Sunday, April 2, 2023

ენ ბრონტე - "აგნეს გრეი" Anne Bronte - "Agnes Grey"

 


          "აგნეს გრეი" არის ისეთი ისტორია, გარეთ ცუდი ამინდი, სახლში ბუხარი და ცხელი ჩაი რომ უხდება. მასში აღწერილია თუ როგორ უჭირს მღვდლის უმცროს ქალიშვილს გუვერნანტად მუშაობა. როგორ ამცირებენ აგნესს მისი განებივრებული მოსწავლეები და მათი მშობლები. თუ როგორ ძნელია იმუშაო ისეთ ხალხთან , რომლებიც მხოლოდ საკუთრ თავზე ფიქრობენ და ჰგონიათ , რომ მთელი სამყარო მათ ფეხქვეშ არის გაფენილი და სხვა ყველაფერი და ყველა უმნიშვნელოა...

          ამბავი იწყება ასე : თავის დროზე , აგნესის დედა სიყვარულით გათხოვდა მღვდელზე, რის გამოც მშობელმა მამამ ის მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. თუმცა, შეყვარებულ წყვილს ეს სულაც არ ანაღვლებდათ. მათ ნორმალური შემოსავალი ჰქონდათ, თუმცა, უკეთესი მომავლის იმედით, ერთ ვაჭართან დააბანდეს ქონება. მალევე გავრცელდა ხმა ვაჭრის გემის ჩაძირვის შესახებ. გოგონების მამამ იმდენად განიცადა , რომ ეს მის ჯანმრთელობაზე აისახა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა აგნესმა გუვერნანტად მუშაობა.


          აგნესს საკმაოდ რთული ყოფაქცევის ბავშვები შეხვდნენ, რამდენიმე თვეში მან სამსახური დატოვა , დაბრუნდა სახლში და ახალი სამუშაო ადგილის ძებნას შეუდგა. მეორე ადგილი წინასთან შედარებით ოდნავ უკეთესი გამოდგა. თუმცა, ორივე შემთხვევაში ვხვდებით თავნება, განებივრებულ და სულიერად დაცლილ ბავშვებს...

          აგნესი და მისი ახალი ოჯახი ადგილობრივ ეკლესიაში წირვას ესწრება  და სწორედ აქ შეხვდება მღვდლის ახალ თანაშემწეს - უესტონს. იგი გარეგნულად იმდენად მიმზიდველი ადამიანი არაა, რამდენადაც მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. 


         წიგნის შესახებ მეტი არაფრის თქმა არ მინდა , თავად წაიკითხეთ და დასკვნებს თავად გააკეთებთ. საკმაოდ პატარა წიგნია , თუმცა, საინტერესო სიუჟეტით.

სამახსოვრო ფრაზები : 

  • საუცხოო მოვალეობაა, ასწავლო ახალგაზრდა იდეას , როგორ გაიფურჩქნოს.
  • ბევრი ადამიანი ანგარიშმიუცემლად აფუჭებს ბავშვს, როდესაც მათ დანაშაულზე იცინის ან ხუმრობს.
  • სასარგებლო საქმიანობა საუკეთესო წამალია დარდის გასაქარვებლად და სასოწარკვეთილებისგან თავის დასაღწევად.


No comments:

Post a Comment