Monday, May 11, 2026

კირა კასი - "შერჩევა" Kiera Cass - "The Selection"

 


       კირა კასის რომანი "შერჩევა" თანამედროვე ახალგაზრდული ლიტერატურის ერთ-ერთი საინტერესო და პოპულარული ნაწარმოებია. წიგნი გვიყვება მომავალ სამყაროზე, სადაც საზოგადოება მკაცრ ფენებად არის დაყოფილი და ადამიანების ცხოვრება მათი სოციალური სტატუსით განისაზღვრება. მთავარი გმირი -  ამერიკა სინგერი , უბრალო ოჯახიდან არის და მოულოდნელად აღმოჩნდება გაწევრიანებული სამეფო კონკურსში, რომელსაც "შერჩევა" ჰქვია. ამ კონკურსის მიზანია პრინცისთვის მომავალი მეუღლის პოვნა. 

      რომანში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ამერიკას ხასიათი. იგი ძლიერი , გულწრფელი და თავისუფლებისმოყვარე გოგონაა.  მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში ცხოვრება ბევრისთვის ოცნებაა, ამერიკა საკუთარ გრძნობებსა და პრინციპებს არ ღალატობს. იგი ხშირად ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოების უსამართლო წესებს და ცდილობს, ადამიანებს სოციალური მდგომარეობის მიხედვით არ შეხედეოს. სწორედ ეს თვისებები ხდის მას გამორჩეულ პერსონაჟად. 


      წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემა სიყვარულია, თუმცა ავტორი მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებზე არ საუბრობს. ნაწარმოებში კარგად ჩანს მეგობრობის, ერთგულებისა და საკუთარი თავის პოვნის მნიშვნელობაც. ამერიკა რთული არჩევნის წინაშე დგას : დარჩეს თავისი ძველი სიყვარულის ერთგული თუ ახალი გრძნობები მიიღოს. ეს შინაგანი ბრძოლა პერსონაჟს უფრო რეალურსა და საინტერესო ადამიანად წარმოაჩენს. 

     "შერჩევა" ასევე სოციალური უთანასწორობის პრობლემას ეხება. საზოგადოებაში ადამიანები სხვადასხვა კლასებად არიან დაყოფილი და დაბალი ფენის წარმომადგენლებს ბევრად უფრო რთული ცხოვრება აქვთ.  ავტორი გვაფიქრებინებს, რამდენად უსამართლოა სამყარო, სადაც ადამიანის შესაძლებლობებს მისი დაბადება განსაზღვრავს. ამით წიგნი მხოლოდ გასართობი რომანი აღარ არის და უფრო ღრმა აზრსაც იძენს. 

     კირა კასმა შექმნა ისტორია, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებს იზიდავს, რადგან მასში ერთდროულად არის თავგადასავალი, ემოციები და მნიშვნელოვანი საკითხები. 



No comments:

Post a Comment