Sunday, June 30, 2024

ჯონ უილიამსი - "სტოუნერი" John Williams - "Stoner"

 


          წიგნში უნივერსიტეტის მასწავლებლის ცხოვრებაა აღწერილი. უილიამ სტოუნერი , რომანის მთავარი გმირი, ფერმერის ოჯახში იზრდება  და ერთ დღეს , როგორც მსოფლიო ლიტერატურის სხვა უამრავი პერსონაჟი, ბედის საცდელად, მამის დაჟინებული მოთხოვნითა და ფინანსური დახმარებით, მიემგზავრება. მან უნივერსიტეტში მეურნეობის მართვა უნდა შეისწავლოს, მაგრამ პირველი კურსის გავლის შემდეგ ხვდება, რომ ინგლისური ლიტერატურა აინტერესებს. სწორედ აქედან იწყება რომანის მთავარი გმირის, ერთი შეხედვით, მოსაწყენი ცხოვრების ახალი ეტაპი. 

        მისი პირადი ცხოვრება საკმაოდ მძიმედ ვითარდება. ის ირიცხება კოლუმბიის უნივერსიტეტში და იმის გამო , რომ სტუდენტური თავშესაფარი ჰქონდეს, დედის ნათესავების მამულში დაუღალავად შრომობს. ამ მძიმე ფიზიკური მუშაობის შემდეგ ღამეებს მეცადინეობაში ათენებს და ერთი წლის განმავლობაში, მეურნეობის მართვის სპეციალობას ეუფლება. თუმცა მასში იმდენად დიდია სურვილი , რომ მამის გზას არ გაჰყვეს და მისი ბედი, როგორც რიგითმა ფერმერმა არ გაიზიაროს,  სტოუნერი სპეციალობას იცვლის და სწავლა ინგლისური ლიტერატურის მიმართულებაზე აგრძელებს.


        წლების შემდეგ კოლეჯში ლიტერატურის მასწავლებლად აგრძელებს მუშაობას და ასე იწყება მისი ოჯახისგან დამოუკიდებელი ცხოვრება.  ერთ მშვენიერ დღეს ის ქორწინდება ერთ საკმაოდ უცნაურ გოგოზე , რომელიც საკმაოდ მდიდარი ოჯახის მემკვიდრეა. ამ ქორწინებამ სტოუნერის ცხოვრებაში მოიტანა არა მხოლოდ უამრავი თავსატეხი, არამედ სევდის მძიმე ტვირთი...

       "გენიოსი თავისუფალი უნდა იყოს"  - ეპიზოდის კითხვისას სევდიანად ისმის ავტორის ხმა და ჩვენც , რიგით მკითხველი, ვრწმუნდაბით , რომ კარიერული წარმატება ყველასთვის არ არის და რომ ადამიანის ბედს მისი ბედისწერა განსაზღვრავს.  საკუთარი წარსული სტოუნერს სამუდამო ტვირთად ექცევა, რომელსაც ის სინამდვილეში გაურბის... 

        შემიყვარდა ეს წიგნი პირველივე ფურცლების წაკითხვიდან, ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მე და პერსონაჟს საერთო სპეციალობა გვაქვს - ინგლისური. ჩემთვის  "სტოუნერი" ადამიანთა ცხოვრების ანალიზია. ერთმანეთის მიყოლებით ეცნობი პერსონაჟთა რეალისტურ თავგადასავლებს და ფიქრობ , რომ შენ უკვე სადღაც გინახავს სტოუნერივით უცნაურად, უმიზეზოდ გაუბედურებული კაცი... იცნობ ბავშვებს, რომლებიც სტოუნერის ქალიშვილის მსგავსად , უსიყვარულო ოჯახებში გაიზარდნენ და გული გაუქვავდათ... იცნობ ცოლებს , რომლებმაც ვერ შექმნეს ოჯახები, რადგან ოჯახს სიყვარული და თანადგომა სჭირდება... იცნობ ბოღმით ერთმანეთზე დაგეშილ კოლეგებს, რომლებმაც დაუნდობელი ომები გააჩაღეს და ამ ომებში ყველაფერი დასაშვებად ცნეს... 


სამახსოვრო ფრაზები : 

  • სწავლულს არ უნდა მოსთხოვო იმის განადგურება, რის აშენებასაც მისი ცხოვრება ისახავდა მიზნად.
  • ადამიანი მზად უნდა იყო, რომ შენი რწმენის გამო დაიტანჯო.
  • სილამაზე ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტებაა სილამაზე - ეს არის ყველაფერი რაც დედამიწაზე იცი და ყველაფერი, რის ცოდნაც გჭირდება.
  • არავინ არ ვარგა, ვინც თავის ნიჭსა და სწავლების უნარს უარყოფითი წინასწარი განწყობით გააფუჭებს.
  • როგორი წესიერები ვჩანვართ საკუთარ თავთან, სანამ უწესობის მიზეზი არ გვაქვს.
  • გონებით და გრძნობით ცხოვრება განცალკეებულია და ზოგჯერ ერთმანეთის მიმართ მტრულიც კი შეიძლება იყოს.

Friday, June 21, 2024

უილიამ ფოლკნერი - "სული რომ ამომდიოდა" William Faulkner - "As I Lay Dying"

 


          ეს არის პირველი წიგნი , რომლის მიხედვით დავიწყე ამ ავტორის გაცნობა. თხრობა იწყება მომაკვდავი ქალით, რომლის საძინებლის ფანჯარასთან, მისი უფროსი ვაჟი მისთვის კუბოს ამზადებს. ჩაქუჩის ყოველ დარტყმაზე ახლოვდება ედი ბარნდენის სიკვდილი და ყოველი დარტყმა გავლილ წამს უდრის. ეს პროცესი შეიძლება დავინახოთ როგორც გაცოცხლებული დრო, რომელიც მუდმივად ადამიანის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

       ედის გარდაცვალების შემდეგ , ოჯახს მისი გვამი ჯეფერსონში მიაქვს. ს ედის სურვილი იყო. აქვე იმასაც ავნიშნავ, რომ ოჯახი არის ღარიბი, ერთადერთი რაც აბადიათ არის ცხენი და ხის დასამუშავებელი იარაღები. ედის ქმარს ენსის, კბილებიც კი არ აქვს და ამ დროს, იმის მაგივრად , რომ ედი სახლში დაკრძალონ რაც ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, ის ათი დღის განმავლობაში მიაქვთ შორეულ გზაზე.  შესამჩნევია, რომ ფოლკნერი ხაზს უსვამს პირობის შესრულების აუცილებლობას. იმ პირობის, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. 


         ამ ათი დღის განმავლობაში ოჯახი უამრავ დაბრკოლებას გადის... მთავარი სიმბოლო, რომელსაც პირველივე წამიდან უნდა მიიქციოს მკითხველის ყურადღება , ეს არის ედის უმცროსი შვილი ვარდმანის ფრაზა - "დედაჩემი თევზია" , რომელსაც იგი განსაკუთრებული სიხშირით იმეორებს.  

       ყოველ გმირს თავისი დამოკიდებულება აქვს სიკვდილისა და სიცოცხლის მიმართ. ზოგიერთ გარდაცვლილს იმაზე მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე მას , ვისაც ცოცხალი ჰქვია. ნაყოფი , რომელიც არასასურველია , ცოცხლებს კიდევ უფრო აახლოებს სიკვდილთან. იმ ათი დღის განმავლობაში ცოცხლებმა სიკვდილი ტვირთად ატარეს და თავიანთ თავზე გამოსცადეს მაშინ, როდესაც გარდაცვლილმა ედიმ, სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც იცხოვრა... იცხოვრა , ანუ ცოცხლების ცხოვრებაზე მოახდინა ზემოქმედება იმდენად, რამდენადაც თავად მათ ვერ შეძლეს სიცოცხლესთან გამკლავება...



Wednesday, June 19, 2024

ნინო ხარატიშვილი - "ჟუჟა"

 


          ჟუჟა - ეს არის წიგნი წიგნზე. ერთი გოგონა, სახელად ჟანა სარე, 50- იანი წლების დასაწყისში პარიზში ცხოვრობდა. ის მხოლოდ 17 წლის იყო, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მარტოსული, ყველაზე უბედური გოგონა იყო. მას მანსარდაში პატარა ოთახი ჰქონდა ნაქირავები, იქ ცხოვრობდა და ჩანაწერებს აკეთებდა. 70 - იან წლებში მისი ჩანაწერები წიგნის სახით გამოჩნდა , რომელსაც "გამყინვარების ხანა" ერქვა. წიგნს არ გააჩნდა არავითარი სიუჟეტი, ეს მხოლოდ უბედური თინეიჯერის სასოწარკვეთილი, აპოკალიფტური ჩანაწერები იყო. ავტორის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, გარდა სახელისა და იმისა , რომ 17 წლის ასაკში თავი მოიკლა...

        ეს არის წიგნი ლიტერატურაზე, უფრო ზუსტად კი იმაზე, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ლიტერატურას. გარდა საინტერესო სიუჟეტისა, მკითხველს მიიზიდავს ისიც, რომ "ჟუჟას" საკმაოდ უჩვეულო სტრუქტურა აქვს.  პერსონაჟები სხვადასხვა დროში და ქვეყნებში  არიან გაფანტულნი, თითქმის ყველას მძიმე დანაკარგი აქვს განცდილი. მათ ყველას ჟანა სარეს წიგნი აერთიანებთ და ზოგ შემთხვევაში  ახვედრებთ კიდეც ერთმანეთს. 


       თოთხმეტმა ადამიანმა ჟანა სარეს მიბაძა და თავი მოიკლა. 2004 წელს , როცა ჟანა სარე და მასთან დაკავშირებული თვითმკვლელობები მივიწყებული იყო, ჰოლანდიელმა სტუდენტმა  ჟანა სარე აღმოაჩინა  და აღელვებულმა თავისი პროფესორი დაიყოლია, რომ პარიზში გამგზავრებულიყვნენ და ეს თემა გამოეკვლიათ. აღმოჩნდა , რომ ჟანა სარე ფიქცია იყო, ისევე , როგორც მისი განცდები და სასოწარკვეთილება. მაგრამ , ნუთუ ამდენმა ქალმა მხოლოდ ფიქციის გამო მოიკლა თავი? რას ფიქრობდა ამ დროს ნამდვილი ავტორი? რამ აიძულა , რომ ეს წიგნი დაეწერა?  ლიტერატურა უამრავ კითხვებს ბადებს. 
 
       დასკვნის სახით , შემიძლია ვთქვა , რომ ნინო ხარატიშვილის ხედვით, ლიტერატურა ძლიერი , თითქმის მისტიკური ძალაა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე  დიდ გავლენას ახდენს. ლიტერატურა ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ამგვარად ათავისუფლებს მათ მარტოობისაგან. 

Saturday, June 15, 2024

ყურბან საიდი - "ალი და ნინო" Kurban Said - "Ali and Nino"

 


          ყურბან საიდი არის ფსევდონიმი, რომლის რეალური ვინაობაც საზოგადოებისთვის და მკითველისთვის, გარკვეული პერიოდის მანძილზე უცნობი იყო.  თუმცა მრავალწლიანი კვლევების შემდეგ გაირკვა , რომ ეს ფსევდონიმი 1905 წელს ბაქოში, მდიდარ ებრაულ ოჯახში დაბადებულ  - ლევ ნასიმბაუმს ეკუთვნის.  ყველაფერი იმით დაიწყო , რომ ავტორმა თავისი რომანი, ყურბან საიდის სახელით, ბაქოს ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში დატოვა და გაუჩინარდა. 

        წიგნი ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული თუ არა , ვერცერთმა ლიტერატურათმცოდნემ ვერ დაამტკიცა, ვერც ჟურნალისტურმა გამოძიებამ ვერ მიიყვანა საზოგადოება კონკრეტულ ფაქტამდე. 

       რომანს რაც შეეხება, ნამდვილად ,ერთგულ და მტკიცე სიყვარულზეა ალი ხან შინვანშირისა და ნინო ყიფიანს შორის. მათ სიყვარულს დიდი კედელი ჰყოფდა , პირველ რიგში იმდროინდელი მსოფლიო ვითარება, მეორე მსოფლიო ომი, ასევე მათ შორის არსებული სხვადასხვა სარწმუნოებაცა და კულტურაც.  წიგნი საკმაოდ საინტერესო ფაქტებს მოგვითხრობს ისლამურ, აზიურ წესებზე. იკითხება მარტივად და მსუბუქად. მისი   მთავარი პერსონაჟები არა მხოლოდადამიანები არიან, არამედ თავად ქალაქი ბაქოც, ორი ადამიანის სიყვარულის დამაკავშირებელი ხიდი. 


       წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ , ჰლივუდის მიერ გადაღებულ ფილმს ვუყურე . ერთი რამ ნამდვილად იყო გულდასაწყვეტი - ფილმში არსად არაა კადრები ალის და ნინოს თბილისში გამგზავრებაზე, არასად არ ჩანს ჩვენი კულტურა და ჩვეულებების მცირე ნაწილიც კი, არადა წიგნში საკმაოდ კარგადაა გადმოცემული.  

     "ალი და ნინო"  ნამდვილად არაა შედევრი, მაგრამ მისი წაკითხვა აზიური და ევროპული სულების ჰარმონიულ თანაცხოვრებას და სიყვარულს გვაჩვენებს, ორ სხვადასხვა სამყაროში მცხოვრები ადამიანის ურთიერთგაგებას და პატივისცემას.



Saturday, June 8, 2024

ოსამუ დაზაი - "აღარ ვივარგებ ადამიანად" Osamu Dazai - "No Longer Human"

 


         "აღარ ვივარგებ ადამიანად" ნამდვილად არ არის მხიარული წიგნი, თუმცა მისი ეფექტი და გავლენა მკითხველზე ნამდვილად დიდია. ვფიქრობ, ამ წიგნისთვის სწორედ ასეთი აღწერაა შესაფერისი.  ეს არის ისეთი ამბავი, რომელიც შენს გარშემო ვითარდება , იზრდება და თავის კვალს ტოვებს მისი დასრულების შემდეგაც კი. ეს წიგნი არ არის მხოლოდ მთავარ პერსონაჟზე , არამედ ის ასახავს და მოიცავს ზოგადად ხალხს და პირველ რიგში , თავად მწერალს.  საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ებრძვიან საკუთარ "მეს" და ვერ იღებენ საკუთარ თავს და ვერც სხვა ადამიანებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც სამყაროს ჯამბაზებად ევლინებიან, თუმცა ღრმად ებრძვიან თავიანთ ყველაზე სასტიკ დემონებს. მათ არ შეუძლიათ არც ქება და არც კრიტიკა. ისინი ფაქტობრივად საკუთარი თავის მტრები არიან. მათ მიაჩნიათ , რომ ერთადერთი მოპყრობა, რომელსაც იმსახურებენ არის სიძულვილი და ზიზღი. ისინი იმდენად თვითკრიტიკულები არიან , რომ თავადაც კი არ შეუძლიათ მათ მიერ გამოვლენილი სიკეთის მიღება და აღქმა.


         სწორედ არათავდაჯერებულობა აიძულებს მათ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში, რომ თავი დააღწიონ სხვა ადამიანებს. მათი ქრონიკული დაუცველობა მათ აგრძნობინებს, რომ ისინი ვერასდროს იქნებიან საკმარისად კარგი ან ფაქტობრივად საერთოდ არ არიან კარგი. ალბათ, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, რომ გაეცნოს ახალი თაობის გონების უფსკრულს... თვითონ წიგნი გამოვიდა 1948 წელს, თუმცა ის არ შეიძლებოდა უფრო მეტად შესაფერისი ყოფილიყო ჩვენი დღევანდელობისთვის. 

        წიგნი გვასწავლის , რომ ის ,რასაც ჩვენ ვხედავთ , არ შეესაბამება უმეტესწილად სიმართლეს და რომ ყველაზე ტრაგიკული ადამიანი არ არის ის , ვინც სევდიან ისტორიებს წერს, არამედ ის , ვინც წერს კომედიას... 



Tuesday, June 4, 2024

ტონი მორისონი - "ყველაზე ცისფერი თვალი" Toni Morrison - "The Bluest Eye"

 


          ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა, ძაღლების და კატების, თეთრების და შავების, ასე ვიცით ჩვენ და ასეა ზოგადად. ჩვენი ქართლის დედასავით დაუდგამთ თავისუფლების ქანდაკება, ქალი ჩირაღდნით, თეთრი ქალი ჩირაღდნით... ქანდაკებები სიმართლეს ვერ ამბობენ, ვერც ადამიანები მოგიყვებიან ყველაფერს ობიექტურად. აი, წიგნებს კინამდვილი ამბები შეუძლიათ გიამბოთ. თავისუფლების ქანდაკება თეთრი ქალია, ტონი მორისონი კი პირველი აფროამერიკელი მწერალი ქალი - ნობელიანტი. ტონი მორისონი - შავია...  როდესაც თეთრი მწერლები შავებზე ჰყვებიან სხვაა, როდესაც შავები - თეთრებზე სხვა . ხოლო, როდესაც შავი შავზე გიამბობს, ეს უკვე ნამდვილი, შეულამაზებელი ამბავია, საუკუნოვანი ჩაგვრის ისტორია...

        წიგნის მთავარი გმირი პატარა გოგონა, პეკოლაა. უშნო პეკოლა, "ზანგი" პეკოლა, ყველა ნაკვთდაწუნებული პეკოლა, მამის მიერ გაუპატიურებული პეკოლა, ის პეკოლა, პატარა ბიჭმა სახლში რომ შეიტყუა და შემდეგ კატის მოკვლა დააბრალა... პეკოლაშია მთელი შავკანიანთა რასის ტკივილი და სიძულვილი თეთრების მიმართ.


        მორისონის თქმის არ იყოს, ნამდვილად არავინ მეგულება ამქვეყნად, ვისთვისაც ნაცნობი არ არის ის განცდა, რომელიც გეუფლება, როცა წამიერად სიძულვილისა და ათვალწუნების მსხვერპლი ხდები, თუნდაც უსაშველოდ თეთრი იყო, საკმარისია, რაიმე განსხვავებული ჩაიდინო, თქვა ან გაიფიქრო, იმწასვე ჩაგვრის ობიექტი ხდები. საკმარისია არ მოერგო დადგენილ სტანდარტებს.საკმარისია, არ იყო საკმარისად ლამაზი, საკმარისად ჭკვიანი, შეამჩნევ რომ დაგცინიან. "სტრესი ადამიანად ყოფნის განუყოფელი ნაწილია." 

       რომანში პეკოლას ტრაგიკული ისტორიის მიღმა, რომელიც შავკანიანთა რასის ისტორიაცაა, სხვების ამბებიცაა, ჩვეულებრივი ყოფითი ამბები. ეს ისტორიების მთელი კრებულია, რომელსაც გულგრილი ვერ წაიკითხავთ, მაგრამ არავინ ვიცით, იქნებ, მსგავს ამბებს გვერდი ავუარეთ, რადგან ჩვენ  წიგნის კითხვისას გაცილებით ჰუმანურები ვართ, ვიდრე ცხოვრებაში...

      ისტორიას, თუ როგორი მონდომებით შესთხოვს პატარა შავი გოგონა გალამაზებას, ცისფერ თვალებს, რეალურად კი იმას, რომ იყოს ხალხისთვის მისაღები, მხოლოდ მორისონის "ყველაზე ცისფერ თვალში" ამოიკითხავთ.