Friday, May 29, 2020

დანიელ პენაკი - "რომანივით საკითხავი" Daniel Pennac - "Reads like a novel"


         ყველაზე საყვარელი წიგნი, რომელიც ოდესმე წამიკითხავს.  წიგნი არის იმაზე თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს და საერთოდ ადამიანებს კითხვა, კი არ ვაიძულოთ, არამედ შევაყვაროთ.  საღამოს ერთი საათი რომ გაქვს გამოყოფილი კითხვისთვის - ყველაზე გემრიელი ერთი საათი. მთელი დღე რომ ფიქრობ იმ ერთ საათზე : შენთვის რომ მოკალათდები, ყავას მოიდგამ გვერდით, "გადიხარ"  დედამიწიდან და ჯანდაბაში უშვებ დროს. პენაკი , მართლაც შთამბეჭდავი მწერალი აღმოჩნდა ჩემთვის.


       „თუ ვთვლით, რომ ჩვენს შვილებს და ზოგადად ახალგაზრდებს კითხვა არ უყვართ (სიტყვა „სიყვარული“ ამ შემთხვევაში ძალიან ზუსტადაა შერჩეული, რადგან აქ სწორედ სიყვარული მოიკოჭლებს), მაშინ ამაში ნურც ტელევიზორს დავადანაშაულებთ, ნურც თანამედროვეობას და ნურც სკოლას. ან სანამ მათკენ გავიშვერთ თითს, საკუთარ თავს ვკითხოთ: „რა დავმართეთ იმ იდეალურ მკითხველს, ჩვენი შვილი რომ იყო მაშინ, როცა მისთვის ერთდროულად მთხრობელიც ვიყავით და წიგნიც?“
         ძალიან მჯერა დანიელ პენაკის, როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობ. წიგნში გვერდების თვლაზეა ასევე საუბარი და საკმაოდ სახალისოა.აი , მაგალითად იმ ადამიანს, რომელსაც კითხვა საერთოდ არ უყვარს, თუკი დღეში ერთ საათს დაუთმობს კითხვას , კვირის ბოლოს რამხელა წიგნს დაამთავრებს.

       პირადად მე დარწმუნებული ვარ , რომ თითოეული ადამიანისთვის, სწორედ შერჩეული ლიტერატურა , აუცილებლად გაუღვიძებს ცნობისმოყვარეობას და შეაყვარებს კითხვას. როგორც პენაკი წერს : " ჯერ წიგნების ამხელა მოცულობა შეაწუხებთ, მერე კი ის, რომ ასე ცოტა დარჩა წასაკითხი."


        პენაკი თავისუფლებას განიჭებს - იკითხე სადაც გინდა და როგორც გინდა, საიდანაც გინდა შეწყვიტე. მან მკითხველის ათი უფლება ჩამოწერა და სრული სივრცე მოგვცა კითხვისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად . მთავარია კითხვა გვინდოდეს.

     

      და ბოლოს, მკითხველის პრივილეგია: "საქმე ის კი არ არის , მაქვს თუ არა კითხვის დრო,  ( ამ დროს , სხვათაშორის, ვერავინ მომცემს ) არამედ ის, მივანიჭო თუ არა ჩემს თავს ბედნიერება  -  ვიყო და მერქვას მკითხველი."


Monday, May 25, 2020

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" Elizabeth Gilbert - "Eat, Pray, Love"


        თუ გიყვართ მოგზაურობა, კითხვა და ოდნავ მაინც გიზიდავთ იტალია, ინდოეთი და ინდონეზია, ეს წიგნი თქვენთვისაა. წიგნი არის ავტობიოგრაფიული. ელიზაბეტი გადაწყვეტს იპოვოს ის ,რაც აქამდე აკლდა. ამიტომ გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს ,იპოვოს ის , რაც მის ცხოვრებას აზრს მისცემს და შეავსებს.

        რომანი ადვილად იკითხება და ბევრ საინტერესო ფაქტსაც შეხვდებით. ელიზაბეტი წერს, რომ ევროპა ერთ დროს ლათინურიდან წარმოქმნილი უამრავი დიალექტის თავშესაყარს წარმოადგენდა, სადაც საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე ენა ჩამოყალიბდა.ყველაზე ცნობილი ქალაქების დიალექტი თანდათან ამავე რეგიონის ენა გახდა და ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს რასაც ფრანგულ ენას ვუწოდებთ, სინამდვილეში შუა საუკუნის პარიზული დიალექტის სახესხვაობაა. ელიზაბეტი დიდი მონდომებით იწყებს იტალიური ენის შესწავლას და მშვენიერ შედეგს იღებს.

       საოცარია მისი განვითარებული კომუნიკაციის უნარი. ის ძალიან ადვილად უმეგობრდება უცხოებს. ვისაც მოგზაურობა უნდა , მათთვის ასეთ ჩანაწერს ტოვებს :
მთელი საიდუმლო იმაშია, ქალაქსა და მის ხალხს რომ გაუგო, უნდა ისწავლო – როგორ მეტყველებს ქუჩა. ყველა ქალაქი ერთი სიტყვით გამოხატავს იმ ხალხის უმრავლესობის აზრს, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. რომ შეიძლებოდეს ადამიანთა აზრის წაკითხვა, როდესაც ქუჩაში ან სხვაგან გვერდით ჩაგივლიან, აღმოაჩენთ რომ ყველანი ერთსა და იმავეს ფიქრობენ. იმას, რაზეც ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა ფიქრობს, ქალაქური გაგება ჰქვია. და თუ შენი სიტყვა არ ემთხვევა ქალაქის სიტყვას, მაშინ ნამდვილად არ მიეკუთვნები იქაურობას”.
     ესეც, ასე.  დაახლოებით შეგიქმენით წარმოდგენა თუ რაზეა წიგნი. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ.


Friday, May 15, 2020

მარიო პიუზო - "ნათლია" Mario Puzo - "The Godfather"


        ეს წიგნი არის გენიალური . კითხვის დროს გექნებათ საშუალება , ცოტახნით შეიჭყიტოთ მაფიის სამყაროში. გაიცნოთ ნათლია - დონ ვიტო კორლეონე. კაცი, რომელსაც უარის თქმას ვერცერთი ადამიანი ვერ უბედავს. ასევე გაიგებთ თუ როგორ გახდა ის მობსტერი, რას წარმოადგენდა ადრე , რას წარმოადგენს დღეს და რა ელის ხვალ, თუ გონივრულად არ იმოქმედებს.

       "წიგნში მოქმედება ხდება 1945-55 წლებში. დონ ვიტო კორლეონე ნიუ-იორკის სიცილიურ მაფიას ხელმძღვანელობს. ამავე დროს მეორე მსოფლიო ომიდან ბრუნდება მისი ვაჟი - მაიკლი. ის ომის გმირი და ოჯახის სიამაყეა, მაგრამ მას არ სურს მაფიის საქმეებში ჩარევა. დონ კორლეონე, თავის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგია,რაც ხელს უშლის მაფიის სხვა კლანების წარმომადგენლებს. ამ უთანხმოებით დაწყებული მტრობა სულ უფრო ძლიერი ხდება.  მოწინააღმდეგეები დონ კორლეონეზე თავდასხმას აწყობენ. კორლეონე გადარჩება , მაგრამ იძულებულია დროებით საქმეებს ჩამოშორდეს.


       მაიკლი საკუთარ თავზე აიღებს ოჯახის მართვას და  საბოლოოდ ჩაებმება მაფიის საქმიანობაში. თუმცა ის სასტიკ მეთოდებს დანერგავს, რაც ტრაგიკულ ფინალს გამოიწვევს...

       წიგნში მოქმედებები  საინტერესოდ ვითარდება, რაც არ აძლევს მკითხველს იმის საშუალებას რომ ცოტახნით მოადუნოს ყურადღება. ამიტომ , გადაშალეთ  "ნათლიას" პირველი ფურცელი , შეაღეთ მაფიის კარი და გაიგეთ თუ რა ძალა აქვს ვენდეტას.

     სამახსოვრო ფრაზები :
  • მეგობრობა ყველაფერია.მეგობრობა ნიჭზე მეტია.მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია.
  • არასოდეს არავის მისცე საშუალება , გარდა შენი ოჯახის წევრებისა , გაიგონ, რას ფიქრობ. არსდროს არ უნდა იცოდნენ რა გაქვს გულში.
  • მადლიერების გრძნობას, დრო ,სილამაზეზე  უფრო სწრაფად აჭკნობს.
  • არსებობს ისეთი მოვალეობები, რომლებსაც ყველაზე საუკეთესონიც კი ვეღარ ასრულებენ.

Monday, May 11, 2020

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "ნაზია ღამე" F.Scott Fitzgerald - "Tender is the night"


         ამ წიგნის კითხვა თავიდან ძალიან გამიჭირდა. რამოდენიმეჯერ თავის დანებებაც გადავწყვიტე , მაგრამ ზოგადად არ მჩვევია წიგნის შუა გზაში მიტოვება. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ კი დავრწმუნდი თუ როგორი კარგი წიგნია.

        წიგნი იმ ამერიკელების შესახებ გვიყვება , რომლებიც 1920 -იან წლებში, (ჯაზის ეპოქაში) თავგადასავლებს ევროპაში ეძებდნენ. მათ თითქოს დაეკარგათ ცხოვრების მთავარი ღირებულებები, მარტივად იცვლიდნენ შეხედულებებს და მარტივად მიდიოდნენ ღალატზე.

        მოქმედება ნიჭიერი ფსიქიატრის - დიკ დაივერის გარშემო ვითარდება.  დიკი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტს , ახალგაზრდა გოგონას , ნიკოლს უყვარდება. მისი განკურნების ერთადერთი გზა დიკთან ახლოს ყოფნაა.  ექიმ დაივერსაც უჩნდება მის მიმართ გრძნობები და ცოლად ირთავს. მისთვის ის ერთდროულად ექიმიცაა და მეუღლეც. დიკი ფაქტობრივად  მთელ თავის ცხოვრებას ნიკოლს სწირავს . ისინი 10 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ  და ნიკოლიც თანდათან იკურნება, თუმცა მათ ურთიერთობაში ბზარები ჩნდება...


        თავდაპირველად დიკი სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი მანერები ყველას აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა საზოგადოებაზე დაკვირვება, მათი სიყალბეების აღმოჩენა და ერთფეროვანი ყოველდღიურობა ცვლის მას. ის საკუთარ თავში ჩაკეტილი ხდება  და ხასიათიც ნელ-ნელა ეცვლება.

        წიგნი არის იმაზე თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მეორე ადამიანისთვის უდიდესი საყრდენის როლი შეასრულოს და ფსიქიკურ დაავადებასთან გამკლავებაც კი შეაძლებინოს. ასევე ძალიან კარგად ჩანს მდიდრების უმიზნო ცხოვრებაც. ცხოვრება მხოლოდ ბანკეტებით, საღამოებით, საყიდლებითა და მოგზაურობებით, რომლებიც ერთი შეხედვით მხიარულია, თუმცა არაფრის მომცემი. საკმაოდ სევდიანი ამბავია  და კიდევ უფრო სევდიანი , რომ ავტორს ასეთ დროში მოუწია ცხოვრება...


სამახსოვრო ფრაზები :


  • დარწმუნებით ხომ ვერასდროს იტყვი, თუ რამხელა ადგილი გიკავია სხვის ცხოვრებაში.
  • ან შენით იფიქრე, ან ის , ვინც შენს მაგივრად ფიქრობს, წაგართმევს ძალას, გადააკეთებს შენს გემოვნებას და გამოგფიტავს.
  • როცა ფხიზელი ხარ , არავის დანახვა არ გინდა,  თუ მთვრალი ხარ, არავის უნდა შენი დანახვა.
  • ხშირად იმათ არ თანავუგრძნობთ, ვისაც სჭირდება ჩვენი თანაგრძნობა და  იმათ ვეხმარებით , ვინც სხვადასხვა გზებით ახერხებს თავი შეგვაბრალოს.
  • ახალ მეგობრებთან , ხშირად უკეთესად ხარ, ვიდრე ძველებთან.

Friday, May 8, 2020

ჯინ ვებსტერი - "გრძელფეხება მამილო" Jean Webster - "Daddy-long-legs"


         ამ წიგნში თითქმის ყველა გრძობა და განცდა იყრის თავს, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს. წიგნი „წყეული ოთხშაბათით“ იწყება. არ გეგონოთ, ვხუმრობდე! ობოლთა თავშესაფრის ოთხმოცდა­ჩვიდმეტი ბავშვისთვის ყოველი თვის პირველი ოთხშაბათი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რადგან ამ დღეს მათთან სტუმრად მეურვეები მოდიოდნენ.  
ჯუდი ებოტი თავშესაფარში ყველაზე უფროსი აღსაზრდელი იყო, ამიტომაც მას უამრავი საქმე ჰქონდა და როდესაც თავშესაფრის მმართველმა, მისის ლიპეტმა მეურვეების წასვლის შემდეგ კაბინეტში დაიბარა, ჯუდის ეგონა, რომ რაღაც არასწორად გააკეთა. მას ეჭვები არ გაუმართლდა და მისი სასაცილო თხზულების გამო, რომელმაც მეურვის მოწონება დაიმსახურა, გადაწყვიტეს ჯერუშას კოლეჯში გაგზავნა, მაგრამ ამ ჯენტლმენს თავისი პირობები ჰქონდა: ­ებოტს მხოლოდ და მხოლოდ უნდა ესწავლა და თვეში ერთხელ წერილი მიეწერა მეურვისთვის, რომელმაც საიდუმლოდ დარჩენა ისურვა, სამაგიეროდ კი ­ჯუდი ყოველთვიურად მიიღებდა თანხას და სწავლაც დაუფინანსდებოდა.


          საოცარი გოგოა ჯუდი ებოტი, მზიანი, ხალისიანი. ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლით სავსე, აი ისეთი, წიგნიდან რომ გადმოდის პოზიტიური ენერგია და შენც რომ გიპყრობს. წიგნის შემდეგი ნაწილი ჯუდის წერილებისგან შედგება, რომლებსაც ის გრძელფეხება მამილოს სწერს. ჯუდიმ ეს სახელი შეარქვა მეურვეს, რადგან მხოლოდ მისი გრძელი ფეხების დანახვა მოახერხა, როდესაც თავშესაფარს ტოვებდა.

         წერილები სითბოთი და სიყვარულითაა სავსე. ჯუდი კოლეჯში ყოფნის ოთხი წლის ­გან­მავლობაში სწავლობდა დაბრკოლებების გადალახვას, იღებდა განათლებას, აღწევდა წარმატებებს და რაც მთავარია, მან შეიძინა ძალიან კარგი მეგობრები: სელი მაკბრაიდი და ჯულია პენდლტონი. ჯუდი მათი ახლო მეგობარი გახდა და მათთან არდადეგებზეც კი გაემგზავრა. ყველა სასიამოვნო ფაქტის ­მიუხედავად, ჯუდის ძალიან აინტერესებდა, ვინ იყო გრძელფეხება მამილო, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეხვდება, როდესაც კოლეჯს დაამთავრებს...


      ვერც კი წარმოიდგენთ (ან შეიძლება წარმოიდგინოთ), თუ ვინ არის გრძელფეხება მამილო, მაგრამ ამის გასაგებად ჯერ უნდა წაიკითხოთ ჯინ ვებს­ტერის ეს შესანიშნავი წიგნი და ბოლო, ჯერუშას სასიყვარულო წერილში გაიგებთ მამილოს ვინაობას...

      ამ წიგნმა დამანახა, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა, რამ სჭირდება.
„ცხოვრებაში მთავარი დიდი სიხარული არ არის. მთავარია შენ თვითონ შეგძლოს პატარ-პატარა ბედნირებებისგან დიდი სიხარული შექმნა“
 სამახსოვრო ფრაზები:


  • “ბედნიერების ნამდვილ საიდუმლოს მივაგენი: დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო, უსასრულოდ არ უნდა მისტიროდე ძველს და იმედს მომავალზე არ უნდა ამყარებდე. ცხოვრებიდან რაც შეიძლება მეტი უნდა აიღო.” 
  • “ღარიბები იმისათვის არიან გაჩენილნი, რომ ჩვენ მოწყალენი გაგვხადონ”
  • "აბსოლიტურად მჯერა ჩემი თავისუფალი ნებისა და ჩემი ძალებისა. რწმენა ის ძალაა,რომელიც მთებს შეძრავს".
  • მსოფლიო სავსეა ბედნიერებით. მთელი საიდუმლო მოქნილობაშია. სოფელში განსაკუთრებით ბევრი გასართობია. მე შემიძლია ვისეირნო ყველას მიწაზე, შევხედო ყველას თვალით, ვიჭყუმპალაო ყველას ნაკადულში და ვისიამოვნო რამდენ ხანსაც მინდა თან ისე, რომ გადასახადი არაფერში გადავიხადო”.

Wednesday, May 6, 2020

ბრემ სტოკერი - "დრაკულა" Bram Stoker - "Dracula"


         თუ თქვენ გიყვართ მისტიკური და შიშისმომგვრელი თავგადასავლები, ეს წიგნი თქვენთვისაა. წიგნის პირველივე გვერდები ვამპირის კბენასავით მოქმედებს - იმდენად ითრევს მკითხველს, რომ შეუძლებელია წიგნი გვერდზე გადადო. დიახ,  ეს წიგნი ვამპირზეა. მიუხედავად იმისა,რომ ვამპირები არ არსებობენ, ეს ნაწარმოები ძალიან პოპულარულია საშინელებათა რომანებს შორის. მისი გოთიკური ატმოსფერო არის მისტიკით და შიშით გაჟღენთილი.



         მთავარი პერსონაჟი - გრაფი დრაკულა, წარუმატებელი და იმედგაცრუებული სიყვარულის გამო, უარყოფს ღმერთს და სატანის მოციქული ხდება. რომანში ნათლად ჩანს პერსონაჟის ფსიქოლოგიური პრობლემები და მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ავტორმა შექმნა მითოლოგიური პერსონაჟი,რომელიც წიგნის ფარგლებს გასცდა და დღეისთვის, პოპულარული კულტურის კუთვნილებად იქცა , პერსონაჟად, რომელიც  ალბათ, ათასჯერაა უკვე ტირაჟირებული და განსახირებული და თავისი შემქმნელისგან დამოუკიდებლად განაგრძობს ცხოვრებას...


      და მაინც, რატომ უნდა წაიკითხოთ "დრაკულა" ?! ბუნებრივია, მსგავსი  ლიტერატურის მიმართ ყველას დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. ზოგს მოსწონს და სიამოვნებით კითხულობს, ზოგს კი ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ ვფიქრობ არ უნდა შევხედოთ ამ წიგნს მხოლოდ როგორც მისტიკურს ... წიგნი ასევ არის სიყვარულზე , მეგობრობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე. ნუ შეხედავთ წიგნს მხოლოდ ვამპირის ისტორიით. წიგნში ყველა ის გრძნობაა ჩადებული , რაც ნამდვილად დასაფასებელია.

       ბრემ სტოკერი 1847 წელს დაიბადა და 1912 წელს გარდაიცვალა.  მისი შექმნილი "დრაკულა" კი 1897 წელს დაიბადა და  როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, ის მუდამ იცოცხლებს... 


Tuesday, May 5, 2020

მერი შელი - ფრანკენშტაინი Mary Shelley - "Frankenstein"


        ჩემი პირველი საშინელებათა ჟანრის წიგნი!!! პირველ რიგში , არანაირად არ გამკვირვებია , რომ წიგნის ავტორი ქალია. ზოგადად ქალებს უფრო შავ-ბნელი ფანტაზიები აქვთ, ვიდრე კაცებს.

       წიგნის მთავარი გმირი - ვიქტორ ფრანკენშტაინი , ნიჭიერი ბიჭია. როგორც ბევრ მისნაირს, მასაც სურს მეცნიერებაში რაღაც მნიშვნელოვანის და არაჩვეულებრივის მიღწევა. როცა შექმნის, აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში ეს ის არ იყო, რასაც ელოდა. მან ცოცხალი არსება შექმნა, რომელიც ბევრი უბედურების მიზეზად იქცა...

      "ფრანკენშტაინი" ისეთ წიგნებს განეკუთვნება, როცა ავტორი და მისი შექმნის პერიოდი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ნაწარმოებს.
     

        პირველი საკითხი რომელიც ამ ტექსტში დაისვა, საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაა. ფაქტია , ვიქტორ ფრანკენშტაინს არ ეყო ამის გამბედაობა. მან შექმნა არსება, არ მოეწონა და გაიქცა. დატოვა ბოროტების საკეთებლად. ადამიანებს, საერთოდ, დღემდე უჭირთ საკუთარი ქმედებების გათავისება, გაქცევა ისევ ყველაზე ხშირად მოძებნილი გამოსავალია ხოლმე.

       მეორე პრობლემა არის განსხვავებულობის მიღება . რეალურად გარეგნული სიმახინჯის გამო  ვერ მიიღო საზოგადოებამ ფრაკენშტაინის მიერ შექმნილი არსება. არსება თანდათან გაბოროტდა, ბოღმა დაუგროვდა და შურისძიებაც ამიტომ გადაწყვიტა.
ფიზიკური ნაკლის გამო, ხშირ შემთხვევაში საზოგადოება რიყავს ადამიანს... რაც რათქმაუნდა არასწორია.


       საერთოდ ეს ისეთი წიგნია, ემოციები მუდმივად იცვლება ორივე პერსონაჟის მიმართ. ხან ერთზე ხარ გაბრაზებული და მეორე გეცოდება და ხან პირიქით.

       ადამიანის ამბიციებს საზღვარი არა აქვს , მაგრამ მათ ცოცხალი არსება ჯერ ვერ შექმნეს. ამის ექსკლუზიური უფლება ჯერ ისევ და ისევ მხოლოდ ღმერთს აქვს.


Monday, May 4, 2020

თომას მანი - "ჯადოსნური მთა" Thomas Mann - "The magic mountain"


           წიგნი, რომელსაც ყველაზე დიდხანს ვკითხულობდი... 1200 გვერდამდე კი არის, მაგრამ საქმე ტექსტის სირთულეშია და არა მოცულობაში. აღარც კი მახსოვს რამდენჯერ დავუბრუნდი უკან. საბოლოოდ გადავწყვიტე ,რომ ამ წიგნს ისე ან იქამდე გაიგებ, სადამდეც ზოგადი ცოდნა და შესაძლებლობები მიგყვება. ჩემთვის "ჯადოსნური მთა"  იმ კატეგორიას მიეკუთვნება , ყველა ტიპის და ინტერესის ადამიანს რომ  ჩაიყოლებს , მისი მოცულობის  თუ სირთულის მიუხედავად.

          რომანის მთავარი გმირი - ჰანს კასტორპი, ახალგაზრდა ინჟინერი,ჩრდილოეთ გერმანიიდან ,სამი კვირით ჩამოდის შვეიცარიის ტუბერკულიოზის სანატორიუმში,თავისი ავადმყოფი ბიძაშვილის - იოახიმ ციმსენის მოსანახულებლად.  რაღაც პერიოდის შემდეგ აღმოჩნდება , რომ ჰანს კასტორპიც დაავადებულია და თავად ხდება სანატორიუმის პაციენტი, რომელშიც 7 წელს გაატარებს. ის პაციენტებთან ინტელექტუალურ საუბრებს მართავს და იხიბლება მათი ცხოვრების წესით, რომლებსაც არანაირი საერთო არა აქვთ მის ერთფეროვან ცხოვრებასთან. 


       სანატორიუმში თავისი წესები აქვთ,თავისი რეჟიმი, ზოგჯერ ისეთივე სასტიკი , როგორც მისი გარემოა - თოვლიანი , უიმედო და უცვლელი. ამ უზარმაზარ წიგნში ასევე დიდი ადგილი ეთმობა დროის , მარადისობის , სივრცის პრობლემებს, რომლებზე ფიქრსაც თანდათან იწყებს ჰანსი.

        ალბათ , ზოგი ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს ამ წიგნს. თუმცა, ყველა მათგანი გაიაზრებს  თუ როგორი კავშირია დაავადებასა და სიცოცხლეს შორის. სიკვდილი კი სულაც არ არის სიცოცხლის ანტონიმი.  სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებულ დროს კი ავადმყოფობა კლავს...უფრო სწორედ, სისწრაფე ემატება დროს და ლოგიკური დასასრულიც მალე მოდის...


    

Saturday, May 2, 2020

შტეფან ცვაიგი - "ქალის ცხოვრების 24 საათი" Stefan Zweig - "Twenty-four hours in the life of a woman"


         რეინკარნაცია - სულთა გადასახლება თუ მართლა არსებობს, მაშინ შტეფან ცვაიგის სულს ყველა იმ ქალის ცხოვრებით უცხოვრია, რომელსაც ის თავის წიგნებში აღწერდა… ყველაზე დიდ დროს ცვაიგი თავის რომანებში და მოთხრობებში ქალის განცდებს უთმობს.

         არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ცვაიგი 15 წლის ასაკში, შეყვარებულმა უნდა წაიკითხო და მერე აღარ… რომ ეს ბავშვობაში წასაკითხი ნოველებია და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აზრი მას უჩნდება, ვინც ბოლომდე ვერ გაიგო რაზე წერდა ცვაიგი… არ აქვს მნიშვნელობა 15 წლის ხარ თუ 35-ის. სიყვარული სიყვარულია. გრძნობებმა, რასაც ცვაიგი თავის ნოველებში აღწერდა წლებს გაუძლო და კიდევ გაუძლებს.

         "ქალის ცხოვრების 24 საათი"  ცვაიგის ნოველებში გამორჩეულად მიყვარს. ძალიან სუბიექტური ვიქნები. მთავარი გმირი - ქალბატონი K, 42 წლის ასაკში მონტე-კარლოში გაიცნობს 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცს. ამ ქალის ცხოვრების 24 საათი ზოგის მთელ ცხოვრებას უდრის. 24 საათი ქაღალდის თამაშზე უფრო გასართობი აღმოჩნდა და სამუდამოდ დაასახიჩრა მისი ცხოვრება. ქალს უნდოდა ისე გამოეწია სიკვდილისგან ეს ბიჭი, როგორც გამოსწევენ ხოლმე უკან ბავშვს ქუჩაში ავტომობილის ქვეშ რომ არ ჩავარდეს.

         ყველაფერი კი იწყება ხელებით. არასდროს მიფიქრია, რაიმეს თქმა თუ შეეძლოთ ადამიანის ხელებს, მაგრამ კითხვისას ნამდვილად აღტაცებაში მოგიყვანთ ხელების მეტყველება.
 "ამ ხელების საშუალებით ამოიცნობენ ყველაფერს, რის დამალვასაც ცდილობს ხელოვნური ღიმილი და ნაძალადევი გულგრილობა. …ხელები უსირცხვილოდ ამჟღავნებენ ყველა თავის საიდუმლოებას, რადგან დგება გარდაუვალი მომენტი, როდესაც დაძაბული ან მოჩვენებით მიძინებული თითები სუსტდებიან, ჰკარგავენ თავიანთ დამაჯერებლობასა და თავდაჭერილობას."
         და სწორედ ამ ხელებზე დაკვირვებისას აღმოაჩენს მთავარი გმირი მას  – გაცხოველებული აზარტით შეპყრობილ პიროვნებას, რომელიც ვერც კი იაზრებს როგორ მიექანება უფსკრულისკენ. სწორედ ამ საბედისწერო მომენტში ხდება მათი შეხვედრაც, როცა მოთამაშე თითქმის მზად არის სიკვდილთან შესახვედრად.

 “საქმე ეხებოდა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე მოგება ან წაგებაა. თითქოს შავმა ელვამ სინათლე დამიბნელა, როდესაც დავინახე, როგორ უეცრად მიატოვა სიცოცხლემ მისი თვალები, სიკვდილი რუხ საბურველად როგორ გადაეფარა ორიოდე წუთის წინათ სიცოცხლით აღსავსე სახეს”.
      დამაფიქრებელი წიგნია და სწრაფად წასაკითხი, ამიტომ გირჩევთ წაიკითხოთ და თავად გამოიტანოთ დასკვნები.