Friday, May 8, 2020

ჯინ ვებსტერი - "გრძელფეხება მამილო" Jean Webster - "Daddy-long-legs"


         ამ წიგნში თითქმის ყველა გრძობა და განცდა იყრის თავს, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს. წიგნი „წყეული ოთხშაბათით“ იწყება. არ გეგონოთ, ვხუმრობდე! ობოლთა თავშესაფრის ოთხმოცდა­ჩვიდმეტი ბავშვისთვის ყოველი თვის პირველი ოთხშაბათი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რადგან ამ დღეს მათთან სტუმრად მეურვეები მოდიოდნენ.  
ჯუდი ებოტი თავშესაფარში ყველაზე უფროსი აღსაზრდელი იყო, ამიტომაც მას უამრავი საქმე ჰქონდა და როდესაც თავშესაფრის მმართველმა, მისის ლიპეტმა მეურვეების წასვლის შემდეგ კაბინეტში დაიბარა, ჯუდის ეგონა, რომ რაღაც არასწორად გააკეთა. მას ეჭვები არ გაუმართლდა და მისი სასაცილო თხზულების გამო, რომელმაც მეურვის მოწონება დაიმსახურა, გადაწყვიტეს ჯერუშას კოლეჯში გაგზავნა, მაგრამ ამ ჯენტლმენს თავისი პირობები ჰქონდა: ­ებოტს მხოლოდ და მხოლოდ უნდა ესწავლა და თვეში ერთხელ წერილი მიეწერა მეურვისთვის, რომელმაც საიდუმლოდ დარჩენა ისურვა, სამაგიეროდ კი ­ჯუდი ყოველთვიურად მიიღებდა თანხას და სწავლაც დაუფინანსდებოდა.


          საოცარი გოგოა ჯუდი ებოტი, მზიანი, ხალისიანი. ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლით სავსე, აი ისეთი, წიგნიდან რომ გადმოდის პოზიტიური ენერგია და შენც რომ გიპყრობს. წიგნის შემდეგი ნაწილი ჯუდის წერილებისგან შედგება, რომლებსაც ის გრძელფეხება მამილოს სწერს. ჯუდიმ ეს სახელი შეარქვა მეურვეს, რადგან მხოლოდ მისი გრძელი ფეხების დანახვა მოახერხა, როდესაც თავშესაფარს ტოვებდა.

         წერილები სითბოთი და სიყვარულითაა სავსე. ჯუდი კოლეჯში ყოფნის ოთხი წლის ­გან­მავლობაში სწავლობდა დაბრკოლებების გადალახვას, იღებდა განათლებას, აღწევდა წარმატებებს და რაც მთავარია, მან შეიძინა ძალიან კარგი მეგობრები: სელი მაკბრაიდი და ჯულია პენდლტონი. ჯუდი მათი ახლო მეგობარი გახდა და მათთან არდადეგებზეც კი გაემგზავრა. ყველა სასიამოვნო ფაქტის ­მიუხედავად, ჯუდის ძალიან აინტერესებდა, ვინ იყო გრძელფეხება მამილო, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეხვდება, როდესაც კოლეჯს დაამთავრებს...


      ვერც კი წარმოიდგენთ (ან შეიძლება წარმოიდგინოთ), თუ ვინ არის გრძელფეხება მამილო, მაგრამ ამის გასაგებად ჯერ უნდა წაიკითხოთ ჯინ ვებს­ტერის ეს შესანიშნავი წიგნი და ბოლო, ჯერუშას სასიყვარულო წერილში გაიგებთ მამილოს ვინაობას...

      ამ წიგნმა დამანახა, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა, რამ სჭირდება.
„ცხოვრებაში მთავარი დიდი სიხარული არ არის. მთავარია შენ თვითონ შეგძლოს პატარ-პატარა ბედნირებებისგან დიდი სიხარული შექმნა“
 სამახსოვრო ფრაზები:


  • “ბედნიერების ნამდვილ საიდუმლოს მივაგენი: დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო, უსასრულოდ არ უნდა მისტიროდე ძველს და იმედს მომავალზე არ უნდა ამყარებდე. ცხოვრებიდან რაც შეიძლება მეტი უნდა აიღო.” 
  • “ღარიბები იმისათვის არიან გაჩენილნი, რომ ჩვენ მოწყალენი გაგვხადონ”
  • "აბსოლიტურად მჯერა ჩემი თავისუფალი ნებისა და ჩემი ძალებისა. რწმენა ის ძალაა,რომელიც მთებს შეძრავს".
  • მსოფლიო სავსეა ბედნიერებით. მთელი საიდუმლო მოქნილობაშია. სოფელში განსაკუთრებით ბევრი გასართობია. მე შემიძლია ვისეირნო ყველას მიწაზე, შევხედო ყველას თვალით, ვიჭყუმპალაო ყველას ნაკადულში და ვისიამოვნო რამდენ ხანსაც მინდა თან ისე, რომ გადასახადი არაფერში გადავიხადო”.

No comments:

Post a Comment