Wednesday, June 19, 2024

ნინო ხარატიშვილი - "ჟუჟა"

 


          ჟუჟა - ეს არის წიგნი წიგნზე. ერთი გოგონა, სახელად ჟანა სარე, 50- იანი წლების დასაწყისში პარიზში ცხოვრობდა. ის მხოლოდ 17 წლის იყო, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მარტოსული, ყველაზე უბედური გოგონა იყო. მას მანსარდაში პატარა ოთახი ჰქონდა ნაქირავები, იქ ცხოვრობდა და ჩანაწერებს აკეთებდა. 70 - იან წლებში მისი ჩანაწერები წიგნის სახით გამოჩნდა , რომელსაც "გამყინვარების ხანა" ერქვა. წიგნს არ გააჩნდა არავითარი სიუჟეტი, ეს მხოლოდ უბედური თინეიჯერის სასოწარკვეთილი, აპოკალიფტური ჩანაწერები იყო. ავტორის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, გარდა სახელისა და იმისა , რომ 17 წლის ასაკში თავი მოიკლა...

        ეს არის წიგნი ლიტერატურაზე, უფრო ზუსტად კი იმაზე, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ლიტერატურას. გარდა საინტერესო სიუჟეტისა, მკითხველს მიიზიდავს ისიც, რომ "ჟუჟას" საკმაოდ უჩვეულო სტრუქტურა აქვს.  პერსონაჟები სხვადასხვა დროში და ქვეყნებში  არიან გაფანტულნი, თითქმის ყველას მძიმე დანაკარგი აქვს განცდილი. მათ ყველას ჟანა სარეს წიგნი აერთიანებთ და ზოგ შემთხვევაში  ახვედრებთ კიდეც ერთმანეთს. 


       თოთხმეტმა ადამიანმა ჟანა სარეს მიბაძა და თავი მოიკლა. 2004 წელს , როცა ჟანა სარე და მასთან დაკავშირებული თვითმკვლელობები მივიწყებული იყო, ჰოლანდიელმა სტუდენტმა  ჟანა სარე აღმოაჩინა  და აღელვებულმა თავისი პროფესორი დაიყოლია, რომ პარიზში გამგზავრებულიყვნენ და ეს თემა გამოეკვლიათ. აღმოჩნდა , რომ ჟანა სარე ფიქცია იყო, ისევე , როგორც მისი განცდები და სასოწარკვეთილება. მაგრამ , ნუთუ ამდენმა ქალმა მხოლოდ ფიქციის გამო მოიკლა თავი? რას ფიქრობდა ამ დროს ნამდვილი ავტორი? რამ აიძულა , რომ ეს წიგნი დაეწერა?  ლიტერატურა უამრავ კითხვებს ბადებს. 
 
       დასკვნის სახით , შემიძლია ვთქვა , რომ ნინო ხარატიშვილის ხედვით, ლიტერატურა ძლიერი , თითქმის მისტიკური ძალაა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე  დიდ გავლენას ახდენს. ლიტერატურა ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ამგვარად ათავისუფლებს მათ მარტოობისაგან. 

No comments:

Post a Comment