Wednesday, April 8, 2020

ჯონ აპდაიკი - "ბაჭია, გაიქეცი"


        ძველი წიგნების დანახვაზე ერთი ჩვევა მაქვს. ყოველთვის ვითვლი ჩემს  დაბადებამდე რამდენი წლით ადრე გამოიცა ეს წიგნი და მერე კიდევ ერთხელ გამიელვებს ხოლმე აზრი, თუ როგორ საინტერესოდ ცხოვრობდა, იცხოვრებს და იცხოვრებდა სამყარო ჩემს გარეშეც.

        26 წლის ჰარი ენგსტრომი, მეტსახელად ბაჭია სკოლაში სწავლისას ცნობილი კალათბურთელი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი. შემდეგ დაოჯახდა, ბიჭი შეეძინა, მაგრამ ბედნიერი არ არის – ცოლი სვამს და არც ის ახარებს, რომ მალე კიდევ ერთი შვილი ეყოლება. პასუხისმგებლობა, მოსაწყენი სამუშაო, ცოლის მშობლები, რომლებიც ალმაცერად უყურებენ სიძეს, მომავლის უპერსპექტივობა… ბაჭიამ იცის, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ არც ეს შეუძლია და გარბის, რადგან უკან ჩამოიტოვოს ყველა ის პრობლემა, სიცოცხლეს რომ უწამლავს. ბაჭიამ დაკარგა გზა, რომელიც ბედნიერებასთან მიიყვანს, დაკარგა საკუთარი თავი და ისიც გარბის საკუთარი თავის საპოვნელად. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ის ნამდვილი ლაჩარი, უნებისყოფო და ეგოისტი ტიპია, რომლის გამოც იღუპება მისი მეორე შვილი და მე ,როგორც მკითხველი, ამის პატიება ვერ შევძელი მისთვის.

       ყველაზე კარგი ამ წიგნში ისაა, რომ არაფერია რომანტიზებული, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია, მათ შორის ისიც, რომ გაქცეული ჰარი უკან ბრუნდება, ისევ გარბის, ისევ სადღაც ბრუნდება და ასე უსასრულოდ. ყოველთვის ასე ხდება როდესაც შენი თავისგან გარბიხარ, რადგან იმ საშინელი სიზმარივით სირბილის სურვილის მიუხედავად მაინც შეუძლებელია რეალურად გაიქცე.

        რამდენჯერაც რაღაც საშინლად ცუდი მოხდებოდა მის თავს, ისეთი რომლის გამოც სირცხვილით უნდა დამწვარიყო ან მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობით დატანჯულიყო, ვფიქრობდი, რომ მის ადგილზე თავს მოვიკლავდი და მაგ ამბებით დამძიმებული, შეწუხებული უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებდი ცხოვრებას. მაგრამ ჰარი ყველაზე ბოლო ადამიანია მთელ წიგნში, რომელიც საკუთარი შეცდომების გამო თავს მოიკლავს, რადგან ყველაფერი რაც მის თავს ხდება, ყველაზე მეტად მის ცოლს, პატარა შვილს, მშობლებს და მეზობელ მღვდელს აწუხებთ. ჰარი უბრალოდ დინებას მიჰყვება, მომენტებში ჩვეულებრივ გზაზე დაბრუნებას და “გამოსწორებას” ცდილობს, მაგრამ ეს ცდაც თავიდანვე განწირულია, რადგან მის მიღმა ისევ გარშემომყოფების ტანჯვა და ტრაგედია იმალება და არა თვითონ ჰარის სურვილი, რომ რამე შეიცვალოს.

   
     მომეწონა ბაჭიას აზროვნება სასულიერო პირებთან დაკავშირებით: „მღვდლებს ალბათ მხოლოდ ერთი რამე სურთ–ყველა ადამიანის ერთ ზომაზე გაკრეჭა“.

    
ჰარის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს შაბათის მიმართ: „შაბათს ცა მოწმენდილია და გამჭვირვალე. ბავშვობიდანვე ყოველ ამ დღეს მოსალოდნელი მატჩის წინ, ცა მისთვის სუფთა ტაბლას წარმოადგენდა, რომელზეც ანგარიში ჯერ არ დაწერილიყო…".

      
         წიგნის თითქმის ყველა პერსონაჟი იმდენად რეალურია, რომ გგონია ხვალ რიგითი გამვლელის ფრაზაში აპდაიკის რომელიმე აბზაცს იპოვი და გაგეღიმება. ალბათ ყველაზე კარგიც ესაა წიგნებში, იმდენად კარგად გაიცნო პერსონაჟები, რომ მათ ადგილზე თავის წარმოდგენა შეგეძლოს და ხანდახან დაგავიწყდეს კიდეც, მხოლოდ წიგნებში ცხოვრობენ ეს ადამიანები თუ შენ გარშემოც.


No comments:

Post a Comment