Saturday, May 2, 2020

შტეფან ცვაიგი - "ქალის ცხოვრების 24 საათი" Stefan Zweig - "Twenty-four hours in the life of a woman"


         რეინკარნაცია - სულთა გადასახლება თუ მართლა არსებობს, მაშინ შტეფან ცვაიგის სულს ყველა იმ ქალის ცხოვრებით უცხოვრია, რომელსაც ის თავის წიგნებში აღწერდა… ყველაზე დიდ დროს ცვაიგი თავის რომანებში და მოთხრობებში ქალის განცდებს უთმობს.

         არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ცვაიგი 15 წლის ასაკში, შეყვარებულმა უნდა წაიკითხო და მერე აღარ… რომ ეს ბავშვობაში წასაკითხი ნოველებია და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აზრი მას უჩნდება, ვინც ბოლომდე ვერ გაიგო რაზე წერდა ცვაიგი… არ აქვს მნიშვნელობა 15 წლის ხარ თუ 35-ის. სიყვარული სიყვარულია. გრძნობებმა, რასაც ცვაიგი თავის ნოველებში აღწერდა წლებს გაუძლო და კიდევ გაუძლებს.

         "ქალის ცხოვრების 24 საათი"  ცვაიგის ნოველებში გამორჩეულად მიყვარს. ძალიან სუბიექტური ვიქნები. მთავარი გმირი - ქალბატონი K, 42 წლის ასაკში მონტე-კარლოში გაიცნობს 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცს. ამ ქალის ცხოვრების 24 საათი ზოგის მთელ ცხოვრებას უდრის. 24 საათი ქაღალდის თამაშზე უფრო გასართობი აღმოჩნდა და სამუდამოდ დაასახიჩრა მისი ცხოვრება. ქალს უნდოდა ისე გამოეწია სიკვდილისგან ეს ბიჭი, როგორც გამოსწევენ ხოლმე უკან ბავშვს ქუჩაში ავტომობილის ქვეშ რომ არ ჩავარდეს.

         ყველაფერი კი იწყება ხელებით. არასდროს მიფიქრია, რაიმეს თქმა თუ შეეძლოთ ადამიანის ხელებს, მაგრამ კითხვისას ნამდვილად აღტაცებაში მოგიყვანთ ხელების მეტყველება.
 "ამ ხელების საშუალებით ამოიცნობენ ყველაფერს, რის დამალვასაც ცდილობს ხელოვნური ღიმილი და ნაძალადევი გულგრილობა. …ხელები უსირცხვილოდ ამჟღავნებენ ყველა თავის საიდუმლოებას, რადგან დგება გარდაუვალი მომენტი, როდესაც დაძაბული ან მოჩვენებით მიძინებული თითები სუსტდებიან, ჰკარგავენ თავიანთ დამაჯერებლობასა და თავდაჭერილობას."
         და სწორედ ამ ხელებზე დაკვირვებისას აღმოაჩენს მთავარი გმირი მას  – გაცხოველებული აზარტით შეპყრობილ პიროვნებას, რომელიც ვერც კი იაზრებს როგორ მიექანება უფსკრულისკენ. სწორედ ამ საბედისწერო მომენტში ხდება მათი შეხვედრაც, როცა მოთამაშე თითქმის მზად არის სიკვდილთან შესახვედრად.

 “საქმე ეხებოდა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე მოგება ან წაგებაა. თითქოს შავმა ელვამ სინათლე დამიბნელა, როდესაც დავინახე, როგორ უეცრად მიატოვა სიცოცხლემ მისი თვალები, სიკვდილი რუხ საბურველად როგორ გადაეფარა ორიოდე წუთის წინათ სიცოცხლით აღსავსე სახეს”.
      დამაფიქრებელი წიგნია და სწრაფად წასაკითხი, ამიტომ გირჩევთ წაიკითხოთ და თავად გამოიტანოთ დასკვნები.

No comments:

Post a Comment