Thursday, April 16, 2020

მილან კუნდერა - "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" Milan Kundera - "The unbearable lightness of being"


       ეს არის წიგნი, რომელშიც მწერალი უამრავ საკითხს ეხება: “პრაღის გაზაფხულს”; რკინის ფარდის აქეთ დარჩენილ თაობებსა და მათ გზას; ადამიანების პირად ცხოვრებას და ა.შ. ეს წიგნი შეიძლება იმ რომანთა კატეგორიას მივაკუთვნოთ, რომლებსაც ფილოსოფიურ რომანებს უწოდებენ. ბევრისთვის ეს შეიძლება ფსევდო ფილოსოფიაც აღმოჩნდეს, მაგრამ მე ბევრი საინტერესო მოსაზრება წავიკითხე. რომანს ფაქტობრივად სიუჟეტი არ აქვს და მწერალი პერსონაჟები უბრალოდ საკუთარი მოსაზრებების ერთგვარი ილუსტრაციისთვის სჭირდება. კუნდერა ძირითადად რამდენიმე ადამიანის პირად ცხოვრებას აღწერს.

       ტერეზას ტვირთი ტომაშის მიმართ სიყვარულია, ტომაშისთვისაც ტერეზას სიყვარულია ასეთივე მძიმე. შესაბამისად მიწიერი და ნამდვილი.
 “მხოლოდ შემთხვევითობა შეიძლება მოგვევლინოს გზავნილად. ის, რაც აუცილებლობითაა განპირობებული მოსალოდნელია ან ყოველ დღე მეორდება, მუნჯია. მოგვმართავს მხოლოდ შემთხვევითობა და ვცდილობთ, ეს შემთხვევითობა ისე წავიკითხოთ, როგორც ბოშა ქალი კითხულობს ყავის ნალექის ნახატებს ჭიქის ფსკერზე. ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ დამთხვევებს ვერ ამჩნევს, მისი ცხოვრება მშვენიერების განზომილებას კარგავს”
    
       შემთხვევითობები და არა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები - ეს ორი სხვადასხვა რამეა. შემთხვევითობა მოვლენათა ჯაჭვია, რომელსაც ვერასდროს გაითვალისწინებ, შედეგი ყველაზე საინტერესოა....

       ბევრი მკითხველი ალბათ წიგნის პერსონაჟებთან ბევრ საერთოს იპოვის, რადგან ისინი რკინის ფარდის აქეთ მცხოვრები ხალხია, წითელი, კომუნისტური პრაღის მოქალაქეები. ისინიც ხვდებიან რეპრესიებში საკუთარი მოსაზრებების გამო და მათაც აიძულებენ, ხელი მოაწერონ სიტყვებს, რომლებიც მათ არ დაუწერიათ...

 სამახსოვრო ფრაზები :
  • "ბუნებრივია,არ იცოდე,რა გინდა: ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს და არ შეუძლია, ეს ცხოვრება წარსულ ცხოვრებას შეადაროს ან მომავალ ცხოვრებაში გამოასწოროს..." 
  •  "გიყვარდეს ვინმე თანაგრძნობის გამო, ნიშნავს, რომ სინამდვილეში ის არ გიყვარს." 
  •  “ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და თანაც სრულიად მოუმზადებლად. ის მსახიობს ჰგავს, რომელიც ურეპეტიციოდ თამაშობს როლს."
  •  "ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება აღსავსეა შემთხვევითობებით, უფრო ზუსტად ადამიანებისა და მოვლენების გაუთვალისწინებელი შეხვედრებით, რომლებსაც დამთხვევებს უწოდებენ"
 

No comments:

Post a Comment