იგი შეიძლება მივიჩნიოთ  არასტანდარტულ ადამიანად, მაგრამ ამავდროულად სრულიად არასაშიშად.

       მთელი "უცხოობა" მღვდელთან დიალოგში გამოჩნდა : “მე არ მსურდა დამხმარებოდნენ და არც დრო მყოფნიდა , დავინტერესებულიყავი იმით, რაც არ მაინტერესებდა” . 

    
     არ აინტერესებდა ღმერთზე საუბარი იმიტომ რომ საკუთარი თავის სჯეროდა, ამიტომაც სიკვდილით დასჯის დღეს ბევრი ხალხის მისვლა ინატრა. კარგად გამოჩნდებოდა მისი სიმაღლე სხვებთან შედარებით.
      არადა, რეალურად იმიტომ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, დედა რომ თავშესაფარს მიაბარა და დაკრძალვაზე არ იტირა. უცხო იყო მათთვის თავისი შინაგანი თავისუფლებით.

 სამახსოვრო ფრაზები : 
  • რა მნიშვნელობა აქვს ამას, ასეა თუ ისე, ყოველთვის რაღაცაში დამნაშავე გამოდიხარ.
  •  ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია, ყველაფერს ერთი ფასი აქვს.
  •  ყველა ადამიანს სწამს ღმერთი, მათაც, ვინც ღმერთს ზურგი შეაქცია.
  •  საბოლოოდ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.
  •  სხვათა შორის ადამიანის ყურადღებას დიდხანს ვერ მიიპყრობ.