Sunday, April 26, 2020

კურტ ვონეგუტი - "გალაპაგოსი" Kurt Vonnegut - "Galapagos"


         წიგნში მოქმედება ხდება მილიონი წლის წინ, ოღონდ მილიონი წელი უკვე გასულია… რაღაც ვერ გაიგეთ ხო?! ამიტომ არ ღირს ჩაძიება, თუ რა ხდება წიგნში, რადგან ჩვენი “დიდი ტვინები” წესით სულ სხვა რამისკენ უნდა მივმართოთ. უნდა გაყვეთ დინებას, უნდა გაყვე მწერალს, მომყოლს, მთხრობელს, მისი იუმორი დაიჭიროთ, მისი სარკაზმული და ირონიული შემაგონებელი ფრაზებით ისიამოვნოთ და წიგნს რომ დახურავთ , მიხვდებით,  რომ მოგეწონათ ის, რაც წაიკითხეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაფიქრდეთ რა მოხდა წიგნში და სადამდე მივყავართ ხოლმე ჩვენს ტვინებს...

         „მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები სულის სიღრმეში კარგები არიან“, – ანა ფრანკი (1929-1944)
       
        წიგნს ანა ფრანკის ეს სიტყვები აქვს დართული და როცა ვკითხულობდი მის დღიურს, მაშინაც გამაჟრიალა ამ ფრაზის წაკითხვამ, მითუმეტეს, როცა გაიხსენებ ამ პატარა გოგონამ როგორ დაასრულა სიცოცხლე და ეს ფრაზა რა სიტუაციაში და რა დროს დაწერა…

        კი აქვს ეს ფრაზა დართული, მაგრამ ვონეგუტის წიგნებს თუ გადავხედავთ მიხვდებით რომ მას მთლად არ სჯერა ამ სულის სიღრმეში სიკეთის და ვერც გავამტყუნებთ, ან შეიძლება მეორე რამე ვიფიქროთ, რომ სჯერა კიდეც და  მისი ირონიულად ნავარაუდევი მომავალი არ დაგვიდგეს…

       წიგნს ასევე ძალიან ალამაზებს და უხდება მანდრაქსიდან (გამოგონილი მოწყობილობაა) ამოკრეფილი , სიტუაციას მორგებული ფრაზები, ციტატები და გამონათქვამები, მათ შორის ვონეგუტის ალბათ ფავორიტი, რომელიც  მის სხვა წიგნ "ჟამთაძვრაშიც" უწერია:

 „უამრავი ადამიანი მშვიდ სასოწარკვეთაში ატარებს ცხოვრებას“, – ჰენრი დევიდ თორო (1817-1862) 

      კურტ ვონეგუტი საკმაოდ საინტერესო მწერალია და მისი წიგნების წაკითხვისას , ამაში დარწმუნდებით.

სამახსოვრო ამონარიდები:
  • შიმშილი ადამიანის უზომოდ დიდი ტვინის პროდუქტი იყო აშკარად, ისევე, როგორც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია.
  •  - იცი, რა არის ადამიანის სული? ცხოველებს სული არ აქვთ. ის შენი არსების ნაწილია, რომელსაც შეუძლია ჩასწვდეს იმას, რასაც ტვინი ვერ სწვდება. პირადად მე ეს ყოველთვის ვიცოდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ ვიცოდი.
  •  რატომ იყო, რომ ბევრი ჩვენგანი მილიონი წლის წინ დროდადრო განზრახ იშორებდა თავიდან თითქმის ყველა ფიქრს ალკოჰოლის საშუალებით, საიდუმლოებითაა მოცული. შესაძლოა ამ ხერხით ვცდილობდით, ევოლუციისთვის სასურველი მიმართულებით ტვინის ზომის შემცირებისთვის მიგვეცა ბიძგი.
  •  ადამიანებს უყვართ ტრაბახი იმის შესახებ, რომ გადარჩენის უნარს ფლობენ, თითქოს ეს რაღაც განსაკუთრებული რამ იყოს. მხოლოდ გვამი ვერ დაიტრაბახებს ამ უნარით.
  •  სწორედ ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე სატანური წარსული ეპოქის ადამიანების დიდ ტვინებში. ისინი თავიანთ მფლობელებს შთააგონებდნენ: „ამის გაკეთება სიგიჟე იქნებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქცევით. უბრალოდ, თავს თუ გაირთობ ამაზე ფიქრით“. და შემდეგ, თითქოს ტრანსში იყვნენ, სწორედ იმას სჩადიოდნენ: მონებს აიძულებდნენ კოლიზეუმში ებრძოლათ და ერთმანეთი დაეხოცათ, ან ვიღაცას მოედანზე წვავდნენ იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელი შეხედულებების გამო, ან ქარხნებს აშენებდნენ, რომელთა ერთადერთი მიზანი ადამიანების მასობრივი განადგურების იარაღის გამოშვება იყო, ან მთელ ქალაქებს აფეთქებდნენ და ა.შ. და ა.შ.
 

No comments:

Post a Comment