Friday, May 29, 2020

დანიელ პენაკი - "რომანივით საკითხავი" Daniel Pennac - "Reads like a novel"


         ყველაზე საყვარელი წიგნი, რომელიც ოდესმე წამიკითხავს.  წიგნი არის იმაზე თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს და საერთოდ ადამიანებს კითხვა, კი არ ვაიძულოთ, არამედ შევაყვაროთ.  საღამოს ერთი საათი რომ გაქვს გამოყოფილი კითხვისთვის - ყველაზე გემრიელი ერთი საათი. მთელი დღე რომ ფიქრობ იმ ერთ საათზე : შენთვის რომ მოკალათდები, ყავას მოიდგამ გვერდით, "გადიხარ"  დედამიწიდან და ჯანდაბაში უშვებ დროს. პენაკი , მართლაც შთამბეჭდავი მწერალი აღმოჩნდა ჩემთვის.


       „თუ ვთვლით, რომ ჩვენს შვილებს და ზოგადად ახალგაზრდებს კითხვა არ უყვართ (სიტყვა „სიყვარული“ ამ შემთხვევაში ძალიან ზუსტადაა შერჩეული, რადგან აქ სწორედ სიყვარული მოიკოჭლებს), მაშინ ამაში ნურც ტელევიზორს დავადანაშაულებთ, ნურც თანამედროვეობას და ნურც სკოლას. ან სანამ მათკენ გავიშვერთ თითს, საკუთარ თავს ვკითხოთ: „რა დავმართეთ იმ იდეალურ მკითხველს, ჩვენი შვილი რომ იყო მაშინ, როცა მისთვის ერთდროულად მთხრობელიც ვიყავით და წიგნიც?“
         ძალიან მჯერა დანიელ პენაკის, როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობ. წიგნში გვერდების თვლაზეა ასევე საუბარი და საკმაოდ სახალისოა.აი , მაგალითად იმ ადამიანს, რომელსაც კითხვა საერთოდ არ უყვარს, თუკი დღეში ერთ საათს დაუთმობს კითხვას , კვირის ბოლოს რამხელა წიგნს დაამთავრებს.

       პირადად მე დარწმუნებული ვარ , რომ თითოეული ადამიანისთვის, სწორედ შერჩეული ლიტერატურა , აუცილებლად გაუღვიძებს ცნობისმოყვარეობას და შეაყვარებს კითხვას. როგორც პენაკი წერს : " ჯერ წიგნების ამხელა მოცულობა შეაწუხებთ, მერე კი ის, რომ ასე ცოტა დარჩა წასაკითხი."


        პენაკი თავისუფლებას განიჭებს - იკითხე სადაც გინდა და როგორც გინდა, საიდანაც გინდა შეწყვიტე. მან მკითხველის ათი უფლება ჩამოწერა და სრული სივრცე მოგვცა კითხვისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად . მთავარია კითხვა გვინდოდეს.

     

      და ბოლოს, მკითხველის პრივილეგია: "საქმე ის კი არ არის , მაქვს თუ არა კითხვის დრო,  ( ამ დროს , სხვათაშორის, ვერავინ მომცემს ) არამედ ის, მივანიჭო თუ არა ჩემს თავს ბედნიერება  -  ვიყო და მერქვას მკითხველი."


No comments:

Post a Comment