Monday, May 11, 2020

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "ნაზია ღამე" F.Scott Fitzgerald - "Tender is the night"


         ამ წიგნის კითხვა თავიდან ძალიან გამიჭირდა. რამოდენიმეჯერ თავის დანებებაც გადავწყვიტე , მაგრამ ზოგადად არ მჩვევია წიგნის შუა გზაში მიტოვება. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ კი დავრწმუნდი თუ როგორი კარგი წიგნია.

        წიგნი იმ ამერიკელების შესახებ გვიყვება , რომლებიც 1920 -იან წლებში, (ჯაზის ეპოქაში) თავგადასავლებს ევროპაში ეძებდნენ. მათ თითქოს დაეკარგათ ცხოვრების მთავარი ღირებულებები, მარტივად იცვლიდნენ შეხედულებებს და მარტივად მიდიოდნენ ღალატზე.

        მოქმედება ნიჭიერი ფსიქიატრის - დიკ დაივერის გარშემო ვითარდება.  დიკი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტს , ახალგაზრდა გოგონას , ნიკოლს უყვარდება. მისი განკურნების ერთადერთი გზა დიკთან ახლოს ყოფნაა.  ექიმ დაივერსაც უჩნდება მის მიმართ გრძნობები და ცოლად ირთავს. მისთვის ის ერთდროულად ექიმიცაა და მეუღლეც. დიკი ფაქტობრივად  მთელ თავის ცხოვრებას ნიკოლს სწირავს . ისინი 10 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ  და ნიკოლიც თანდათან იკურნება, თუმცა მათ ურთიერთობაში ბზარები ჩნდება...


        თავდაპირველად დიკი სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი მანერები ყველას აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა საზოგადოებაზე დაკვირვება, მათი სიყალბეების აღმოჩენა და ერთფეროვანი ყოველდღიურობა ცვლის მას. ის საკუთარ თავში ჩაკეტილი ხდება  და ხასიათიც ნელ-ნელა ეცვლება.

        წიგნი არის იმაზე თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მეორე ადამიანისთვის უდიდესი საყრდენის როლი შეასრულოს და ფსიქიკურ დაავადებასთან გამკლავებაც კი შეაძლებინოს. ასევე ძალიან კარგად ჩანს მდიდრების უმიზნო ცხოვრებაც. ცხოვრება მხოლოდ ბანკეტებით, საღამოებით, საყიდლებითა და მოგზაურობებით, რომლებიც ერთი შეხედვით მხიარულია, თუმცა არაფრის მომცემი. საკმაოდ სევდიანი ამბავია  და კიდევ უფრო სევდიანი , რომ ავტორს ასეთ დროში მოუწია ცხოვრება...


სამახსოვრო ფრაზები :


  • დარწმუნებით ხომ ვერასდროს იტყვი, თუ რამხელა ადგილი გიკავია სხვის ცხოვრებაში.
  • ან შენით იფიქრე, ან ის , ვინც შენს მაგივრად ფიქრობს, წაგართმევს ძალას, გადააკეთებს შენს გემოვნებას და გამოგფიტავს.
  • როცა ფხიზელი ხარ , არავის დანახვა არ გინდა,  თუ მთვრალი ხარ, არავის უნდა შენი დანახვა.
  • ხშირად იმათ არ თანავუგრძნობთ, ვისაც სჭირდება ჩვენი თანაგრძნობა და  იმათ ვეხმარებით , ვინც სხვადასხვა გზებით ახერხებს თავი შეგვაბრალოს.
  • ახალ მეგობრებთან , ხშირად უკეთესად ხარ, ვიდრე ძველებთან.

No comments:

Post a Comment