Sunday, June 30, 2024

ჯონ უილიამსი - "სტოუნერი" John Williams - "Stoner"

 


          წიგნში უნივერსიტეტის მასწავლებლის ცხოვრებაა აღწერილი. უილიამ სტოუნერი , რომანის მთავარი გმირი, ფერმერის ოჯახში იზრდება  და ერთ დღეს , როგორც მსოფლიო ლიტერატურის სხვა უამრავი პერსონაჟი, ბედის საცდელად, მამის დაჟინებული მოთხოვნითა და ფინანსური დახმარებით, მიემგზავრება. მან უნივერსიტეტში მეურნეობის მართვა უნდა შეისწავლოს, მაგრამ პირველი კურსის გავლის შემდეგ ხვდება, რომ ინგლისური ლიტერატურა აინტერესებს. სწორედ აქედან იწყება რომანის მთავარი გმირის, ერთი შეხედვით, მოსაწყენი ცხოვრების ახალი ეტაპი. 

        მისი პირადი ცხოვრება საკმაოდ მძიმედ ვითარდება. ის ირიცხება კოლუმბიის უნივერსიტეტში და იმის გამო , რომ სტუდენტური თავშესაფარი ჰქონდეს, დედის ნათესავების მამულში დაუღალავად შრომობს. ამ მძიმე ფიზიკური მუშაობის შემდეგ ღამეებს მეცადინეობაში ათენებს და ერთი წლის განმავლობაში, მეურნეობის მართვის სპეციალობას ეუფლება. თუმცა მასში იმდენად დიდია სურვილი , რომ მამის გზას არ გაჰყვეს და მისი ბედი, როგორც რიგითმა ფერმერმა არ გაიზიაროს,  სტოუნერი სპეციალობას იცვლის და სწავლა ინგლისური ლიტერატურის მიმართულებაზე აგრძელებს.


        წლების შემდეგ კოლეჯში ლიტერატურის მასწავლებლად აგრძელებს მუშაობას და ასე იწყება მისი ოჯახისგან დამოუკიდებელი ცხოვრება.  ერთ მშვენიერ დღეს ის ქორწინდება ერთ საკმაოდ უცნაურ გოგოზე , რომელიც საკმაოდ მდიდარი ოჯახის მემკვიდრეა. ამ ქორწინებამ სტოუნერის ცხოვრებაში მოიტანა არა მხოლოდ უამრავი თავსატეხი, არამედ სევდის მძიმე ტვირთი...

       "გენიოსი თავისუფალი უნდა იყოს"  - ეპიზოდის კითხვისას სევდიანად ისმის ავტორის ხმა და ჩვენც , რიგით მკითხველი, ვრწმუნდაბით , რომ კარიერული წარმატება ყველასთვის არ არის და რომ ადამიანის ბედს მისი ბედისწერა განსაზღვრავს.  საკუთარი წარსული სტოუნერს სამუდამო ტვირთად ექცევა, რომელსაც ის სინამდვილეში გაურბის... 

        შემიყვარდა ეს წიგნი პირველივე ფურცლების წაკითხვიდან, ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მე და პერსონაჟს საერთო სპეციალობა გვაქვს - ინგლისური. ჩემთვის  "სტოუნერი" ადამიანთა ცხოვრების ანალიზია. ერთმანეთის მიყოლებით ეცნობი პერსონაჟთა რეალისტურ თავგადასავლებს და ფიქრობ , რომ შენ უკვე სადღაც გინახავს სტოუნერივით უცნაურად, უმიზეზოდ გაუბედურებული კაცი... იცნობ ბავშვებს, რომლებიც სტოუნერის ქალიშვილის მსგავსად , უსიყვარულო ოჯახებში გაიზარდნენ და გული გაუქვავდათ... იცნობ ცოლებს , რომლებმაც ვერ შექმნეს ოჯახები, რადგან ოჯახს სიყვარული და თანადგომა სჭირდება... იცნობ ბოღმით ერთმანეთზე დაგეშილ კოლეგებს, რომლებმაც დაუნდობელი ომები გააჩაღეს და ამ ომებში ყველაფერი დასაშვებად ცნეს... 


სამახსოვრო ფრაზები : 

  • სწავლულს არ უნდა მოსთხოვო იმის განადგურება, რის აშენებასაც მისი ცხოვრება ისახავდა მიზნად.
  • ადამიანი მზად უნდა იყო, რომ შენი რწმენის გამო დაიტანჯო.
  • სილამაზე ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტებაა სილამაზე - ეს არის ყველაფერი რაც დედამიწაზე იცი და ყველაფერი, რის ცოდნაც გჭირდება.
  • არავინ არ ვარგა, ვინც თავის ნიჭსა და სწავლების უნარს უარყოფითი წინასწარი განწყობით გააფუჭებს.
  • როგორი წესიერები ვჩანვართ საკუთარ თავთან, სანამ უწესობის მიზეზი არ გვაქვს.
  • გონებით და გრძნობით ცხოვრება განცალკეებულია და ზოგჯერ ერთმანეთის მიმართ მტრულიც კი შეიძლება იყოს.

No comments:

Post a Comment