Wednesday, January 28, 2026

დონა ტარტი - "საიდუმლო ისტორია" Donna Tartt - "The Secret History"

 


         "საიდუმლო ისტორია"  არის ფსიქოლოგიური რომანი, რომელიც გვიყვება სტუდენტების ჯგუფზე, რომლებიც საკმაოდ უჩვეულო კლასში სწავლობენ ძველ ბერძნულს. მწერალი თავიდანვე ამბობს , რომ მოხდა მძიმე დანაშაული - მკვლელობა, ამიტომ წიგნის მთავარი ინტრიგა ის არ არის თუ რა მოხდა , არამედ  - რატომ და როგორ მივიდნენ მთავარი პერსონაჟები ამ ფაქტამდე.  რომანი იკვლევს ადამიანის შინაგან სამყაროს , მორალს , დანაშაულის გრძნობას და იმ გავლენას, რაც გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ადამიანზე მოახდინოს.

        მწერალი გვიჩვენებს , თუ როგორ შეიძლება განათლებულმა, ინტელექტუალურმა ახალგაზრდებმა ნელ-ნელა დაკარგონ მორალური საზღვრები. ისინი მიისწრაფიან იდეალიზმისკენ, მაგრამ ბოლოს ამართლებენ იმას, რაც სინამდვილეში მიუღებელია. მთავარი პერსონაჟები თავს სხვებზე "მაღლა" აყენებენ - კულტურით , ცოდნით და განსხვავებულობით. ეს განცდა მათ აძლევს უფლებას იფიქრონ, რომ წესები მათთვის არ მოქმედებს. რომანის დიდი ნაწილი ეძღვნება არა ფაქტს, არამედ შედეგებს : შიშს, ეჭვს, შინაგან დაშლას. ტარტი კარგად აჩვენებს, რომ ყველაზე მძიმე სასჯელი ხშირად ადამიანის შიგნით იწყება.


       მთავარი გმირი - რიჩარდი , მუდმივად ცდილობს საკუთარი ადგილის პოვნას - ვინ არის ის სინამდვილეში და რატომ სურს ასე ძლიერ ამ ჯგუფის ნაწილი გახდეს.  ის ძალიან მარტივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პერსონაჟი - ჰენრი , რომელიც ინტელექტუალური და ცივი გონების სიმბოლოა. ის ფიქრობს , რომ გონება შეიძლება მორალზე მაღლა იდგეს.  ბანი, კამილა, ჩარლზი, ფრენსისი - სხვადასხვა ფორმით აჩვენებენ შიშს, დამოკიდებულებას, სისუსტეს და შიდა კონფლიქტებს. 

       დონა ტარტის ენა მდიდრული და ატმოსფერულია. წიგნში დიდი ყურადღება ექცევა დეტალებს, გარემოს, ემოციებს. თხრობის ტემპი ნელია, მაგრამ წინასწარ განზრახული -  მკითხველი უნდა "ჩაიძიროს" პერსონაჟების ფსიქიკაში. 

       "საიდუმლო ისტორია" გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სილამაზის, ცოდნისა და იდეალების ძიება გადაიქცეს თვითგანადგურებად, როცა  ადამიანი კარგავს მორალურ საყრდენს და საკუთარ პასუხისმგებლობას ... 








No comments:

Post a Comment