Thursday, April 2, 2020

ალბერ კამიუ - "უცხო" Albert Camus - "The Stranger"


         ,,უცხო“ მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარა ფრანგმა ერმა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე,სახელად მერსოზე, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გულგრილი და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი არ ტირის დედის დაკრძალვისას, შეყვარებულის კითხვაზე, მოიყვანს თუ არა მას ცოლად, პასუხობს რომ მისთვის სულ ერთია,  არ სწამს ღმერთის და თვლის, რომ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე ოცნება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე სურვილი – უფრო სწრაფად ცურვა შეეძლოს.
        ერთ–ერთი ინციდენტის დროს იგი კლავს ადამიანს და ჯდება ციხეში, მაგრამ მისთვის ბევრი არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ თავიდან გარკვეული პერიოდი ჯერ კიდევ ისე ფირქობს, როგორც თავსუფალი ადამიანი. საბოლოოდ, სასამართლო მას სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანს, მაგრამ მისთვის სულ ერთია. მისთვის ყველაფერი სულ ერთია. ის არ დარდობს, რომ დედა არ დაიტირა, რომ უფრო მეტ დროს არ ატარებდა მის მეგობრებთან, რომ არ ეუბნებოდა კომპლიმენტებს მის შეყვარებულს. ის არ ნანობს არაფერს. მისთვის სულ ერთია “x–ის მაგივრად y-ს გააკეთებდა თუ z-ს”.

       მიუხედვად იმისა, რომ მძიმე ამბავი შეემთხვა, თანაგრძნობის გრძნობა არ მაქვს მის მიმართ. არაფერი სჭირს შესაცოდი. ის ისეთია, როგორიც არის. ნამდვილი. რაღაცნაირად თავისუფალი. დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში დაბრუნებულს დიდი სივრცე ეჩვენება. ამიტომ მისაღები ოთახის მაგიდა საძინებელში გადააქვს. სრულიად საკმარისია მისთვის ის ფართი. ის ყოფნის მთელ სახლად. მერე საკანშიც ზუსტად იგივე სივრცე აქვს. ერთნაირად თავისუფალია ორივეგან. მისი ასეთი დამოკიდებულების გამო საზოგადოება მას არაადეკვატურად და საშიშ პიროვნებად ჩათვლის. სინამდვილეში კი, ის წესიერი და პატიოსანი ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს ძალიან ცოტას, მაგრამ ამბობს ყოველთვის იმას, რასაც ფიქრობს. მკვლელობის ინციდენტი კი შემთხვევითობა იყო.
      კამიუ ამ ნაწარმოებში წარმოაჩენს ადამიანს, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებს და ბევრ საკითხს სხვა კუთხით უყურებს. ის ამბობს, რომ დედამისი იმიტომ არ დაიტირა, რომ სიცოცხლის ბოლოს იგი ბედნიერი იყო და არა იმიტომ, რომ საკუთარი მშობელი სძულდა. ის არ აქცევს ბევრ ისეთ წვრილმანს ყურადღებას, რომელმაც შეიძლება სხვები გაახაროს, ან გააბრაზოს. იგი შეიძლება მივიჩნიოთ  არასტანდარტულ ადამიანად, მაგრამ ამავდროულად სრულიად არასაშიშად.

       მთელი "უცხოობა" მღვდელთან დიალოგში გამოჩნდა : “მე არ მსურდა დამხმარებოდნენ და არც დრო მყოფნიდა , დავინტერესებულიყავი იმით, რაც არ მაინტერესებდა” . 

    
     არ აინტერესებდა ღმერთზე საუბარი იმიტომ რომ საკუთარი თავის სჯეროდა, ამიტომაც სიკვდილით დასჯის დღეს ბევრი ხალხის მისვლა ინატრა. კარგად გამოჩნდებოდა მისი სიმაღლე სხვებთან შედარებით.
      არადა, რეალურად იმიტომ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, დედა რომ თავშესაფარს მიაბარა და დაკრძალვაზე არ იტირა. უცხო იყო მათთვის თავისი შინაგანი თავისუფლებით.

 სამახსოვრო ფრაზები : 
  • რა მნიშვნელობა აქვს ამას, ასეა თუ ისე, ყოველთვის რაღაცაში დამნაშავე გამოდიხარ.
  •  ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია, ყველაფერს ერთი ფასი აქვს.
  •  ყველა ადამიანს სწამს ღმერთი, მათაც, ვინც ღმერთს ზურგი შეაქცია.
  •  საბოლოოდ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.
  •  სხვათა შორის ადამიანის ყურადღებას დიდხანს ვერ მიიპყრობ.

No comments:

Post a Comment