Monday, May 4, 2020

თომას მანი - "ჯადოსნური მთა" Thomas Mann - "The magic mountain"


           წიგნი, რომელსაც ყველაზე დიდხანს ვკითხულობდი... 1200 გვერდამდე კი არის, მაგრამ საქმე ტექსტის სირთულეშია და არა მოცულობაში. აღარც კი მახსოვს რამდენჯერ დავუბრუნდი უკან. საბოლოოდ გადავწყვიტე ,რომ ამ წიგნს ისე ან იქამდე გაიგებ, სადამდეც ზოგადი ცოდნა და შესაძლებლობები მიგყვება. ჩემთვის "ჯადოსნური მთა"  იმ კატეგორიას მიეკუთვნება , ყველა ტიპის და ინტერესის ადამიანს რომ  ჩაიყოლებს , მისი მოცულობის  თუ სირთულის მიუხედავად.

          რომანის მთავარი გმირი - ჰანს კასტორპი, ახალგაზრდა ინჟინერი,ჩრდილოეთ გერმანიიდან ,სამი კვირით ჩამოდის შვეიცარიის ტუბერკულიოზის სანატორიუმში,თავისი ავადმყოფი ბიძაშვილის - იოახიმ ციმსენის მოსანახულებლად.  რაღაც პერიოდის შემდეგ აღმოჩნდება , რომ ჰანს კასტორპიც დაავადებულია და თავად ხდება სანატორიუმის პაციენტი, რომელშიც 7 წელს გაატარებს. ის პაციენტებთან ინტელექტუალურ საუბრებს მართავს და იხიბლება მათი ცხოვრების წესით, რომლებსაც არანაირი საერთო არა აქვთ მის ერთფეროვან ცხოვრებასთან. 


       სანატორიუმში თავისი წესები აქვთ,თავისი რეჟიმი, ზოგჯერ ისეთივე სასტიკი , როგორც მისი გარემოა - თოვლიანი , უიმედო და უცვლელი. ამ უზარმაზარ წიგნში ასევე დიდი ადგილი ეთმობა დროის , მარადისობის , სივრცის პრობლემებს, რომლებზე ფიქრსაც თანდათან იწყებს ჰანსი.

        ალბათ , ზოგი ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს ამ წიგნს. თუმცა, ყველა მათგანი გაიაზრებს  თუ როგორი კავშირია დაავადებასა და სიცოცხლეს შორის. სიკვდილი კი სულაც არ არის სიცოცხლის ანტონიმი.  სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებულ დროს კი ავადმყოფობა კლავს...უფრო სწორედ, სისწრაფე ემატება დროს და ლოგიკური დასასრულიც მალე მოდის...


    

No comments:

Post a Comment