Tuesday, June 4, 2024

ტონი მორისონი - "ყველაზე ცისფერი თვალი" Toni Morrison - "The Bluest Eye"

 


          ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა, ძაღლების და კატების, თეთრების და შავების, ასე ვიცით ჩვენ და ასეა ზოგადად. ჩვენი ქართლის დედასავით დაუდგამთ თავისუფლების ქანდაკება, ქალი ჩირაღდნით, თეთრი ქალი ჩირაღდნით... ქანდაკებები სიმართლეს ვერ ამბობენ, ვერც ადამიანები მოგიყვებიან ყველაფერს ობიექტურად. აი, წიგნებს კინამდვილი ამბები შეუძლიათ გიამბოთ. თავისუფლების ქანდაკება თეთრი ქალია, ტონი მორისონი კი პირველი აფროამერიკელი მწერალი ქალი - ნობელიანტი. ტონი მორისონი - შავია...  როდესაც თეთრი მწერლები შავებზე ჰყვებიან სხვაა, როდესაც შავები - თეთრებზე სხვა . ხოლო, როდესაც შავი შავზე გიამბობს, ეს უკვე ნამდვილი, შეულამაზებელი ამბავია, საუკუნოვანი ჩაგვრის ისტორია...

        წიგნის მთავარი გმირი პატარა გოგონა, პეკოლაა. უშნო პეკოლა, "ზანგი" პეკოლა, ყველა ნაკვთდაწუნებული პეკოლა, მამის მიერ გაუპატიურებული პეკოლა, ის პეკოლა, პატარა ბიჭმა სახლში რომ შეიტყუა და შემდეგ კატის მოკვლა დააბრალა... პეკოლაშია მთელი შავკანიანთა რასის ტკივილი და სიძულვილი თეთრების მიმართ.


        მორისონის თქმის არ იყოს, ნამდვილად არავინ მეგულება ამქვეყნად, ვისთვისაც ნაცნობი არ არის ის განცდა, რომელიც გეუფლება, როცა წამიერად სიძულვილისა და ათვალწუნების მსხვერპლი ხდები, თუნდაც უსაშველოდ თეთრი იყო, საკმარისია, რაიმე განსხვავებული ჩაიდინო, თქვა ან გაიფიქრო, იმწასვე ჩაგვრის ობიექტი ხდები. საკმარისია არ მოერგო დადგენილ სტანდარტებს.საკმარისია, არ იყო საკმარისად ლამაზი, საკმარისად ჭკვიანი, შეამჩნევ რომ დაგცინიან. "სტრესი ადამიანად ყოფნის განუყოფელი ნაწილია." 

       რომანში პეკოლას ტრაგიკული ისტორიის მიღმა, რომელიც შავკანიანთა რასის ისტორიაცაა, სხვების ამბებიცაა, ჩვეულებრივი ყოფითი ამბები. ეს ისტორიების მთელი კრებულია, რომელსაც გულგრილი ვერ წაიკითხავთ, მაგრამ არავინ ვიცით, იქნებ, მსგავს ამბებს გვერდი ავუარეთ, რადგან ჩვენ  წიგნის კითხვისას გაცილებით ჰუმანურები ვართ, ვიდრე ცხოვრებაში...

      ისტორიას, თუ როგორი მონდომებით შესთხოვს პატარა შავი გოგონა გალამაზებას, ცისფერ თვალებს, რეალურად კი იმას, რომ იყოს ხალხისთვის მისაღები, მხოლოდ მორისონის "ყველაზე ცისფერ თვალში" ამოიკითხავთ. 



No comments:

Post a Comment