Wednesday, June 7, 2023

ჯემალ ქარჩხაძე - "ანტონიო და დავითი"

 


           ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია "ანტონიო და დავითი". ეს არის ამბავი , რომელსაც შუა საუკუნეებშ სულისმარგებელ ისტორიად შერაცხავდნენ. იმ შუა საუკუნეებში  როდესაც აზრის დევნა და ინკვიზიცია საღვთო საქმედ ითვლებოდა. ნაწარმოების სიუჟეტიც შუა საუკუნეებში მიმდინარეობს.

          ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - ვაჭარი ბართოლომეოა, რომელმაც თავის სტუმრებს უამბო ახალგაზრდობის ამბავი ანტონიო და დავითზე. ანტონიო იტალიელია, ყოფილი მღვდელი, რომელმაც თავისუფალი აზრების გამო ერეტიკოსის სახელი დაიმსახურა. მას მიუსაჯეს კოცონზე დაწვა, მაგრამ გავლენიანი ნათესავების წყალობით გადარჩა და თან გააყოლეს კოლხეთისკენ მიმავალ ხომალდს, როელზეც მისიონერები იყვნენ მამა სებასტიანის მეთაურობით.  ისინი საქართველოსაკენ მიემართებოდნენ ქართველი მთავრის თხოვნით. ხომალდზე ანტონიო და ბართოლომეო დამეგობრდნენ და ხშირად საუბრობდნენ რელიგიაზე. კოლხეთში კი უცნაური ამბავი გადახდებათ თავს. ანტონიოს უცნაური ხასიათი და მაღალი ზნეობრივი სული მოახერხებს მოაქციოს ქართველი ყაჩაღი - დავითი, რომელიც შიშის ზარს სცემს ადგილობრივ მოსახლეობას. დავითის მოქცევა გადაიზრდება ანტონიოს მიმართ ღრმა პატივისცემასა და თავდადებაში . თუმცა ანტონიოს განგება სხვა განსაცდელს უმზადებს რასაც შეეწირება კიდეც... ამის შესახებ დაწვრილებით წაკითხვისას შეიტყობთ. 


         ყველაზე მეტად ანტონიოს და ბართოლომეოს ხომალდზე არსებული დიალოგი მომწონს . ანტონიო არის ადამიანის სახე, რომელიც გვაგრძნობინებს, რომ თავისუფლება ღმერთის საჩუქარია და არავის აქვს უფლება რომ წაგვართვას. ჩვენს ზნეობას  კი ხშირად ისინი განსჯიან , რომლებიც ათასჯერ უზნეონი არიან. ანტონიოს ნათელ სახეს უპირისპირდება უქთახორა, გაუნათლებელი მღვდელი - ეფრემი საქართველოდან და მკაცრი, უსულგულო, კანონების ენაზე მოლაპარაკე მღვდელი სებასტიანე იტალიიდან. ანტონიოც ოდესღაც ღვთისმსახური იყო , რომელიც ვერ შეეგუა ყალბი რელიგიური გრძნობებით შენიღბულ ადაიანებს.


        სამახსოვრო ფრაზები წიგნიდან : 

  • უცნაურია , რომ კაცს დაბეჯითებით შეუძლია თქვას, რა უყვარს და რა - არა.
  • რაც ამოხსნილია, ყველაფერი იოლია.
  • ვინც ცდუნებას ემალება,ის უძლურია. ძლიერი ის არის, ვინც ცდუნებას ამარცხებს.
  • სანამ ბოროტებას სიძულვილი არ განელებია, მანამ სიკეთე ცოცხალია.
  • უნდობლობა კაცის ბუნებრივი თვისება არ არის.
  • ადამიანის გამტყუნება ძალიან იოლია, როცა მის ტყავში არ ყოფილხარ და ყოველივეს მხოლოდ გარედან უყურებ.
  • სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე.


No comments:

Post a Comment