Sunday, April 12, 2020

ჯონ სტაინბეკი - "თაგვებსა და ადამიანებზე" John Steinbeck - "Of mice and men"

       ეს არის ძალიან პატარა წიგნი რომელიც ძალიან დიდ თემებს ეხება და უამრავ საფიქრალს გიჩენს, განსაკუთრებით ფინალის მერე…უფრო კონკრეტულად კი ეს ნაწარმოები სამ სიტყვას უტრიალებს: ადამიანთა მარტოობა, უიმედობა და იმედები… პირველი უცნაურობა რაც თვალში მომხვდა ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან, გვერდში დგომა და განუყრელობა...

       წიგნი მოგვითხრობს ერთ-ერთ ყველაზე ალოგიკურ დუეტზე ლიტერატურაში: ლენი სმოლსა და ჯორჯ მილტონზე. ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი : ლენი მაღალი, უდიდესი ძალის მქონე, ჭკუანაკლული ტიპია, ჯორჯი კი საშუალო სიმაღლის, ბევრად გონიერი ბიჭი. ისინი დაეხეტებიან იმისთვის, რისთვისაც მთელი ამერიკა დაეხეტებოდა დიდი დეპრესიის პერიოდში: დროებითი სამუშაო და ცოტაოდენი ანაზღაურება. მაგრამ ეს ორი ძალიან განსხვავდება დანარჩენი ამერიკელებისგან: მამაკაცთა უმრავლესობა მხოლოდ ერთი დღისთვის შრომობს, მათი მიზანია, აიღონ ფული, წავიდნენ ქალაქში და მთელი ნაშრომი ბორდელსა და სასმელში დახარჯონ, უკანასკნელ ცენტამდე.. მაგრამ, ჩვენი ბიჭები კი იმიტომ შრომობენ, რომ 600$ შეაგროვონ, პატარა სახლი იყიდონ და კურდღლები და ლეკვები იყოლიონ. ეს არის ლენის ოცნება. ოცნებაც და დაავადებაც, სიამოვნებაც და ტკივილიც.

       ჯორჯი ის ბიჭია, ვინც ყოველთვის ეხმარება და გვერდით უდგას მეგობარს. მიუხედავად იმისა, რომ ლენი მისთვის თავიდან ბოლომდე პრობლემას წარმოადგენს,  ლენი უძვირფასესია მისთვის. ჯორჯს ლენი ჰყავს, ლენის კი – ჯორჯი. ეს არის მათი ფორმულა, თანაც ისეთი ძლიერი, რომ ამის იქით არ არსებობს არაფერი.

        ამ წიგნის ყველზე დიდი ძალა და ემოცია წაკითხვის შემდგომ ფიქრებში მოდის, ხშირად წიგნში რაღაც ფრაზას ამოიკითავ და მოგეწონება, რამე მოხდება და ჩაგაფიქრებს, აქ კი მორჩები კითხვას და მერე მოდის ფიქრები, საქციელის ანალიზი,  და ფიქრები იმაზე თუ როგორ ხდება სხვისი მკვლელობა საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი, სხვისი შეცდომა რომელიც შენ უფრო ძვირად გიჯდება, რადგან შენ და ის გადაჯაჭვული ხართ, პასუხისმგებლობა რომელსაც ვერ გექცევი, და ჯორჯის მიერ გამოტანილი განაჩენი ლენისთვის რომელზეც რაც მეტს ვფიქრობ უფრო ლენის მიერ გამოტანილი განაჩენია ჯორჯისთვის…

      საინტერესოა ამ წიგნის ეკრანიზაციაც. მიმაჩნია, რომ ფილმი უფრო მძიმეა, ვიდრე წიგნი, მაგრამ ძალიან საინტერესო და უცნაური სანახავია. ალბათ იმიტომ, რომ სტაინბეკიც იყო უცნაური, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს.

   

No comments:

Post a Comment