Tuesday, January 30, 2024

მარიო ბენედეტი - "სულის მოთქმა" Mario Benedetti - "The Truce"

 


          მარიო ბენედეტის "სულის მოთქმა" მთავარი გმირის დღიურია. ესაა ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ზედმეტი სენტიმენტალიზმის გარეშე.

          "სულის მოთქმა" 49 წლის ქვრივი მამაკაცის ამბავია. იგი პენსიაზე აპირებს გასვლას. დღიურის ფურცლებზე კი მოგვითხრობს საკუთარ თავზე,მეუღლეზე, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისგან სამი შვილი დარჩა: ესტებანი, რომელიც საკმაოდ თავისებურია და მამასთანაც ჩაკეტილი, ხაიმე, რომელიც  მოგვიანებით გაამხელს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას, რაც მამისთვის შოკი აღმოჩნდება და ბლანკა, რომელიც მამასთან ყველაზე ახლოა და პირველიც ის გაიგებს მამის საიდუმლოს, თუ როგორ უყვარდება პენსიაზე გასვლის წელს თანამშრომელი გოგონა, ახალგაზრდა აველიანედა. თხრობის დიდი ნაწილი სწორედ აველიანედასთან ურთიერთობის ისტორიაა, ფიქრებისა და მომავალზე შიშის კორიანტელი. მკითხველში მათი ასაკობრივი სხვაობაც კი არ იწვევს გაღიზიანებას. ვიღაცისთვის უხამსობა , ვიღაცისთვის არაფრისმთქმელი კავშირი, ვიღაცისთვის სევდის ჩამოსვლა მიწაზე... ასეთია მარტინ სანტომის უცნაური ამბავი. 


         მან მეგობრებში ვერ ნახა თავშესაფარი, ამიტომაც მიენდო სიყვარულს, რომელიც მისთვის უანგარობის, სიწმინდის სიმბოლოდ იქცა ლამის. ამ უბრალო დღიურებში კოსმიური სევდაა.  როდესაც გგონია, რომ ყველაფერი კარგადაა, აღმოაჩენ , რომ არაფერიც არ არის კარგად. მელანქოლიური რეალობა ანადგურებს სიხარულის წამიერ გაელვებებს. "ცხოვრება თუ რამეს გვაძლევს, მხოლოდ იმიტომ, რომ წაგვართვას" - იტყოდა შოპენჰაუერი. ეს კი უთქმელად იცოდა ურუგვაიში მცხოვრებმა მოხელემაც, რომლის აჩრდილი არც არავის ემახსოვრება თანამედროვეობაში...


სამახსოვრო ფრაზები: 

  • სიკვდილი საშინელებაა იმათთვის , ვინც ამქვეყნად დარჩა.
  • უკიდურესი ნერვული დაძაბულობა ყოველთვის როდი იწვევს უკიდურესობას.
  • პირობითი რეფლექსივითაა - საკმარისია ,ვინმეს სიკვდილი ახსენო, რომ მოსაუბრე უმალ საათზე იხედება.
  • პენსიაზე გასვლაც სწრაფვაა,მაგრამ ეს უკვე ისეთი სწრაფვაა, რომელიც სადღაც მთის ძირისკენ მიგაქანებს.
  • ჩვენი მორწმუნენი დიდად არ წუხან, ღმერთი შეუნდობს თუ არა მათ ცოდვებს, მაგრამ, სამაგიეროდ აცრემლებულები შესთხოვენ, არ დააკლოს მათ პური არსობისა.
  • პირველი მეგობრობა ყველაზე საუცხოო, ერთადერთი და განუმეორებელი გრძნობაა.
  • "ჯერ" დასასრული დასაწყისს ნიშნავს.
  • გამოცდილება მაშინ არის კარგი,როცა ძალაც გაქვს.და თაუ არა გაქვს ძალა,მაშინ სამუზეუმო რელიკვია ხარ , რომლის ერთ-ერთი ღირებულება ის არის, რომ წარსულს გაგონებთ.
  • ფული არ მაქვს საკმარისი - იდეალები,საერთოდ ძვირად ფასობს.
  • იმდენი შრომა სჭირდება მასხარაობა,ისეთი დამღლელია...ჩვენი შრომა კი მხოლოდ მასხარაობაა, უკბილო ანეკდოტია.
  • დღე მარადიულობა არ არის , დღე წამია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, დღე არის ჩვენთვის ნაბოძები ერთადერთი მარადიულობა.
  • არაიან ადამიანები , როელთაც ესმით რა ხდება ირგვლივ, ხედავენ რა აბსურდამდე მივედით, მაგრამ მხოლოდ თანაგრძნობით იფარგლებიან.

Tuesday, January 23, 2024

ჯონ აპდაიკი - "ბრაზილია" John Updike - "Brazil"

 


         თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ისტორია - ასე გვაცნობს წიგნს მისი ანოტაცია, თუმცა, მთავარ პერსონაჟებს ცოტა საერთო აქვთ ამ მითოლოგიურ გმირებთან. ამ წიგნში მათ ერთმანეთს მიღმა სამყაროც აქვთ. მათ მოსწონთ და უყვარდებათ სხვები, ისინი წლობით არსებობენ უერთმანეთოდ და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. რაც მთავარია, აქ იზაბელი არ კვდება და არც თავს იკლავს - ის ტრისტაოს გარეშე აგრძელებს ცხოვრებას...

       ამბავი ბრაზილიის მცხუნვარე პლაჟებზე,გაუვალ ჯუნგლებსა და მითიურ დროებაში ვითარდება. რიოს ოქროსფერ პლაჟზე დაწყებული, ერთი შეხედვით ბანალური გატაცების თინეიჯერების ამბავი, რომელიც მაღალი კლასის თეთრი გოგონას მიერ, ფაველაში მაცხოვრებელ, ქურდობითა და ყაჩაღობით თავის მარჩენალ შავკანიან ბიჭთან საპროტესტო კავშირით იხსნება, მალე სცდება რეალობის საზღვრებს.


        ამ წიგნის კითხვისას ბევრ სტადიას გადიხარ. თავდაპირველად აღფრთოვანებას მალევე ცვლის ოდნავი გაკვირვება პერსონაჟების არაბუნებრივი ქცევის მიმართ. გაკვირვებას შემდეგ მოსდევს მსუბუქი შოკი ავტორის სექსუალური ფანტაზიების გამო, რომელიც სრულიად ირიბ კავშირშია სიუჟეტთან და არანაირად არ შეეფერება 18 წლის გამოუცდელი გოგოს პერსონაჟის ტიპს.

        მოგზაურობ წიგნში პერსონაჟებთან ერთად და არ გტოვებს შეგრძნება, რომ სიზმრისეული ჰალუცინაციის მძევალი ხარ... იზაბელი ექვს შვილს აჩენს და გზადაგზა კარგავს, მაგრამ დედას შვილები არც ახსოვს და თითქოს არც ადარდებს - მხოლოდ უიმედოდ დაშორებული ქმარია მისი მიზანი. თხრობის მასშტაბი სულ თამაშობს და გათამაშებს. ზოგჯერ ერთი დეტალის ან  მცირე ეპიზოდის აღწერა რამდენიმე გვერდს იკავებს, ხან კი ერთ აბზაცში გადის წლები... 

       რომანის კითხვისას ბევრ პარალელურ გზას მიჰყვები,არაერთ მწვერვალს იპყრობ და ბოლოს ჩერდები. მიმოიხედავ და უბრუნდები საკუთარ თავს, დაღლილი, ემოციებისგან დაცლილი და ზღაპრისგან გაბრუებული. მერე ხურავ წიგნს და გინდა ისევ სიზმარს დაუბრუნდე და იმ ჯადოსნური რეალიზმის მაგიას , რომლითაც სავსეა მთელი წიგნი.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • სილამაზე სახიფათოა და სწორედ ამიტომ გაუჩნდათ ქალებს სირცხვილის გრძნობა.
  • ეს ჩვენი სამყარო ნაქურდალის გროვაა. მთელი ქონება ქურდობითაა ნაშოვნი და ვისაც ყველაზე მეტი აქვს ნაპარავი, ზუსტად ისინი გვიწესებენ კანონებს დანარჩენებს.
  • ჩვენი არსების ფსკერი მაინც მზად ხვდება ხოლმე ჩვენსავე კატასტროფებს.
  • რომანტიზმი ადამიანებს ერთმანეთთან კი აახლოებს, მაგრამ ერთად ცხოვრებაში მათ მხოლოდ რეალიზმი თუ დაეხმარება.

Wednesday, January 17, 2024

ჯონ სტაინბეკი - "ტორტილა ფლეტი" John Steinbeck - "Tortilla Flat"

 


           ეს არის მარტივი ენით დაწერილი რომანი მეგობრობაზე და ადამიანებზე .  ჯონ სტაინბეკმა, როცა ამ რომანს წერდა , ალბათ გადაწყვიტა , ჩემნაირი ადამიანებისთვის შრომა შეემსუბუქებინა და თვითონვე ეთქვა მოკლედ, თუ რაზე ისაუბრებდა წიგნში.

 "ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთდენის, დენის მეგობრებისა და დენის სახლის ამბავს.ნახავთ, როგორ გაერთიანდა ეს სამი ცნება; გაეცნობით მათ თავგადასავლებს, რა სიკეთე დაუთესიათ, რა ფიქრებით ყოფილა მოცული მათი თავი და რა მისწრაფებები ჰქონიათ. წიგნის დასასრულს კი იმასაც მოგითხრობთ, როგორ დაიკარგა თილისმა და მათი კავშირიც როგორ დაირღვა."

       დენი - რომანის მთავარი გმირი გამდიდრებული ღატაკია, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო ორი ბინა ტორტილა ფლეტში. როგორც ყველა, სიმდიდრემ დენიც შეცვალა. მის თავში სრული ქაოსია, ქცევები საგრძნობლად ეცვლება და ნელ-ნელა აწვება მხარზე მესაკუთრის სიმძიმე, პასუხისმგებლობა, მოვალეობები. სტაინბეკი აღწერს რეალურ სიტუაციებს და პიროვნებებს.  ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ გგონია შენ გარშემო ხდება. პილონი, მეკობრე, ხესუს მარია,ჯო პორტუგალიელი - ერთი შეხედვით ნამდვილი, იდეალური მეგობრები არიან.  თუმცა თითოეულ მათგანში, ისევე როგორც ყველა ადამიანში, არის მცირედი ნაწილი ანგარებისა და შურის.  


          მეგობრები ერთი შეხედვით "ერთნი" არიან, თუმცა როცა ღვინო მოუნდებათ, საკუთარ თავზე ფიქრობენ, მზად არიან ფული მოიპარონ და მეგობრის ნივთი გაყიდონ საკუთარი სიამოვნებისთვის. დენიც ტოვებს სახლს და იდილიაც ინგრევა. მეგობრები ყველაფერს აკეთებენ დენის დახმარებისთვის, თუმცა სტაინბეკის თქმით : "ზოგ საქმეში კაცს მეგობრებიც კი ვერაფერს უშველიან." 

          დენი გარდაიცვლება და ასე იშლება მათი მეგობრობა.  ტორტილა ფლეტში დაკრძალვა ისეთივე წესებით ჩატარდება, როგორც ჩვენთან. ადამიანები იმზადებენ შავ ტანსაცმელს და აკვირდებიან რამდენი ადამიანი მივა გარდაცვლილთან : "სიკვდილი საზოგადოებრივი მოვლენაა და არა პირადული". 

"სანამ კვდება ადამიანი, იგი შეიძლება უყვარდეთ, სძულდეთ, ენატრებოდეთ, დასტიროდნენ კიდეც, მაგრამ რაკი მოკვდება, ხელად საზოგადოებრივი ზეიმის რთულ ფორმალობათა მთავარ სამკაულად გადაიქცევა".

 

Friday, January 12, 2024

არჩილ ქიქოძე - "სამხრეთული სპილო"

 


           ძალიამ მომწონს არჩილ ქიქოძის თხრობის სტილი : მარტივი, ყველანაირი მაღალფარდოვნებისგან დაცლილი და მაინც ისეთი, მკითხველის გულამდე ადვილად რომ აღწევს და იქ იდებს ბინას. რომანის მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ხდება და თხრობა პირველ პირშია. სცენების გაუთავებელი მონაცვლეობაა მთელ სიუჟეტში, მაგრამ ეს გადახტომა-გადმოხტომა საინტერესოა და არა დამღლელი. 

          მეც, როგორც მთავარ გმირს, ისე მიყვარს თბილისის ქუჩებში ბოდიალი. სიუჟეტი კი ასეთია: მთავარმა გმირმა თავის ძმაკაც თაზოს თავისი ბინა დაუტოვა მთელი დღით,რათა მან საყვარელი ადამიანი მოიყვანოს და დრო ერთად გაატარონ, შესაბამისად , მთავარი გმირი სახლშ ვერ ბრუნდება, სეირნობს თბილისის ქუჩებში და ბარემ გვიყვება თავისი ცხოვრების შესახებ.

        ისე განვიცადე ამ კაცის და თაზოს ძმაკაცობა, რომ არ ვიცი, ბოლოს ესე როდის მწყენია. სამხრეთული სპილოც მათი მეგობრობის სიმბოლოა. ძირძველი მეგობრობის, რომელიც არც ვიცი ოდესმე იგივენაირი იქნება თუ არა... ძალიან მომეწონა, თუ როგორ მოახერხა ავტორმა 90 - იანი წლების "ჯანსაღად" გადმოცემა, კარგისაც და ცუდისაც, რაც მაშინ ხდებოდა. ყველაფერი ხელოვანი ადამიანის პერსპექტივიდან დაგვანახა, მაგრამ რომანტიზაციიის გარეშე. რაღაც მხრივ, მკითხველიც გააფრთხილა, რომ შემორჩენილი მენტალიტეტი შეიძლება საკმაოდ სახიფათოც გახდეს.


          ეს წიგნი გვიყვება საკუთარი თავის პატიებაზეც, რაც მომენტებში შეუძლებელი გვეჩვენება. ძალიან რთულია მანკიერება აპატიო შენს თავს და სწორედ ამ დილემის წინაშე დგას ჩვენი მთავარი გმირი.  არჩილ ქიქოძის გმირები წარსულში ჩარჩენილი, სევდიანი ტიპები არიან. აი, თუნდაც თაზო, რომელმაც დიდი ხნის წინ ხელი არ შეუშალა პატარა ბიჭის სიკვდილს და ემოციურად დაინგრა, ან მედიკო და ლეო, მთელი ცხოვრება რაღაც რომ იყო მათ შორის და მაინც არ იყო, ჯგუფელი როზეტა, რომელსაც ახლა ზღვის დონეზე დაბლა დაბადებული ბიჭი ჰყავს, მაგრამ "რომელ ევროპულ ღამის კლუბშიც უნდა გადაიღოს სელფი, სულ ჭრელაჭრულებში გამოწყობილმა, მაინც კვირიკეს ხატის მიერ ადგილზე დაბმული შაოსანი ქალი იქნება". ნელის და მთავარი გმირის ურთიერთობაც სევდიანია. არადა , მასთან როცა იყო, ყველაფერი უნდოდა ამქვეყნად, წლების მერეც მის ფეისბუქს მიჩერებული დარჩა და მაინც გაუშვა... 

          დადის მთავარი გმირი თბილისის ქუჩებში და მეც დავყვები, ვგრძნობ მის განცდებს, ვგრძნობ მის მტკივნეულ შეხვედრას წარსულთან და მესმის, როგორ ეკითხება საკუთარ თავს : "რამდენი ხანი უნდა იცხოვრო ქალაქში, რომ ის შენი გახდეს?". მისი არ იყოს, არც მე მაქვს ამ კითხვაზე პასუხი... თუმცა ვიტყოდი, რომ ხანდახან ამისთვის მთელი ცხოვრება არ გეყოფა, ზოგჯერ კი ერთი დღეც საკმარისია... 



Tuesday, January 9, 2024

ირაკლი არიშვილი - "დასაწყისის დასასრული"

 


          წიგნი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, გასწავლით და საკუთარ თავსაც შეგაყვარებთ. გასწავლით , რომ რაც გვაქვს, ყოველთვის უნდა დავაფასოთიქამდე მაინც, სანამ ეს რაღაცეები ჩვენს თვალწინ ხელიდან არ გამოგვეცლება. ცხოვრებაში ყველაფერი  გაწონასწორებულად უნდა გავაკეთოთ და ნატვრას და სურვილსაც უნდა დავიფიქრდეთ. 

          მგონი ყველას გვიოცნებია ამ სამყაროდან სულ ცოტახნით გაქრობაზე. ხშირად დღე ამ ფრაზით იწყება - "ნეტავ ცოტახნით გავქრე", მაგრამ არასდროს არ გვიფიქრია შედეგებზე.  არასდროს არ დავფიქრებულვართ ეს როგორი იქნებოდა მშობლებისთვის, და-ძმისთვის, ნათესავებისთვის და ზოგადად, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

         რას გააკეთებდით თუ ოდესმე, ერთ ჩვეულებრივ დღეს გაიღვიძებდით და სარკეში საკუთარ თავს ვერ დაინახავდით?! რას მოიმოქმედებდით, თუ აღმოაჩენდით ,რომ გაქრით?! წიგნში ზუსტად ამ ურთულეს გზას გადის მთავარი გმირი. უცბად, სრულიად მოულოდნელად მას ვერავინ ამჩნევს, ვერ ხედავენ და ვერ ეხებიან. მიუხედავად მისი ნატვრისა, რომ ცოტახნით გამქრალიყო და განმარტოებულიყო, იგი მაინც დიდ საგონებელშია. მას ხომ მთლად ეს არ უნდოდა...


          დარწმუნებული ვარ ამ წიგნში თითოეული თვენგანი იპოვის საკუთარ თავს. ავტორს თითქმის ყველა პრობლემა, რაც კი შეიძლება ადამიანს გადახდეს, აღწერილი აქვს. კითხვისას მეგონა , რომ თავად ავტორი მეჯდა წინ და თავის ცხოვრებას მიყვებოდა. ასევე არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა იმ ფაქტს, თუ როგორ კარგად ჩანს წიგნში ის, თუ რამხელა პატივისცემით ეკიდება ავტორი მის ოჯახს. თითოეულ წინადადებაშ, სადაც ის მის ოჯახზე გვიყვებოდა, სასწაული სითბო იგრძნობოდა და ვფიქრობ , რომ ეს წიგნი სწორედ მათ , განსაკუთრებით კი თავის დას მიუძღვნა.  დარწმუნებული ვარ , გულგრილს არავის დაგტოვებთ და შესაძლოა ცრემლებადაც დაიღვაროთ ბოლო ფურცლებზე. უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ამ წიგნს და წარმატებები ავტორს . 



Friday, January 5, 2024

ალბერ კამიუ - "სიზიფის მითი" Albert Camus - "The mith of Sisyphus"

 


           ალბერ კამიუ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია მეოცე საუკუნის მწერლებიდან. მისი შემოქმედება ეგზისტენციალურია. ეს ტერმინი , როგორც მოვიძიე, მეოცე საუკუნის ფილოსოფიის უმთავრეს ტერმინად იქცა, ჩამოყალიბდა ეგზისტენციალური ფილოსოფიური სკოლა და კამიუ ამ სკოლის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი იყო. 

         ეგზისტენციალიზმის მრავალი განმარტება არსებობს, ზოგადად , ეს არის ადამიანური არსებობის აზრის ძიება. ამ ფილოსოფიამ სამყაროს ცენტრში ადამიანი დააყენა და სწორედ ადამიანის არსებობის სიღრმისეული პრობლემები იქცა მთავარ ფილოსოფიურ პრობლემებად. კამიუ წერს , რომ არსებობს ერთადერთი ფილოსოფიური პრობლემა - თვითმკვლელობა, განსაზღვრო , ღირს თუ არა სიცოცხლე არსებობისთვის ბრძლად. მას აბსურდის ფილოსოფიასაც უწოდებენ. აბსურდის ფილოსოფია ამტკიცებს, რომ ადამიანის ყოფიერება უაზროა, არავითარი გამართლება არ აქვს მის არსებობას. იბადება იმისთვის , რომ მოკვდეს. რაც არ უნდა მოიმოქმედოს, საბოლოოდ მისი ბოლო სიკვდილია. არ იცის , საიდან მოვიდა, რისთვის არსებობს და საით მიდის...


          კამიუ ადამიანურ არსებობას სიზიფეს შრომას ადარებს. სიზიფეს მითი ძველი ბერძნული მითია, რომლის მიხედვითაც მოკვდავი ადამიანი სიზიფე ღმერთებს არ დამორჩილდა და დაისაჯა. მისი სასჯელი ამქვეყნად ყველაზე საშნელი რამ - ფუჭი შრომა იყო. მას აღმართზე უნდა აეგორებინა ქვა, რომელიც უკან ბრუნდებოდა და თავიდან ასატანი ხდებოდა და ასე დაუსრულებლად. სიზიფე წინ აღუდგა ადამიანურ  ბედისწერას. ის არ დამორჩილდა სიკვდილს, ადამიანური ყოფის აუცილებელ ელემენტს... 

       სიზიფე საიქიოდანაც კი დაბრუნდა გარიგებით, რომ საქმის მოგვარების შემდეგ იმ ქვეყანას დაუბრუნდებოდა, მაგრამ აღარ ისურვა დაბრუნება.  არც თუ ისე გასაკვირია, რომ ცბიერებასთან ერთად , სიზიფეში სიცოცხლის არანორმალურ სიყვარულს ვხედავთ : ის ხომ ადამიანია... ერთი შეხედვით , სიზიფე ამპარტავანია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან ღმერთებს კორინთოსთვის სთხოვა წყარო, ის თავისი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

       კამიუ ნათლად წარმოადგენს მას ლოდის ათრევის პროცესში, მის დაძაბულ სხეულს, როგორ ცდილობს ლოდის ათრევას, მის წამიერ გამარჯვებას მწვერვალის პიკზე.  მაგრამ ყველაზე მეტად საინტერესოა დაგორებული ლოდის შემყურე სიზიფე, რომელიც ქვევით ეშვება მის ხელახლა ამოსათრევად. სანამ დაეშვება , ის წამი შეგნების წამია. რამდენჯერაც დაეშვება, იმდენჯერ იმარჯვებს თავის ბედზე. ის უფრო ძლიერია, ვიდრე საზიდი ლოდი. ბუნებრივად გამახსენდა ამ დროს ერიხ მარია რემარკის სიტყვები "სამი მეგობრიდან" : - "სანამ ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია".  


         ამბობენ , რომ ალბერ კამიუს თხზულებებში არ ჩანს ღმერთი. დაუსაბუთებელი თვალსაზრისია, კამიუ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე წერს, ღმერთი კი იმქვეყნიური, გარე სამყაროს "პერსონაჟია". კამიუს შემოქმედება ისევ და ისევ იმეორებს ეგზისტენციალისტების აზრს, რომ ღმერთი არ არის ადამიანურ სამყაროში. ადამიანი თავად განაგებს საკუთარ ბედს და არსებობას. 

        სიზიფეს ტანჯვა მისი გამარჯვების ნაწილია, როგორც სიკეთე არ არსებობს ბოროტების გარეშე, როგორც მზის შუქი არ არსებობს ჩრდილის გარეშე, ისე არც გამარჯვება არსებობს საზღაურის გარეშე. 

       ეს ფრაზა კი, ჩემი აზრით, ამ წიგნის და აბსურდის ფილოსოფიის ამოსავალ წერტილადაც შეიძლება ჩაითვალოს და ყველაზე ზუსტ აღმნიშვნელადაც  - 

"არასოდეს ამოივსება უფსკრული, რომელიც არსებობს იმ რწმენას შორის,მე რომ მაქვს ჩემს არსებობაზე და იმ შინაარსს შორის, მას რომ მინდა მივანიჭო."


 

Wednesday, January 3, 2024

ფილიპ როთი - "პორტნოის სინდრომი" Philip Roth - "Portnoy`s Complaint"

 


          სანამ წიგნის კითხვას დავიწყებდი , ჯერ პორტნოის სინდრომზე ინფორმაცია ვეძებე, მეგონა ფსიქოლოგიაში მართლა არსებობდა. მერე ავტორის განმარტება ვნახე - "ძლიერი, ეთიკური და ალტრუისტული იმპულსების და უკიდურესად მძაფრი, ხშირად სექსუალური განცდების ჭიდილი".  წიგნის დასრულების შემდეგ კი მივხვდი, რომ პორტნოის პროტოტიპი რიგითი ქართველია. 

         წიგნის მთავარი გმირი , ებრაელი ალექს პორტნოია, რომელიც ფსიქოანალიტიკოსს თავისი სექსუალური ცხოვრების და პრობლემების შესახებ უყვება. მისი ტანჯვა ოჯახიდან იწყება, უფრო სწორედ, ებრაელობით და მისადმი დედის დამოკიდებულებით.  პორტნოის დედამ ვერაფრით გააცნობიერა, რომ მისი შვილი დამოუკიდებელი ინდივიდია.  საქართველოშიც ხომ ძირითადად ასე ხდება : ბიჭი ვერასდროს გამოდის დედის გავლენისგან, მერე ცოლშიც დედას ხედავს და ვერასდროს ყალიბდება დამოუკიდებელ ადამიანად , რომელიც თავის ყველა ქმედებებზე არის პასუხისმგებელი. ისინი კი, რომლებიც ამ გავლენას ამჩნევენ და დედის კომპლექსისგან გათავისუფლებას ცდილობენ, ისევე იტანჯებიან, როგორც პორტნოი. მათ სწორედ ამ აღზრდის გამო არ ჰყოფნით გამბედაობა ბოლომდე დამოუკიდებელნი იყვნენ, მაშინაც კი თუ სახლიდან მიდიან და სხვა ქალაქში აგრძელებენ ცხოვრებას. შემდეგ "პერვერსიული, სექსუალური განცდებით" იტანჯებიან...


        პორტნოიც ისევე იტანჯება თავისი ებრაელობით, როგორც ბევრი ქართველი ბიჭი, რომელსაც უბედურების ყველა მიზეზად საქართველოში დაბადება მიაჩნია და გამოსავალს ქვეყნიდან წასვლაში ხედავს, თუმცა ასეთი ადამიანებიდან ვინც წავიდა, მათაც ვიწრო კულტურული აზროვნება შერჩათ ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც საფრანგეთი ან გერმანიაა...

       "რელიგია ხალხის ოპიუმია" - სჯერა პორტნოის და მისგან ოჯახის გათავისუფლება უნდა. საშინელ დისკომფორტს უქმნის მუდმივი განსხვავება ებრაელებსა და არაებრაელებს შორის. კარიერული თვალსაზრისით პორტნოი საკმაოდ წარმატებულია. მთავარი ირონია კი ისაა , რომ სხვა ადამიანთა უფლებების დამცველია. 

        წიგნის კითხვის დროს სულ მინდოდა ალექს პორტნოისთვის პირადად მეთქვა ჩემი აზრი მასზე , აქ მაინც შევძლებ : რა მნიშვნელობა აქვს , რამდენ ნაკლს ებრძვი შენში ალექს, ფაქტი ფაქტად რჩება: ამაოდ ირჯები. თავიდან ბოლომდე საგზაო რუკა ხარ, რომელზეც რეპრესირებულობის ნიშნებია დატანებული.  შენი სხეულის სიგრძე-სიგანეზე რომ იმოგზაურო სულ სირცხვილის , აკრძალვებისა და შიშის მაგისტრალებზე მოგიწევს სიარული. ისეთი მაღალზნეობრივი ხარ , რომ მალე გასკდები... სულ დედას დაემსგავსე...არ ეწევი, ძალიან ცოტას სვამ,ტყუილს როცა ამბობ , მთელ ტანზე ოფლი ისე გასხამს, თითქოს ეკვადორის კლიმატურ სარტყელზე იმყოფებოდე... 


         უსამშობლოდ ცხოვრებას საუკუნეების განმავლობაშ უკვალოდ არ ჩაუვლია: ამან მამაკაცის ისეთი უსიამოვნო ტიპი წარმოშვა , როგორიც შენ ხარ ალექს -  დაუცველი, უთავმოყვარეო, უხერხემლო, არაებრაულ სამყაროში ცხოვრებისგან გახრწნილი... რთულია, ასეთი უსირცხვილო უწმინდურობით აოცებდე ამერიკას, მაშნ, როცა ცხოვრების გაცნობის მორალური ვალდებულება, მის შესახებ ილუზიების შენარჩუნების საჭიროებამ გადაფარა, როცა ადამიანების უნამუსობამ დამანგრეველი ძალა შეიძინა, როცა ერს სულში რომელიღაც აწყვეტილი დემონი ჩაუსახლდა...

        რაღაც საშიშად უნდა დავასრულო ეს პოსტი , მაგრამ სწორედ ამ კუთხით იყო ძალიან საინტერესო ფილიპ როთის  ეს  "მცირედ შემაწუხებელი" რომანი. ეს თემა იყო მთავარი. დანარჩენი კი მკითხველზეა დამოკიდებული, რამდენად სურს ამოიკითხოს ის ქვეტექსტი, რომელიც ისტერიული, დაავადებული და გაუბედურებული პაციენტის ბოდვაში იყო გაბნეული...